ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2011


ვიოლინოს მონოლოგი

"მე მქვია "მესსია".
მე დავიბადე 1761 წელს კრემონაში.
მისმინეთ მე, თქვენ, მონატრულნო  სულიერების ღვთაებრივ სიმაღლეებს.
ჩემს სუფთა და ნათელმოსილ ჰანგებს  თქვენს  წყლულებზე მოვაფენ და ისე გაეხვევით მასში, როგორც შეყვარებულის მკლავებში.
როცა მე ვმღერი - თქვენი მხურვალე  სულები ანგელოზთა ფრთების ნიავით გრილდება, იწმინდება, ნაზდება, ლაღდება და მშვიდდება. 
ჩემი ჰანგები მოღერებულ ყელზე უხილავ მძივად მკიდია, ისინი პოეზიაზე და თავად მუსიკაზე მეტია, ის ზეპოეზიაა  და ზემუსიკა.
თვით უდიადესი  სიტყვაკაზმული შედევრიც კი ვერ  იხდენს ჩემს  ღვთაებრივ ჰანგს, რადგან საოცრად ლამაზი მაგრამ  მიწიერი ხიბლით დუმდება ჩემს ზეციურ ხიბლთან.
მე ვარ ღვთიური ჰანგი და სალბუნი, მე ვერ გამიძლებს ვერანაირი დარდი და სიმძიმილი.
მე  შემიძლია - ტირილი.
ჩემი დარდი და ტკივილი მთელი კაცობრიობის  ერთიანი ტკივილია - დასაბამიდან, სად შეედრება მას ერთი კაცის გულის ტირილი. 
ჩემი მეტყველი ცრემლი ისე  საოცრად ამშვენებს  ჩემს სხეულში ამღერებულ ჰანგებს, როგორც ცრემლის წვეთი უმანკო  თვალს, როგორც ულამაზესი ნიმფას სხეულზე შემსხვრეული სიყვარული. 
ჩემი შემიძლია საუბარი კეთილხმოვანი.
შემიძლია თქვენი გულის სიმები შევარხიო,  მჭექარე შეუპოვრობის ქვეშ დატანებული სიკეთე - გულისწვერზე დავკიდო და მშვიდობის ბაირაღად გამოვფინო.
მე შემიძლია თქვენში დალექილი უთქმელი ნაღველი ჩემი ჰანგით სამზეოზე გამოვიტანო, გავათავისუფლო თქვენი გული და შვების ცრემლი დავკიდო თქვენს წამწამზე. 
მე შემიძლია უზომო მხიარულება. მე ძალმიძს ავადმყოფს, დავრდომილსა და მაშვრალს ბედნიერება ვაჩუქო და ავაცეკვო.
მე ღვთაებრივი შთაგონებით შემქმნა ოსტატმა თქვენთვის ბედნიერების მოსატანად, ღვთის სასუფევლის ანარეკლის მიწაზე  ჩამოსატანად. 
მე მოგევლინეთ იმისთვის რომ გაგაგონოთ სამოთხის ხმები, რათა არ შეუშინდეთ სიკვდილს, სიბნელეს და მარტოობას.
მე მაღალი ღმერთის ქმნილება ვარ და  ჩემი საიდუმლოს ამოხსნა შეუძლებელია. 
მომაპყარით ყურნი და კურთხეულ იქნებით უფლისაგან ისევე, როგორც ჩემი შემქმნელი. 
ორნახევარი საუკუნეა კაცობრიობის უდიადესი ვირტუოზები  ჩემს თეძოს ეხუტებიან, მათი თითები უსასრულოდ  მეფერებიან მოღერებულ ყელზე, მათი დახრილი მზერა მკერდზე იდუმალი ღიმილით მეალერსება და ისე ვმღერი როგორც  შეყვარებულის სული.     
ჩემი ნიჭი თქვენ გეკუთვნით...
ჩემი ჰანგები შეარხევს თქვენს სულებს და  შეიფერთხებით მტვრიანი ცოდვებისაგან.
მე ავიტან უფლის ყურამდე თქვენს ტკივილს და მოგეცემათ შენდობა უზენაესი.
მე პატარა და უსუსური ვარ, სულ ოთხი ძარღვი მაქვს, მაგრამ იმხელა გულს ვატარებ - მთელი სამყაროს სიყვარული მეტევა.
მე ვალამაზებ  ცხონებისაკენ მიმავალ გზას.
მე  თქვენი სულების ამქვეყნიური სინათლე ვარ. 
მე დავიბადე კრემონაში 1761 წელს.
მე მქვია "მესსია".
მისმინეთ მე...“ 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
http://www.youtube.com/watch?v=MLscMSdspiw       
__________________________________________________________________________________________________________
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები