ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მაისი, 2011


მიძღვნები

ექსპრომტი
(თეონა დარჯანიას)


ჩემო მოკეთევ! სამოთხის
სურნელოვანო ყვავილო,
მზე დილით შენთვის ამოდის,
აპრილი შენთვის აპრილობს.
გადაუფრინე იალაღს
მერცხალო-ცაში აჭრილო,
მზემ მოგირჩინოს იარა -
მკერდში მზის სხივით დაჭრილო.




ექსპრომტი
(იზა ბერიშვილს)


სამეგრელოს ვარდ-ბაღნარში
მაფშალია დღემდე გალობს,
დედამიწის ყვავილნარში
მხოლოდ უფალს ენდე ქალო.
არ ინატრო ბევრი გროშიც -
საქართველოს ნატვრისთვალო,
სიყვარულის საუფლოში -
სიყვარულის ღმერთი გვწყალობს.




ექსპრომტი
(ხატია ნიკოლაიშვილს)


არაფერზე არ იდარდო,
გული არ გაიტეხო.
თეთრი ვარდი ისევ ვარდობს,
ქიტესა კი ქიტესობს.
მხოლოდ იმას ენდე, ვისაც
უყვარხარ და გენდობა.
თუ შევცოდეთ რამე, უფალს
ერთად ვთხოვოთ შენდობა...
ჩვენ ნილოსსაც გადავლახავთ,
მთავარია ერთობა!!!



გული
(მარიამ პარკაძეს)


ჩემს თითებს შეახე თითები,
გულს ხელი დაადე მარიამ.
ჯერ კიდევ ჰყვავიან ტიტები,
გულია პატარა გალია.
თუმც გულში ბევრი რამ ეტევა,
ულევი სითბოა ამ გულში.
მოგიხმობ... ვითარცა ქეთევანს,
ბედნიერ მენახე მამულში.



წერილი ანას


მინდა გეამბორო ნაზად,
როგორც სურნელოვან ყვავილს.
დავლევ სიყვარულის ფასად,
სულში ია-ვარდი ჰყვავის.
მინდა გეამბორო ნაზად
ხელზე მოწიწების ნიშნად.
გიმღერ სიყვარულის ფასად,
ეს კი დღეს ბევრ რამეს ნიშნავს.



ბარათი ქაჯეთის ციხიდან


ნესტან! ქაჯეთის ციხიდან
ბარათს გიგზავნი ყმის ხელით,
მე დავსნეულდი იმ დღიდან -
რაც მაიღერე შვლის ყელი.
ნესტან! სანუკვარ დიდების
მინდა მოგასხა მანტია,
მსურს შევსვა არდარიდების,
გულს კელაპტარი ანთია.
შეკვრას გიგზავნი ტიტების,
არ მაიწყინო ჭირიმე,
მზე კიდევ აღმობრწყინდების,
ასე რომ: კვლავ გაიღიმე.




მარიამ!


მარიამ! ცხოვრება რთულია,
თუმც ჟამთა მივყვები დინებას,
ჩემს მკერდში ქართული გულია,
ვერ ვიტან წყევლას და გინებას.
ო, არა! სიკვდილი მირჩევნის
ამქვეყნად მე ვინმეს მხილებას,
კვლავ მხარში მიდგანან ბიჭები,
გრძნობენ ჩემს გაშერმადინებას.
თუმც შერმადინობა ძნელია,
არ ვნატრობ არც სახელ-დიდებას,
მარიამ! მიკურთხე კელია,
მომასწარ მზეების ბრწყინებას.
ხომ იცი: ცხოვრება რთულია,
განგებამ ეს ასე ინება,
რომ ფეთქავს-ეს სუფთა გულია,
მივალ და მივყვები დინებას.



რენუარ!


არ დამხატოთ რენუარ,
მარტო ლექსად დამწერეთ.
გუშინ მესიზმრა: ვითომ
ლექსი ერთად დავწერეთ.
ნუ დაგვხატავთ ნურასდროს,
წაგვიკითხეთ ლექსები.
კალმით შეალამაზეთ
ბეთანიის ფრესკები.



ექსპრომტი
(თაკას)


თუ გცივა ნაბადს მოგასხამ,
კარგად გაგათბობ ქალავ.
გფარავდეს წმინდა სამება,
მისი მადლი და ძალა.






ექსპრომტი
(თეა თაბაგარს, ირაკლი ყალიჩავას)



გილოცავთ... იბედნიერეთ,
ბევრი გყოლოდეთ შვილი.
ფუძე, კერა და ჭერი
მუდამ გქონოდეთ თბილი...
არ მოგწყენოდეთ სიცოცხლე -
ქართულ თაფლივით ტკბილი!!!




ნიკო სამადაშვილს


ბინდისფერიაო, რომ სთქვი: ეს სოფელი -
თურმე არ შემცდარხარ ნიკო.
ლექსით გაამდიდრე შენი სამყოფელი,
მინდა შენისთანა ვიყო.
სტირის საქართველო... დაჭრილ მამა და შვილს
ტკივილს რა მოურჩენს ნეტავ...
გული მოუხმობდა ნიკო სამადაშვილს -
მასზე ლექსის წერას ვბედავ!!!



დათო ბოლქვაძის ხსოვნას


როს აფხაზეთში ომი დაიწყო -
გული კინაღამ წამით გაჩერდა,
ხალხის ნაწილი ორად გაიყო -
მაკედონელიც ვერ გაარჩევდა
ვინ იყო ჩვენში მტყუან-მართალი,
ანდა ვის ჰქონდა რამის უფლება!
ცერებზე იდგა მთავარსარდალი
და სულს ღაფავდა თავისუფლება!
ვერ დავაფასეთ ხალხის ამაგი -
ვინაც სიცოცხლე ჩვენთვის გასწირა...
არ დაივიწყებს მჯერა: ალაგი -
ვინც დაიბადა ფრთამალ არწივად!!!




ფაზისსა და ფაზისელებს


ფაზისსა და ფაზისელებს
ჩემი თბილი სალამი,
არასოდეს დაგეხაროთ
საქართველოს ალამი.
ფოთში ხშირად გაიგონებთ
სიტყვას: ''მა სი მიორქი'',
სნეულ მოძმეს ენით არჩენს -
გახოკიძე გიორგი.
ჩემი თანაქალაქელი
გიგო-სიტყვის ოსტატი,
ჩანახატებს აკეთებდა
ვით მუსიკებს მოცარტი.




კრავაი


კრავაი გურამს უყვარდა -
რჩეულიშვილსა გვარადა,
დარჩა... კიდევაც დარჩება
იგი ჩვენს სატკივარადა.
კრავაი! შენი პირ-სახე
მწერლის ქცეულა ხატადა,
ცოცხალ რომ იყვეს კიდევა
დაგენთებოდა სანთლადა...
დიდი კრავაის სეხნიავ -
მიყვარხარ თავისთავადა!!!



ექსპრომტი
(ხათუნა როგავას, დავით მოსეშვილს)


მოგესალმებით ორთავეს:
თქვენ-ჩემს სულიერ და-ძმასა,
პოეზიის გზას მივყვებით -
არ გადავუხვევთ ამ გზასა.
სიცოცხლის მეხოტბენი ვართ,
ერთურთს ვუსინჯავთ მაჯასა,
დე, მოღებოდეს ბოლოი
ჩვენი მამულის ტანჯვასა.
თავს დასდგომოდეს ნათელი
გრემს... ალავერდის ტაძარსა,
ეგ მეტად გააღვივებსა
გულებში რწმენის ხანძარსა.
დე, მეფემ თვისი ლაშქარი
კვლავ დიდგორისკენ დაძრასა,
მწამს: შეეწევა იესო
ჩემს ქრისტესმიერ და-ძმასა.



ექსპრომტი
(ნინო ჭინჭარაულს)

წავიდეთ!


ვერ გაგახსენე წარსული,
კითხვით მიცქერი-ეს როდის?
მე თოფისწამალს გაწვდიდი,
შენ ქისტებს ტყვიას ესროდი.
ბუხრის წინ მკლავი ეკიდა,
აკვანში თვლემდა პატარა
და სახლის უკან ბექიდან
მოჩქეფდა მთების მათარა.
ხეობის წყაროსთვალები
ჭიუხებს თავზე იმხობდნენ,
შენ თორღვა იყავ კაი ყმა,
მე "ნინო ქალოს" მიხმობდნენ.
ახოში ფუძე დაგვედო
ხვითოთნაფერი ყანითა,
კოშკი-სიპი ქვით ნაგები,
სახლი ჭერხოზე ბანითა.
ეზოში ყეფდა ბომბორა,
ჭაღარა ბაბრის მომრევი,
ხმაშეწყობილად მორბოდა
ქვებზე არაგვის მორევი.
გულს აგრილებდა ჩერო და
მკლავებს ქანცავდა სათიბი,
შენ ტალავარი გშვენოდა,
მე-სადიაცო ქათიბი.
ხან ხატისკარზე შევდგამდით
ფეხს ძღვენითა და საკლავით,
მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,
შენ თაფლის სანთელს აკრავდი.
ხან მომიტანდი პირიმზეს,
ხან პერანგს დაგიქარგავდი,
ხან ვიცინებდით ქილიკზე
-სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით.
აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა
ცა, ბედისწერის თითებში
აქ სული განა კვდებოდა?
კვლავ ცოცხლდებოდა მითებში.
წავიდეთ! ის ხეობები
მთებს ახლაც თავზე იმხობენ,
შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას,
მე ნინო ქალოს მიხმობენ.



ნინო ჭინჭარაული (აკუშურა)






ექსპრომტი
(ნინო ჭინჭარაულს)



როს წავიკითხე ეგ ლექსი,
თვალწინ დამიდგა ვაჟაი.
ჭინჭარაულის ასულო
გფარვიდეს ჯვარი ლაშარის...
სამარადჟამოდ გიცავდეს
თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარი!!!



ექსპრომტი
(გიო ლაცაბიძეს, ირაკლი ყალიჩავას)


დაე, მარად ვიჭექოთ,
კვლავ გავმართოთ ლხინობა.
დაილოცოს ბიჭებო
თქვენი შერმადინობა.



მინდია ცეცხლაძეს
(ექსპრომტი)


ხან ველური ხარ, ხანაც მინდი... ხანაც პრომეთე,
შენზე საუბრობს სიყვარულით ყველა მოკეთე.
გულში სიკეთის მარადისი ცეცხლი გინთია,
არ დაიჩოქო, არ გაბედო ჩემო მინდია.




მაია არდოტელს
(აონს)

ჰე არდოტელო, მოდი მეცეკვე,
შემომანათე ქორფა თვალები!
შენ თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევ,
კოხტა ასულო გენაცვალები!



ემიგრანტ ქართველებს
(ექსპრომტი)



არ დაივიწყოთ ასულნო
სურნელი ქართლის მდელოსი.
საქართველოდან წასულნო,
დაბრუნდით საქართველოში.




სამადლობელი როის
(ექსპრომტი)


სალამი როი! ლექსის მოძღვნისთვის
ლექსით მსურს გითხრა სამადლობელი.
პოეზიაა სარგო მგოსნისთვის,
გამჩენი ღმერთის ვარ მადლობელი...
მუდამ გვეცქიროს ცაში ორბისთვის,
ერთად გვემღეროს საგალობელი!!!



მთაში


გულში სითბო ჩამეღვარა,
მთაში ჰყვავის სიცოცხლე.
აქ ბუნებით უნდა დათვრე,
ეშხით უნდა იწოდე...
მთიელ ქალთა სილამაზე
განთქმულია, იცოდე!!!






ნათი...


ნათი... შემომეწერა
პატარებზე ლექსი,
მსურს ვუმღერო ერთხელაც
მათ სიმღერა მწყემსის.
დილით საწერ-კალამი
კვლავ ავიღე ხელში,
მომავალ წელს ბავშვები
დავპატიჟოთ რთველში.
არასოდეს ეაროთ -
ღამე... სიბნელეში,
სიცოცხლეებს ვუსურვოთ
გაბრწყინება მზეში.




ხუმრობა კარგი გაგებით


მთელ გერმანიას ესმოდა
ჰიტლერის გულის ძგერაო,
ადოლფამ კვაზიმოდოსაც
დააწყებინა წერაო.
ჯემალას უყვარს ქეთუსა,
ირაკლის კიდევ თეამო.
თვითეულ ჩვენთაგანისთვის
ო, აღარ გადის დღე ამოდ.
ურაკპარაკზე ლექსებს დებს,
სიყვარულზე წერს ლიკა-ნა.
რაც შეიტანა მინდიამ,
ისევ ის გამოიტანა.
ო, ბლაგვი ფილოსოფოსობს,
არ ვუყვარვარო ბრბოს ფრიდამ.
ურაკის ქორ-შევარდენი
მოუსავლეთში გაფრინდა.
ვერვინ გასტეხოს სიმაგრე,
ოსტატის ხელით ნაგები.
აქ დავასრულო მსურს თხრობა -
ხუმრობა კარგი გაგებით.



მახარობელი


წუხელის ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ იმისთვის მიშა,
და სწორედ იმ დღეს ჩვენს აეროპორტს
სიხარულისგან გადასძვრა კრიშა.
წუხელის გოგოც დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის ნინო.
მამამისს უთქვამს: ამ ბავშვს ჩემს ხელში
არ მოაკლდება პური და ღვინო.
აქუბარდიას ყველა სიზმარი,
ახდენილა და გამართლებულა.
დაბადებულა თურმე გრეჩიხა,
თურმე გუბაზიც დაბადებულა.
წუხელის ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ იმისთვის გრიშა,
ლეიბორისტი არ გამოვიდეს,
გადარეულა ამაზე მიშა.
''წუხელის მტერი-ერთპირად ჩვენი,
მოსპობის მდომი დადარდებულა“.
დაბადებულა თურმე ჯორჯ ბუში,
ბარაკ ობამაც დაბადებულა.
და გიხაროდენ საქართველოში
ყველა ქალაქში გზა დაგებულა,
და სასწაულიც მომხდარა თურმე,
გლდანი და თემქა განათებულა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები