ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 იანვარი, 2011


დევნილობიდან - დევნილობამდე!!!

  მაშინ როცა სრულიად საქართველო ახალ 2011 წელს ეგებებოდა, მომავლის უკეთესობის იმედით... საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან -ვეტერანები შიმშილობდნენ. ისინი სამსახურიდან დათხოვნას და ვეტერანთა დეპარტამენტში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სტენდზე ფოტოების ჩამოხსნას და სანაგვე ყუთში აღმოჩენას აპროტესტებდნენ,. ალბათ იცით მათ პროტესტს პოლიციის მიერ დარბევა მოჰყვა. თურმე, ამგვარი სახის პროტესტი საკუთარი თანამებრძოლების სახელს შეურაცხჰყოფდნენ და გარდა ამისა, გარემოს აბინძურებდნენ. ვეტერანები დააჯარიმეს -ხულიგნობის და სამართლადამცავების მიმართ  წინააღმდეგობის გაწევის გამო. რა არის ახლა მათთვის  400 ლარი? არაფერი აბსოლუტურად! ხვალ ჩვენ გავიდეთ, გავაპროტესტოთ და ჩვენც დაგვაჯარიმებენ იგივე თანხით. ბიუჯეტიც შეივსება და მომღერლების ჩამოყვანასაც ხელს შევუწყობთ.  დასრულდა! კიდევ ერთი პროტესტიც მიიჩქმალა.
  დაპირებებით დაბრუნებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა , რომელიც უკვე 18 წელია  დაბრუნებაზე ოცნებობს. დღეს  დედაქალაქიდანაც იდევნება. დაწყებულია მათი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლებებიდან. რამოდენიმე ობიექტიდან უკვე გამოასახლეს და მათი მოთხოვნები გარემონტებული საქათმეებით დააკმაყოფილეს  გორში, წეროვანში...  ძალიანაც კარგი, მეტის ღირსები არ არიანო, ამასწინათ მოვკარი ყური ამგვარ ფრაზას!
  ვაკეში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სადაც სამი  კორპუსი დგას და დაახლოებით, ოთხასამდე დევნილი ცხოვრობს, მოხდა მათი ძალადობრივი გამოსახლება. თურმე, ისინი არალეგალურად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არიან. უბინაოდ ხომ არავინ დარჩება!  სთავაზობენ სახლებს-კახეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში. იქიდან ისინი კარგად ივლიან თბილისში- უფროსები სამსახურში, რომელიც რის ვაი - ვაგლახით იშოვეს! ბავშვები კი, უმაღლესი დონის განათლებას მიიღებენ კარგად განვითარებულ სოფლის სკოლებში! დევნილების მიერ გამოთქმულ პროტესტს  საშინელებები მოჰყვა.  პატარა ბავშებს ნივთებთან ერთად ყრიდნენ სატვირთოში. არ დაინდოთ ერთმანეთი! ცემეთ! აფურთხეთ! დაუნგრიეთ ის ყველაფერი, რაც გააჩნიათ! მერე რა, მათ ხომ გამოიარეს უკვე ეს ყველაფერი?  გააგდეთ ყინვაში ქუჩაში! სიცხიანი ბავშვები გამოყარეთ! პოლიცია თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. დააჯილდოვეთ!
  დღესაც თვალწინ მიდგას იგივე კადრები! 1993 წელს, ზუსტად ასე შემაგდეს სატვირთოში და ზუსტად ასე არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. 10 დღე და ღამე ვაირეთ ფეხით სვანეთის ცივი მთებით მშიერმა ხალხმა! ღამის 12 საათზე ან უფრო დიდხანს რიგში ვიდექით, თუ დგომა ერქვა იმას, რომ როგორმე 12 ლარი აგვეღო და პური გვეყიდა... ნოლიდან დავიწყეთ ცხოვრება!  მაშინ, ზოგი გულისტკივილით შეგვხვდა, ცრემლებით, ნუგეშით, თანადგომით, მაგრამ იყო აგრესიაც, მათხოვრები! დაგვიბინძურეს ქალაქი! წავიდნენ საიდანაც ჩამოეთრივნენ! ახლაც არ გამიკვირდება იგივე გაიმეოროს ვინმემ! ან მე არ გამომიცდია და რა ჩემი პრობლემაა ეს ყველაფერიო!
    საარსებო პროდუქტებზე და გადასახადებზე ფასების გაორმაგების პროცესი შეჩერდება გგონიათ? ასე გაგრძლედება  სანამ სული არ ამოგვხდება!
    ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, განა რომელ ქართველს არ გაუხარდება, მაგრამ საერთაშორისო იმიჯის შექმნა, ინვესტორებისთვის თვალის ახვევის ხარჯზე? სასაცილოა!
    გილოცავთ ხალხო, ძალადობით დაწყებულ 2011 წელს! აღარ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება! ზომბებად იქცნენ ადამიანები- აგრესიული და დაუნდობლები გახდნენ.  მე მეშინია!
    იქნებ მართლა სჯობდეს  ისევ გავუდგე უკან სვანეთის გზას,  წავიდე იქ, საიდანაც ,,ჩამოვეთრიეთ“.  ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში ღირსეულად მომკლავს  რომელიმე აფხაზი და ჩემს მიწა-წყალზე მოვკვდები!
    როდემდე?
      გაგვაძლიერე უფალო და მოგვეცი ძალა გავუძლოთ ამ ყველაფერს!
      საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთის მხარში დგომას ვისწავლით,  ერთმანეთის სიყვარულს და ...
                        ჩვენთან არს ღმერთი!





 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები