| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 15 მარტი, 2011 |
ყველაზე უფრო ის მაწუხებს, რომ დედა არაფერს ამბობს... მეც ვერაფერს ვეუბნები... არადა მინდა ვუთხრა, რომ ბარამი მიყვარს, მაგრამ ვერ ვბედავ! რა მშიშარა ვარ!
* * *
დილით, უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, მარშუტკის მძღოლს კედლებზე სურათები გამოეფინა - სურათებით და წარწერებით: `მე მიყვარს თამარი~, `მე მიყვარს გულიკო~ და სხვა სახელებით. ერთიც კბილებდაკრეჭილი და დიდი ულვაშებით კაცის სურათი იყო, `მე მიყვარს ჯემალი~ - წარწერით. მერე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამოვიდა პატარა ბავშვით. პატარას ხელში საბავშვო ორბიტის ფირფიტა ეჭირა, გემრიელად იღეჭებოდა კევს, თან ენას არ აჩერებდა. მამაო, მამამისს ეკითხება, იმ ბიძიას ტუჩებთან რა აქვსო. ულვაშებიო, - მამამისმა. და რატო აქვსო. მამამისმა, არაფერი არ უპასუხა, ალბათ იფიქრა იქნებ გაჩერდესიო. მერე ეითხება ამ ბიძიას უყვარს ის ბიძიაო. მარშუტკაში ხალხი სიცილით დაწვებოდა ადგილი რომ ყოფილიყო. მერე დედამისს ეკითხება დედა, შენ რატო არ გაქვს ულვაშებიო. მამამისმა, მერე ეტყობა იფიქრა კიდე რამ ასეთი ჭკვიანური არ თქვასო და ეუბნება, მეც მომეცი ერთი კევიო, ის კი ეუბნება დიდებისთვის არ შეიძლებაო... ბევრი ვიცინე... თუმცა უცებ მივხვდი, რომ დედაჩემიც ლამის ამ პატარასავით ფიქრობს, ჩემთვისაც არ შეიძლება რაღაც, რა მნიშვნელობა აქვს ეს რა არის, კევის ღეჭვა თუ ბარამის სიყვარული - არ შეიძლება და უკვე აღარ მეცინება... რო შეიძლებოდეს, რაღაცას ხო მაინც მეტყოდა. მაინც რატო არაფერს არ მეუბნება...
* * *
მათემატიკის ლექტორმა, ვალოდიამ, მგონი გააფრინა, თუმცა ეს თავიდან მეგონა ასე... ლექსი გვითხრა, თან ჩაგვაწერინა და აბა მითხარით, რომელ რიცხვზეა საუბარიო... ლექსი ასეთი იყო: `რომ, ის ნახო, ის იცოდე გახსოვდეს ეს რიცხვი მარად, აჰა ლექსი მოგაწოდე, გეხმარება უებარად~. მერე დაამატა ამ ლექსში სიტყვა `ის~ იმ რიცხვის სახელითაც შეიძლება ჩათვალოთ და ერთის ტოლადო. ხო, რომთან მძიმე დასვითო. ვერავინ ვერ მივხვდით. ჩემსავით ფიქრობდა ალბათ ნახევარი ჯგუფი, რომ მთლად კარგად არ იყო ვალოდიას საქმე. რო გავიჭედეთ მერე დაამატა, წრეწირის სიგრძესა და დიამეტრს უკავშირდებაო... ახლა მაინც დამიწერეთ ის რიცხვი მეათმემილიარდედ სიზუსტითო... ბარამი მეკითხება წრეწირის სიგრძეს და დიამეტრს რომელი რიცხვი უკავშირდებაო... პი, ანუ წრეწირის სიგრძე მის დიამეტრზე გაყოფილი არის პი-მეთქი... ხოდა დაწერე პი რიცხვიო... მე მხოლოდ მეასედამდე სიზუსტით მახსოვდა: სამი მთელი თოთხმეტი. დავწერე, მეტი არ ვიცი, ისე უსასრულოდ გრძელდება-მეთქი... ნახე, ის თუ ერთია, სამი მთელი თოთხმეტი `რომ, ის ნახო-აო...~, ასე ხო თქვაო... რა `რომ ის ნახოა-მეთქი~, აზრზე ვერ მოვდიოდი რას ამბობდა. აი ლექსს დააკვირდი, მძიმეს და სიტყვებში ასოების რაოდენობასო. მერე-მეთქი... ანუ მერეც სიტყვებში რა რაოდენობის ასოებიცა, ის ციფრები დავწეროთო... მერე მივხვდი რასაც ამბობდა. ასე გამოდიოდა: 3,1415926535897.... მე ავდექი და ლექტორს ვეუბნები, ბარამმა გამოთვალა-მეთქი... ბარამი არც ამდგარა, ისე თქვა - მაბრალებს, თვითონ გამოთვალაო... მე გავბრაზდი: კარგი რა ბარამ, ხო შენ მიხვდი რომ სიტყვებში ასოების რაოდენობა რომ უნდა დაგვეთვალა-მეთქი. სამაგიეროდ მე აზრზე არ ვიყავი პი რა იყოო, - ვითომ თავი გაიმართლა. ვალოდიამ, რა გაჩხუბებთ, აბა გამოდი დაფასთან და დამიწერეთ რაც გამოთვალეთო. დავწერე. გაღიმებული მიყურებდა - მართლები ხართ. შეგიძლიათ საკურსო არ მომიტანოთ, ჩაბარებული გაქვთ, ანუ ხუთ-ხუთი კრედიტი დაგემატათ ორივესო. ვა, რა მაგარია... – პირველი საოჯახო კრედიტი. არადა თურმე რა იოლი იყო.
* * *
ჩვენ რომ რეპეტიციაზე ვიყავით, თურმე თოვლი წამოვიდა - პირველი თოვლი. რეპეტიციის დროს არავის მიუქცევია ყურადღება, არც ვიცოდით თუ თოვლი მოდიოდა. ბარამი და გუჩი ბაცომ დაიტოვა, ერთი წუთით დარჩითო. ბარამმა დამელოდე, გაგაცილებო... გარეთ გამოსულებს გადათეთრებული დაგვხვდა ყველაფერი. ეტყობოდა ახალი დაწყებული იყო, ოდნავ იყო მოფარული მიწა, რამდენიმე სანტიმეტრი. ბიჭებმა მანქანებზე თოვლის მოხვეტა და გუნდაობა დაიწყეს.
* * *
- გუშინ ჩემს უბანში დაგინახეთ. - ჩვეენ? - არა, პიტერ ბრუკი და ჟერარ დეპარდიე... - ჰი, ჰი, ჰი.... - რა გაცინებთ, რა გინდოდთ ჩემს უბანში?! - ააა, თქვენ საბურთალოზე ცხოვრობთ?! - კი, ვცხოვრობთ! - ჩვენ ისე, შემთხვევით მოვხვდით. - შემთხვევით ჩერდებოდა თქვენი მანქანა ჩემი მარშუტკა რომ ჩერდებოდა ხო? - აბა რას იზამ, ყველა სტოლბაზე შუქნიშანია და ვიდეო-პატრული. - შემთხვევით იჭერდით დისტანციას რომ არ შეგენიშნეთ ხო? - კი, შემთხვევით! - ე. ი. შემთხვევით?! - კი... - უზბეკაც შემთხვევით ამოვიდა გუშინ ჩემთან არა?! - უზბეკა სად დადის ჩვენ რა ვიცით! - რას მიედ-მოედებით, მადლობა მაინც მათქმევინეთ... - რისი მადლობა! - აბა ის მითხარით, უზბეკას საიდან იცნობთ! - რომელ უზბეკას! - აბა თქვენა ხართ, წეღან მეუბნებით, უზბეკა სად დადის, რა ვიცითო. ახლა ამბობთ, რომელ უზბეკასო, მოკლედ ჩაიჭერით... - უზბეკეთი იცით რამხელაა, ხუთი საქართველო. - ალბათ ესეც შემთხვევით... - კი, შემთხვევით... - შემთხვევით რომ ხართ ამ სპექტაკლზე დაკავებულები ორთავე, ესეც ხო იცით. - ვიცით. - კუკუ-დამალობანას რომ მეთამაშებით, რო გაგყრით ორივეს ჯგუფიდან ესეც შემთხვევით რომ იქნება ხო იცით.... - ვიცით... - შენ მალხაზა, რეპეტიციაზეც გითხარი... რომ მიაყრი და მიაყრი შენს სათქმელს, მოგხსნი იცოდე როლიდან. გაიგე შენ არსად გეჩქარება, ეს სხვებს ეჩქარებათ, შენ არ ხარ ქორწილში დაპატიჟებული და სხვაზე იყრი ჯავრს და ფეხებზე გკიდია ის სხვა. - გასაგებია... - მსახიობების ნერვებზე თამაშობ... შენ მარტო ხარ... წარმოიდგინე მგლების გროვაში ხარ მოხვედრილი, რომლებსაც შეუძლიათ შეგჭამონ და იბრძვი (რა საზიზღარი ვარ დრო და დრო... მერე რა, ესენიც საზიზღრები არიან)... - გასაგებია... ჰი, ჰი, ჰი... - გაცინებ მე შენ.... გაიგე რაც გითხარი... - გავიგე! - შენ კიდე, პიტერ ბრუკ, დღეს ფრაზა გაგეპარა ერთი, `დილა მშვიდობისა მამილო~ დაავიწყდა ლუიზას, რატო არ გააჩერე სპეტაკლი? - ხო თქვით, დინამიურობა არ გაწყდეს, მთავარი ახლა ეს არისო... - ეს სპექტაკლზე, თორემ რეპეტიციაზე უნდა გააჩერო... ასჯერ დაავიწყდებათ ფრაზა, შეგიძლია ასჯერ გააჩერო. - თქვენც რომ არაფერი თქვით! - მე ბოლო რეპეტიციაზე მაყურებელი ვიყავი! გაჩუმდნენ. - ხოდა წადით ახლა, გიჟები და არანორმალურები ხართ ორთავე (ის არ დავამატე, რომ საყვარელი და არანორმალური გიჟები არიან და მიყვარს ასეთი ხალხი)...
* * *
მანქანაში რომ ხარ, ქრის რეის სიმღერა წვიმაზე, თოვლსაც უხდება. - რა მაგარია თოვლი ხო? - კი ძალიან მაგარია! - აბა ვის უხარია ბავშვებო თოვლი? – სარკეში გვიყურებს გუჩი. მახსენდება, ბაღში რომ დავდიოდი, თოვლის ბაბუად გადაცმული დარაჯი რომ შემოდიოდა საახალწლო ზეიმზე და მაშინდელივით ვპასუხობ. - პატარებს! - რატო უხარია პატარებს თოვლი? – როლებში შედის გუჩი, ალბათ იგივე საახალწლო ტექსტი ჰქონდათ იმის ბაღში. ბაღის ზეიმებზე. - იმიტომ, რომ თოვლის პაპას აკეთებენ, გუნდაობენ, ციგაობენ... - აბა ვის არ უხარიათ ბავშვებო თოვლი? - მოხუცებს და ჩიტებს! - და რატო არ უხარიათ თოვლი მოხუცებს და ჩიტებს? - იმიტომ რომ ცივათ! - ასე მგონია თოვლი ყველას უხარია, – ამბობს ბარამი. - ასე იმიტომ ამბობ რომ არც მოხუცი ყოფილხარ ჯერ და არც ჩიტი. - იცინის გუჩი. - არადა მოხუცები როგორ გვანან ჩიტებს ხო? – ვამბობ მე... - ხო, გვანან, ოღონდ ფრთამოტეხილ ჩიტებს... - ისევ ბარამია, ჩაფიქრებული და თითქოს ახლა, ამ წუთში ჩვენთან არც იყო. მე ვცდილობ ვიხუმრო. - რა გამახსენდა, მეზობელი მყავს ციცო, სამოცდაათის იქნება და გაუთხოვარია, და რას ეუბნებოდა დედას. ადრე სანამ ახალგაზრდა ვიყავი ქუჩაში რომ გავიდოდი, ყველა მანქანა მიჩერებდა, მე რათქმაუნდა არ ვუჯდებოდი. ახლა მე ვუწევ ხელს ყველა მანქანას, გამიჩერეთ-მეთქი და არავინ მიჩერებსო! იცინიან. - მაგას არ უნდა ჩვენთან თეატრში კაკალას როლი შეასრულოს?! - გაგიჟდი, მოკლავს ნათია, ისე შეეჩვია როლს... - ხო ნათია მართლა საშიშია, რეპეტიციებზე ლამის სპიცები გამიყაროს... - ბარამ, არ იცი რომ შეყვარებულთან სხვა გოგო არ უნდა აქო?! - მერე და მე ვინ ვაქე? ნათია კილერია-მეთქი ეს არის შექება... ჰი, ჰი, ჰი... - წავედით აბა გურიაში?! - წავედით! - ნინი აბა ახლა კივილი არ იყოს და რამე! ჩემს შესახვევს გავცდით. გუჩიმ დიღმის გზაზე გაიყვანა მანქანა. მე და ბარამი უკან ვზივართ, ბარამი ხელზე ხელს მიჭერს, რა მაგარია. მთელი ცხოვრება ვივლიდი ასე, მაგრამ დედა... - ბარამ, უთხარი რომ მოაბრუნოს! - გუჩი, არ მოაბრუნო! - გუჩი მოაბრუნე მე შენ გელაპარაკები... - არ გაშტერდე, არ მოაბრუნო გუჩი... - მოაბრუნე გუჩი! - მოკვდა!? - ძაღლი დაინახა გზისპირას ბარამმა. - წუხანდელი ღამენათევია და ჩაეძინა! - ეს გუჩია. არადა ძაღლი არც იწვა. მანქანებს აყოლებდა თვალს. ელოდა თუ ეძებდა ალბათ პატრონს. - მკვდარი შენ თვითონ ხარ! – სარკეში გუჩის უყურებს და იცინის ბარამი! უფრო იმიტომ რომ საკუთარ კითხვას თვითონვე გასცა პასუხი. - ბარამ უთხარი, რომ მოაბრუნოს! - ხო, კარგი რა მოგივიდა, დედამიწა ხო მრგვალია, ბოლოს და ბოლოს ხო ისევ აქ დავბრუნდებით! ხუმრობს თუ მართლა მიტაცებს, იქნებდა მეც მინდა რომ მომიტაცოს, თორემ წესით ხო უნდა ვყვიროდე ახლა. არადა ისევ ჩემი ხელი ხელში აქვს. წავართვი. - ბარამ, შეშინდება დედა! - დედას არ ვუთხრათ! ნახა გამოსავალი. წესით ახლა უნდა ვკიოდე, ვწიოდე, გუჩის თმებს უნდა ვაპუტავდე და თითებით უნდა ვკაწრავდე (ბარამი ცოდოა)... - ბარამ, ვიყვირებ ახლა იცოდე... – ვითომ ვბრაზდები, ბოლოს და ბოლოს ხო მსახიობი ვარ ახლა, მერე რა რომ მოყვარული. - ხო კარგი, რა მოგივიდა, მცხეთაში ჩავალთ, ლობიოს ვჭამთ და დავბრუნდებით. – მგონი შევაშინე. ან ძალიან მაგრად ვითამაშე, ან ძალიან იოლად დამთანხმდა. როგორ იყო, მამალი რომ მისდევდა ქათამს... - კარგი, მაშინ დედას დავურეკავ, ვეტყვი რო ცოტა დამაგვიანდება... - აბა თქვენა ხართ რა, თქვენი არ ვიცი, მე მივდივარ გურიაში. - წადი, ჩვენ სალობიასთან მიგვიყვანე... - ეჰ, აბა თქვენა ხართ შეყვარებულები. - აბა შენ ხარ რეჟისორის თანაშემწე, ხვალ რეპეტიცია რომ გვაქვს დაგავიწყდა! - ერთ კვირაში კი პრემიერა...
* * *
- აბა რას ვსვამთ?! - ხვანჭკარას - აბა დავლიოთ ხვანჭკარა, სანამ არ წაგვართვეს ამერიკელებმა. - ე, ყველა რაღაცას გვართმევს ტო, ამერიკა, რუსეთი, ევროპა, აზია... ჩტო ზა ბეზაბრაზია! - კი არ გვართმევენ, მიყიდა ვიღაცამ და იყიდეს... - ასე მამამისის მამული გაყიდოს იმ ვიღაცამ... - ეჰ, სადღაა მამული... - მომე, მომე მე მამული... – მღერის გუჩი. - გუჩი, შენ არ სვამ - რულთან ხარ! ნინი, შენც არ სვამ - სახლში ხარ წასასვლელი და დედა გელოდება... მოკლედ თამადა მე ვარ... – არჩევნებს ატარებს ბარამი... - ვააა, რულთან ვარ, მიკრული კი არ ვარ, დავტოვებ საერთოდ აქ მანქანას... - მეც მინდა დალევა, მივალ სახლში და დავწვები... – ეს მე ვარ, რისი დამლევი ვარ, მაგრამ ვთქვა მაინც... - ხოდა ეს მინდოდა მეც... დააძალებ კაცს დალიეო, არ დალევს... თუ ეტყვი არ დალიოო, ეე, მაშინ უფრო დალევს, თამადა მაინც მე ვარ, არჩევნები იყო გამჭვირვალე და თამამი! – იცინის ბარამი. - ნახე, დიპლომატ! - ხოდა ღმერთს დიდება Dდა ჩვენ მშვიდობა და პირველი თოვლისა იყოს...
* * *
- ნინი, მოდი აქ, რა განახო! - ხო დე... - ესენი შენი მეგობრები არიან? - ხო დე, რა დაუწერიათ... - მე გული და ნინი... ჩუმად ვიყავი. რა მეთქვა?! მე ხო ისიც არ მითქვამს, რომ მცხეთაში ვიყავით, იმას ხო არ ვეტყოდი, რომ ის სამი ბოთლი ღვინო რაც აიღეს თითქმის სულ ბარამმა დალია, მე ერთი ჭიქაც არ დამიცლია ბოლომდე, გუჩიმ ორი ჭიქა თუ დალია მხოლოდ. არც გვაძალებდა, დემოკრატიული თამადა ვარო, ოღონდ თვითონ კი შეთვრა და მკაფიოდ დავთვერიო - იძახდა. ახლა ჩემს კორპუსთან გულის დახატვას ამთავრებდა თოვლზე – ფეხებით. უცებ ჩვენი ფანჯრისკენ ამოიხედა. - ეს ცა ჩემია, ეს მიწა ჩემია, აქ მამაჩემი ნადირობდა და ბაბუჩემი ნადირობდა. აქ ჩემი შვილიშვილები ინადირებენ... მე ვარ ბარამი და მე მიყვარს ნინიიიი... – დაიძახა და თოვლში გულზე გულაღმა წაიქცა. გიჟობდა. მე არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა. დედაზე ვფიქრობდი რას იტყვის-მეთქი,. - ესაა შენი ბარამი? - ხო დე, ესააა... - რა ჭირს მერე, გადარევს მეზობლებს. - დე, ჯგუფელთან ვიყავით დაბადების დღეზე და დალია ცოტა. - ყველას სიკეთესთან ერთად ლოთიცაა?! - არა დე, დღეს პირველად ვნახე ნასვამი. - ეჰ, შალვა, შალვა... ამას უნდა დავუტოვოთ ჩვენი ნინი... გუჩიმ რაღაცა უთხრა და წამოდგომაში მიეშველა. მერე მანქანაში ჩასხდნენ, ერთი წრე გააკეთეს და წავიდნენ სიგნალებით... პირველად იყო, რომ არ მიხაროდა თოვლი რომ მოდიოდა, იმიტომ რომ თანდათან ფარავდა ნაწერ-ნაკვალევს...
XXI ნაწილის დასასრული გაგრძელება იქნება
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უფაქიზესი იუმორი....:) უფაქიზესი იუმორი....:)
6. მომენატრა შენი იუმორი:) გაიხარე. მაგარია მომენატრა შენი იუმორი:) გაიხარე. მაგარია
5. - რატო უხარია პატარებს თოვლი? – როლებში შედის გუჩი, ალბათ იგივე საახალწლო ტექსტი ჰქონდათ იმის ბაღში. ბაღის ზეიმებზე. - იმიტომ, რომ თოვლის პაპას აკეთებენ, გუნდაობენ, ციგაობენ... - აბა ვის არ უხარიათ ბავშვებო თოვლი? - მოხუცებს და ჩიტებს! - და რატო არ უხარიათ თოვლი მოხუცებს და ჩიტებს? - იმიტომ რომ ცივათ! - ასე მგონია თოვლი ყველას უხარია, – ამბობს ბარამი. - ასე იმიტომ ამბობ რომ არც მოხუცი ყოფილხარ ჯერ და არც ჩიტი. - იცინის გუჩი.
ლევანიკო, ძალიან მაგარი ხარ! მე შენ ორშაბათს კამფეტს გაჭმევ! :)))) 5 - რატო უხარია პატარებს თოვლი? – როლებში შედის გუჩი, ალბათ იგივე საახალწლო ტექსტი ჰქონდათ იმის ბაღში. ბაღის ზეიმებზე. - იმიტომ, რომ თოვლის პაპას აკეთებენ, გუნდაობენ, ციგაობენ... - აბა ვის არ უხარიათ ბავშვებო თოვლი? - მოხუცებს და ჩიტებს! - და რატო არ უხარიათ თოვლი მოხუცებს და ჩიტებს? - იმიტომ რომ ცივათ! - ასე მგონია თოვლი ყველას უხარია, – ამბობს ბარამი. - ასე იმიტომ ამბობ რომ არც მოხუცი ყოფილხარ ჯერ და არც ჩიტი. - იცინის გუჩი.
ლევანიკო, ძალიან მაგარი ხარ! მე შენ ორშაბათს კამფეტს გაჭმევ! :)))) 5
4. მოუთმენლად ველოდები ხოლმე შნს გამოჩენას ავტორო...555555 მოუთმენლად ველოდები ხოლმე შნს გამოჩენას ავტორო...555555
3. ლევან შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ მინდა გაგრძელდეს სულ,რა სადაა და იუმორიც რა ზუსტადაა გაგრძელებას ველოდები... ლევან შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ მინდა გაგრძელდეს სულ,რა სადაა და იუმორიც რა ზუსტადაა გაგრძელებას ველოდები...
2. ძალიან მინდა ’’წარმოდგენა იწყება’’ წიგნად ვიხილო ოდესმე. ძალიან მინდა ’’წარმოდგენა იწყება’’ წიგნად ვიხილო ოდესმე.
1. ძალიან კარგია! უშუალო, ძალდაუტანებელი დიალოგები და კარგად გახსნილი ხასიათის შტრიხები!... :) ძალიან კარგია! უშუალო, ძალდაუტანებელი დიალოგები და კარგად გახსნილი ხასიათის შტრიხები!... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|