ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


მონატრება

ძერწავს ფიქრი
ნატიფ ნატვრებს,
მომენატრე!..
წარმოსახვა წამწამს ახელს
და შორი ცის ახლო მნახველს
სიზმრად მომგვრის...
მოდი,
მოდი,
უშენობა არ გამომდის...
გავაგორებ გორგალს
ძაფის,
გამომყვება უკან
სწრაფი
ნაბიჯებით სიყმაწვილე,
სიბერის კარს მიმაცილებს...
ჩემი თმებით შეკრულ
ტივით
წყალს გავატან
ფერმკრთალ ტკივილს.
გამოვწურავ თვალებს
ხალისს,
და ღიმილით დაღლილ
ქალის
გულს სიგრილეს
შემოვამტვრევ...
ძერწავს ფიქრი
ნატიფ ნატვრებს,
სიყვარულო,
მომენატრე!..
  2007

###
მოკრუსუნდა ღამე კართან,
ამეტუზა ძაღლივით.
დამეზარა შემოშვება,
დღით ვიყავი დაღლილი.
მერე თავი ჩამოქინდრა
ჩემი ფანჯრის რაფაზე.
იყო რაღაც უჩვეულო
იმ ბუნდოვან ანფასში...
იყო მარტოობის სევდაც
ღამენათევ თვალებში,
შემოვუშვი ღამე სახლში
ვარსკვლავების გარეშე...
  1979

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები