ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 თებერვალი, 2011


ზღაპარი

                                                  ზღაპარი     

        იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ერქვა ნინო და რომელსაც ძალიან უნდოდა ჩელო ჰქონოდა და ღმერთს შეევედრა, ღმერთო რა იქნება ჩელო მქონდესო. სად იყო სად არა, მის გვერდით გაჩნდა ჩელო, ნინოს ძალიან გაუხარდა და ისე ტკბილად დაუკრა, დედამისს თვალებიდან  სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. ნინოს ჰყავდა ერთი მეგობარი ქეთი, რომელსაც ძალიან შურდა ნინოსი და სულ ებუტებოდა. ნინო ბაღში წავიდა და ყვავილებს მოუყვა ეს ამბავი. ყვავილებმა უთხრეს: არა უშავს, ქეთი შენი მეგობარია, მასაც უნდა რომ ქონდეს ჩელო და ამიტომ გებუტებაო. ნინო სახლში რომ დაბრუნდა, შეურიგდა მეგობარს და  ასე ერთად და ტკბილად ცხოვრობდნენ. ჭირი  იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

                                                                                ნიკა 7 წლის



          რატომ გახდა ეს ზღაპარი ჩემთვის ამ ნაწერის შთაგონების წყარო? გიხაროდენ ქართველნო,- შობადობამ საგრძნობლად იმატა ჩვენში!  მადლობა ღმერთს და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევის ძალას!
          ალბათ გვიფიქრია, როგორ შევაგებოთ ახალშობილი XXI საუკუნეს? ჰო, უფროსი თაობის ხალხი ამბობს ახლა სხვანაირი ბავშვები იბადებიან, უფრო მოაზროვნე თაობები მოდიანო...  ვეთანხმები!  ნიკა ჩემი მოსწავლეა. როდესაც მეორე კლასელებს თავისუფალი თემა (ზღაპარი მუსიკოსებზე), მივეცი დასაწერად, მან ასეთი საოცარი რამ დამიწერა. ვეცადე (ზეპირად)  თითქმის სიტყვა-სიტყვით დამეწერა აქ მისი ზღაპარი (დედანი დედასთან გავატანე, რათა მისთვისაც დიდი ბედნიერება ეჩუქებინა). გაკვეთილის დამთავრების შემდეგ კაი ხანს გულში ვიკრავდი, გულაჩუყებული შევედი სამასწავლებლოში და კოლეგების შეკითხვაზე თუ რა მჭირდა, მხოლოდ იმას ვეუბნებოდი ნიკას ნაწერი თავად ენახა ყველას... 
          სანამდე ნაწერს ჩამაბარებდა, დიდრონი ლურჯი თვალებით შემომხედავდა ხოლმე და თანაც ისე თითქოს მე კი არა, იმ სურათს უცქერდა, რომელიც ასე გულიანად აღწერა თავის ზღაპარში.
          ბავშვს აბსოლუტურად ესმის ’’ზღაპრის’’ რაობა. მისი დამახასიათებელი ყველა ელემენტი ჩართო  თავისი პატარა მოაზროვნე ხედვითა და თითებით, ჩართო რწმენა,  გულით შევედრებული აუხდინა ზღაპრის გმირს, ვხვდები ის რამხელა რწმენით ევედრება უფალს ყოველივე (კეთილ) სურვილს; ოსტატურად ჩართო საკრავი, რომელიც  მუსიკის (ჩემს) საგანში შეისწავლა; ყვავილები აალაპარაკა და ვაჟას სული აზეიმა ზეცაში; გამაოცა უარყოფითი გმირის  ამ სახით ჩართვამ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეეკრანებზე საშინელი ე.წ. მულტფილმები (ფილმები) გადის რობოტებზე და ათასნაირ უსახურ არსებებზე... ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც ნიკას ასაკისაა, ამას წინათ ერთ-ერთ მულტფილმზე ამბობს: - ეს რა მულტფილმია, მკვლელობა არაა შიგო... ვიგრძენი თვალები როგორ ამემღვრა და ავღელდი, მაგრამ ემოციები მალე მოვთოკე და გავესაუბრე... ჩემი მოსწავლე კი ასეთი სახით ირჩევს უარყოფით გმირს, არა მკვლელს, არა ტერორისტს, არა ოკუპანტს (მერწმუნეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაც იციან), არამედ მეგობარს, რომელსაც  თეთრი (თუ არსებობს) შურით შურს მეგობრის. თანაც ზღაპარი ხომ სწორედ მეგობრობაზეა! მეგობრობა ფართო და ღრმა ცნებით დიდ ადამიანებსაც უჭირთ უკვე... ზოგს მტრობა ეიოლება უფრო... ’’მტრობა’’- ეს მხოლოდ ჩემს ბავშვობაში ჩვენთვის საყვარელი მულტფილმის სახელი იყო, რომელიც ამას წინათ, ჩემთან სტუმრად მოსულ 4  წლის ბავშვს ჩავურთე და ასეთი პასუხი მივიღე: ეგ მამიკომაც ჩამირთო, დებილობა იყო და ვერ ვუყურეო... ხმა ვეღარ ამოვიღე კაი ხანს. მშობლის მონაყოლიდან, როდესაც მას  ’’ფიფქია და შვიდი ჯუჯა’’ რამოდენიმე საღამოს ზედიზედ წააკითხეს ბავშვებმა, უფიქრია ეს ზღაპარი განსაკუთრებით მოეწონათო რომ არა ის მომენტი, როდესაც ფიფქიამ დედინაცვალის მიერ მოწამლული ვაშლი შეჭამა, პატარებმა ერთხმად წამოიძახეს - რით ვერ დაიმახსოვრა,რომ ეგ ვაშლი არ უნდა შეჭამოსო... მაოცებს ბავშვების გონივრული დაკვირვება და ზღაპრის სიღრმისეული გააზრება. მაგრამ არის სხვა შემთხვევა, როდესაც  მშობელმა არასწორად ასწავლა ’’კომბლე’’ - მგლის  ეშინიაო და ბავშვი ყვება როგორ გააწყვეს სუფრა და როგორ იქეიფეს ერთად მგელმა და კომბლეს ცხვრებმა... ეს მიდგომა არასწორია, ზღაპრის აღქმას უმახინჯებს პატარას... დარწმუნებული ვარ მშობლებს აღელვებთ მათი შვილების მომავალი, მაგრამ იქნებ მათთვის წიგნის, სათამაშოს, თუ DVD დისკების შეძენისას, მეტი ყურადღება დაუთმონ თუ რა შინაარსისაა თითოული მათგანი! პირველი კლასის მოსწავლეები ანთებული თვალებით მიყვებოდნენ, რომ თოვლის ბაბუამ მოუტანათ სათამაშო რობოტი, პულტიანი მანქანა... სახალისოა გავიხსენო ფრაზები ქართული კ/ფ-დან ’’თოჯინები იცინიან’’ : ’’- აი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო’’,- განა ბავშვის სათამაშო ღილაკების დაჭერით განისაზღვრება? სად არის მისი ბავშვური სიცელქე და ფიზიკური აქტიურობა?... რა თქმა უნდა ბავშვი არ უნდა ჩარჩეს ზღაპრის სამყაროში! ჩემს მოსწავლეს პირველ კლასში შემოსვლისას რომ ვკითხე რა სურდა გამოსულიყო მომავალში, მიპასუხა მე მინდა ქალთევზა გამოვიდეო. ბავშვი უნდა არჩევდეს სად მთავრდება ზღაპარი და სად იწყება რეალობა! (7 წლის ნიკა იდეალური შემთხვევაა).
          მინდა, ყოველი  ჩვენგანი ემსახურებოდეს მომავალი თაობის სწორად აღზრდას და ჩამოყალიბებას... მშვიდობიან, ერთიან და გაძლიერებულ საქართველოში აღზრდილიყვნენ უფლის წყალობით! ჩვენ ყველა ხომ იმ მცირე ასაკიდან ვისწავლეთ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას! შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს სულიერი სიკეთე და სიყვარული!
          ნიკას ზღაპარმა ისე ამაღელვა, ეს ყველაფერი (და კიდევ არაა ეს ყველაფერი) ძალიან მინდოდა  თქვენთვის მეთქვა და შთაბეჭდილებები გამეზიარებინა.
                               
                                              (მომავალი პოტენციური მრავალშვილიანი დედა)
                                                              ეკატერინე ბაზერაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს