ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2011


ერთლარიანი

იმ დღეს ორი წიგნი ვიყიდე და ხურდაში ქაღალდის ლარიანი გამომიბრუნეს, ბიჭოს!  რამდენი ხანია ქაღალდის ლარიანი არ მინახავს... დავხედე და  ნიკო ფიროსმანის დარდიანმა მზერამ თვალი ისე გამისწორა, რომ უნებურად თვალი  ავარიდე და აჩქარებულად  ჩავიკუჭე ჯიბეში.

საფულისთვის ვერ გავიმეტე, რკინის მონეტებს ვერ გავალახინე და ხავერდის სარჩულში  მოვათავსე. 
ის მზერა მაინც დამრჩა თვალწინ გაყინული… ფეხით დავუყევი ქუჩას.  . . .დავფქრდი რატომ ვიყავი ასე ლახვარნაცემი, კარგად გავიქექე ჩემს ხასიათში და
- ერთი ის იყო, ქაღალდის ლარიანმა მომაგონა  რომ იმ მაღაზიაში ალბათ დიდხანს იდო. მინიმუმ 2 წელი. ესე იგი გამოდის იმდენად ცოტა წიგნი გაიყიდა იმ მაღაზიაში, რომ ხურდაში ლარიანი არავის გამოუყენებია.  - მეწყინა.
-  მეორე კი:  ფიროსმანის ცხოვრება რაღაცით გავს ტერენტი გრანელისას, გრანელის ლექსები სულ ფიროსმანს მაგონებენ „პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში-გზა აბნეული.“*

როგორი იყო მაინც ნეტავ.

ყველგან მოწიწებანარევი ღიმილით ხვდებოდნენ. ცოტა ყოფნიდა და ცოტას ითხოვდა.
ბევრს ფიქრობდა და რთულად ეხატებოდა, ხოლო ნახატი - მარტივი გამოსდიოდა. 
მისი ერთი ნახატი მთელი რომანია. 
იმ რომანიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ნახატზე დევს. ათას სიუჟეტს  შექმნი  მილიარდ ფერში. 
შეგიძლია ახალი  რომანი, ნოველა,  ანდა  ესსე დაწერო იმ იაზე, რომელიც აქტრისა მარგარიტას უკან დარჩა და სურათზე არც ჩანს,  არც დაუხატავს, - მაგრამ იქაა... 
არავინ იცის მისი საფლავი, ისე, როგორც იმ იის არსებობა.  რა იყო  მისი სიკვდილის წინა ფიქრები, მისი აუსრულებელი  ოცნებები. 
ფერწერის პოეტი ფიროსმანი -  მხატვრობის  ნამუსი.
გადიოდა წლები,  იცვლებოდა  დრო-დროება, ადამიანები, ხელისუფლებები, ჟამმა მოიტანა  საქართველოს ხელმეორე დამოუკიდებლობა, მოვიდა ახალგაზრდა  თაობა. გაახსენდათ ეროვნული სიმდიდრეები, შეიცვალა ფულის ნიშანი, ახლა ვიხდით თამარით, დავითით, ქაქუცათი, ილია ჭავჭავაძით, ივანე ჯავახიშვილით...და ნიკო ფიროსმანით ?!....

თუმცა დაიცა...  არც აქ ქონია, ბედი!  ფიროსმანი ქაღალდის ლარიანზე დახატეს და ისიც გააქრეს.
ლარიანი რკინის ფულად აქციეს,  ვეებერთელა  „1“ -ით  ღირსება შეუფასეს და,  "ჯეოსელის" რეკლამას დაამსგავსეს.   

საწყალი ფიროსმანი, ძვირი უჯდებოდა მთავრობას  ქაღალდის ყველაზე იაფად ღირებულ ნაგლეჯზე მისი დახატვა და  „სახდელი“ ფულის „ღირსებებით“ შემკობა თუ  „ბედი-მდევარი“ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს დევნას?..

ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ,  სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი  არ გაიმეტა...  შენი თაობა და  თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და,  მერე კიდევ ჩვენი თაობა -  ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების,  შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და  დიადი შედევრების წინაშე.

არავინ გიპატრონა და მოგიარა შენ.
არც სამშობლომ, არც ერმა და არც ბერმა.
ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ...

მოგვეკითხება?!

_____________
* ტ.გრანელი
_________________________________________________________________________________
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები