ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2011


ნასესხებისა

არ გინდა, ისევ მოგეფერო
უწინდებურად?
მოგელამუნო
მოლოდინით განაყუჩები,
შინ დაბრუნებულს
დაგილოკო
მომლაშო კანი,
ეგ თბილი ყელი,
ცხვირის წვერი,
ცხელი ტუჩები!
და მოგიმატო
არათითზე
ნაკბენს ნაკბენი!

უმადური ვარ!
ვერ ვიფერე,
ვერ დავაფასე
შენი ამაგი,
ზანტი ზმორება
ფანჯრის რაფაზე,
მაგრამ ნაზამთრევს
ვით დამეცხრო
სისხლი მჩქეფარე?
მიყვარხარ-მეთქი ,
გაპარვისას
ხომ დაგიბარე
და შენს კალთაში მოკრუტუნეს
ხომ მიმღერია:

,,მარტის თვეში არ დარჩება
ძუ უხვადო,
მაინც წავა,
თუნდა ჰქონდეს
რძე უხვადო.

მომეწყინა მონობა,
მიაო და მიაო,
მეყო,რაც კი
მარტოობის
ცრემლი მინამიაო!"

საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა.
მე სიბნელეში უკეთ ვხედავ
ბეცი თვალებით.
ვიცი, შინა ხარ.
თუ არ მიღებ,
აღარც დაგიცდი,
წავალ და
ვინმე ალერსიანს
შევეფარები!

გავიდა მარტი.
ნასესხების უბერავს ქარი,
უბერავს ქარი,
ძვლის ძირამდე
ნემსივით ატანს.
კარს მოვეკარი,
ვაფხაჭუნებ,
გესმის?
გამიღე,
გამიღე კარი,
მე ვარ,
შენი ხატულა კატა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები