ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2011


ისევ ძველი რვეულიდან...

რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?
დასიზმრებული ფერები თეთრი და სისხლისფერი,
რა რჩება მკვირცხლი მოზეიმე აპრილებიდან,
გადაზნექილი ბერი იელი.
სად მიაქვთ ჩიტებს გაზაფხულის წიწკნა ბალახი,
რა რჩებათ ტოტებს ფოთლებგაცვენილს,
რად ახსოვთ ბავშვებს თოვლი სიზმრის დარად ნანახი,
რა ტკივა ირემს მარტოდ დარჩენილს?
რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?

***

ცხოვრება მიდის, ტალღას შებმულ
ხომალდის მსგავსად,
თითქოსდა გარბის დღეები და
არ გარბის არსად.
პროვინციელთა დაჟინებულს
ეჩვევი მზერას,
ხედავ ფესვები ჩახმობია
ეზოში ვენახს,
ხარ მაგიდასთან, არ წერ ლექსებს,
დილაა თბილი,
და გიხარია პირველ ბგერას
ტიტინებს შვილი...

***
შვილო, ჩემი ჩიტი შენ ხარ,
გძინავს თბილ საგებში თბილად,
ცოტაც ღამე გადავა და
ამოჟღურტულდება დილა.

შენს თვალებში მოკისკისე,
ჭინკებს უკვე ვხედავ ცხადად,
აჰა, სკვინჩაც გაიბუმბლა,
სხივთან ერთად დაიბადა.

აღუღუნდა ფუძე, ერდო,
ბლისკუნწულა ბაგით შენით,
მიჰფრენს ჩიტი ზეცისაკენ,
უმძიმდება  ფრთები ფრენით...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები