ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2011


აი ია

აი ია

-  იამ ზაზა სათააო?
-  მერე შენ რა უთხარი?
-  ტყეში დაძრომიალობს-თქვა.
-  მერე?
-  მერე გეიცინა...
-  რეიზა?
-  მე რა  ვიცი, რეიზა?!
-  ე, ბიო,  წევიდეთ ხვალე ტყეში! მამაშენი ალიას გვათხუებს?
-  არა, ვერ ვეტყვი... მეჩხუბა გუშხამ,  დოუკითხავად რეიზა წეიყვანეთ ცხენი  ხევწყალაზეო...
-  გლახა რაი  ვქენით - დავბანეთ, ვაბალახეთ...
-  მაინც ქე გაბრაზდა... იამ რეიზა არ დეიარება  ჩვენკენო!
-  რაი მინდაო?
-  ერი ბიჭი კიდევ მინდა სპექტაკლშიო,  უთხარი ზაზაიასო...
-  მერე!?
-  ა,  მერე, გიჩივი...
-  მოგცლია  შენ, მეტი არ მაქვს  ზორი  ციცებთან ვითამაშო!
-  წამოი და ერი საათი გათხუებ ალიას!
-  მაიც იამ გითხრა!
-  მაი არა!
-  პაწეა ერი საათი!
-  აბა რეთი გინდა ბიძია შენ?
-  ორი  დღეი!
-  ორი დღეი!? მიმასკვტილებს  ბაბაიე  ღამე ალია სახლში თუ არ იქნა.
-  მაშინ ერი დღეი  სუმთლად, უნაგირით...
-  რაი  გინდა მთელი დღე ცხენზე, მიხვალ  სადმე თუ?
-  არაა მაი შენი საქმე!
-  მომკლავს ბაბაიე!
-  ბაზარში რო წავა დილაზე, გვიანობამდე ხო არ იქნება სახში,  ხოდა მაშინ წევიყვან!
-  კაი, იცოდე უნდა მიიღო მონაწილეობა თეატრში, თუ არა არ ითვლება!…
-  კაი, მოვალ და მერე  ალიას მათხუებ!
-  კაი.
რაც ია ჩამევიდა კუსიეს (ასე ვუძახით , კლასელია ჩვენი, ისე ირაკლიე  ქვია მარა ვის ახსოვს?!)  ეზო ფუტკრის  ბუკი  ეგონება კაცს, ისე ირევიან მთელი სოფლის ბაღნები.  ის  კია, არ იკბინებიან, ბზუილით კი იცოცხლე - ბზუიან. ია კუსიეს  ბიძაშვილია, ისიც ჩვენი ხნისაა. თბილისელია და ზაფხულობით ჩამოდის.  დიდი უცნაური ბაღანეა აი  ია. რო დაგინახავს ისე შეგხვდება, თითქოს შენზე  უკეთესი არიკაცი  ყავდეს ცხოვრებაში ნანახი.  ისთე გეიბდღალება, იფიქრებ, ეს რა ბედნიერი გახადა ჩემმა დანახვამ  აი  ციცაო. მერე ისე დეგეფსკვნება - ლოყაზე, თითქოს ერთი წელი იმაზე ოცნებობდა მხოლოდ,  როის ვნახავ ამ ბაღანას და როის ვაკოცებო. ამ ზაფხულს აღმოვაჩინე ეს, ასე რომ შემხვდა-გამიღიმ-გადამკოცნა. ის კი არადა ვიფიქრე, ეს როგორ ვყვარებივარ ამ იას-მეთქი, მაგრამ ზუსტად ისე რომ შეხვდა  ლადოიას, ცისნამიას  და სხვა  ბაღნებს, მაშინ კი პრანჭიობაში ჩავუთვალე, აბა როგორ შეიძლება ნორმალურ  კაცს ყველეს დანახვა ერფრად  უხაროდეს, ყველე  ერფრად უყვარდეს, ყველას უღიმოდეს, კასაც და გლახასაც -  ყველე ერნაირია ხო არაა.  სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცი, მე რომელი ვარ, კაი თუ გლახა, მარა  ვინც არ უნდა ვიყო, ყველას ვერ  გოვუღიმებ და ფერებას ვერ დოუწყებ, მეტი ზორი არ მაქ. აბა ამ  ბენტერე ლადოიასავით ვიზამ, მისას  ყანაში  მეზობელი რო დეინახა, ახლად დაჭყინტებულ პარკ ლობიას  პარავდა და ისევ ლადოიას შერცხვა არ დამინახოსო და დეემალა - რო დევენახე, ხო შერცხვებოდაო. აბა შენ რას იზამდიო. რას და იმ მეზობელს ლენგერეთ გევეკიდებოდი, ერს კარქა  ვზუნზღავდი  და მერე გადავაგდებდი  ეზოიდან-მეთქი.
ისევლე აი  ია.  რა  საცოდავები არიან ციცები, ვერც ეჩხუბები და ვერც ვერაფერზე დეელაპარაკები. აი საწყლები,  მთელი დღე სახში  უნდა იყვნენ და კუკლებთან უნდა ითამაშონ, როცა გარე კარში  ათასი გასართობია, გეიზრდებიენ და ისევ სახლში უნდა იკუსკუსონ, იმიტომ რომ  გოგო ვერც ტყეში ივლის, ვერც მდინარეზე, ვერც ლაკატკით და კისტის თოფით გეეკიდება ძაღლებს, ჩიტებს და კატებს, ვერც ციგით იცურავებს თოვლსა და ყინვაზე. ღმერთს ერთხელ ეკლესიაში, ჩუმად, მადლობაც კი ვუთხარი ბიჭად რომ გამაჩინა. ციცე  რო ვყოფილიყავი, რაი მეშველებოდა, მაგარი მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება-მეთქი. აი ია კი სუ  სხვანაირია, წინა წლებში რომ ჩამევიდოდა, სულ ჩვენთან, ბიჭებთან ერთად დეეხეტებოდა,    ხან  ბაბუამისის ცხენს დააჭიანებდა,  ფეხბურთსაც ჩვენთან ერთად თამაშობდა და პენლის დარტყმასაც ჩემულობდა, დიდი ნერვების ამწეწი  ციცაა. წელს კი ეზოდან არ გადმოდის, რაცხა  თეატრი ოუტეხავს. ის კი არა ძმაკაციც გამიაბდლა.  რაც  ია ჩამევიდა, ლადოიე  არც სათევზაოდ დამყვება და  არც ტყეში,  სპექტაკლს ვდგამთო. ერი მთავარი როლი ჩემიაო. რეჟისორი იაა  და იქინე  უნდა ვიყოო. ახლა უნდა მეც მივიდე. კუსიე  კი, იას ბიძაშვილი, სუფთა ქალოია და ქეთინო: ჩამოჯდება გოგოებთან და ლობიოს და ბრინჯს არჩევს,  მართლა ბრინჯი ისა... კლასიდან  წამოსულები, ბიჭები ხო ერთად მოვდივართ და ჩანთებს ვულაწუნებთ ერთმანეთს, იგი ცისნამიას აეტუზება გვერზე  და მისი ჩანთა მოაქვს, სუფთა აბდალი, იმასაც ქონია რაცხა როლი, ხოდა იას უჩივა თურმე, დონ-კიხოტი მე ვიქნებიო...    იას  კი უნდა შენ ითამაშოო... - ლადოიე მეუბნება.  რომელი დონ-კიხოტი მე ვარ ან რა დონ-კიხოტის დადგმა ოუტყდა, აბა აი  ია ნორმალურია? ლადოიაზე  უთქვია,  შენ და ზაზას რომ ერთად გიყურებთ სულ დონ-კიხოტი და სანჩო პანსა მიდგას თვალწინო.  ტელევიზორში, აგერ  გუშხამ,  კინო  ვნახე დონ-კიხოტზე, სულელური ზღაპარია, რაფერ  ებრძვის ცხენზე ამხედრებული ვინცხა  ოჩოპინტრე  ქარის  წისქვილებს... ამ აყლაყუდას უკან დაყვება ვირზე ამხედრებული მსუქანა. ვითომ რატო უნდა ვითამაშო მე დონ-კიხოტი? ლადოიაზე მაღალი რომ ვარ და გამხდარი? არადა მართლა მსუქანაა,  ლექსი ვიცი ლადოიაზე, `ლადო, ლადო, დიდი კვერცხი დადო, ვერ გაყიდა აბაზად, კი შეჭამა ლამაზად~. ზუსტად აია. მარა აი აფელი,  აბლაუცე კია,  მარა  ჩემი ძმაკაცია და კაი კაცია, იმიზა  რომე ლობიო არაა, არც მაბეზღარაა  და არც მშიშარა.  ძმაი რომ მყოლოდა - ალალი,  ლადოიასთანას  ვინატრებდი.
ლადოიეს და ალიეს  გულიზა  მივალ ერთს  და ვნახავ,  რას  ხიმანდრობენ.  ალია სულ მცნობს, მისთვის სულ მაქვს ჯიბეში პაწა სიმინდი. რო დამინახავს, გამარჯობის მაგიერ  ერთს  დეიხვიხვინებს და მერე ორივე თვალით ილინცურად გამომხედავს.  ახლოზე  თუ მივალ ჩიჩვირით  ჯიბეებს მიშმონავს, სიმინდის კაკალი  თუ აქვს და როდის მომცემსო. საბანაოდ რო დაგვყავს ან ტყეში რო მივაჭიანებ,  ცაიც და დუნიაც ჩემია. რა მაგარია, რო გარეკავს, ჰაერში რო გასწორდება, მიწას  არც  აკარებს ფლოქვებს და მიქრის, გეგონება მართლა  ზღაპრული  რაშია და ცაში მიფრინავსო. დებილია აი  ლადოიე, ალია სახლში ყავს და იგი    კუსიეს ეზოში  რეპეტიციებზე დაფშვიტინობს. 
ამ ზაფხულს აუცილებლად წავალ საქორიაზე. აი  მთაი  ჩემი სოფლიდან კარქა დიდი მანძილზეა მოცილებული, ბარე  ხუთი სოფლის ხელა გზა უნდა გეიარო.  ამ მთის გადაღმა თურმე ვაკე ადგილია, შუაგულში კი დიდი ტბაა. ტბის ნაპირას უძველესი ღუზაა  ყოფილა იმ დროიდან შემორჩენილი, როცა საქართველო  წყლით იყო დაფარული. ამბობენ,  რომ იმ ტბაში ცურვა არ შეიძლება, უძიროაო, ვინც იქ შესულა, არავინ არ დაბრუნებულა უკანო, ხოდა ყველე  უფრთხის იმ ადგილს. ჩემს განზრახვას არიკაცს არ ვუჩივი, მარა  ლადოიე  ხვდება და მეუბნება, ალია იმიზა  გინდა, საქორიაზე აპირობ  წასვლასო.  ხო არ  გამოაბდლდი  შენ-თქვა, კი  ვეუბნები მარა ეჭვობს მაინც. იქინე  რომ რამე მოგივიდეს, მოგკლავს მამაშენიო, - მაფრთხილებს.  არაფერსაც არ მომკლავს, ერი  კაკალი შვილი ვყავარ-მეთქი. მაშინ მე მომკლავს ბაბაიეო, ამბობს და ყოველთვის რაღაცას იმიზეზებს, არ უნდა ცხენი მათხუოს, ახლა კი მგონი თანახმაა, ჯანდაბას, ვითამაშებ ამ  როლს, კიდომ კაი  არავინ არ მოვა სპექტაკლის სანახავად, აბა ვის ცალია სოფელში თეატრიზა.   
ამბობენ,  ანტონეა იმ ტბაზე ნამყოფი და ძლივს გადარჩა დახჩობასო. ანტონე  სხვას  ერქვას არც გამიგია.  იმფერი კაცია, ალბათ სხვა სახელი არც შეეფერება, იმიტომ რომ სხვას არვის გავს. სანამ გაკვეთილზე არ შემოვიდა,  მანამდე ერთ-ორჯერ თუ მეყოლებოდა ნახული  – სოფლის  ბოლოზე  ცხოვრობს.  ხალხში იშვიათად ჩნდება, არც  კრებებს ესწრება არც არჩევნებზე დეიარება. ადრე მასტავლებლობდა თურმე, მაგრამ მერე თავი დაანებაო. არიან მისდა ის და მისი ცოლი. ამბობენ ერთი ბიჭი ყავთ - უჩა და ახლა ინგლისშია, რაცხა  ავტოსახელოსნო აქვს და იქიდან ეხმარება მშობლებსო.  მისი სახლი თუმცა ჩვეულებრივი ბელეტაჟია, მაგრამ მაინც ყველა სხვა სახლებიდან განსხვავებულია, იმიზა,  რომ გარე კედლები ცისფრად არის შეღებილი და თან წითელი მინის ნაჭრებით რამდენიმე ადგილას უჩა უწერია. ეტყობა ამ მინების ქვეშ ლამპოჩკები აქ  ჩაყენებული, ღამე ვარსკვლავებივით ანათებენ  წარწერები და მთელ კედელზე ვარსკვლავ-უჩები ისტეა მიმოფანტული, რავარაც ცაზე. 
საკალანდე  არდადეგებიდან დაბრუნებულებს დაგვახვედრეს ანტონე  კლასში. ძველი მასწავლებელი ქალაქში გადევიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, თითქოს სოფელში არ იყოს სამუშაო.  სხვა რომ ვერავინ იპოვეს დირექტორს ანტონეზა  უთქვია, ეგება  პაწე  ხანი  მაინც იმუშაო, სანამ სხვა მასწავლებელს ვნახავთო. ხოდა პირველ გაკვეთილზე დირექტორი რო  შემოყვა  და თქუა, ბატონი  ანტონი გეოგრაფიის ახალი  მასწავლებელი იქნებაო,  ფხუკუნი აგვიტყდა, რაცხა  სასაცილოდ მოგვეყურა -  ბატონი ანტონი.  ისე კას კაცს  უძახიან  სოფელში.  ისთე ანტონე, ტონიანი კაცი ეგონება ალბათ ვინცხას,  ან ნახევარტონიანი მაინც.  ანტონ  მას  კი  კაფანდარაა, აი ზუსტად დონ-კიხოტს  გავდა იმ კინოში რო ვნახე. მე რომ მკითხონ, ამას  უფრო შეეფერება დონ-კიხოტის როლი,  მაგრამ მაშინ ალიასაც ანტონას  ათხოვებენ. ეს  კი  სულაც  არ  მეპიტნავება. მერე დირექტორი  გავიდა და ცისნამიამ, კაცს დაჯდომა არ აცალა და  მას, ანტონი რას ნიშნავსო  და იმან  ომში ჩაბმულ წინამძღოლსო.  რომელ ომშიო, არ ისვენებდა ისევ ცისნამიე, სამამულოო – ანტონამ და აი ენაგაპარტყალებული ციცე  დაგვიმშვიდდა. შეიძლება მამულიც არ იცოდა რას ნიშნავდა, მაგრამ კითხვა  შერცხვა.   
ხოდა ანტონ მასმა, ნახული კი მეყოლებით სოფელში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიცნოთ ერთმანეთიო და ჯერ სია ამეიკითხა. მერე გვეუბნება, აბა რა გაქვს გაკვეთილადო.... წინა გეოგრაფიის მასტავლებელი  გაკვეთილზე  მეზობლების ამბებს გვიყვებოდა, ვინ ვის ყვარობდა თუ მტრობდა.    ცისმარიამაც დეიწყო, მასწავლებელო,  მიტუშეს ძროხა სექტემბერში მეიგებს ხბოს, ოლიფანტეს თიკანი  რო დეიკარგა სერაპიონას ბადიშს ბრალდება,  ხევწყალას პირას ქეიფობდნენ ის და მისი ძმაკაცები,  კიდე  მოვყვეო?!  კაი, საკმარისია, ახლა გეოგრაფიაზე ვისაუბროთო.  და დეიწყო: გეოგრაფიას  რომ ვსწავლობთ, ამით ვსწავლობთ ადამიანის  ბუნებასთან საუბარს,  გეოგრაფია უნდა გიყვარდეთ, რადგან უნდა გიყვარდეთ მიწა,  რომლის შვილები ვართ ყველა  და შრომა უნდა გიყვარდეთო. თუ შრომა გეყვარებათ, გლახა  რამეზე საფიქრელად დრო არ დარგჩებათ, უბრალოდ დაღლილები იქნებით და ადამიანი თუ გლახა რამეს არ აკეთებს ან არ ფიქრობს, უკვე შეიძლება ჩათვალო  რომ კაი კაციაო. გვეგვე ხო იცითო, - გვკითხა.  გვეგვე არავინ არ ვიცოდით, იმიზა,  რომ  ჩვენს სოფელში გვეგვე არიკაცს არ  ქვია. თვითონ უპასუხა თავის კითხვას.  გეტყვით: გვეგვე  ერთი წიგნის გმირია  და თქვენი ხნის  რომ იყო, დააშავა - უპატრონო ძაღლი მოკლა, რომელსაც სხვა პატრონიან ძაღლებივით უყვარდა სიცოცხლე  (ძაღლებს მეგონა  მარტო ჩემი კბენა უყვარდა, თურმე სიცოცხლეც ყვარებიათ - აი ისთე, ჩემდა გევიფიქრე).  ხოდა მამამისმა ჯერ კარგად გაულაწუნა ამ გვეგვეს, მერე კი თერაპიად,  თერაპია ხო  იცით,  ანუ განსაკურნებლად ყანაში მუშაობა დაუნიშნა ოროყიანი თოხით ხელშიო. ხოდა ხელები რომ გადაუტყავა თოხმა, ამის მერე გვეგვეს შეგნებულად დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა გვეგვედ დარჩა: იმის ყურება უყვარდა, ხეებს რაფერ  ჭრიდნენო. ხოდა ესეც დანაშაულია, იმიტომ რომ ხის მოჭრაზე არა ნაკლები დანაშაულია, უყურო ხეს როგორ ჭრიანო. ისევ ცისნამიამ ამოიღო ხმა აი იგი  ცისნამია, კუსიას რომ ააბდლებს და ჩანთას ათრევინებს),  მას, ხეები მართლა ცოცხლები არიანო. კიო, უპასუხა, ყვავილს შორიდან რო უყურო, მოწყენილია, ახლო რო მიხვალ, პატარძალივით გეგეპრანჭება, თავი რომ მოგაწონოსო.  ხეებს და საერთოდ მცენარეებს ისევე უხარიათ და ისევე წყინთ, ისევე ცოცხლობენ და ისევე კვდებიან, როგორც ჩვენ ადამიანებიო. არიან კეთილი და ბოროტი მცენარეებიც, განსხვავება ხეს და კაცს შორის ის არის, რომ ხე სანამ ცოცხალია სულ იზრდება, კაცი  კი რო  მოხუცდება, პირიქით პატარავდებაო. მერე ლადოიამ კითხა, მას, ხეები თუ მართლა სუნთქავენ ფილტვები სად აქვთო. ფოთლებია იმათი  ფილტვები,  დღის სინათლეზე  ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით კი პირიქით, ჟანგბადს იყენებენ, ოღონდ ბევრად ნაკლებსო. არ მახსოვს გაკვეთილზე ამფერი  სიჩუმე ყოფილიყო, ისთე ყვებოდა ამას ყოლიფერს, ციცები  კინაღმე  აფლიკვინდნენ  და მას, აწი ბუხარში შეშას  როგორ შევუკეთებთ, არ ვიცითო. ბუხარში შეშას რომ უკეთებთ, გგონიათ იქ შეშა იწვებაო, - გვკითხა. არადა ისე გვკითხა აშკარად იცოდა რომ ასე გვეგონა. არა, რავა გეკადრებათ-მეთქი, მე ვუთხარი.  საერთოდ დაკვირვებული ვარ, თუ ვინმე გკითხავს - ასე გგონიაო,  ანუ გამოდის ასე არ უნდა გეგონოს. მერე მკითხა - აბა რა იწვება ბუხარში, შენ როგორ ფიქრობო.  სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და მზე-მეთქი.  აი იმიზა ვთქვი,  რო ბუხარში აბრიალებული ცეცხლი მიწაზე ჩამოსულ მზეს გავს, ისევე აცხუნებს და ისევე ლამაზია და თაკარა, აბა სხვა რა უნდა მეთქვა და რაცხა  ხო უნდა მეთქვა. გოუკვირდა - სიდან იცოდიო, შეშა მზისგან და მიწისგან  ნაგროვები ენერგიაა და პირობითად რომ ვთქვათ ბუხარში მართლა მზე იწვებაო.  გამიხარდა სწორი პასუხი  რო მქონდა და გევიფხორე – თავზე ხელი მივიდე და ფილტვი ფილტვი-მეთქი. ბაღნებმა ალაგ-ალაგ გეიცინეს  და შევატყვე ეწყინა, ოღონდ არ გაბრაზებულა და არც საყვედური უთქვია, თითქოს  არაფერი მეთქვას. პირიქით, შემაქო, ყოჩაღ შენ, საიდან იცოდი, რომ კანიც სუნთქავსო.  გეტყვით ახლა, ძველად, მეფის კარზე,  ერთ სპექტაკლში თქვენხელა ბავშვს  ოქროს ბიჭუნას როლი უნდა ეთამაშა, მთლიანად ოქროსფერი საღებავით შეუღებავთ და კინაღამ გაგუდულა  და დაღუპულა ის ბიჭი, იმიტომ რომ ადამიანი მთელი სხეულით სუნთქავს არა მარტო ცხვირით და პირით, საიდანაც ფილტვებში მიდის ჰაერიო.  მერე მოგვიყვა, რომ ფიცარი, ან შეშა  არ არის ცოცხალი, მარა შეიძლება მისი გაცოცხლება, ანუ უბრალო ფიცარი ათასნაირ საგნად შეიძლება გადააქციო, ჭურჭელი იქნება ეს თუ ავეჯიო.  ანუ ანტონ მასს რომ ჰკითხო, სკამიც ცოცხალია, რომელიღაც ნახატი ფილმია, სკამები რომ დარბიან და ცეკვავენ, მგონი ის აქვს ნანახი, ან ბურატინო - ხის კაცუნა... ბურატინოსა და ყარაბას ბარაბასზე  ნენე  მიკითხავდა სულ პაწა რომ ვიყაი. მერე გააგრძელა, ის კი არა, ქვაშიც სიცოცხლეა,  ოღონდ კარგი მოქანდაკე უნდა იყო, მოაცილო ზედმეტი ნაწილები და შეძლო მისი გაცოცხლებაო, ესო მიქელანჯელოს სიტყვებიაო.  მიქელანჯელოს დავითი ხო გინახავთო. როგორ არ გვინახავს, სოფლის ბირჟაზე დგას ყველა დღეო, კუსიამ... ერთს მეზობელს  მიქელანჯელოს ეძახიან, მის ბიჭს კიდე დავითი ქვია... კაცო მე მაგ დავითზე კი არ გეკითხებით, ქანდაკებაზე გეუბნებით.  ფლორენციის ხელოვნების აკადემიაში არ  იქნებით ნამყოფი, მაგრამ ილუსტრაცია როგორ არ გექნებათ ნანახი, რო შეხედავთ ცოცხალი გეგონებათ, სისხლძარღვებიც კი ატყვია, არადა ქვა არის, ფეხზე კი პატარა ნაიარევი აქვს თურმე ამ ქვა-დავითს: ეს მიქელანჯელოს (მოქანდაკეს) რომ დაუმთავრებია მუშაობა დავითისათვის (ქანდაკებისათვის) მიურტყამს საჭრეთელი ფეხზე – ბარემ ხმა გამეციო, სიკვდილის წინ სამი დღით ადრე კი სიცხიანი მისულა და დიდხანს უყურებდა, მერე კი უთქვია, მიჭირს სიცოცხლესთან განშორება,  რადგან ჩემს პროფესიაში ფეხი ახლა ავიდგიო... 
ამას ისე საინტერესოდ ლაპარიკობდა, გამოაბდლებულები  ვუსმენდით.  ამის შემდეგ  გეოგრაფიას  არავინ აცდენდა.  გაკვეთილს  რო  აგვიხსნიდა აუცილებლად გვეტყოდა,  გასაგებია თუ არი რაც გითხარით, კითხვა თუ  გაქვთო და მაშინ დავაყრიდით და დავაყრიდით შეკითხვებს. გოგოებს უფრო ის აინტერესებდათ ყვავილები რეიზა  შექმნა ღმერთმა ან ასე ლამაზები რაფერ არიენ,  ან სტაფილო მიწაში რომ არის ფერად ყვითელი რეიზაა – ვინაა ნეტე რო  ღებავსო.  ბიჭები კი უფრო იარაღებზე და  ომებზე ვეკითხებოდით.  მე  ვკითხე, მას,  ზღაპრებში როა, იმფერი  იარაღი თუ არის, ისვრი და ხალხს ცოცხლად აქვავებს, მერე  შეიძლება ისევ გაცოცხლება-მეთქი.  გაქვავების რა გითხრა, დაძინებით კი აძინებენ,  მარა ასეთი იარაღს -  დასაძინებელს, უფრო მხეცებზე იყენებენ, გაგიკვირდება და კაცს მხეცი უფრო ეცოდება ვიდრე სხვა კაციო.  ისე თუ მოიწადინეს, გასაქვავებელ იარაღსაც გამოიგონებენ.  ა, მიქელანჯელომ თუ ქვა გააცოცხლა, ცოცხლის გაქვავება უფრო იოლი უნდა იყოსო...  მარა  მერე გაცოცხლებაზე რა გითხრა აბაო... 
ხოდა  ანტონ მასმა, ოღონდ შემთვრალმა  მოგვიყვა საქორიას მთასა და ტბაზე, ოღონდ ეს კლასში არა. მისას რო ვიყაით სტუმრად, მაშინ. ერ  კვირა დღეს გაკვეთილი მის ვენახში გვქონდა, ოღონდ შრომაში ვმეცადინეობდით.  თუ  გეცლებათ მიწა გადამაბრუნებინეთო,    ერ  დღეს ბიჭებს გვთხოვა, ეს არ იფიქროთ გავალებდეთ, მოკლედ თუ დამეხმარებით კაი იქნება  და თუ არა და თქვენც კარგად იყავით და მეცო – ისე  ქათამს კლავს და ხაჭაპურებსაც აცხობს ჩემი ცოლი,  გულიმზეო და ატმის კომპოტიც მექნება და შავი ადესაცო.  არავის არ გვითქვამს უარი, ოღონდ ცოტა კი გამიკვირდა, რომელი არქიმედე აია,  მიწას რომ აბრუნებს და ან ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ-თქვა.  არქიმედეზე სკოლის თეატრი ვნახე ერი და იქ იძახდა ჩვენი სკოლელი უფროსკლასელი მსახიობი-არქიმედე, მომეცით ბერკეტი და საყრდენი წერტილი  მიწას გადავაბრუნებო. მაშინ ბერკეტი დიდი აგური მეგონა, მერე კი აღმოჩნდა, თურმე დიდი  ლენგერე ყოფილა, ოღონდ რაცხას  გარშემო რო ბრუნავს... მერე მე ვკითხე, მას, მიწა როგორ უნდა გადააბრუნოთ, არქიმედე ხომ არა ხართ-მეთქი... 
გეიცინა, მოით და განახებთ, ოღონდ ბარები წამეიღეთ თანო.  ბიჭები  ყველე მივედით.  თურმე მიწის გადაბრუნებას ღრმად დაბარვას ეძახდა, აქო მერე ვენახი უნდა ჩავყარო, ცოლიკოური, მერე სამ წელიწადში მოისხამს, ამასობაში თქვენც გეიზრდებით და  მერე უნდა გაქეიფოთო... როის სამი წელი გავა და როის აი ვენახი გეიზრდებაო, ერთი კი ჩეიდუდღუნა ლადოიამ, მაგრამ ხაჭაპურის სურნელი უღიტინებდა ცხვირში  და გულმოდგინედ მუშაობდა. გულიმზე  თავზე დაგვტრიალებდა, ბაღნებო ბევრი არ იმუშაოთ, არ გაოფლიანდეთ, ავად არ გახდეთ,  ამ ბერიკაცს რას უყურებთ, ორი პარასკევი აქვს დარჩენილიო, მაგრამ ჩვენ ეშხში ვიყავით შესულები და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. გლახათ  ნამდვილად არ გვიმუშავია, მიწაც ქვიანი არ იყო და ალიონზე  რო დევიწყეთ შუადღემდე სამუშაო მოვრჩით კიდეც...
ყველაზე მთავარი კი მერე მოხდა, სადილზე. .  გვიხაროდა,  რომ ნადში ვიყავით  უფროსვანებივით  ვუჟეით  სტოლს... გულიმზე თავშალშემოხვეული დაგვტრიალებდა თავზე, სუფრას ხაჭაპურებს და ქათმის ხორცს ამატებდა და ბაღნებო კარგად ჭამეთო, გვეუბნებოდა, ოღონდ ღვინო არ დალიოთ, რა დროს თქვენი ღვინოაო, აგერ კამპოტი სვით რეთიც გინდათო... ანტონმა ღვინო უნდა დალიონ აბა მანაგუაო (ეს მანაგუა ახლაც არ ვიცი რა არის, მაგრამ მთლად კაი რომ არ არის მაშინათვე მივხვდი) და კამპოტი  რა კაცების სასმელიაო. აბა ჭიქები ღვინით  გაავსეთ ყველამო. გულიმზემ, კაცო, ცოტ-ცოტა მაინც დაუსხი, ეს ჩაის ჭიქები რომ გაგივსია, ცალკე ამ ბაღნების პატრონი მოგკლავს და ცალკე დირექტორიო.… ანტონმა, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო მეუღლევ, რა ვქნა ეს ჭიქები გვაქვს სუფრაზე მხოლოდ,  მოიტანე აბა ხერხი და გადავჭრი ყველასო...  წავიდა  გულიმზემ  და ხერხი არა მარა,  პატარა ჭიქები ქე მეიტანა,  ღვინის ჭიქებს რო უძახიან.
მშვიდობის სადღეგრძელო რომ დალია თვითონ და ჩვენ ყველამ ბოლომდე დავცალეთ, აბა  ბიჭებო,  მთლად მტყუანი არ არის ჩემი გულიმზე და ახლა, ბევრი რომ არ გამოგივიდეთ,  თითო სადღეგრძელო თქვენ თქვით, ოღონდ სხვადასხვა, გავამრავალფეროვნოთ სუფრაო... ერთი ჭიქას ერთი დაემატება და მეტი არც გინდათ თქვენო, ხო ორი ფეხით მოით  და ისევლე ორი ფეხით უნდა გაგიშვათ  თუ არა ფორთხვით თუ წაით, მომიცვივდებიან თქვენი მშობლები მე მაფორთხებენ მაშინ და არ გინდათ აი საქმეო. ყველე  დევეთანხმეთ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ დიდი ხალისით. აბა რას გვეტყვი ლადოო: პირველი ლადოეი  იჯდა მის გვერდით. მას, ახალ წელს გაუმარჯოსო, რა შუაში იყო მარტის ბოლოს ახალი წლის სადღეგრძელოს დალევა,  ვერ ვხვდები... ანტონამ, გეიხარე ჩემო ლადო, ახალი წლის სადღეგრძელო გაზაფხულზე ჯერ არ დამილევია, ეტყობა იცი შენ რომ ძველად საქართველოში ახალი წელი გაზაფხულზე იწყებოდაო და დალია კიდევ შეივსო... ლადოიე  გეიბღინძა, ისე ეჭვი მეპარება ეს ამბავი ცოდნოდა...  საერთოდ რომ ვუკვირდები, ანტონ მასს  თუ კითხვაზე  უპასუხებ, ყველა პასუხში მოგიძებნის რაღაც სიმართლეს, სხვა მასწავლებლები კი ერთი სული აქვთ როგორ დაგაბნიონ, ჩაგჭრან და ორიანი როგორ გტყიპონ. მერე მე ვიჯექი და ოცდარვა მარტს გაუმარჯოს-მეთქი. ანტონამ, რატო ოცდარვასო.  დღეს ხო ოცდარვაა მას-მეთქი. თურმე თარიღი ამერია. უფ, რავა შეგეშალა შე-კაცო, ოცდაცხრაა მაგრამ არა უშავს, ოცდარვას გაუმარჯოს, აბა ოცდარვა რომ არ დამდგარიყო, ოცდაცხრას რა მოგვასწრებდაო... ამასობაში ანტონამ კიდო  დალია და გულიმზე ეცა ხელებში, გაგიჟდი ყაზახო, ხო აგიკრძალა ექიმმა დალევა, დათვრე გინდა? თან  რას იტყვიან აი ბაღნები მასწავლებელი დავათვრეთო. კაიო არ ვსვამ მეტს ერთს მხოლოდო.  ჩემს სადღეგრძელოს მერე გაზაფხულის, მზის, გეოგრაფიის, კაი ამინდის და ტორტის სადღეგრძელოები მოყვა (კუსიას ტორტი უყვარს და არც მალავს). მერე მე ვკითხე, მას, თქვენზე ამბობენ, რომ საქორიას მთაზე  ხართ ნამყოფი, იქ რაღაცეებიც გადაგხდენიათ,  პირდაპირ, უპრაგონოდ  ხომ ვერ ვეტყოდი, კინაღამ  წასულხარ გაღმა-მეთქი. კიო, ნამყოფი ვარო.  წევიდეთ მას, ვნახოთ მაი ტბა-მეთქი და გაგიჟდი შენო, ვინც იქ მივიდა ყველას რაცხა მოუვიდა და რამე რომ მოგივიდეს რა ვუთხრა მერე მამაშენსო... ხო, მამაჩემი სოფლის საკრებულოს გამგებელია, მიხარია, რომ ეს თანამდებობა აქვს, იმიტომ  რომ  სახლში იშვიათადაა... თუ სახლშია, ყოველთვის უნდა ან წიგნი ვიკითხო, ან მასთან ერთად ვიმუშაო. მას ხო დიდი თოხი აქვს, ჩემთვის პატარა დაამზადებინა მჭედელს, მას რომ დიდი წალდი აქვს, ჩემთვის პატარა წალდი მოიტანა.  მე კი დიდად არც მუშაობა მეპიტნავება და არც კითხვა... თუმცა ხათრს ვერ ვუტეხ, იმიტომ რომ სოფელში ყველა ერიდება და პატივს ცემს, თუმცა არ მახსოვს ვინმეს გაბრაზებოდეს ან ვინმე ეცემოს... მე  უფრო ტყე-ღრეში მიყვარს ხეტიალი, სულ ზეპირად ვიცი სად რა გამოქვაბულია, სად რა ჩანჩქერი  და სად რა სორო. იქ კი  მამა არ დამყვება – არ ცალია. სამაგიეროდ მე და ლადოიე  დავძვრებით ყველგან, თუ გეეტია  და  სანამ არ მოშივდება.  არ ვეტყვი, მას,  სახლში მაინც გვიანობამდე არ მოდის-მეთქი, ვნახე გამოსავალი.  არაო – მეიკლა თავი, მაშინ ჩვენ თვითონ წავალთ-მეთქი. მაშინ კინაღამ გაგიჟდა, არ გაბედოთ მაი საქმე არას დიდებითო...  და ცრემლი წამოუვიდა უცებ, გულიმზე აწყნარებდა, გითხარი არ დალიო კაცო დათვერი უკვეო. ხოდა მაშინ მოყვა:  თქვენსავით მეშვიდე კლასში  რომ ვიყაი, მე და ჩემი კლასელი, უჩა ვიყავით იმ ტბაზე - ცხენებით, სახლიდან გავიპარეთ. იქ ძველი ღუზაც ვნახეთ, ტბაც, ხოდა ორივემ შევცურეთ და ფეხებზე  რაღაცა, ალბათ წყლის მცენარეები წამოგვედო  და ფსკერზე გვექაჩებოდა, მერე ერთმანეთს ვეხმარებოდით ამოსვლაში, თან ვყვიროდით, იქნებ ვინმეს გავაგონოთო. მერე გონება დავკარგე და უკვე ნაპირზე დამიბრუნდა აზრი, თურმე მონადირეებს  გაუგონიათ ჩვენი ხმა და ორივე კი გამოგვიყვანეს, მაგრამ ჩემი მეგობრის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ანუ მე რომ გონება დავკარგე, უჩა ჩემს გადარჩენას ცდილობდა და არ მტოვებდა ტბაში.  მონადირეები ახალგაზრდა ბიჭები ყოფილან სამნი, მეზობელი სოფლიდან. ამ ერ უბედურებას მეორეც დამატებია,  უკან დაბრუნებისას ერთს შემთხვევით თოფი გავარდნია და ამხანაგი შემოკვდომია.  იმის მერე დაწყევლილად თვლიან იმ ადგილს და ყველა ერიდება იქ ასვლასო...  ხოდა არავინ არ გაბედოთ, მომეცით ახლავე ყველამ პირობაო... კარგით მასო, ყველა დაეთანხმა -  ჩემს გარდა. 
იქედან ჩამრჩა გულში იმ ღუზისა და  ტბის ნახვა, მაგრამ მარტო წავალ, არ მინდა სხვა გაერიოს შარში...  ლადოიასთანაც კი არ ვამბობ  წასვლას რომ ვაპირებ. ალიას მოვახტები და საღამომდე უკანაც დავბრუნდები-მეთქი გადაწყვეტილი მაქვს და წყალი არ გოუვა ამას. 
მეორე დღეს მართლა მივედი კუსიეს ეზოში.  ლადოიამ  გამომიარა. მოდიოდა და თან თხილს აცმაცუნებდა. იშვიათია ისე დაინახო, რამეს არ ჭამდეს – ნეტა არ ეზარება?  ჭუჭულებივით პწიაქობდნენ ბაღნები.  უშველებელი ცაცხვის ძირას უკვე სცენა    ქონდათ მოწყობილი . სარეცხის გასაფენ თოკზე ლამაზი ფარდაც ჩამოუკონწიალებიათ. იქვე პატარა ქარის წისქვილიც დოუდგამთ. სოფლის მანტიორს,  კოჭლაბუხე  გერმანეს,  ხეზე პწკალე  მიეყუდებია  და პროჟექტორს ამაგრებდა,  გამოააბდლაა იამ ბაღნები და უფროსვანიც. თან საკვირველი რა არის: იტყვის რაცხა გავაკეთოთო და ყველა უჯერებს. გოგოებთან საქმე არ მაქვს, ბიჭები კი მიჯერებენ, მაგრამ კარგა ლაზათიანი უნდა უთავაზო და მხოლოდ მერე, ეს კი  ერთს გოუღიმებს ვინმეს, რომელიმე ბაღანას და ან უფროსვანს და ყველაფერს უჯერებენ.
ისევლე  ისე შემხვდა, რაფერც მაშვინ, თითქმის ერთი წელი რომ არ ვყავდი ნანახი, გაღიმებულ-გაკაშკაშებული, სად ხარ,  სად დამეკარგე, იცი როგორ მჭირდებიო.
- რატო გჭირდები? – ისე ვკითხე, თითქოს არ ვიცოდე.
- შენ დონ-კიხოტი ხარ, მოიცა, აბა ვნახოთ ერთი ფრაზა, როგორ იტყვი, არა უშავს ჯერ წაიკითხე! – მეუბნება და  ფურცელს მაძლევს.
ხო ვთქვი ააბდლებს ხალხს-თქვა. რო გინდოდეს წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევ. მეც ასე გამოპრუტუნებულმა დევიწყე კითხვა, თან თითქოს ქართულია, მარა ნახევარი არ მესმის:
    `- სენიორა ტრიფალდი, ისე ძალიან მსურს თქვენი და ყველა ამ მანდილოსნის სუფთა სახით ნახვა და ისე მეშურება ეს, რომ უნაგირის ბალიშსა და დეზების გაკეთებაზე აღარა ვზრუნავ, თქვენი შველა ისე ძლიერ მეჩქარება~.
ვეფელი ვერ გევიგე, ბჟოტიალი იყო რაცხა. რო წევიკითხე,  გოუხარდა,  ზუსტად ასე უნდა, ოღონდ ზეპირად უნდა თქვაო... ერი კი გევიფიქრე, გიჟია, სკოლის დროს გაკვეთილი არ მისწავლია, ახლა ამ არდადეგებზე ეს ტექსტები უნდა მაზეპირებინოს,  მეტი ზორი არ მაქვს-მეთქი. კინოა ერთი -ფეხბურთზე.  ჩვენსხელა  ბაღნების  გუნდია, ტრენერი ყავთ  -  ფეოლა.  ხოდა ფეოლას ბიჭს, ფრიდონს, საშემოდგომო გამოცდა აქვს დარჩენილი და ტექსტს იზეპირებს ხის ჩეროში დამჯდარი: `ამ დროს ავანტურისტ ქალმა მადამ დე პამპადურმა გააბრიყვა მეფე ლუდოვიკ მეთოთხმეტეო...~ ზუსტად ისე იყო ეს ტექსტი ჩემთვის ან გრაფის მეუღლე ტრიფალდი ვინ იყო,  ან ეს მადამ დე პამპადური... 
- კარგი, ოღონდ ეს ტექსტი ცოტა შემიმოკლე, თან არ შეიძლება, რომ დონ-კიხოტი ქართველი იყოს? – ეს იმიტომ ვუთხარი ბევრი სიტყვის მნიშვნელობა ვერც მივხვდი. გეიცინა.
- კარგი იდეაა, ქართველი დონ-კიხოტი, მაგრამ მაშინ სულ სხვა სცენარი უნდა დაიწეროს, ამის დრო კი არ გვაქვს, ისევ ესპანელი სერვანტესის იმედად დავრჩეთ! – ამბობს და ახლა ლადოიას  აძლევს ფურცელს.
- ლადო, ეს შენი საპასუხო სიტყვაა, აბა ახლა შენ სცადე! შეგიძლია თან თხილი ჭამო!
ლადოიამაც,  ისე, რომ თხილის ჭამა არ შეუწყვეტია,  წაიკითხა. 
`- მე კი არც მეჩქარება და არც რაიმე ხალისით ვიზამ მაგას,  ჩემს ბატონს ნება აქვს სხვა საჭურველმტვირთველი მოძებნოს და ამ ცხენის გავაზე ის შესვას, ანუ ამ მანდილოსნებმა თავიანთ გასაპარსად სხვა საშუალება მონახონ, რადგან ჯადოქარი ხომ არა ვარ, ჰაერში მოგზაურობაში რამე სიამოვნებას ვხედავდე. ან კი რას იტყვიან ჩემი კუნძულის მცხოვრებნი, როცა გაიგებენ, მათი გუბერნატორი ჰაერში დაფრიალებდაო~.
საწყალ ლადოიას მეგონა გული წოუვიდოდა ამხელა სიტყვის წაკითხვის მერე, თუმცა ყოჩაღად ჩაიკითხა. იას ისთე მეეწონა, ტაშიც კი შემოკრა, ვაიმე რა კარგი ბიჭები ხართ, ძალიან მიყვარხართო. ვერ არის ეს ია, როგორ შეიძლება ბიჭს  ციცამ უთხრას  მიყვარხარო, თან ორს ერთად.            - ეს მართლა სერვანტესია, საქართველოს ამბები საიდან იცოდა-მეთქი, -  ვკითხე. ბოლო სიტყვები რო    წეიკითხა ლადოიამ, ასე მეგონა კურიერს ვუსმენდი, ჩვენი პრეზიდენტი  თვითმფრინავს  რაფერ დააფრენდა  ცაში, იმაზე რო ყობოდნენ.  იამ, არა, ეს სერვანტესია, მეთექვსმეტე საუკუნეში წერდა ამასო. 
ადრე ლადოიას დავცინოდი, გამოგააბდლა იამ-მეთქი, ახლა მე გავაბდლდი, თუმცა  ხო ვიცი რეიზაც ვარ აქ. ჩემი განზრახვა წამითაც არ მავიწყდება. როლები ვისწავლეთ, სცენა მოვაწყვეთ, კუსიეს  და იას საერთო ბებიამ ძველი ტანსაცმელებიდან რაცხა  ზიზილ-პიპილები შეკერა, ბაბუამისმა კი ძველი გადაგდებული ტაშტებიდან აბჯარი დამიმზადა, თავზე ჩაფხუტი ჩამომაცვეს და ხელში დიდი შუბი მომცეს – ხის, ვერცხლისფრად შეღებილი.  მე ვჩიოდი, დონ-კიხოტის ცხენის როლი ლადოიეს ალიას მივცეთ-მეთქი. იამ, ცუდია არ იქნებოდა,  მაგრამ შეიძლება ხალხმა ცხენი დააფრთხოს და  ყველაფერი აგვირიოსო. ალიას  ვერავინ ვერ დააფრთხობს-მეთქი, მაგრამ იას ვერ გადავათქმევინე - არ გვინდა ახლა ალია  და ლურჯაო. ლურჯა ბაბუამისის ცხენს ქვია, მაგრამ  ორვე  ეაიწუნა როსინანტის როლში. 
სპექტაკლის დღეც დეინიშნა.  სოფელში სხვადასხვა ადგილას აფიშები გავაკარით. აფიშაზე ეწერა, რო მხოლოდ ერი დღეი კუსიეს  ეზოში რვა საათზე თეატრის მოყვარული ბაღნების დასი წარმოადგენდა სპექტაკლს მწუხარე სახის რაინდზე - დონ-კიხოტ ლამანჩელზე და მის სატრფოზე, დულცინეა ტობოსელზე.
ეს დღეც მოვიდა. რვის ნახევარი იყო, ეზოში მხოლოდ ბაღნები  დაყიალობდნენ. ია აქეთ-იქეთ დარბოდა, ჩაცმულობებს გვისინჯავდა, ფარდის გასახსნელს ამოწმედა არ გაიჭედოსო, შუქს ამოწმებდა, ხო ინთებაო. არადა ვეუბნებოდი, დღეი  ჩაგვეტარებინა სპექტაკლი და არ დაგჭირდებოდა საერთოდ შუქი-მეთქი. დღე ვის ცალია სოფელში სათეატროდო, არადა მართალი თქვა.  მერე  წუხდა, შეიძლება სკამები არ გვეყოს და რა ვქნათო. სკამი არ იქნება აგერ მოლზე ჩამოჯდებიან-მეთქი – ვუთხარი.
საათის ისარი უკვე თითქმის რვას მიუახლოვდა და მაშინ დეიწყო და დეიწყო, ამდენი ხალხი გასვენებაში არ მინახავს.  სკამები რო შეივსო, მეზობელი ეზოებიდან დეიწყეს სკამების თხოვება. ცოტა ხანში ასე მგონია მთელი სოფელი კუსიეს ეზოში იყო თავმოყრილი. მაყურებლებში ჩემებიც დავლანდე - ბაბაიე და ნენე, ესენიღა მაკლდა. სიდან გეიგეს, მე ენა არ დამიძრავს სახლში, სპექტაკლში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი, მარა სოფელში რას დამალავ...
დაიწყო. ფარდის გასაწევი ამდენი წვალების მერე მართლა გაიჭედა, მე პირველი გავდიოდი სცენაზე და შუბით გავარღვიე, აი ისე გამევიდა, მაყურებელი ვერაფერს მიხვდა. გევედი და ვიყვირე:
`- ჰოი, ქალბატონო დულსინეა, ჩემი დამონებული გულის მფლობელო! რა მწარე ტანჯვას მაყენებ...~… … მერე წევიდა და წევიდა. ია გვეუბნებოდა, მაყურებელს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გაიცინებს, იტირებს, იყვირებს, თქვენ თქვენი სათქმელი თქვით, ოღონდ თუ ტაში დაუკრეს, იმ მომენტში პაუზა გააკეთეთ, რომ თქვენი ხმა გაიგოს ხალხმაო.  ჩვენც მივაყარეთ და მივაყარეთ, რაც ტექსტები გვქონდა და გიჟებივით დავრბოდით სცენაზე. ხალხი იცინოდა, ტაშსაც უკრავდნენ,  ერთ მომენტში კი,  ლამის ჩაგვეშალა სპექტაკლი, სანჩო, იგივე ლადოიე გამყავდა სცენის კუთხეში და ჭკუას  ვარიგებდი, ის კი მეუბნებოდა: `ღმერთსა ვფიცავ, თქვენო მოწყალებავ, უთუოდ ჭკუიდან შეიშალეთ. ეს მაგონებს ანდაზას: `უკვე ვმშობიარობ, შენ კი მეკითხები - ქალწული თუ ხარო~.  იმდენი იცინეს, კინაღამ ჩაგვეშალა დადგმა, ან სასაცილო რა იყო...
დამთავრდა სპექტაკლი, გააყრუეს მთელი ეზო ტაშით, ისე რო  ძლივს მიძინებული ქათმებიც კი ჩამოცვივდნენ ხეებიდან. მგონი ხუთჯერ გახსნეს და დახურეს ფარდა, ასე თუ ვუყვარდით მთელ სოფელს იცოდი,  ბალზე ან მსხალზე რო  დაგვიჭირონ,  მაშინ აგვიკლებენ წყევლით-მეთქი, ვუჩურჩულე სანჩო-ლადოიას.  მერე ვიღაცამ  იყვირა, რეჟისორი გვანახეთ სცენაზეო, და მაშინ იაც გამევიდა, მე და ლადოიას  ჩაგვკიდა ხელი და ისე.  მერე ტანსაცმელი რომ გამოვიცვალეთ და ხალხს შევერიეთ,  რამდენიმემ ავტოგრაფიც  მთხოვა - არ მაქვს-მეთქი...
... მეორე დილით დაპირებისამებრ ლადოიამ დათქმულ ადგილას უნაგირშეკაზმული ალია გადმეიყვანა, მე სახლში დევიბარე,  მდინარეზე მივდივარ-მეთქი... კაიო, ნენამ, ისე კი გოუკვირდა, ადრე ისე წახვიდოდი არაფერს იბარებდიო, მართლა მდინარეზე მიდიხარო? კი-მეთქი. თან ჩანთით  ჩუმად გამზადებული საგზალი მიმქონდა, ცოტა ხორცი,  ჭადი და ყველი.  ამ ჩანთში  კლასის დროს  მარტო  ერთი როული მიდენა. მაგიორში ახლა გამომადგა. ხო,  ალიასათვის სიმინდიც ჩავყარე,  ტყეში ბალახის მეტი რა იქნებოდა, მარა მაინც.
ლადოიამ  გამეიბდღვნა კისერი, გეხვეწები მითხარი, ტბაზე მიდიხარ-ხოო, მითხარი და არავის არ ვეტყვიო. არა, ისეთი  საქმე მაქვს, თქმა არ შეიძლება-მეთქი. მეც წამოვალო, თან დამცინის, საჭურველმტვირთველის გარეშე სად მიდიხარ თქვენო მოწყალებავო... მეც ვუთხარი დულცინეა უნდა ვიპოვო, ჩემო სანჩო-მეთქი...
ალიას ფეხები შემოვარტყი და გავრეკეთ... მინდოდა უკან მიხედვა, რას შვება ლადოიე-მეთქი, მარა  არ მივიხედე – გლახას ნიშანია. მალე სოფელს გავცდით, უცბათ  თითქოს ალიას ფლოქვების ხმა გაორდა. ვფიქრობ მეჩვენება. მერე ვხვდები, ეს სხვა ცხენს ფლოქვების  ხმაა. ალბათ ლადოიეა-მეთქი ვიფიქრე, კი მარა ცხენი სა იშონა? მოვიხედე, ია ზის ბაბუამისის ცხენზე და მომსდევს. გიჟი, ხო ვთქვი ვერ არის,  ან სათ  მოდის...   
-  აქ რაი  გინდა?
-  შენ რაი  გინდა?
-  შენი საქმე არაა. რეიზა  წამომყეი უკან?
-  შენი საქმე არაა.
-  იცი სეითაც  მივდივარ?
-  ვიცი!
-  აბა სად?
-  ტბაზე!
-  ვინ გითხრა?
-  არ გეტყვი!
-  ნუ მეტყვი. დეეპწკილე ახლა შინ, გეიგე?
-  ვერა.
-  ქართული ხო იცი?
-  ხო, მაგრამ შენი არ მესმის...
-  დაბრუნდი უკან-თქვა.   
-  არა.
-  არა?
-  ხო, არა დავბრუნდები!
-  ბიჭი იყო  ერთი რა!
-  და რას იზამდი?
-  ერს  რო გსტვერავდი, ვნახავდი მერე რაფერ    წამოხვიდოდი!
-  ბიჭი რომ ვიყო... 
-  ხო, აბა რა ბიჭი რომ იყო?!
-  ბიჭი რომ ვიყო აქ არ წამოვიდოდი.
-  მართლა?
-  ხო... …
-  ვითო  რეიზა? 
-  იმიტომ,  რომ გოგოსთან საუბარი არ იცი და საზიზღარი ხარ!
-  წაი ბიძია  კარგებთან,  ჩემთან რაი გინდა!
-  მე შენი ბიძია  არ ვარ!
რაი  უნდა მეთქვა. ეტყობოდა,  რა ჩქარ-ჩქარა უცემდა გული, მე კი თუმცა ვეჩხუბებოდი, მარა  პაწაზე  ქეც  მიხაროდა,  ასთე რო  გაფიჩინდა და არ მიჯერებდა ჩემთან  ერთდ უნდოდა  წამოსვლა,  მარა  იმ ტბაზე  რამე  ფარცაკი რო დეემართოს მაშინ რაი ვქნა?  მაინც სიდან გეიგო  სათ  მივდიოდი? ვხვდები, ალბათ ლადოიას კუსიასთან წამოცდა, კუსიამ  იასთან დაფქვა... არავის ნდობა არ შეიძლება დუნიაზე ... რაფერ  მევიცილო ახლა აი  ია?!
-  კაი,  შენ წაი! მე უკან ვბრუნდები!
-  მარტო მიშვებ?
-  მე არ დამიპატიჟებიხარ არსად, აჰა, თუ გინდა წაი?
-  წავალ!
-  ხო და წაი!  – იმედი მაქვს გადიფიქრებს წასვლას.
-  წავალ...
-  ხოდა წაი...
-  მაგარი ჯენტლმენი ხარ, გოგოს მარტო მიშვებ
-  არა შენი საქმე მაი, მე ვინ ვარ. ხო გინდა მისვლა იმ ტბასთან?
-  ხო…
-  ხოდა წაი, გიშვებ!
-  წავალ!
-  იციენ თქვენებმა სათაც მიდიხარ?
-  კუსიამ  და ლადოია იციან?
-  მაგენს დღეს ვერ მოვასწრებ  და ხვალე გოვუსიებ  ორვეს თავს...
-  ხო გითხარი, საზიზღარი ხარ?
-  შენი საქმე არ არის, ვინ ვარ?
-  წავიდეთ რა ერთად, მე ხელს რაში გიშლი? – მოლბა უცებ.
-  შენ რაც გინდა ქენი, მე უკან ვბრუნდები!
-  შენ კი! შენ კი!
-  რა მე?
-  შენ მშიშარა ყოფილხარ?
`ნეტა ბიჭი იყოს რა, ვზდრინგავდი ახლა ერს, გადმოვაყუდებდი ცხენიდან!~
-  შენ იცი, როცა იმ ტბასთან ადამიანები მიდიან, სულ რაცხა  ფარცაკი  ხდება?!
-  და ამასთან ერთად ცრურწმენებისაც გჯერა.  უბედური შემთხვევები მართლა ხდება, მაგრამ ყოველთვის ხომ არა!
ალბათ მართალს  ჩივა,  არ ვიცოდი რაი  მექნა. მართლა მარტო ხო არ გოვუშვებდი, თან უკვე ამდენი დრო დავკარგე, პაწე ხანში გაგანია  სიცხე დააჭერდა, მე კი ნახევარი გზაიც არ გამივლია, თან უკანაც უნდა მოვასწროთ დაბრუნება. მართლა რამე რო დეემართოს, რა ვქნა? თან მეუბნება, მშიშარა ხარო? ვინ არის ამის მშიშარა!
-  კაი, წამოი, მარა იცოდე, რასაც გეტყვი გეიგონებ!
-  ვითომ რატო?
-  იმიზა, რომ  აი სპექტაკლი არაა!
-  კაი, ხო გაგიგონებ! – გეიცინა.
-  დამპირდი რომ ტბასთან რო მივალთ საცურაოდ არ შეხვალ!
-  გპირდები! – მითხრა  და ისტევლე გეიცინა... მოუხდა, ახლა შევამჩნიე, როგორ ლამაზია  აი  ალქაჯი. ალბათ დონ-კიხოტს უნდოდა მისი დულსინეა იას მგვანებოდა. ცხენზე კარგად იჯდა,  მარა  მისი ლურჯა, ალიასთან რას მივა.  რეთჯერაც  გადამისწრო,  ყოველთვის გადავუსწარი, თან ალია ვერ იტანს სხვა ცხენი რომ ასწრებს. ამ შეჯიბრში კარგა მანძილი გავიარეთ. მაგრად ჩამოცხა. ერ  წყაროსთან ვეუბნები, გინდა პაწა ხნობას  შევისვენოთ, მე საგზალი მაქვს, არ მოგშივდა მეთქი? კაიო, გოუხარდა, მარა  მე რომ არაფერი არ მაქვსო?!  მაი აფელი,  ორვეს გვეყოფა-მეთქი.
გემრიელად ილუკმებოდა, ცხენებმაც მოითქვეს სული, წყალიც დალიეს, ბალახიც ჭამეს, სიმინდიც ვაჭამე - ორვეს. ლურჯას რომ ვაჭმევდი, ალია ეჭვით მიყურებდა. არ გრცხვენია,  ამასაც ხო უნდა ჭამა, აი მისი არჩივია-მეთქი,  ვუთხარი. თითქოს მიხვდა და თავი დამიქნია...
ისევლე  გავაგრძელეთ გზა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით მთას, მით უფრო ციცაბო ხდებოდა ბილიკები, ძლივს გავდიოდით გვინძღებს  შორის. ზოგ ადგილას ცხენიდან ჩამოსვლაც კი მოგვიწია. ყველაზე უფრო ბოლო აღმართმა გაგვაწვალა, როგორც იქნა ავედით და ვაკე ადგილიც გამოჩნდა შუაგულში კი ზუსტად ისეთი ტბა იყო, ანტონ მასი რომ ყვებოდა... ისეთი ლურჯი, გეგონებოდა ცა არისო მიწაზე ჩამოსულიო.  ჩვენ მაინც მოვედითო! - დეიძახა იამ, ცხენს  ჯოხი სტვერა და  ტბისკენ გაქუსლა. მეც უკან მივყევი და კვლავ გადავუსწარი.  ტბას ერთი წრე დავარტყით და მოლზე გადმოვხტით.    ტბის ნაპირას ორი ჩვენ  სიმაღლე  დროისგან სულ მთლად დაჟანგებული ღუზა იყო ნახევრად მიწაში ჩაკირული. ცხენებმა წყალი დალიეს და ბოწოწოს  ჭამა  დეიწყეს.
-  მე უნდა შევცურო, შენ? – მეკითხება.
-  ხო თქვი  დაგიჯერებო, ამ ტბაში ცურვა არ შეიძლება!
-  ვინ გითხრა რომ არ შეიძლება!
-  მითხრეს!
-  მე კი გეუბნები, რომ შეიძლება!
არადა მეც ერი სული მქონდა წყალში შევცურებულიყავი, ამ კამკამა წყალში რა უნდა მოგვივიდეს-მეთქი, ვფიქრობდი.
-  მე ტანსაცმლიანად უნდა ვიბანავო, მაინც ცხელა და გზაში გავშრები! – თქვა იამ და პირდაპირ გადაეშვა ტბაში. წყალი თითქმის გამჭვირვალე იყო, ვხედავდი როგორ ჩაყვინთა, ცოტა გაცურა და ამოყვინთა... ჩამოდიო, მეც დამიძახა...  ჩემი ყურადღება უცებ წლის ფსკერმა მიიქცია, ვხედავდი როგორ წამოიშალნენ ფოთლებიანი ღერები და იასკენ წავიდნენ... მაშინ გამახსენდა ანტონ მასის სიტყვები, ფეხებზე რაღაცეები გვედებოდაო... ია, ფრთხილად- მეთქი, - დავუყვირე, მაგრამ იმას უკვე ღერები ფეხზე ეხვეოდა.  ია  მთელი ძალით ცდილობდა მცენარეებიდან ეხსნა თავი და ნაპირისკენ გამოეცურა.  მეც წყალში გადავეშვი, იასთან მივცურდი, ხელი დოვუჭირე და ნაპირისკენ ვცდილობდი გამოცურვას. მარა მეც მომედო ფოთლიანი ღერები ფეხებზე და ფსკერისკენ მეწეოდნენ. უკვე ორთავე  ვცდილობდით რაფერმე თავი  წყლის ზემოთ შეგვემაგრებინა, მარა თანდათან გვაკლდებოდა ძალა. შევნიშნე ჩვენ წვალებას ალია როგორ ყურდაცქვეტილი უყურებდა ნაპირიდან... ალია, გვიშველე-მეთქი, დოვუკიჟინე. მართლაც უცებ შემოვარდა დგაფუნით წყალში და გვერდულად მოგვიახლოვდა, ისე,  რომ უნაგირს მივწვდენოდით.  მე  ერთი ხელით უზანგებს ჩევეჭიდე,  მერე იას  მივეშველე,  უნაგირზე რო  ასულიყო.  მერე მეც ავედი და აჩუ ალია-მეთქი - დავუძახე. ალიას არ გაჭირვებია ჩვენი ნაპირზე გამოყვანა. ცხენის ფეხებმა თითქოს მცენარეები დააფრთხოო, ისევლე ფსკერზე გაწვნენ. ანტონე რო ბოროტ მცენარეებზე გვიყვებოდა, ალბათ ესენი თუ არიან-მეთქი - გევიფიქრე... ცხენიდან ჯერ ია ჩამოხტა, მერე მე და მოლზე დავჯექით. ისე უცეფ მოხდა აი ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რაი მოხდა... შევნიშნე, ია ერთიანად კანკალებდა... არ ვიცი შიშის, არ ვიცი, იმიზა,  რო  წყალი იყო ყინულივით ცივი. გცივა-მეთქი,  ხო ცოტაო... თუმცა მზე აცხუნებდა და მალე კანკალმა გოუარა... უცებ შევნიშნე, იას თვალებიდან ცრემლი მოდის... ახლა აი თუ აქანე აფლიკვინდა, რაი მეშველება-მეთქი გევიფიქრე. ტირი-მეთქი, ვკითხე, არაო, თავი გაიქნია - მატყუარა...  არადა, მართლა ჩუმად მოდიოდა ცრემლები, ხმაი არ გოუღია ისე, პირველად ვნახე უხმოდ  მტირალი ციცა, მით უმეტეს  იმფერი ტირილი იციენ ქალებმა, ცაი მიწაზე ჩამოაქვთ და  ტურები ცხრა მთის იქეთ იკარგებიან. ავდექი და რამე რო მექნა, ჩანთაში დარჩენილი სიმინდის მარცვლები მოვნახე, ცხენებს ვაჭმევ-ვთქვა... ლურჯაიამ უცებ ამაცილა ხელიდან მისი არჩივი, ალიამ კი თავი  გააქნია, არ მინდაო. რო დავაკვირდი, მასაც კურცხალი მოდიოდა თვალებიდან... უცებ ფეოლას სიტყვები გამახსენდა იმ კინოდან - ფეხბურთელების სურათებს რომ ათვალიერებს, ერთი ზანგიც რომაა იმათ შორის  და რა ხალხში მექნება საქმეო, რო ჩივა.  მეც აი  გევიფიქრე იმ წამს, რა მტირალებში მაქვს საქმე-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არ ვთქვი...  ისევ იასთან რომ დავბრუნდი, აღარ ტიროდა უკვე... 
-  რაფერ  ხარ, ია?
-  ახლა კარგად... სოფელში დავბრუნდეთ, ხო?
-  ხო...
წამოვედით, თუმცა გვარიანი შიში ვჭამე, მაგრამ მაინც რაცხა მიხაროდა, ალბათ განზრახვა  რო ავისრულე და აი  ტბა ვნახე და კიდომ  იგი, რო  ცოცხლები ვბრუნდებოდით უკან და კიდევ მიხაროდა რაცხა, აუწონავად  მიხაროდა რომ ია ჩემს გვერდზე  იყო  ახლა. 
-  ისე რა ლამაზია აქაურობა, ხო!? – მკითხა უცებ, სანამ დაბლა დავიწყებდით დაშვებას და  ტბა თვალს მიეფარებოდა.
-  ხო!
-  იცი, თავიდან რომ დავინახე ტბა და ეს ადგილი, უცებ გავიფიქრე, რა კარგია აქ სახლი გვქონდეს-მეთქი, მაგრამ ახლა არ მინდა! 
-  რეიზა ვითომ?
-  რა ვიცი! სახლი მინდა, მაგრამ აქ არა! – გეეცინა... მე არაფერი ვთქვი.
-  ხო მართლა, მადლობა, მგონი სიკვდილს გადამარჩინე!
-  მე რაის  მადლობა, ალიას მადლობა, იმან გადაგვარჩინა ორივე!
-  რა კაი ცხენია ხო, ახლა არ მიკვირს ასე რომ გიყვარს?
-  ხო...
უკან დაღამებამდე დავბრუნდით. არიკაცი არ  გვეძებდა, მარტო  ლადოიე  და კუსიე  დაგვხვდნენ  სოფლის დასაწყისში მხოლოდ. იყაით ტბაზეო,  – ორივემ ერთდროულად გვკითხა.  არა-თქო, ერთდროულად, შეთანხმებულივით ვუპასუხეთ ჩვენ... 
მე გული მწყდებოდა, რომ  პაწა ხანში არდადეგები დამთავრდებოდა და ია ისევ თბილიში წევიდოდა, რო  სწავლა გეეგრძელებინა და ისევ ერთი წელი უნდა მელოდა, როდის დეიწყებოდა ზაფხული... 
გაისად, გაზაფხულზე მაინც ჩამევიდოდეს, ისევლე ისე  დააკვარკვალებდეს თვალებს, მე სადმე იებს მოვთხრიდი, მივუტანდი და ვეტყოდი: აი ია...

14.04.2011 წ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები