ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 აპრილი, 2011


შატილიონო, შემოგძახებ!

ამასწინებზე შატილიონმა დამირეკა:
- სააღდგომოდ სოფელში წამოსვლას არ აპირებ? - მეკითხება.
- კი, აუცილებლად წამოვალ. კაი ხანია დედა აღარ მინახავს, მამაჩემის საფლავზე გაუსვლელადაც, აბა, როგორ გავჩერდები!?. - ჩავძახი მობილურში.
- ჰოდა, ახმეტაში რომ ჩამოხვალ, მატანში გამოსვლა არ  დაიზარო. აუცილებლად მნახე. თან ცარიელი ოცლიტრიანი ბოცაც წამოიყოლე, ჩემი ხელით დაწურულ-დაყენებული ღვინო მინდა გაგატანო! - წინასწარ მანამუსებს, ხმაში ჭინკები უჩქამიან, ხალისიანად მემუსაიფება.
- კარგი, კარგი, უთუოდ გესტუმრები! - ვპირდები და გულში რაღაც სიამოვნების ღიტინი მივლის - რა კარგია ადამიანები ერთიმეორის შესახებ რომ ფიქრობენ, ზრუნავენ, ახსოვთ ერთმანეთი. განა მეგობრობა სხვა რაღაა?!
სააღდგომოდ, წესისამებრ, ჯალაბიანად სოფლისაკენ გავემგზავრე.
ახმეტიდან მობილურით შევეხმიანე:
- ოოო, კარგია, რომ ჩამოსულხარ! სახლში ვარ, აბა, გელოდები! - მითხრა გახარებულმა.
წვიმიანი, ბურუსიანი დღეა, მაგრამ ჩემთვის და შატილიონისთვის მზე ანათებს, დიდ, ბრდღვიალა გულების მზე და ორივეს გვათბობს, ორივეს კი არა, მგონი მთელ სამყაროსაც კი!
ვესტუმრეთ. ჭიშკართან გამოგვეგება. შეგვიპატიჟა. გაალმასებულ კავკასიურ ნაგაზს ძლივს აოკებს, ოჯახისაკენ გვიწვევს. მეუღლე სახლში არ ყავს, ვაჟიშვილთან ერთადაა. "ფეჩი" გაუღუღუნებია. მონატრებული და ასე სასიამოვნო სოფლური იდილიაა ირგვლივ. მიკითხვ-მოკითხვას ვაგრძელებთ, ვსაუბრობთ მთისას და ბარისას.
- ესაა ხომ ჩოხოსანი გიორგი? - მეუბნება და ჩემს შვილს თავზე ხელს უსვამს, ეფერება.
ღორის სამწვადე გამოიღო მაცივრიდან. ჩაკუწა. ცეცხლზე შემოდგა. თან სუფრას აწყობს.
მარნისაკენ აგზავნის შვილს. ჩემი ოცლიტრიანის შევსებას ავალებს. გული არ მითმენს და მეც ჩავდივარ მარანში. შავი საფერავის, დედის რძესავით ღვინით ივსება ბოცა. სუფრისთვის ცალკე ავსებენ დოქს.
ეზო-კარს ვათვალიერებ. შატილიონი ახალ სახლს იშენებს, ახალი პროექტითა და დიზაინით. მეორე სართულიდან ზღაპრული ხედი იშლება: მთელი ახმეტა და ალაზნის ჭალები მოჩანს, ზემოდან გადაჰყურებ ამ მშვენიერებას და სიამოვნებით იბარდნები ადამიანი.
- ალბათ მალე მორჩები სახლის კეთებას. კომფორტული ბინა გექნება, თვალსახეირო ხედებით! - ვუქებ საქმეს.
- ალბათ, - მპასუხობს ის, - ჰოდა, რომ მოვრჩები, ამ სახლის პრეზენტაციაზეც უნდა მოგიწვიო, ჭერი უნდა დაგალოცინო, - იღიმის.
- დიდი სიამოვნებით ვიღებ მოპატიჟებას, სიხარული გქონდეს! - ღიმილითვე ვუბრუნებ.
ძმას დაუძახა, ქიჩირს. ყველანი სუფრას შემოვუსხედით. ტკბილ-ქართული პურობა გამოგვივიდა, შვიდი-რვა ჭიქამდე დავლიეთ. ჭართალაში მიმეჩქარებოდა დედისკენ, თან მანქანის საჭესთან მეტსაც ვეღარ დავლევდი და ამიტომ გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.
ოჯახს რომ ვულოცავდი, ასეთი სადღეგრძელო ვთქვი:
- მოდი, ამ ჭიქითა და კეთლი გულით ელდარ ჭიჭიაშვილს (შატილიონს) გაუმარჯოს. იმ ელდარს გაუმარჯოს, რომელიც აი, აქ, ამ პატარა სოფელ მატანში დაბადებულა, მრავლშვილიან ოჯახში გაჭირვებით გაზრდილა, წარმოუდგენელია, მაგრამ, სოფლის პირობებში, ფრანგული მშობლიურ ენასავით უსწავლია, სპეციალისტად, კაცად და პიროვნებად, პოეტად და მთარგმნელად ჩამოყალიბებულა, ოჯახობაც მოუსწრია, საქმე-საკეთებელიც, სამსახურებსაც გაკიდებ-გამოკიდებულა, შვილებიც ლამაზად დაუზრდია და თან ყოველთვის უპოვია დრო, რომ ღმერთთან, სიტყვასთან, მამულთან და მეგობართან დიალოგი არ გაეწყვიტა! აღდგომის ძალითა და მადლით ლოცავდეს მას, მის შესანიშნავ ოჯახსა და საფიცარ სამშობლოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უფხავებდეს და უძლიერებდეს კალამს, გულსა და გონებას!
ეს შენ გაგიმარჯოს, ჩემო უფროსო ძმაო შატილიონო, სიხარული და სიკეთე ნუ მოგკლებოდეს, წინსვლა და წარმატებები! იცოდე, რომ ყოველთვის მახსოვხარ და ნუ გაგიკვირდება, თუ მომავალშიც კიდევ ბევრჯერ შემოგძახებ!

----------

წლეულს მამაჩემის საფლაზე შესანდობარი შატილიონის შავი ღვინით დავლიეთ. მისი საფერევით გამოვსახე ჯვარი სამარის სველსა და ცივ მიწას. დარწმუნებული ვარ, იმ ღვინის წვეთებმაც უსალბუნეს მიცვალებულის სულსა და ძვლებს.
ასეა, კაცად მაშინ ხარ საქები, როდესაც ცოცხალსაც და მკვდარსაც ერთნაირად უკეთებ მადლსა და სიკეთეს!
უფლის მადლი და სიკეთე არ მოგშლოდეს, შატილიონო!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები