ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 იანვარი, 2011


გურამ ასათიანი (ახალი პოეტიკის სათავეებთან)

თანამედროვე ქართული ლექსი და მისი ახალი პოეტიკა იმ სახით, როგორითაც იგი ამჟმად არსებობს, არ შექმნილა ერთ დღეში, ერთი რომელიმე ლიტერატურული ჯგუფის ან მიმდინარეობის მიერ და არც რაიმე ერთი მანიფესტის ან დეკრეტის საშუალებით. მის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დროს თავიანთი წვლილი შეიტანეს სრულიად სხვადასხვა ხასიათის პოეტებმა, როგორც გალაკტიონ ტაბიძემ, სანდრო შანშიაშვილმა, ალექსანდრე აბაშელმა, იოსებ გრიშაშვილმა და გიორგი ქუჩიშვილმა, ისე ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა და გიორგი ლეონიძემ, ხოლო შედარებით უფრო გვიან – სიმონ ჩიქოვანმა, კარლო კალაძემ, ირაკლი აბაშიძემ, გრიგოლ აბაშიძემ, ლადო ასათიანმა, ანა კალანდაძემ და ჩვენი დროის სხვა პოეტებმა.

ასეთია მოკლედ ის შენიშვნები, რომლებიც ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, გაგვეკეთებინა თანამედროვე ქართული პოეტური ხელოვნების გენეზისის საკითხთან დაკავშირებით.

აქ, რასაკვირველია, იგულისხმება ის გარეგნული, ტექნიკური ცვლილებებიც, რომელთა შემჩნევა არცთუ ისე ძნელია ერთი თვალის გადავლებითაც (ამის შესახებ უკვე იყო ლაპარაკი ათიან და ოციან წლებში. სიმბოლისტები, მაგალითად, თავიანთ დამსახურებად მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ პირველად ქართული პოეზიის ისტორიაში დაწერილი იქნა სწორი სონეტი, ტრიოლეტი და სხვ.). ეს ფორმალური სახეცვლილებანი ნაწილობრივ გამოხატავენ იმ ძიებებს, რომლებიც დაიწყო რიტმის სფეროში. ამ მხრივ ქართულ ლექსში მიღწეული იქნა დიდი მრავალფეროვნება.

საერთოდ, რიტმისადმი შეგნებული, პროფესიული ყურადღება წარმოადგენს ახალი მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებას.

რიტმის ფანატიკოსებად გვევლინებიან რუსულ პოეზიაში ალექსანდრე ბლოკი და მაიაკოვსკი.

მართალია, ამ რუსი პოეტებისგან განსხვავებით, ქართული პოეტური სიტყვის არც ერთ ოსტატს არ ჩამოუყალიბებია სისტემატურ ფორმაში თავისი თეორიული შეხედულებები რიტმის შესახებ, მაგრამ მაინც შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ პრაქტიკულად მათ მოახდინეს ქართული რიტმის მნიშვნელოვანი გადახალისება. ჩვენი აზრით, ის რიტმული სახეცვლილებები, რომლებიც მოხდა XX საუკუნის ქართულ პოეზიაში, ბევრად აღემატება უბრალო მეტრულ სიახლეს: თუ ჩვენს წარსულ პოეზიაში შეიძლება მოინახოს დღეისათვის გაბატონებული თითქმის ყველა მეტრის ისტორიული პრეცედენტი, შეუძლებელია იმავეს თქმა თანამედროვე ქართული რიტმის შესახებ.

სრულიად ახალი, წარსული პოეზიისათვის უჩვეულო რიტმული ჟღერადობაა მიღწეული, მაგალითად, შემდეგ სტრიქონებში:



რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,

ჩუმი შრიალი საიდან არი?

ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,

მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

(გალაკტიონ ტაბიძე)



ან:



ამ დროს ბრუნდებოდა გრიგოლ ორბელიანი

ორთაჭალიდან.

ცხელი ცოცხალით სავსეა ნავი.

ეს ხმაა ჭიჭყინასი ასე გულსაკლავი

თუ კრწანისიდან მოდიან თათრები.

(ტიციან ტაბიძე)



ან:



ეს თოვლია, თუ მიმინომ

დააფეთა მტრედები,

ვარსკვლავთა ოთახებში

ჩათვლემილებს ეძინათ,

ეხურათ ხავერდები...

(გიორგი ლეონიძე)



ან:



მეამება სამაია,

ივერიის ღვთისმშობელის ბაია.

შენი თვალი ღია სამარეა

შენი კაბა – ჭრელი ჭიამაია.

(სიმონ ჩიქოვანი)



ან:



ზღვა ღელავს,

ზღვა ღელავს,

ამხელა სივრცე

ნაპირებს აწყდება,

ბორგავს და მწყრალია...

(ირაკლი აბაშიძე)



აქ შეიძლება კიდევ არა ერთი და ორი მაგალითის მოტანა, მაგრამ მაინც საჭიროა შევნიშნოთ, რომ ქართული რიტმიკის სფეროში დღეისათვის ბევრად უფრო მეტია შესაქმნელი, ვიდრე შექმნილი. ამ მხრივ დარჩენილია კიდევ აუარებელი ამოუწურავი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ქართული პოეზიის მომავალი თაობისგან ჩვენი მკითხველი სამართლიანად მოელის კიდევ უფრო გაბედულ ძიებებს რიტმიკის სფეროში.

რიტმულ სიახლეებთან ორგანულად დაკავშირებულია ინტონაციური ორიგინალობის საკითხი. ამ მხრივაც, ვფიქრობთ, ჩვენი დროის ქართულ ლექსში XIX საუკუნესთან შედარებით მიღწეულია საგრძნობი მრავალფეროვნება.

თავისთავად საგულისხმოა ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა თანამედროვე ქართული პოეზიის ენამ და სტილმა. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე, რომ XX საუკუნეში საგრძნობლად დაიხვეწა ლექსის ბგერითი კულტურა.

თუ, მაგალითად, ისეთი პოეტების შემოქმედებაში, როგორიც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იყვნენ, ალიტერაციული ბგერწერა წარმოადგენდა შემთხვევით იშვიათობას, ჩვენი დროის პოეზიამ არაერთი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ამ მხრივ.

მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენი დროისათვის პოეტური ფრაზის კეთილხმოვანების, მისი მუსიკალური გამართულობის კრიტერიუმები.

ლექსის მუსიკალური კულტურის ამაღლებასთან არის დაკავშირებული აგრეთვე ის დიდი ცვლილებები რომლებიც განიცადა ქართულმა რითმამ. სწორედ XX საუკუნის ლექსის ოსტატების დამსახურებაა, რომ ჩვენი დროისათვის საგრძნობლად შეიცვალა და გაფართოვდა თვით რითმის ცნება.

ყოველივე ეს და მრავალი სხვა, რასაკვირველია, არ წარმოადგენს რაღაც წვრილმანს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ქართული პოეტიკის რეფორმაცია არამც და არამც არ ამოიწურება ამ გარეგნული სიახლით.

ამ ცვლილებებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ძვრები, ჩვენი აზრით, მოხდა ქართული ლექსის მხატვრულ შინაარსში ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის „შინაგან ფორმაში“.

ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ის ევოლუცია, რომელიც განიცადა ქართულმა პოეტურმა აზროვნებამ, სახეთა სისტემამ, მეტაფორისტიკამ. ჯერ ერთი, მოხდა მხატვრულ, გამომსახველობით საშუალებათა მნიშვნელოვანი გამდიდრება. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რომ დიდი წილი იმ პოეტური ხერხებისა, რომლებსაც ასე ჩვეულებრივ მიმართავს დღღეს რომელიმე საშუალო რანგის პოეტი, თითქმის სრულიად უცხო იყო XIX საუკუნის პოეტებისათვის ალ . ჭავჭავაძიდან დაწყებული ი.ევდოშვილამდე.

თვისებრივად გართულდა მეტაფორული აზროვნება: პოეზიაში თითქოს თავიდან იქნა აღმოჩენილი ახალი შესაძლებლობები, პოეტური წარმოსახვის ახალი საშუალებები, კონტრასტული საღებავები, ფერთა ნიუანსები.

XX საუკუნის ქართულ ლექსში პოეტურმა სახემ მიიღო უფრო მკვეთრი მატერიალური ელფერი, იგი გახდა ნაკლებად „რაციონალისტური“ და უფრო მეტად „ხორციელი“, ემოციურად უფრო ხელშესახები, ვიდრე ეს იყო წინათ.

აქ საჭიროა დაზუსტება. ეს „ემოციური მატერიალიზაცია“ მოხდა ახალი ქართული პოეზიის განვითარების საბოლოო ჯამში, როდესაც, მაგალითად, დაძლეულ იქნა სიმბოლისტებისათვის დამახასიათებელი აბსტრაქტულობა და სხვ. (სწორედ აქ არის აღსანიშნავი ის დიდი გვიანდელი გავლენა, რომელიც ვაჟა-ფშაველას პოეზიამ მოახდინა ქართული ლექსის თანამედროვე ოსტატებზე).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები