ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2011


****


ზამთარი მოდის, მეგობარო,
ჩემო საინტერესო მეგობარო,
მე შარშანდელ ქურთუკს ჩავიცმევ,
შარშანდელ ყინვებს გამოვლილი ჩემი სხეული
შემოიხვევს სიკვდილის წინ მოცახცახე ცხოველის სითბოს
და გაივლის ნაადრევად შებნელებულ საღამოებში,
ნათელ, მაგრამ მობუზღუნე შუადღეში,
და მოვა შენთან,
კარს შემოხსნის,
კართან დადგმულ სკამზე დაჯდება
და მხრებს მიაყრდნობს
შენი მზერით დანაღმულ კედელს.

---------
შემხედე, ჩემო მეგობარო,
ჩემო ჭკვიანო მეგობარო,
გაატარე შენი ორი
ბალახისფრად მოყვავილე სამართებელი
ჩემს ზამთარივით დაუნდობელ
სიცოცხლის ხაზზე.
არაფერს ვიტყვი.
არც ავდგები
უხმოდ ავიტან
წარსულის მსუსხავ ნამტვრევებზე როგორ სრიალებს
შენი თვალები შუადღიდან შაღამებამდე.
…......................................................................
ხომ ასე მსურდა, შენი მზერა ბასრად მხედავდეს
და მაინც, მაინც, სიცივეში, როცა სახეებს
წითლად აყვავებს ყინვის ასე უშნო თითები,
მაშინებს ფიქრი იმაზე, რომ....რომ აცივდება
ორივე გრძელი ყინულიდან ჩამოვითლებით.
და მერე, ალბათ, ერთმანეთს რომ არ გავუწოდოთ
ხელები-ღმერთის საჩუქრები-ვერ გადავიტანთ
ამ სითეთრეებს, ამ სიცოცხლეს, ყოველ საღამოს
რომ გამოჟონავს ძველ ქურთუკში ჩვენი ტანიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები