ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


ჩამოჯექი ემმა ანუ დაღლილი ლექსი მონოლოგად

დაიღალე ემმა, დაიღალე,
შენ შეგიძლია დაისვენო სადმე მწვანე,
მკლავებდატოტილი ხეების ძირში,
ჩამოჯდე მის ბებერ, მიწის ზემოთ ამოზრდილ ფესვებზე და
აღვირის გარეშე მიუშვა სული სიმყუდროვეში.
მილულო მზერა,
მოუსმინო წყაროს, სხეული რომ აუწვა მზემ
და ქვების ძირში მიმალვას ლამობს.
ან სიცხისგან გარუჯულ პეშვებში მოაგროვო მისი ცივი სუნთქვა
და მოწყურებული მგზავრი დაეწაფო.
შენ შეგიძლია ჩამოჯდე ემმა,
დაისვენო იქ, სადაც მიწიერი სამოთხე არის,
ხანდახან კი მაინც ვერ ვხედავთ.
მიენდო მხოლოდ გონებას, მოუდუნდე ცას,
რომელიც მთელი სიცოცხლე გვგონია შორი,
გარდაცვლილებს კი დედამიწა გვეპატარავება ციდან მომზირალთ.
მიდი, შეეხე წვიმად ჩამოსულ ზეცას მიწაზე,
შეეხე შიშველი ფეხის გულებით და გაუღიმე სამყაროს.
შეეხე თოვლს - დაფლეთილ თეთრ ღრუბლებს შიშველი მკლავებით
და დახუჭე თვალები.
მერე გაუხილე.
და მე გაგიმხელ რომ შენ აქ დედამიწაზე შეძელი
შეგეგრძნო ცა შენს ტერფებთან...
შენ შეგიძლია დაისვენო ემმა,
ჩამოჯდე სადმე, ხავსმოდებულ ქვებთან,
ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება,
თუმცა რთულია, საშიში,
როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა
იქნება ჩვილმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება.
არადა დაიღალე ემმა.
მილულე მზერა
მერე გაუხილე
და თუ შეიგრძნობ რომ სამყაროს ახალშობილის სუნი აქვს,
მე შენ გაგიმხელ რომ ღმერთს ყვარებიხარ.

თუ გინდა ჩამოჯექი ემმა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები