ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2010


ერთგული


წავალ თუ ისევ შევჩერდები-
სულერთია,-
ძაფი მაინც სამუდამოდ მექნება გულზე
შემოხვეული,
დახვეული,
სიტყვად დაწნული...
დიდი ხანია, ძაფის ბოლო ჩამეძირა გულის წიაღში
და, ახლა, ვიცი, აზრი არ აქვს-
გულის ფსკერზე დაკარგული გული ვეძებო.

ერთგული დავრჩი, ჯიუტო და მყარო ვერძებო,
(თქვენი ფერდიდან ამოცლილი ნეკნის ნატეხით...)
მზისგან წალეკილ ფერდობებზე ჩემი ნაძვები
მორჩილად დგანან... მეც ვდგავარ და ვეღარ ვახერხებ
ნაბიჯი წინ ან უკან წავდგა, ან დავიხარო,
(ან სუნთქვა მიწას გავუგზავნო ლამაზ საჩუქრად),
ყოველი სიტყვა შევინახე, რაც კი მითხარით,
ყოველი ძაფი ჩემს გულის სისხლს უფრო ამუქებს.
წავალ თუ ისევ შევჩერდები, იქნება არც ღირს
სათქმელად, ფიქრად, სიტყვის წნულად, ბრმად რომ განახეთ
დიდი ხნის წინათ, როცა ჩემში ყვაოდა ბალღი...
როცა ჩვილ გულზე დამეხვია ძაფის ცახცახი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები