ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2011


ჩვენ

ჩვენ ღამის სამ საათზე
გარდავიცვალეთ გუშინ.
გასვენებაზე მოსულ უამრავთაგან
არავის დასცდენია სიტყვა: ’’მშვიდობით!“
ჩვენ მოვკვდით!!!
პაოლოსავით მოვიკალით თავი,
გალაკტიონივით გადავხტით ფანჯრიდან...
გრანელივით ვთიბეთ ღამეები,
ფიროსმანივით დავიკარგეთ დროში...
სივრცეში,
ტიციანივით დაიკარგა ჩვენი საფლავი...
სიმართლის თქმისთვის გადაგვაგდეს მატარებლის ვაგონიდან!..
წაგვართვეს ბავშვობა, გაგვიყიდეს აფხაზეთი, დაგვიცხრილეს შენობები,
დაგვიბომბეს სოხუმიც და ცხინვალიც, შეგვიგინეს სარწმუნოება,
ფეხებზე დაიკიდეს მერმისი.
კედელზე მიგვაყენეს და
ხელაუკანკალებლად დაგვხვრიტეს
გადამთიელმა ჯალათებმა...
მოგვკლეს სიკვდილით მოუდრეკლები
და სწორედ ამიტომ
ჩვენ მაინც
ვიდექით ხელიხელჩაკიდებულნი,
მამულიშვილური გრძნობით ანთებულნი
და გავყურებდით გზას-ტაძრისკენ მიმავალს.
ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი
და ერთმანეთი გვიყვარდა.
გვწამდა და გვჯეროდა, გვქონდა ხვალინდელი დღის იმედი.
ვოცნებობდით აღმაშენებლის საქართველოზე, გვწამდა რომ კვლავ დაიბადებოდნენ:
ხერხეულიძეები და ჩოლოყაშვილები, დადიანები და ბაგრატიონები,
სააკაძეები და ბარათაშვილები, რუსთაველები და გურამიშვილები,
ტაბიძეები და რაზიკაშვილები, ჭილაძეები და რობაქიძეები.
დადგება დრო, ჩვენ გავიღვიძებთ...
წამოვდგებით სამარედან, პოეტურად ვიტყვით ჩვენს სათქმელს,
ვეტყვით კაცობრიობას, რომ ხელმეორედ დავიბადეთ,
დავიბადეთ და აღარასოდეს აღარ მოვკვდებით.
ისევ ავალთ ბედნიერების მწვერვალზე, ავალთ და გავიხარებთ.
ჩვენ გადავცურავთ ნილოსს, გადავლახავთ რუბიკონს,
ჯიშიანი ბედაურებით გადავივლით მთებს,
ხელისგულებზე დავისვამთ ჩიტებს, გავაფრენთ თბილ ქვეყნებში...
სიყვარულით დავამარცხებთ ბოროტებას, დავამყარებთ მშვიდობას.
დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, ყველგან სიყვარული სუფევდეს იქნება,
აღარაფრის შეგვეშინდება.
სიკვდილი?!-სიკვდილი არაფერი არაა,
მოვა დროება და ქრისტესავით გავიმარჯვებთ სიკვდილზე,
ყველას გულებში სიყვარული დაისადგურებს.
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები