ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2011


ქალი - წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის

თქვენ გიყვართ ყავა - ათქვეფილი, ცივი ,,ნესკაფე’’,
ასევე - ტორტი,
სხვა საჭმელებზეც ყაბულსა ხართ,
ოღონდ უპუროდ.

თქვენ
ერთი ჩვენი
შეძლებული ძმაკაცი გიხდით,
რომ შაბათობით,
ასე,
საღამოს რვა საათიდან კვირა დილამდე
ასეთი ჩუმი,
თითქმის უენო
იყოთ, უბრალოდ, ხმისგამცემი
ჩვენი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის,
რომ კიაფობდეს მის თვალებში ნამი ნეტარი,
ხოლო მანამდე ახლობლები
დასაგველს ვგვით და
დასამდუღრს ვმდუღრავთ მორიგეობით,
თან ძველ ხუმრობებს ვიმეორებთ
რიტუალურად.
როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,
ეტიკეტს ვიცავთ.

ბოლო დროს რაღაც  შეიცვალა.
ან მე შევნელდი,
ან დრო აჩქარდა,
ან მოუხშირეთ
დათქმულზე ადრე დაკაკუნებას. 
ამ ყავის მერე
ორ სიტყვას გავცვლით და დაგტოვებთ.
გენდობით, რადგან
აქ ყველაფერი დაბზარულია.
დაკენტებული დანა-ჩანგალი
და სანახევროდ ამომქრალი სუნამოები,
თითო-ოროლაც  -  ძველი, ჩინური თეთრეული,
სხვას რას წაიღებთ ამ ბინიდან.
თავად ეს ბინაც
ნათესავების სახელზეა,
ითადარიგეს.

ვერ მოგატყუებთ,
იმ ზღაპრების მე არა მჯერა,
რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია.
და ამის გამო არც მიყვარხართ, არც მეჯავრებით,
მხოლოდ დროებით გეგუებით ან მოგეჩვიეთ.

,,იცით, ვთხოვდები!" - მეუბნებით.
იბედნიერეთ!
... მაგრამ ვერ ვხვდები, 
მე რას მერჩით,
რა შუაში ვარ.
მე ვის რა ვუთხრა,
რა მეკითხება?
წადით უთქმელად
და ნუღარასდროს  დაბრუნდებით!

ეს ცხოვრებაა.
და ვისაც როგორ შეგვიძლია,
ისე ვუძლებთ და ისე  გავუძლებთ.
სხვაც გამოჩნდება
ქალი-ნუგეში
ჩემი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები