ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


უფალო შემინდე ღალატი...

                          უფალო შემინდე ღალატი…
………………………………………………………………
ჩემს სულში ომია და რეკენ განგაშის ზარები ზეციდან,
ვუყურებ პლანეტებს,შეჩერდა სამყარო და მზეთა ამბოხი
იტაცებს ჩემს მზერას და ჩემში იღვიძებს მებრძოლი მხეცი და
მეორე მხეცს ებრძვის,მოვწყვიტე ტოტიდან ცდუნების ნაყოფი.

გაჯერდა ძარღვებში შხამი და სისხლში დის შავთეთრი იონი,
ჩემშია ეშმა და ბოროტი და ღმერთიც ბოლომდე ჩემშია,
მთვარეა ამ ღამეს ვეება და ახლა ყველაზე შპიონი
იგივე მთვარეა და მიდის უფალთან უცნობი თემშარით…

მაჩუქეთ ღიმილი,ან თუნდაც ღიმილის ფერადი აჩრდილი,
რაც გინდა მითხარით,ეს მაინც ცხოვრების ჯიუტი წესია,
მერევა გული და გონება და ტვინის მზესავით დაჩრდილვას
იწვევენ ეჭვი და შური და ჩვენ ყველამ მოვკალით მესია.

მე ახლა მთვრალი ვარ სისხლით და ძარღვებში ვერცხლის მაქვს ციება,
უარვყოფ იმას,რაც მიყვარდა,მესამედ იყივლებს მამალი,
სულში კი გაიბნა უფალი ფერადი გრადაციებით,
ფიქრებმა დღეს ზეცის ტილოზე კვლავ შეკრეს უწყვეტი კამარა.

ჩემს სულში ომია და თქვენ კი თვალებს მეათასედ მარიდებთ,
პლანეტას ცისფერს და საძულველს უკვე მერამდენედ ვშორდები,
ცა არის სცენა და სცენაზე ეწყობა შავთეთრი კორიდა,
თქვენსავით,ან თქვენით,ან თქვენთან,ჩემს თავში,ჩემს სულში ვვორდები

და ასე იბრძვიან მხეცები,ხან სისხლით და ხანაც უსისხლოდ,
ტრიბუნებს გაუდით ზანზარი,ტალახებს სულებში უშენენ
ხელები,რომლებმაც მოხვეტეს ვერცხლი და ამ დღესაც ლოდივით
მიათრევს შავებით მოსილი,იარაღასხმული გუშაგი.

ჩემს სულში ომია.სცენაზე იბრძვიან უსისხლოდ ხარები,
სიცილში (ყურს მომხვდა) გაისმის ხმა ვერცხლის ზარების წკრიალის,
უფალო შემინდე ღალატი,სულში მაქვს შავთეთრი ბზარები
და ჩემში სინდისმა მესამედ და თითქოს მზესავით იალა.

მაჩუქეთ ღიმილი,ან თუნდაც ღიმილის საბრალო აჩრდილი,
მომხვიეთ ხელები,რომლითაც თქვენ გუშინ ტალახებს უშენდით
სულებში.მე ახლა ფილტვზე მაქვს მონეტისხელა დაჩრდილვა,
მიმათრევს შავებით მოსილი,იარაღასხმული გუშაგი.

უფალო შემინდე ღალატი...
                                                    უფალო შემინდე ღალატი…
                                                                                დ.მ.17.01.2011წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს