ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2011


მე შენ მომავალში გელაპარაკები

გუშინ მოლოდინის მთებში ვინადირე,
გულში მონატრებას თოვლი მოესია.
შენში უშენობის თეთრი სინამდვილე
ბავშვის თვალებივით უსათნოესია.

რაკი შემომხედე, დადნა ბარიკადი,
სივრცე გადაეშვა ზღვაში სიშორიდან.
ვგრძნობდი, ნატვრის ხეებს როცა დარეკავდა
სიო, სარჩოსავით მაშინ გვიშოვიდა

ერთად, ერთმანეთში სულით გადასულებს,
ჩვენში ვიქნებოდით სამი - ის, მე და შენ.
დღემდე იმდენივე სიმი გადაწულა,
რამდენ სიმღერასაც შევრჩით სიწმინდეში.

როგორ გეჩვეოდი, როგორ, გაიხსენე,
მენდე, სნეულივით ვდუმდი აივანზე
და რომ შეგამჩნიე, ცა რომ გაიხსნება,
მზე რომ გაცურდება, - ისე გაინაზე.

ასე ნაბიჯ–ნაბიჯ  წარსულს ვუდარაჯე,
ახლა სიახლოვეს სული შელესია.
გარეთ - დედამიწა ჩაწვა სუდარაში,
ჩვენში - ღუმელივით ჩავწვი ილუზია -

ყველა განშორების... ყველა საფეხური,
ვიწრო ბილიკი თუ ფართო დერეფანი
ბედმა ზამთარივით ფიფქით გადახურა,
ოღონდ სიქათქათეს მარტო, შევეფარეთ,

ხელი ჩამკიდე და მერე, გავიარეთ...
და მე თავისუფლად სუნთქვა დამევალა...
გუშინ უშენობის სენმა გამიარა,
გუშინ უმზეოდაც გათბა თებერვალი,

მეცნო გულისცემის მკვეთრი ნახაზები,-
სისხლში ისვენებენ, აკი, ბანაკები.
წლები - უდროობას გაალამაზებენ,
მე შენ - მომავალში გელაპარაკები.
                                                                ავტორი: მუხრან აბაშიძე,  ხულო, 15 თებერვალი, 2011 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები