ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 აპრილი, 2011


შენ ის მოყმე ხარ...

შენ ის მოყმე ხარ  საჯიხვეებში
ბედად ვეფხვი რომ შემოგეფეთა,
ერთურთს რომ მზერა არისხეთ, რადგან
იყავით ჯიშით გაუტეხელთა.
გამშველებელიც რომ არვინ გყავდათ ,
სიკვდილ-სიცოცხლის მოსპეთ სამანი,
ტყეს მრისხანებით შტონი ალეწეთ,
ჩამოანგრიეთ კლდეთა თავანი,
ერთურთს გულ-მკერდი რომ დაუფლითეთ
და გაუხსენით ცხელ  სისხლს სავალი.
ბოლოს დედებმა რომ დაგიტირეს
და  მიიხურეთ კარი სამარის.,
შენს დედას  რაღა გაახარებდა,
სევდის უკუნი გადაეფარა,
მაგრამ იმისმა  დიდმა ქალობამ, 
მისმა დედობამ შეძრა ქვეყანა.
      შენ ის მოყმე ხარ მუხრანის ველზე
ველურ ყივჩაღს რომ გადაეყარე,
ღვთის მოციქული შემოგხვდა თითქოს,
უფალს მადლი და ხელი შეჰყარე,
მამა-პაპურად გაუმასპინძლდი,
სუფრა მიართვი, ასვი ბადაგი...
სტუმრის სურვილი იყო კანონი,
ვახ, მოთმინება გეყო სადამდის!
კარგად მოლხენილს შენი ცოლისკენ
ვნება და ხელი ერთად გაექცა,
და რაც კაცობის ხათრით უთმინე,
ცად გასკდა , თავზე მეხად დაგეცა!
ხელი გაიკარ უმალ ფრანგულზე,
ივერის  ზეცას სხივი მოჰფინე,
ერთის მოქნევით ცხენ-კაციანად
გაწყვიტე, ქვიშა მოალოკინე!..
მაგრამ ყივჩაღიც არ იყო მხდალი,
გულფიცხს უჭრიდა ნალესი რკინა,
მისმა ელვისებრ გადმოქნეულმა
მუხრანის ველზე შენც მიგაძინა...
    შენ ის მოყმე ხარ სპარსეთის კარზე
საქართველოსთვის რომ დარჩი მძევლად,
და შენი  სიბრძნით და სილამაზით
ერთიანად რომ ხიბლავდი ყველას.
გულით ჯვარცმას რომ დაატარებდი,
ფანდურის ხმაზე გიყვარდა მღერა,
გენატრებოდა ფარი მამისა,
სამშობლოს გულად ფეთქვა  და ძგერა.
ვინ იცის, შენმა მხურვალე სულმა
რამდენი ლოცვა და ცრემლი ღვარა!
და მერე შენმა მოჭრილმა თავმაც
აქეთ ღიმილი წამოიმძღვარა.
    შენ ის პატარა ლაზი ბიჭი ხარ,
ნაადრევად რომ მოგტაცეს ნენეს,
და  სხვა ტყვე გოგო-ბიჭებთან ერთად,
სტამბულისაკენ ზღვას გაგიყენეს.
მერე მამლუქად  გაზრდილს და ნაკურთხს
გელანდებოდა კოლხეთის მდელო,
ღვთისმშობლის ფრესკის სათნო ღიმილი,
ბედკრული დედა და საქართველო.
ბოლოს სიკვდილის კევრში შებმული,
სხვათათვის  სისხლ და ოფლდათხეული,
შეგძრა ქართულმა ამოკვნესებამ
მარტოსული და ასე ეული.
”ვაი, ნანაო!”  გმინავდა მტერი
შენი მახვილით გულგაპობილი,
დაგმე სოფელი, როცა იცანი
იმ გიაურში ყრმობის ძმობილი.
    შენ ის მოყმე ხარ, თვალებხატულა,
ტრფიალს  გულში რომ ვეღარ იტევდი,
მაგრამ ვინ იცის, რას გიმზადებდა,
შენი სამშობლოს მწარე სვე-ბედი?
აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში
გვერდში ედექი ქართველ არწივებს,
ომი მღერად და გიჩნდა თამაშად,
მაგრამ ღალატით დაგცეს, გაგწირეს.
ბოლოს ტკივილად და სიამაყედ
მშობელ მიწას რომ დაგფალეს სამარეს,
მადლობის ნიშნად, ნიჩბით კი არა,
მიწა მუჭებით გადმოგაყარეს.
    შენ ყველა ის ყმა, ის ვაჟკაცი ხარ,
ვინც სამშობლოსთვის გვემეს და შანთეს,
თავი მოჰკვეთეს, ჯვარზე გააკრეს,
მაინც უმღერდა ქართულს და ქართველს!
ხედავ, რამდენჯერ მოგკლეს და დაგწვეს,
გახსოვს, ტკივილებს  სად არა ფენდი?
სად არ გაგყიდეს, სად არ გაწამეს,
მაინც არ  მოკვდი, არ გადაშენდი!
შენ ის მოყმე ხარ, ის ქართველი ხარ,
ვისაც საუფლო გაქვს დიდი ვალი,
ათიათასჯერ მტრისგან მოკლული,
მაგრამ ყოველთვის მკვდრეთით აღმდგარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები