ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


25-ის შემდეგ

თვალებს, დიდი ხანია, შავად აღარ ვიხატავ,
სარეველას, ჭაღარის, რახანია, ვებრძვი,
ბევრი იყო... იყო და მერე აღარ იყო-რა,
ზოდიაქო? რა მოთვლის, კირჩხიბი თუ ვერძი...

ლექსებს – უკვე ვცდილობ და, აღარ ვიწვავ საუზმედ,
ლექსი – თვითონ მიწვავს და, მივუწვივარ ზოგჯერ,
ახლა ისე მშვიდად ვარ, მუზის აურზაურზე
წელსაც არ ვწევ სკამიდან, მუდმივობის ბორჯღალს

ვატრიალებ წაღმა და ვატრიალებ უკუღმა,
ქალი მაინც ქალია, ქალია და უძლებს,
სახლის, კარის, ქალაქის, სოფლის ჭორებს უკუღმართს,
როგორც ფქვილის ტომარას, მოიკიდებს ზურგზე,

წისქვილს დააფქვევინებს... მინდსაც დაათვლევინებს,
სილამაზის სანაცვლოდ, გაგლანძღავენ რამდენს?
გულში მაინც დასცინი ჰიტლერებს და ლენინებს,
ქალზე – უარს ვერ ამბობს ვერც მაჰათმა განდი.

ჰოდა თვალებს მე ახლა, უკვე მწვანედ ვიხატავ,
მივეჩვიე მაკიაჟს – მიზეზსა და შედეგს,
ცრემლი - უკვე გამოვლილ გზაზე მიმოიფანტა
ქრება ყველა კომპლექსი 25-ს შემდეგ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები