ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2011


დაცემა

"დაცემაც არის და დაცემაც"... პიველი, რასაც ამ დროს განიცდი, მესმის, ტკივილია და სადღაც "შიშიც", მაგრამ ამ ორზე იმდენი ითქვა, რომ ამაზე საუბარი, გინდა არ გინდა, თავის შეწყენა გამომივა და მოდი შევეშვათ.
ის, რაზეც ახლა მინდა გესაუბრო და შენი ყურადღება გავამახვილო, ამ დაცემით მოყენებული ტკივილის შემდგომი ასახვაა და მისი სწორად მიღების ხელოვნება. ცხადია, შენ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რა ვნახე ამ დაცემაში ისეთი, (რომ შენი ისედაც ათასი საზრუნავით სავსე ცხოვებიდან, იმის დათმობას ვითხოვ, რაც შეიძლება, საკუთარი შვილებისთვისაც ცოტა გრჩება, ეს კიდევ ცალკე თემაა, რაღა თქმა უნდა, თუ საერთოდ გყავს შვილი) რომ ამაზე გესაუბრო შენ, ვისაც შეიძლება დაცემის შედეგად გატეხილი შუბლი, ჯერაც არ შეგხორცებია და ჩემს მიერ ამ თემის წამოჭრამ ნაჭრილობევშიც გაგცრა და შენი პირველი ნეგატიური დამოკიდებულებაც ჩემს საუბარზე, რაღა გასაკვირია და მაქვს.
აი, მე რომ ვიყო ადამიანი, ვინც ნეგატიურს ყველაფერს და ყველას ერიდება, ვფიქრობ ჩვენი საუბარიც არ შედგებოდა და სწორედ აქედან, შენი ჩემდამი შესაძლო უარყოფითი დამოკიდებულებიდან ვიწყებ იმას, რაც ვფიქრობ, თუ არ იცოდი, აუცილებლად გამოგადგება, ხოლო თუ იცი, ამაზეც გეტყვი : ჩვენ ხომ ყველამ ვიცით ლექსები, მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს არ წავუკითხოთ?
მოკლედ, დაცემა, ვფიქრობ, არის ფენომენი, რომელსაც, ცხვირზე რომ სისხლის წუწები არ ჩამოგვდიოდეს და კიდევ, ძლიერი ტკივილი თვალს და გონებას ერთნაირად არ გვიბნელებდეს, სიხარულით უნდა შევხვდეთ. მესმის, სისულელე გგონია, მაგრამ ვერ დამაჯერებ, რომ ამაზე დიდი სისულელეც არ წაგეკითხოს, რადგან თუ ამას ეცდები, გულწრფელი არ იქნები და ჩვენი შესაძლო დამეგობრებაც, რომელიც შესაძლოა არაფერში გჭირდებოდეს, არ გამოვა.
ეს დაცემა, ჩემო მეგობარო, (მეგობარს გიწოდებ, რადგან თუ ამ აბზაცამდე მოხვედი, თავს უფლებას ვაძლევ ასე ჩავთვალო) თუნდაც იმიტომ უნდა გიხაროდეს, რომ დაცემას თავის გატეხვა მოსდევს, ამ უკანასკნელს კი ჭრილობა, ჭრილობას ნაჭრილობევი, ნაჭრილობევს გასახსენებელი და მოსაგონარის გარეშე, განა ჩვენი ცხოვრება ღირს რამედ? აქვე გიღიმი და აღარ ვაგრძელებ ამაზე.

გადავიდეთ მთავარზე:
გიფიქრია იმაზე, რომ იქნებ იმიტომ დაეცი, სხვა წამოდგომაში მოგშველებოდა? ამით საშუალება მისცემოდა, ეკეთებინა საყვარელი საქმე? განა ბევრს აქვს დღეს საშუალება, საყვარელი საქმე აკეთოს? ან თუ იმ სხვისთვის ეს საერთოდ პირველი იქნებოდა, რაც კი ამგვარი ჩაუდენია, გიფიქრია, რომ მას ამისი საშუალება უნდა მისცე და როდესაც ფეხზე წამოგაყენებენ, შენი ვალი ორივე შემთხვევაში მხოლოდ ის არის, სულ ერთია როგორ, აგრძნობინო, რომ მათი გულით მადლიერი ხარ? რომ ერთმა უფრო მეტი გულით იგრძნოს ის, რომ კარგ გზას ადგას, რადგან ყველას გვაქვს ხოლმე ეჭვი, ხოლო მეორემ, რომ ამ გზას დაადგეს?
გიფიქრია იმაზე, ამ ხალხს რომ სიკეთის გაკეთების საშუალება მისცემოდა შენი წაქცევით, იქნებ იმიტომაც წაიქეცი სწორედ და შენი წაქცევაც ლამაზია? და არა მარტო ტკივილისა და შიშის და სისხლის მომგვრელი? განა ჩვენი ყველაზე უფრო თბილი მეგობარიც ამას არ ამბობს და აკეთებს? განა შენ გაიხდიდი მას ისეთ მეგობრად, როგორადაც გაგიხდია და განა ის იქნებოდა ისეთი დიდი შენთვის ამის გარეშე? მესმის, რომ, როგორც ფაქტი, იმ ჩვენი უთბილესი და ყველაზე ახლო მეგობრისა თუ შენივე სისხლიცა და ტკივილებიც შემზარავია, მაგრამ ნუ მეტყვი, რომ ეს ამად არ ღირდა.
ხოლო თუ ის გინდა მითხრა, რომ არც არავის წამოუყენებიხარ, ამაზეც გეტყვი. ეს შეიძლება არც შენი და არც იმისი ბრალია, რომ ვინმე კეთილი კაცი იქ არ იყო, საერთოდ არავის ბრალია, დაიხსომე ყველაფერს აქვს ნამდვილი მიზეზი და მაინცადამაინც შეგიძლია ამ მიზეზებს არც ჩაეძიო... მოდი ამას ასე შეხედე:
დაუშვი, რომ იმ წუთში, იმ ხალხს, ვისთვისაც ჩვენს თბილ მეგობარს ეს ბედნიერება არ დაენანებოდა, არ ეცალათ, იქნებ თავადაც შენსავით წაიქცნენ სადმე... იქნებ სულაც ვინმე ყავდათ ავად... ეს კი იმაზე ლაპარაკობს, რომ შენ იმ წამოდგომაში, რომ მანძილია, ის უნდა ისწავლო და შეიყვარო, რომ მერე ეს ცოდნა სხვასაც გაუნაწილო. ან კიდევ, მაინც ხომ არსებობს ის ძალა, რომელიც შენ ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარება? ანუ არსებობს ამისი ნებაც და არც აქ ხარ მარტო. მიიღე გაკვეთილად.
და თუ ის გინდა მითხრა, რომ ხშირად ეცემი, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება ბევრი გაქვს, ვერც ამით შემაცოდებ თავს, პირიქით, მეტსაც გეტყვი:
აი, ერთ განსაცდელს რომ გადავლახავთ, დამეთანხმები - ვხდებით ცოტათი მაინც ძლიერები და შესაბამისად, უფრო მეტიც შეგვიძლია, სხვა საკითხია ვინ და სად და როგორ წარმართავს და გამოიყენებს ამ ძალას. აი მერე, მოგვხედავს ჩვენი ყველაზე თბილი მეგობარი ისევ და თუ სუსტები მოვეჩვენებით, კიდევ მოგვცემს საშუალებას გაძლიერებისა...
ის კი გეცოდინება, ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვაო... ჰოდა ასე გაგრძელდება ეს, იქამდე, სანამ იქ არ მივალთ, სადაც ჩვენი ადგილია და ისეთები არ გავხდებით, როგორებიც ჩვენც და მასაც გაგვიხარდება, რომ ვიყოთ.
ჰოდა,
მეგობარო,
- აი შენ,
ვისაც შეიძლება
ნაჭრილობევი ჯერაც არ შეგხორცებია
და ჩემმა დაცემამ,
თავიდან ნეგატიურად განგაწყო,
თუ კი ბოლომდე მოხვედი,
იქნებ კიდეც წამომაყენო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები