ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

იქ, სადაც მზე მაქვს შემონახული

შეუფერებლად აპრილისთვის დღეები გაშრნენ,
ღამეებს მთვარე მოეჩვია უფრო თბილი თვის...
ასე ხდებოდა, ბავშვობაში გვშიოდა ბავშვებს
და მეზობელთან გვაგზავნიდნენ ჭადის ფქვილისთვის.
მე მივდიოდი მორიდებით, ჩუმად და ნელა,
უკან მომდევდა, როგორც წესი, ჩემი ბახულაც.
შეგრძნება მქონდა, თითქოს, ყველგან ყოველთვის ბნელა
და იქ მიდიხარ, სადაც მზე გაქვს შემონახული.
მოკლე ნაბიჯით განვიცდიდი სირცხვილთან კავშირს,
მეჩვენებოდა, რომ თვალებში სევდა ჩანაყეს.
მე მივიდოდი, გულით – მძიმე, ასაკით – ბავშვი
და უხაროდა მოხუც ცოლ-ქმარს ჩემი დანახვა.
ცოლი მაშინვე მიმიწვევდა სუფრასთან, ქმარი
ჭიქას მივსებდა და იწყებდა სიტყვას თავიდან.
ღიმილნარევი მძიმე სევდით ვამბობდი: გარეთ
ჩემი ბახულა მელოდება, უნდა წავიდე...
ნეტა, გენახათ, რა საოცრად აჩენდნენ წადილს
ქალის თვალები, რომ მალე არ წავსულიყავი,
ჯერ ემალის ქვაბს გაავსებდა უსაზღვრო მადლით
და მარილივით მოაყრიდა მერე სიყვარულს.
ასეთი ტკბილი მოგონება არასდროს ქრება,
კანკალით მხრებზე რომ მადებდა თბილ და ურჩ ხელებს...
გამოვიდოდი და ცრემლივით მატანდა ძმებთან
შვილიშვილისთვის გადანახულ თხილის ჩურჩხელებს...
ყველაფერ ამას ვიხსენებ და მითბება ძვლები,
ვხვდები, სიცოცხლის ნახევარი მაშინ ვისწავლე...
წლები გავიდნენ... სხვა რაღა ვთქვა?! გავიდნენ წლები,
მე გავიზარდე, მოხუცები გარდაიცვალნენ...
მე, ცრემლიანი მესაფლავე, გიყვებით ამას
და ვამბობ, კაცი მირაჟია, მხოლოდ მირაჟი...
თითქოს, ფოთოლი ხეს მოწყდა და წაიღო ქარმა,
ისე მარტივად ჩაეტია კუბო მიწაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები