ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2011


_______I V_______

(საკუთარ თავს, სოფელს, წინაპართა საფლავებს)

...............................................................................................
ძველ ჯიხურთან რომ გადახვალ მესერს
და ხვდები ღამეს ზამთრის ასტრალზე,
იქ ნახავ -
წარსულს თუ როგორ თესავს
ერთი პატარა ნამონასტრალი.
ნახავ -
საფლავებს, არის სახლებიც,
მიმობნეული გუმბათის ჯვრები,
უყურებ ცას და ისე ახლოა,
ხვდები რომ ტაძარს ეჭირა მხრებით.
ქვები ორსულებს ჰგვანან და შუკა,
თითქოს ნაყოფად იმკიდეს მოცხარს
და ისე მინდა შემხვდეს მოძღვარი,
რომ მეტაფორას წავიღებ უკან...
მაგრამ სოფელი დაყრუვდა თითქოს
და ჭაჭანება ეძებს კაციშვილს,
აღარც სტუმარი არც მასპინძელი,
ემერდინზე რომ სუფრას გაგიშლის...
გადაუხურავს სოფელს წვიმის ცა
და მორჩილდება ამინდის მეფეს,
გამთენიისას ძაღლი ყივის და
შეღამებისას მამლები ყეფენ,
ყეფენ თავიანთ წარსულს, რომელიც
შემცირებული დარჩა ტირაჟით -
ხალხის!...
და სოფელს თუ რა მოელის,
წყდება ჩვენი და უფლის წინაშე,
მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ,
ვწერ და ამ სიტყვის ვდგები თავდებად -
პანთეონად რომ იქცეს სამყარო,
მე მაინც თქვენთან დავსაფლავდები!...





(შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა)

შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა,
ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს,
იმოსავ ვხედავ,  უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს.
შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს,
ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის,
ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზას
და თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს,
რომელიც ჩემი ლექსები არის,
რომელიც მხოლოდ ლექსები არის
და შენს პატარა მუცელთან ერთად,
იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი.
ამ ბოლოს ასე მიხდება წერა,
იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით,
გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა,
ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -
ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით,
შენია თუმცა შენამდე მქონდა
და ასე მინდა გაჩუქო მარსიც,
რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა -
შორის და კალებს კვირტების სოლო
ეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ,
იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს
და არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ,
რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.





ნოსტალგია თებერვლის

მუხლისთავებზე სიცივე მაყრის,
და ზეცის სუნით მევსება პალტო,
თოვლის ქორწილში თოლიებს მაყრის
როლი აქვთ თითქოს,  ვჩერდები და თოვს
შვეული თოვლი, მიწის გარეკანს
თეთრი არაფრის სამოსი მოსავს,
და პროზასავით ყვება ამინდი
სამი თებერვლის საღამოს პოზას.
ვგუნდაობ ისევ ფიქრის კარებთან
და როგორ ვიშრობ - ვიხსენებ ბუნდად
შენი ხელების სითბო ნარევ და
შენი ჰაერით დაორთქლილ გუნდას -
მხარზე, ამინდს კი სულ სხვა აქვს პეწი,
არ ენანება თოვლი თებერვალს
და უშენობა იმდენად მეწვის
რომ სულზე მინდა სულის შებერვა.




(მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ)

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და
მწყევსით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და
თულექსებაცრილი საღამოც დაეშვა -

კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია... ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის -

მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული და
კანაფის საშინელ - სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი ძალიან ცუდი და...
თუ მთვრალი, - ყველაზე მაგარი წყვილი ვართ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები