ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2008


ე პ ი ლ ო გ ი ("მაგდა")

მაგდა ზარის ხმამ გამოაფხიზლა.
- დედა, მამიკო მოვიდა, - თავი შემოყო ოთახში თეამ.
- თეა, არ გამაბრაზო, წადი, იმეცადინე, თორემ...
- რა, “თორემ”, მიმტყიპავ? - გაეცინა თეას.
- თორემ ყველაფერს ვეტყვი მამაშენს. ის გასწავლის ჭკუას. ჰო, მართლა, რა ქვია ქეთინოს საქმროს?
- გურამი... რატომ მეკითხები? - შეცბა თეა.
- ისე, უბრალოდ, დამაინტერესა!... - მაგდამ ისეთი გულუბრყვილო თვალებით შეხედა თეას, რომ მას გაეცინა. - და რა გვარია გურამი?
- რა გვარია და გეგეჭკორი...
- რა? - წამიერად თვალთ დაუბნელდა მაგდას, - გაიმეორე, რა თქვი?!...
- გეგეჭკორი... რა მოხდა, დედა?!
- არაფერი... რამდენი წლის არის გურამი? - ჩაილაპარაკა მაგდამ და თან გონებაში გამოიანგარიშა გიას ძმის წლოვანება: “ის ახლა 23-24 წლისა უნდა იყოს... ღმერთო, მხოლოდ ის ნუ იქნება!”
- 23 წლის არის გურამი.... დედა, რა ფერი დაგედო?! მამას დავუძახო?
- არა!... თეა, გაფიცებ ჩემს თავს, მამიკოს გაფიცებ, შენ უნდა შესძლო იმ გურამის დავიწყება... მპირდები? - მაგდამ თეას ხელს მოუჭირა გაყინული თითები.
- ჰო, კარგი, დედა, რა მოგდის? რა მოხდა, გამაგებინე... მამა, დედა ცუდად არის!... - თეა შურდულივით გავარდა მეორე ოთახში.
ნოდარი წამლებით ხელში შემოვარდა ოთახში და სწრაფად მივიდა მაგდასთან.
- რა მოხდა?! ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართ, შენთან... – ნოდარმა ყურის ბიბილოები დაუზილა ფერდაკარგულ მაგდას და წამოჯდომაში მიეხმარა, შემდეგ თავადაც ჩამოჯდა და მაგდა მკერდზე მიიყრდნო, - აბა, შემომხედე?! ნუ გეშინია, ფერი მოგივიდა... გამაგრდი, შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ?!

თეამ რომ ნახა, დედას აღარაფერი სჭირსო, თავის ოთახში გავიდა და სავარძელში ჩაჯდა.
“ნეტა რატომ იმოქმედა დედაზე გურამის გვარმა? რა მოხდა ასეთი?! არა... დედა, აშკარად, იცნობს მას... აბა, სულ თავიდანვე, რატომ მეცნობოდა ასე ძალიან გურამის სახე?!...”

თეამ ყელზე მოისვა ხელი, - მედალიონი მოედო თითებს...

“ამ მედალიონსაც როგორ უყურებდა გურამი?!  მომახსნევინა და დაათვალიერა.... რომ დახედა, რა მეკიდა გულზე, იმის შემდეგ გაცილებით უფრო თბილად მექცეოდა... იმდენად თბილად, რომ მეგონა, ვუყვარდი-მეთქი... ქეთინოსაც როგორ არ დაცდა, რომ გურამი მისი შეყვარებული იყო?! რაც არ უნდა იყოს, ვფიცავ, რომ ჩემი მეგობრობა ქეთინოსადმი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გურამის სიყვარული! შენს თავს ვფიცავ, ჩემო დედიკო, მე დავივიწყებ გურამს...!”

ფიქრობდა თეა და თან ცრემლები ცვიოდა თვალებიდან: ადვილი არ იყო პირველი სიყვარულის ამორეცხვა გულიდან.


ნოდარს პატარა ბავშვივით მიეხუტებინა მაგდა და ოქროსფერ თმაზე ეფერებოდა.
- ნოდარ, ახლაც ისე გიყვარვარ, როგორც ადრე?
- უფრო მეტადაც, მაგდა... რა მოხდა, რატომ გახდი ცუდად?
- არაფერი მომხდარა... ნუ გეშინია!
- ადამიანის ფერი არ გადევს... მითხარი, რა მოხდა?!
- არაფერი მომხდარა ჯერ...
- ჯერ?... აწი რაღა უნდა მოხდეს? ნუ მაშინებ, მაგდა!
- ჯერ არა, ნოდარ... ჯერ კიდევ 7 თვეა იქამდე!...
- რა გამოცანებით მელაპარაკები?!... რა ხდება, გამაგებინე...

მაგდა უფრო მყუდროდ “მოეწყო” ნოდარის მკერდთან, უფრო მეტად მიეხუტა და მკერდზე აკოცა.
- ნოდარ, მე... მე ფეხმძიმედ ვარ!...
- გაიმეორე!... მაგდა, გაიმეორე, რა მითხარი! - ნოდარს ეგონა, “მომეჩვენაო”...
- ჩვენ კიდევ ერთი შვილი გვეყოლება, ნოდარ!... საოცარია, თეას შემდეგ საერთოდ აღარ დავრჩენილვარ ფეხმძიმედ და...
- მაგდააააა, შენ ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ! ღმერთო ჩემო! - ნოდარმა კი არ თქვა, ამოიყვირა და ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში თავისი “პაწაწინა” მეუღლე.
- ფრთხილად, გიჟო! - გაეცინა მაგდას.
- გიჟი ვარ!... გიჟი ვარ, აბა რაააა! გიჟობა არ არის, ასე რომ მიყვარხარ? - ნოდარმა ფრთხილად აკოცა მაგდას საფეთქელთან და... უცებ მართლაც გიჟივით დაუწყო კოცნა თვალებზე, შუბლზე, ტუჩებზე, ყელზე...
- არის... გიჟობა არის, აბა რაააა! - მაგდამ ხელები შემოხვია, თვითონაც ჩაეხუტა და ჩაილაპარაკა, - ღმერთო ჩემო, რაზე ვამბობდი უარს!

ცალი ხელი გაითავისუფლა ნოდარის მარწუხებივით შემოჭერილი მკლავებიდან და ლოყაზე ჩამოუსვა, მერე კი ნოდარის წინ გაშალა მუჭი... სველი ხელისგული დაანახა...
ასე “ამოწმებდა”-ხოლმე მაგდა, ტიროდა თუ არა პატარა თეა... ასე ჩამოწმინდა 4 წლის თეამ ცრემლები მაგდას, როცა ნათიასგან სახლში ბრუნდებოდნენ... ეს იყო ერთგვარი რიტუალი, რომლითაც ამბობდნენ: “სატირალი არაფერია და რა გატირებსო?!”

- რა ბედნიერი ვარ, მაგდა....
- ნოდარ, მაპატიებ ოდესმე ჩემს სიგიჟეებს?
- მე შენ ასეთი “გიჟი” მიყვარხარ... ვერც კი წარმომიდგენია, შენ რომ სხვანაირი იყო!...
- მიყვარხარ, ნოდარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო პაწაწა!



*  *  *

გავიდა 10 დღე.
დღეს თეას პირველი გამოცდა აქვს.
გამოცდა დღის 2 საათზეა დანიშნული.

ჯერ 10 საათი იყო მხოლოდ. თეა სავარძელში იჯდა და ფიქრობდა: “რომ ჩავიჭრა?... რომ ვერ მოვეწყო?... რომ...”
ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს.
თეამ კარი გააღო, - სადარბაზოში გაგა იდგა წითელი ვარდების თაიგულით ხელში.

- გაგა? შენ აქ საიდან გაჩნდი?! დასასვენებლად არ იყავი წასული? - თეამ გაგა გადაკოცნა და მისაღებში შეუძღვა, - რა კარგია, აქ რომ ხარ?!
- აბა სად უნდა ვიყო? შენ ხომ დღეს პირველი გამოცდა გაქვს?!...
- ხო, მაგრამ... ზღვაზე იყავი და...
- მე რომ ახლა ზღვაზე ვიყო, იმ ზღვაში ჩავიხრჩობოდი ნერვიულობით....
- მოიცა, შენ რა, ჩემს გამო ჩამოხვედი ზღვიდან? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა თეას, - მართლა ჩემს გამო ჩამოხვედი გაგრიდან?
- ჰო, თეა, შენს გამო! მე ხომ ვიცი, რა ძნელია მისაღებ გამოცდებზე გასვლა?! მე ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი აქ იყო ახლა, შენს გვერდით... - გაგამ ნერწყვი გადაყლაპა, - შენ, რა, არ გინდოდა, რომ ჩამოვსულიყავი? არ გაგიხარდა?...
- არა, როგორ არ მინდოდა... უბრალოდ, ეს ძალიან დიდი მსხვერპლია, გაგა, შენი მხრიდან, ახლა, ასეთ სიცხეში თბილისში ჩამოსვლა.
- როცა გიყვარს... როცა გიყვარს, თეა, მაშინ სიცხე და მანძილი ხელს ვერაფერს შეუშლის.
- როცა გიყვარს?... შენ, რა...  - თეამ გაოცებით შეხედა გაგას.
- ჰო, თეა!... - და გაგას შავი თვალები თეას ზღვისფერ თვალებს შეხვდა....

თვალები შეხვდნენ და ვეღარ მოცილდნენ ერთმანეთს!... მათ შორის სიყვარულის უხილავი ობობა აბამდა სიყვარულის უხილავ ქსელს.

თეას უჩვეულოდ შეუტოკდა გული. გაგა თეას მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა...
- თეა, ყვავილები გამომართვი...

თეამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, თან კი გაგას ცეცხლოვან შავ თვალებს ვერ აცილებდა თვალს.
“ღმერთო ჩემო, რა ახლოს ყოფილა ბედნიერება, მე კი სად ვეძებდი მას?!”

თეამ თვალი დახუჭა.
თვალდახუჭულმა ცხელი სუნთქვა იგრძნო სახესთან...
არ გაახილა თვალი... ოდნავ გაეღიმა... მოლოდინით დაიძაბა...
თვალი არც მაშინ აუხელია, როდესაც მის ტუჩებს ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო გაგას ტუჩები.

თეამ ბედნიერი ღიმილით გაიღიმა...
“გაგაო”- ერთი კი მოასწრო ეთქვა და... მხურვალე კოცნამ აღარ დაასრულებინა სათქმელი. მის კენარ ტანს სალტესავით შემოეჭდო გაგას ხელები.
დუგ-დუგ... დუგ-დუგ... დუგ-დუგ...
გარკვევით გაიგონა გაგას გულისფეთქვა.

თეამაც შემოხვია ხელები და გაყუჩდა.

ალბათ დიდხანს იდგებოდნენ ასე ჩახვეულები, შემოსასვლელი კარის ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა ორივე, - მაგდა და ნოდარი დაბრუნდნენ თეას გამოცდაზე წასაყვანად.

თეამ ძლივს მოასწრო იატაკზე მიმობნეული ვარდების აკრეფა, ხოლო გაგამ სავარძელში ჩაჯდომა, რომ მაგდამ ოთახის კარი შემოაღო.

- ოჰ, გაგა?! შენ აქ საიდან გაჩნდი? ნათიაც ჩამოვიდა? - მაგდამ გაგა გადაკოცნა და სიყვარულით აუჩეჩა ქოჩორი.
- არა, დეიდა მაგდა, მარტო მე ჩამოვედი.... თეასთან!... - გაგამ ალალი, წრფელი თვალებით შეხედა მაგდას, - ხომ არ მიბრაზდებით? მე ახლა აქ უნდა ვიყო, დეიდა მაგდა!... თეამ უნდა იცოდეს, რომ მე აქ ვარ, მის გვერდით ვარ ამ ძნელ წუთებში, - გაგამ თეას შეხედა და გაუცინა.
- ბავშვებო!... - აღმოხდა მაგდას გაოცებისგან, - ბავშვებო, რა დროს თქვენი... - და სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა.
- ნუ ნერვიულობთ, დეიდა მაგდა... ჯერ არა! ჯერ თეა სტუდენტი უნდა გახდეს...
თუ გნებავთ, პირველი კურსიც დახუროს... მთავარია, რომ ჩვენ სულ ერთად უნდა ვიყოთ და როდიდან, - ეს თქვენზეა დამოკიდებული.
- გაგა, შენ რომ ჩემთვის ჯერ მსგავსი არაფერი გითქვამს? - თეამ ჭინკებჩამჯდარი თვალებით გადახედა ჯერ გაგას, შემდეგ – მაგდას...
- მერე რა მოხდა? აი, დეიდა მაგდას თანდასწრებით გეუბნები... - გულწრფელად გაუკვირდა გაგას.
- კი, მაგრამ, ასეთ რამეზე სხვების თანდასწრებით რომ არ საუბრობენ?
- მე ერთი რამ ვიცი: მიყვარხარ და მინდა, რომ დეიდა მაგდამაც იცოდეს ამის შესახებ. მე ეს უკვე დედაჩემსაც ვუთხარი... ისე არ გამომიშვებდა.

ამ დროს ოთახში ნოდარი შემოვიდა.
- ოჰ, გაგას გაუმარჯოს... როგორ ხარ, ვაჟკაც?
- გმადლობ, ბიძია ნოდარ, - გაგამ ხელი ჩამოართვა ნოდარს და გადაკოცნა.
- ხალხნო, არ დაგვაგვიანდეს... არ წავიდეთ? - ნოდარმა საათს დახედა.

მაგდამ შვებით ამოისუნთქა: შეწყდა ეს ნაადრევი საუბარი თეას მომავლის შესახებ... გადაიდო... მაგრამ რამდენი ხნით?
არ იცოდა მაგდამ...
ეს არავინ იცოდა!...




დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები