ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


სიმღერა

დღეო, გადიხსენ პირბადე,
მთავ, რძით გაივსე ძუძუნი,
შენს მადლის  კალთას  მამთხვიე
მე, გლახაკი  და უძლური!
ბედი, შავბედი, მგლისფერი
ამდევნებია ძუნძულით,
წყალს წაულეკავს უწყალოდ
მარტოსულობის კუნძული!
როგორ წაგშალო გულიდან,
როგორ დაგთმო და გაგწირო,
მტერთან პირისპირ შემყრელო,
ჭიუხს  გაჭრილო გზაწვრილო,
კლდეს შერჩენილო ტკივილად,
პირშიშველაის  ყაწიმო,
სტამბულში ტყვედ გაყიდულო,
გათათრებულო ყმაწვილო!
სიბრძნეო, წაღმა ნათესო,
დღემდე უკუღმა ნაწირო!
წმინდა  ხატო და საძვალევ,
სისხლო, კრწანისთან  ნაწვიმო!
არღუნის წყალს გაყოლილო,
ჩემო სულო  და ნაწილო,
მუცოს თავს აცრემლებულო,
გულში დაჭრილო არწივო!
იქნება თქვენმა მზეობამ
სხივი იმედად მაწვიოს,
და მერე... დიდმა სიმშვიდემ
კალთაზე გადამარწიოს!
დღეო, გადიხსენ პირბადე,
მთავ, რძით გაივსე ძუძუნი,
შენს მადლის  კალთას  მამთხვიე
მე, გლახაკი  და უძლური!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები