ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2010


სიცოცხლის დღესასწაული

სტუმრებმა დილიდან დაიწყეს მოსვლა.
ზოგს ვცნობდი, ზოგს--არა , ზოგმა თავი შემახსენა, ზოგსაც მე შევახსენე თავი....
---აააა, ეს თქვენ  ხართ!.... რა  მაგარია !.... დიახ, დიახ,  რა  კარგია!....
ვიდექი  და ვფიქრობდი, ვინ მესტუმრებოდა  კიდევ, მაგრამ  რწმენა რომ არ მოვიდოდა ნამდვილად ვიცოდი...... აი  სინანული  კი ან  მოდის ხოლმე, ან არა.
    პირველად მეგობრები მოვიდნენ, შემოცვივდნენ, გადამკოცნეს, მერე ორივე მხრიდან სიყვარული და ვნება  ჩამაფრინდა.
----ხელი გაუშვი!....----იკივლა ვნებამ  ჩახლეჩილი ხმით,----ჩემია. ჩემი!...
სიყვარულმა  ხმა არ ამოიღო, მხოლოდ ცრემლით კი  აევსო  თვალები... და საშინელი  ძალით დამქაჩა თავისკენ.
----ჩემიაა!---გაიმეორა ისევ ვნებამ მოუთმენლად,--იმიტომ რომ  პირველი  მე მოვედი მასთან!...--მერე  ისიც  არანაკლები ძალით დამეჯაჯგურა.
----ეს მხოლოდ  ფროიდმა  თუ  იცის.... იყუჩე ტკივილო, იყუჩე....---მორცხვად ჩამჩურჩულა  სიყვარულმა, მერე ხელი მიშვა , კუთხეში  მიიკუნჭა  და მე მხოლოდ მის  ცრემლიანი  თვალების  ბრჭყვიალს ვხედავდი.
----აბა, დავიწყოთ!....---- სცადა  სიტუაციის  განმუხტვა უცებ  გამოჩენილმა  ბახუსმა და უზარმაზარი  ყანწის  მატერიალიზება შესძლო, სადღაც, სივრციდან.
  შემდეგ  განუყრელები---- ტკივილი  და ავადმყოფობა  მოვიდნენ, ძმებს  მაგრად ჩაეკიდათ ხელი  ერთმანეთისთვის, სახეზე  ნეტარი სიმშვიდე და უდარდელობა ეწერათ, არც დაინტერესებულან  არაფრით, ეგრევე სუფრას მიუსხდნენ და აკვნესდნენ
დროს  ელოდნენ, დროს!
მაგრამ დრო არ მოდიოდა, ყველა ჩურჩულებდა  და აქეთ-იქით იყურებოდა.
----ნეტავ  სად არის?  არ მოვა?... თუ  ისევ დაიგვიანებს?....
---დაიგვიანებს,  აბა რას იზამს  ეგ ბებერი!.... მე სულ არ ვაპირებ  დავუცადო!..----იყვირა ვნებამ, მერე მოთმინების  და ზომიერების სკამები  შუაზე  გასწია, საუბარი  უხეშად  გააწყვეტინა, მათ შუა  თავისი  სკამი  ჩააკვეხა  და დაჯდა.
მოთმინება როგორც ყოველთვის  ,  გაჩუმდა, ზომიერებამ  კი რაღაცის  დუდღუნი დაიწყო  მაგრამ  ვინ მოუსმინა!...
....და  გაჩაღდა  ქეიფი....
-----წასულებზე  დიდხანს  ნუ გავჩერდებით!.. ----თქვეს  მეგობრებმა და მერე  ზოგმა  ღალატს  მიუჭახუნა  ჭიქა, ზოგმაც  ეგოიზმს.... ზოგიერთმაც  ნამდვილ მეგობარს დაუწყო  ძებნა  და რადგან ის მხოლოდ  ერთი  იყო,  ამიტომაც მან  ჩუმად  დალია  და ცრემლით  აევსო  თვალები....
ყველა დათვრა  და  მოეშვა. ნელ-ნელა  უცენზურო  სიტყვებმა იმატა.
....სირცხვილს, რომელიც სუფრის ბოლოში დაესვათ , აწითლებულ ლოყებზე ხელი მიეფარებინა, ხანდახან  თვალს ხუჭავდა ხოლმე, მაიონეზიანი სალათის ღეჭვას თავს ანებებდა  და თავის  საფირმო  ფრაზას  იმეორებდა, შესაშური გულმოდგინებით:
---რა  სირცხვილია!....  რა  სირცხვილია!....
მოსაღამოვდა. იცეკვეს.
ყველაზე მეტი ვნებამ  იბუქნავა, მაგრამ დაღლა რატომღაც  სულ არ ეტყობოდა.
ყველაზე მეტი კი ბახუსმა დალია, ის ხომ  თამადა იყო!..
შემდეგ  ყველასგან  მივიწყებულმა  სიყვარულმა მოულოდნელად სიტყვა ითხოვა და რაღაც ძალიან სევდიანი და გრძელი ისტორიის  მოყოლა დაიწყო, (თან ხმა უკანკალებდა...) ყველა  გაჩუმდა და ყურადღებით უსმენდა.... მხოლოდ გალეშილი  ვნება ტოკავდა მოუსვენრად,  სკამს  აჭრიალებდა, თავად  ცხენივით ფრუტუნებდა და ხანდახან უადგილო, მწარე რეპლიკებსაც  ისროდა.
მოულოდნელად  კარზე  დააკაკუნეს.
---მე არავის  ველი,--- ვთქვი  მე---- დაე  გააგრძელოს  სიყვარულმა!... ყველა ხომ  აქ ხართ?...
სტუმრები  აყაყანდნენ, 
----არ შემოუშვათ!... ვინ ოხერია  ასე გვიან?... ყველანი  აქ ვართ! აქ!
სიყვარულმა  ვეღარ  შესძლო  ამ  საშინლად  სევდიანი ისტორიის  დასრულება, რადგან გული აუჩუყდა, მხრები  აუკანკალდა, მერე ატირდა  და დაჯდა....
კარზე  ისევ  დააკაკუნეს, ამჯერად  უფრო  ძლიერად.
........  მაგრამ  ყველა  თითქოს დაყრუვდა, ისევ  წამოხტნენ და ცეკვა განაგრძეს, ბედნიერება წამით გაიელვებდა ხოლმე  მოცეკვავეთა შორის, გაიღიმებდა და ისევ  ქრებოდა.
  ბოლოს  ყველა  ძალიან  დათვრა,  ისე რომ ტკივილი  სიყვარულს  ჩაეხუტა, ვნება-- ბედნიერებას, ხოლო  ბახუსმა  მოჭუტული თვალებით ზომიერებას დაუწყო  ძებნა რომ  რაიმეზე შარი  მოედო,  მერე  ერთი-ორი  მაგრადაც  ეთაქებინა..... მაგრამ გვიანღა იყო, ზომიერება სუფრიდან  გაპარულიყო, ისე რომ    სამი ჭიქა დაელია მხოლოდ.
....გაისმა  ჭახანი, კარი გაიღო და სიკვდილი შემოვიდა,მას სუფთად გაეპარსა,სახეზე მიწისფერი დასდებოდა, მის უკან მკრთალად მოსჩანდა იმედი.
  შემდეგ  სიბრძნემაც შემოაბიჯა, ამაყად  და ღირსეულად, იქაურობას  ამრეზით გადახედა და მხოლოდ  ერთი  ფრაზა სთქვა:
----დავიგვიანე,  როგორც  ყოველთვის!...
მას  ფეხდაფეხ  მოჰყვა  ჭეშმარიტება, ის  მძიმედ  სუნთქავდა, ეტყობოდა  კიბეზე  ამორბოდა, სიკვდილმა შეხედა  და შეცბა....  მერე ჩაიღიმა და  დიდსულოვნად  დაუთმო  გზა.
მე დაბნეულმა  მიმოვიხედე, მეგობრები  წასულიყვნენ, ბახუსიც, ვნებაც  სადღაც გამქრალიყო!... მხოლოდ  სიყვარული  იჯდა  კუთხეში  და ცრემლიანი  თვალებით მიყურებდა!...
ახლაღა  შევნიშნე  დრო, უკვე  მიდიოდა, ნაწყენი  სახე ჰქონდა თავს  აქნევდა და ფაციფუცით  ემზადებოდა.
----იქნებ  დარჩე!...----ვთხოვე  მას,---სულ ცოტა, სულ ცოტა ხანს!....
დრომ  ამომხედა, ფეხსაცმლის  ზონარს  იკრავდა უკვე, მის ცივ თვალებში  არაფერი იკითხებოდა, მე შევცბი....
----გელოდე,  გელოდე  სანამ  შემეძლო!...  ადიოს !...
მერე  პალტო  შემოიცვა  და რა სწრაფად  გავიდა!...  თან სულ საათზე  იყურებოდა.
....სიკვდილმა  აცალა ყველას,მერე მაგიდასთან  მივიდა, ისე რომ  ცდილობდა  სიყვარულისთვის არ შეეხედა, არც  იმედისთვის, მერე  დარჩენილი  სასმელი ორ ჭიქაში  გადაანაწილა, ერთი  მე მომაწოდა,  თვალი  თვალში გამიყარა  და მითხრა:
----აბა,  დავლიოთ?




28.12.2010.  სერგეი ნეველი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები