ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2011


გულზე მოხლილი წარსული

ეს  ამბავი მანანა კაკაჩიას მოთხრობამ გამახსენა და წარსული პირდაპირ გულზე მომახალა.
პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, მაგრამ ერთი წელი კი მომიწია მუშაობა საშუალო სკოლაში. ოცი  წლის ლამაზი გოგო  არა სასკოლო ფორმაში - თავად მოგეხსენებათ რაცაა უფროსკლასელებისთვის.

მე არ მიპასუხია "იმ" ბიჭისთვის გრძნობებზე. ახლაც მახსოვს მისი დიდი მომწვანო თვალები და უხერხულად ალეწილი სახე, ვითომ რომ ვერ ვამჩნევდი და უთვალებოდ ვუღიმოდი. მაშინ მამაზე შავები მეცვა...
მას შემდეგ 10 წელი გავიდა.
სრულიად შემთხვევით შევხვდი ქუჩაში - ჩემს უბანში.
ვიღაცამ სახელით დამიძახა და უხიაგად შემოვტრიალდი - როგორ გამიბედა მეთქი.

ჩემს წინ იდგა.
მომწვანო თვალები ალერსიანად შემომცქეროდა.
- იცით მასწავლებელო,-მითხრა,- მე აქვე ვცხოვრობ, თქვენთან ახლოს, აქ ვიყიდე ბინა. ცოლიც მოვიყვანე, თქვენი სეხნიაა, პროფესიაც თქვენი აქვს, აღნაგობითაც თქვენ გგავთ... ახლა გაზეთს გამოვცემ, წარმატებებიც მაქვს,  საშუალოდ ვცხოვრობ, მაგრამ არ ვუჩივი... თქვენ ისევ შავები გაცვიათ როგორც მაშინ სკოლაში. ალბათ თქვენ... მაშინ იმიტომაც ... ახლა ვინ? ..."

მხოლოდ თვალებით გამეღიმა. იქნებ დადგა დრო სახელებით მივმართოთ ერთმანეთს თქო,- ვუთხარი. 
- და რატომ გაცვიათ ისევ შავები? - კითხვით აისხლიტა პასუხი. 
- ქმარი! - ვუპასუხე ერთი სიტყვით.
სახე აეჭრა, თვალებზე ალმურმა გადაუარა, ზამბარასავით მოჭიმული ძარღვები მოეშვა, მომუშტული მარჯვენა გახსნა და უღონოდ დაუშვა დაბლა. 
- როდის? -მკაცრად იკითხა.
- ექვსი თვეა.
ზედა ტუჩი ჩაიკვნიტა.
- მე სულ სამი თვეა რაც ცოლი მოვიყვანე - თქვა ჩუმად. - თურმე კიდევ შეიძლებოდა... თქვენ ხომ ჩემზე სულ ოთხი წლით... 
- ჩშშშ!  ის ხომ ბავშობა იყო. ახლა კაცი ხარ... ნუ საყვედურობ ბედს. ოჯახს მიხედე, თავს მიხედე, შვილები გააჩინე, გაზარდე. არც კი მეგონა თუ აქამდე გეხსომებოდა. - ჩავიჩურჩულე. ახლაც არ მქონდა არაფრის თავი...
- ახლა კაცი ვარ, ასეა, მაგრამ გული იმ ბავშვის მაქვს. მე სხვაში გეძებდით, რაღაცას თითქოსდა მივაგენი, უნდა შევჩერებულიყავი, აკი გულიც მეუბნებოდა...- სიტყვა გაეჩხირა, თვალების სისველემ მზე აირეკლა. უცბად შეტრიალდა და წავიდა.
მეც მოვტრიალდი,  ერთი წამით რაღაც  გავიფიქრე, მაგრამ უცებ ავტობუსი გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლში ძლივს ავაღწიე სალონში.
იმ შეხვედრით  კიდევ ერთი,  ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ. ალბათ ისეთივე მწარე, რომლის ამოგლეჯასაც ის ცდილობდა. 
მას მერე შემთხვევითაც არსად შემხვედრია.
არც თავად გამოჩენილა.
არც მისი ამბავი გამიგია.
არც მე მიკითხავს რამე მასზე,
ალბათ კარგადაა.
კარგად იქნება.

________________________________________________________________________________
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები