ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2011


სამსახურებრივი მოკვლევა

                                                                              I.

მორიგი უსახური დღე თენდებოდა. არაფერს რომ არ გპირდება აი ისეთი, ოცდაათი დეკემბრის დილა.
სულ ორი საათის მოსული ვიყავი სახლში, მაგრამ ავდექი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე. 
ვერ ვეგუებოდი "ქეთოს". ასე ვეძახდით დაკავების ოქმს გამომძიებლები ჩვენი „ჟარგონით“.
    -"ქეთო გამოიყვანეთ"  -  დაკავების ოქმის ამოტანას და ბადრაგის გამოძახებას ნიშნავდა.
"ქეთოს" ორად გაყოფილ ფურცელზე ჩემი ხელმოწერა ქვეყანას ერთ პატიმარს მატებდა,  ოჯახს კი ერთ წევრს აკლებდა.  ამის გამო ლამის უკვე მეჯავრებოდა სიკო დოლიძის კინო-შედევრი. 
პოლიციის სამმართველოს კიბეზე  თემურ ლაკია შემხვდა. ქართულ  კინო - დეტექტივებში ხშირად იწვევდნენ კონსულტანტად და ფილმებშიაც იღებდნენ.  ამიტომაც სიყვარულით ზურგსუკან "ოსკარას"  ვეძახდი. ისე კარგად მოერგო ეს მეტსახელი, რომ სამმართველოს პირადი შემადგენლობა სიამოვნებით ეძახდა „ოსკარას“, არც ნათლიის ვინაობას უმალავდნენ, თუმცა ლაკიას კეთილად ეღიმებოდა და სულაც არ ბრაზობდა ჩემზე. 
    - ოჰ, მეც არ გამიკვირდა რა მზემ გამოანათა ჩვენს პირქუშ შენობაში? - ქათინაურით მომესალმა „ოსკარა“.
      - როგორ ხართ ბატონო თემურ ? -  მოვიკითხე მეც.
      - დღეს კარგად რომ ვიქნები ვიცი - გულიანად გამიღიმა, -  შენ დაგინახე  და აწი რა მომივა, ხო მართლა გახარჯულ ვაზნებზე ოქმი არ შევადგინოთ? - უცბად შეცვალა ტონი. 
      - არ გამიხარჯავს ბატონო თემურ - ვუპასუხე, - საერთოდაც მინდა ჩაგაბაროთ ეგ იარაღი. სულ მგონია რომ რაღაცის მეშინია და იმიტომ მაქვს.  შიში  ცუდი მეგობარია -  გავიღიმე.
      -როგორც გინდა,  ჩამაბარე თუ გინდა და ცალკე გადავინახავ, ახლოს მექნება მაინც. ისე სავარჯიშოდ აღარ დადიხარ ტირში. კარგად გამოგდიოდა  ტყვია-ტყვიაში. სამიზნის გასწორებაღა გინდოდა, ვერაფრით აგწიე ათიანზე... რა მოხდა, არ გცალია თუ  აღარ გინდა? -  საქმიანად გააგრძელა „ოსკარამ“.
      აქეთ იქეთ მიმოვიხედე, მაინტერესებდა  რამ შეაცვლევინა ტონი. კართან საგამოძიებო განყოფილების ზედამხედველი პროკურორის ეშმაკური მზერა შემომეფეთა,  დაუფარავი ეჭვით გვიყურებდა და საუბარს აყურადებდა. 
      - ხვალ დილით შემოგივლით ბატონო თემურ. -  დავემშვიდობე „ოსკარას“ და ლიფტისკენ მოვტრიალდი.
მესამე სართულზე ვიყავი ასასვლელი, მაგრამ ლიფტი ვარჩიე  პროკურორისთვის ზურგის შექცევა - ზრდილობის ფარგლებში რომ დარჩენილიყო.  როგორც იქნა ზლაზვნით ჩამოვიდა ლიფტი. ის იყო კარგი გაიღო და  პროკურორის ხმაც ზედ ყურთან გავიგონე: 
    - დაიცა, მეც მოვდივარ ბარემ ზევით.  არ გძინებია გეტყობა, მორიგე იყავი თუ? - მკითხა  და უკან დაიწია  ლიფტში პირველი მე რომ შევსულიყავი.
      - გამარჯობათ, ბატონო მერაბ, მორიგე არ ვყოფილვარ, სამუშაო მქონდა. - ცივად ვუპასუხე.
      - რა იყო გოგო, რა ხასიათზე ხარ? - თვალები მოჭუტა პროკურორმა.
      -არაფერი ისეთი, უგუნებოდ ვარ ცოტა, - მშვიდად მივუგე. 
      - შენ თუ უგუნებოდ ხარ, დღეს არც ღირს მაშინ თქვენზე ზედამხედველობა, - გაიცინა პროკურორმა, - ყველა უგუნებოდ იქნება მაშინ საგამოძიებოში.  ამდენი კაცის გარემოცვაში გასათხოვარი ლამაზი ქალის  დანიშვნა რომელ ჭკვიანს მოაფიქრდა ნეტა ? – „მეხუმრა“ პროკურორი.
      -თქვენ მოკვლეული გექნებათ უკვე ეგ ამბავი, -  ვუპასუხე მე.
      -ა კიდო, შენ ხუმრობა არ იცი კაცო? – „შეწუხდა“ პროკურორი.
      - ყოველდღე ვიხუმროთ ბატონო? -  "შევწუხდი" მეც.
      - ხო კარგი, კარგი. ისედაც ვიცი შენს გარშემო რაც ხდება. გაგიჭირეს საქმე.  თუ რამეა ...არ მოგერიდოს. მახარებს შენი წარმატებები, შენს ანგარიშზე ამ წელში უკვე სამი გახსნილი საქმეა.  ოპერატიული სულ გვეტრაბახება ჩვენ რომ არ ვიყოთ თქვენ რა გეშველებოდათო. შენ კი თავსატეხი გაუჩინე. დავალებას დავალებაზე უგზავნი... იქეთ აძლევ გახსნილებს, სიამოვნებითაც კი გარბიან შესასრულებლად.  არ აძლევს შენი უფროსი ამ ინფორმაციას სამინისტროს?  გამოძიებით გახსნილ საქმეებზე  წოდების მომატება გეკუთვნის, როდემდე უნდა იყო ლეიტენატი? 
    - ვერ მიმეტებს ალბათ სიბერისთვის, სულ ახალგაზრდა უნდა რომ დავრჩე ,-  ირიბად ვისროლე ირონია  და  ლიფტიდან  გავაბიჯე. 
      ორი წელია მიყურებს როგორ ვმუშაობ და რაღა ეხლა გაახსენდა „გახსნილები“? რა ხდება ნეტა? - გამიელვა გონებაში. 
    - მეც შემოვივლი ბარემ ახლავე თქვენკენ, - მითხრა პროკურორმა, - მერე მაინც არ ეღირება ჩამოსვლა - ისევ ეშმაკურად გაიღიმა და გვერდზე მომყვა.
      ფოიეში ერთად შევედით. რამოდენიმე გამომძიებელი წინა ღამის განმავლობაში მომხდარი დანაშაულებზე დილის ოპერატიულ თათბირს, ეგრეთ წოდებულ "ლეტუჩკას" ელოდებოდა.  ერთმა ეჭვიანი მზერა დამახვედრა,  მეორემ  ხიწვიანად გაიღიმა,  მესამემ მომაძახა:
    - რაღა გიჭირს, დილიდან მეფისტოლა კაცი მოგაცილებს კაბინეტამდე, - ჩემმა გამცილებელმა  თვალებით "გაბურღა". 
და ღრეჭვით დაწყებული წრუწუნით დაამთავრა. 
პროკურორმა  საგამოძიებო განყოფილების უფროსის კაბინეტისკენ გადაუხვია,  მე კი ჩემსაში შევედი და ჩანთა სკამზე მივაგდე.  მზის სათვალე მოვიხსენი და აწყლიანებული თვალები პირდაპირ ხელის ზურგით ამოვიწმინდე.


                                                                                        II.

არავის არაფერს ვაბრალებდი.
ორი წლის უკან, როცა მუშაობას ვიწყებდი, ქალაქის პოლიციის შეფმა  შეხვედრაზე დამიბარა.
შესვლისას,  პირველი ვინც  დავინახე, იყო ვიღაც ძალიან უხასიათო კაცი, რომელიც სავარძელში სპორტულებით იჯდა.  ფლოსტებიანი ფეხები თავხედურად  ქონდა წინ გაშვერილი  და საქმიანად ესაუბრებოდა მოშორებით  მჯდომარე შუახნის კაცს და  კიდევ ერთ ახალგაზრდას.  უფროსმა გამოცდილი მზერით ამხედ-დამხედა  და როყიო ხმით წამოიძახა:
            - ნახე ერთი ვის მიგზავნიან განაწილებით,  აქ  ჰოლივუდი კი არ მაქვს მე?!!!
უნებურად შემეკრა შუბლი და თვალი ჯიუტად გავუსწორე მის ფლოსტებს. 
დაძაბული, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...
            - აქ საიდან მოხვდი? - უცბად მკითხა იმ შუახნის კაცმა.
            - უნივერსიტეტმა განაწილებით გამომგზავნა, დეკანის რეკომენდაცია და წერილობითი მომართვა მაქვს -  ვთქვი გარკვევით, მაგრამ ისე ცივად, რომ ვიღაც სხვა მეგონა ჩემი თავი.
უფროსმა  უხერხულობის დასამალავად ჩემს საბუთებს ჩახედა.
            - იცი რა, გივის ხო იცნობ,  აქ შემთხვევითს არავის გამოგზავნიდა - მშვიდად თქვა შუახნის სტუმარმა შეფის მისამართით  და მომიტრიალდა. 
            - მაინც დაფიქრდი - მითხრა მამაშვილურად,- თუ გადაწყვეტ აქ დარჩენას და თანაც ამათაც "გაუძლებ" - გაშლილი ხელები  მოატარა მთელ შენობას -  ყველაფრის მიმართ იმუნიტეტი მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვს.  - თბილად გამიღიმა უცნობმა.
          უფროსი დუმდა და სახეში აღარ მიყურებდა. შემდეგ ტელეფონი აიღო და მოკლე დავალება გასცა:
          - გააფორმეთ საგამოძიებოში, გამომძიებლად. - ყურმილი დააგდო. სპორტული შარვლის რეზინი წელის გარშემო ცერა თითებით გაისწორა და ისევ სტუმრებისკენ მიტრიალდა... 


            ოჰოო, ესე შენი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გაუპარსავი, ღამენთევი, ფლოსტებით, - ვერაფერი სანახავია - ვიფიქრე მაშინ და უნებურად შევადარე მის სტუმრებს, დილაარდიან ნემსის ყუნწში გამძვრალივით რომ იყვნენ გამოწკეპილი.
            მას მერე ორი წელი გავიდა. მოგვიანებით გავიგე რომ მაშინდელი სტუმარი რომან გვენცაძე ყოფილა.  ცნობილი პიროვნება  ოთხმოცდაათიანი წლების შინგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

რაც მაშინ თქვა იმ ერთი წინადადებით - ყველაფერი ამისრულდა.
ბოროტი გამოხტომები, ავი მზერა, შემაფასებლური  თვალიერება. ამდენ კოლეგაში - არც ერთი გულშემატკივარი. ყველა იმას ელოდება  რა შემეშლება და სად გავიჭედები... 
რეციდივისტებთან და სხვა ტიპის დამნაშავეებთან არ მიჭირდა ურთიერთობა ისე, როგორც ამ შეტრიალებული სულის  ადამიანებთან.
        მესამე სართულის მარჯვენა ფლიგელი საგამოძიებო სამმართველოს ეკუთვნოდა.
ქალაქში  მომხდარ დანაშაულებზე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება  სწორედ აქ მიმდინარეობდა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო პოლიციის ტვინად იწოდებოდა, ხოლო ოპერატიული სამმართველო -- ხერხემლად. გამომძიებლების შემადგენლობა მართლაც მძლავრი იყო. ქალები კი სულ ორნი ვიყავით, მე და ჩემი თანაკურსელის დედა, ოჯახის ქალი, უკვე პოლკოვნიკი და გამოცდილი „ვაჟნიაკი“.  მისი ქმარიც პოლიციაში მუშაობდა და ოჯახის ყველა წევრიც, ამიტომ ის „კონკურსგარეშე“ იდგა და  მამაკაცების „კასტინგის“ ობიექტი მე-ღა ვიყავი.

        მაგრამ  ორი „მეგობარი“ მაინც მყავდა. ერთი -  ძალიან თავშეკავებული კაცი,  ჩემზე  მორიგ "მონადირეს", ორიოდ  სიტყვას რომ ეუბნებოდა "იქ არ მოხვდი"-ს... 
        მეორემ კი პირდაპირ ჩემი „მასწავლებლის“ ფუნქცია იკისრა. მმოძღვრავდა - ამასთან ასე ჯობია, იმასთან ისე...  ყველა დისტანციაზე დასვი და  ფამილარობა დაივიწყეო.
ურთიერთობის ასეთი ფორმა საშუალებას აძლევდა ხშირად შემოევლო ჩემთან.  ეს კი შურით „ხეთქავდა“ სხვებს. 

        მრუმე შენობა შიგნიდანაც ნაცრისფრად იყო შეღებილი. 
ვიჯექი და პირდაპირ  სინაცრისფრეს მივშტერებოდი. თვალში შერჩენილი სისველე  ლუპასავით ისე ადიდებდა კედლის ერთადერთ ბზარს,- რომ  უცბად სტუდენტობის ხიბლსა რეალურ ცხოვრებას შორის საზღვარს მივამსგავსე, დეტექტივებსა  - რეალურ გამოძიებას შორის გამყოფ საზღვარს... ჰმ, შერლოკ ჰოლმსი... ერთი აქ ემუშავა...  ვნახავდი ერთი რა ბიჭი იქნებოდა... ის იყო გავიფიქრე, რომ  ჩვენმა  „კანცელარიამ“ - წვეროსანმა ინგამ ჩამოიქროლა კაბინეტები ომახიანი ჯიჯღინით:
          - "ბიჩებო უპროსტან კველაააააა"... -  მაინც ვერავინ დადგინა რა ჯიშის იყო ეს ინგა.
ჩემთვის არავის დაუძახია. 
ავად მენიშნა.
        - "დაიწყო" - ვიფიქრე და სარკე მოვიმარჯვე. ნაცრემლარი თვალები მოვიწესრიგე,  თმაზე ხელი გადავისვი,  პიჯაკი მოვიცვი და ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა.

        - ქალბატონო, მობრძანდი ერთი აქ -  საგამოძიებო განყოფილების უფროსის გველურად შემპარავი ხმა  ნიშნისმოგებით  ჟღერდა. 
        - რა უხარია,  რა მომიწყო ნეტა ახალი? -  გავიფიქრე, პიჯაკი შევიკარი, მშვიდი ნაბიჯით კაბინეტისკენ გავემართე.  მისი გამოღებული კარის პრიალა ზედაპირში დავინახე კანცელარიიდან თავგამოყოფილმა ინგამ ზურგსუკან ენა როგორ გამომიყო და ჩაიპრუტუნა: 
        - „პადაჟძი, წებე მალა ნე პაკაჟეცა“ . 
        - „ყველამ რაღაცა იცის და მე  - არა“ -გავიფიქრე,  „...ნუ შემიყვანებ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ბოროტისაგან“, -  მომაფრინდა გონებაში.
          კაბინეტში შევაბიჯე  და პირდაპირ კარში გავჩერდი. დაჯდომაზე არც მიფიქრია.
          ერთბაშად გამბურღა სამოცმა თვალმა. 
          სამი სკამი ცარიელი იყო. თათბირს ორი გამომძიებელი აკლდა - „ჩემები“.
          - "ქალბატონო, რო ჩაგიცვია ეგ წითელი „ვერსაჩის“ პიჯაკი და კინოეკრანიდან გადმოსულ რო ჰგეიხარ, 72 საათი გავიდა, რაც მეექვსე კაცი დააპატიმრე,  აღარ იტყვი  წაუყენე ბრალი  ყველასა თუ გასაშვები გაგიხდა  ვინმე?" - კახურად ჩამეკითხა უფროსი. 
        -  ხუთმა დამნაშავედ ცნო თავი, ერთმა,  "მხედრიონელმა", მხოლოდ ნაწილობრივ, - მოკლედ ვთქვი წაყენებული ბრალდებების შედეგი.
        - „მეტს  აღარაფერ იტყვი  „ზვეზდა“ ?!"
        - ბრალდების შინაარსიც გაინტერესებთ ? - ვიკითხე ცივად.
        - არააა, ვიცით ბატონო  ისედაც, ავტოავარიიდან ჯგუფურ ყაჩაღობაზე რომ გახვედი.  ამოიიღლიავე ახლა ეგ საქმე და წადი სამინისტროში, სამსახურებრივ მოკვლევაზე ბრძანდები დაბარებული. ისა და..  შენ ადგილას თბილ „ადიელას“  მოვიმარაგებდი, ეგ  „ვერსაჩი“ იქ არ გამოდაგება  -  მომაძახა ავად.
ოცდაათივე  წყვილი თვალი ნიშნისმოგებით მომაშტერდა.

                                                                                        III.

          - რა უნდა მაგ კლიმაქსიან „მარაზმაწიკს“,  „დალტონიკიც“ ყოფილა,  სად წითელი და სად ლავანდა?  -შემოვარდა ოთახში  - ჩემი „მასწავლებელი“. 
          - რა ვიცი რა უნდა? ან თქვენ ყველას რა გინდათ?- უჟმურად გამომცრა კბილებში.
          - იცი  რა არის  გენინსპექციაში სამსახურებრივი მოკვლევა? - აისხლიტა პასუხი „მასწავლებელმა“, -ეს პოლიციის პოლიციაა, „გესტაპოა“ პრაქტიკულად. „ასობი ატძელია“. იქიდან ვერავინ ბრუნდება სუფთა. არა მგონია გადარჩე, თუ იქ შეაბიჯებ, რამეს აუცილებლად მოგწევენ.
            - რა მცემენ? - მწარედ გავიხუმრე მე.
            - ცემას დაეძებ ?!- გაკვირვებით შემომხედა „მასწავლებელმა“.
            - აბა რა უნდა მიქნან, ფული მე  არ მაქვს და ქონება, ვიბაასებთ ალბათ დილამდე მე და ორი - სამი  „ასობისტი“ და ეგ იქნება. თუ დამიჭერენ ან დააპირებენ მაინც, - პროკურატურას უნდა გადამცენ ყველა შემთხვევაში, როგორც პოლიციის ოფიცერი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი,  ადვოკატსაც მოვითხოვ როგორც მკვდარზე  "ვენოკს"  - ჩემი თავი „კაპეზეს“ კამერაში წარმოვიდგინე და უაზროდ გამეღიმა.

            - დაუშვებელია შენი იქ მოხვედრა. - მტკიცედ მითხრა „მასწავლებელმა.“ - რამე უნდა მოვიფიქროთ. ეს ჩვენი უფროსი სიტყვას არ შეგაწევს, არადა რას ქვია, მე უფროსი ვიყო და ჩემი გამომძიებელი „ასობში“ დაიბარონ, ხომ დავაქციე ქვეყანა?! -  ხელახლა გაბრაზდა “მასწავლებელი“.
            - ანუ გაწირული ვარ?! - სიკვდილმისჯილივით გამეღიმა. 
            - ბატონი მერაბი? - ფრთხილად მოსინჯა სიტყვა  „მასწავლებელმა“.
            - სულ რომ მესროლონ იმ „ასობში“, განყოფილების ზედამხედველთან მაინც არ ავალ. - გადავწყვიტე ჩემთვის.  -  ახლა  მაგას  მივცე მიზეზი რესტორანი შემომთავაზოს „დასალაპარაკებლად“? დამანებე რა თავი,  - ვუთხარი მე. 
            - შენც კიდე, დაგეთმო რა ეგ გახსნილი ეპიზოდები და ყველა ვიქნებოდით ბედნიერად, ახლა რა წყალში უნდა გადავარდე,  „ქალო შენი თეთრი კაბა წყალს მიქონდა მდინარესა“? ჰმ, კაბა კი არა,  ვერსაჩეს ლავანდისფერი  პიჯაკი... - ნაღვლიანად გაიღიმა „მასწავლებელმა“. 
            - ისე ნეტა რას მერჩიან ?  რომ წაიკითხავენ ამ მასალას, თითონ გამოუშვან მაშინ გარეთ ეგ ბრალდებულები, მაგრამ ამ  ნაღიარებ „ბრალებს“ რას უზამენ?
            - კარგი რა  ქაღალდია ბოლო-ბოლო ეგ შენი "ბრალი" - აიმრიზა „მასწავლებელი“. - შენ თუ კიდე საპროცესო კოდექსის გჯერა, არ ყოფილა შენი საშველი.

              უნებლიედ დავხედე  მაგიდაზე  შავყდიან წიგნს,  ოქროსფერი ასოებით ამაყად რომ ეწერა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ... უცბად მომეჩვენა რომ წიგნი შავ ლაქად გაიდღაბნა და ჩემსკენ ისე მოიწევდა, როგორც ამ წუთში ჩემს ტვინში არეკლილი წინასწარი დაკავების საკანი.
წიგნი ავიღე, გადავშალე და ისევ ანგარიშმიუცემლად დავაგდე მაგიდაზე.

            - ვისთვის იწერება ნეტა ეს კანონები, ან მე რისთვის ვიხეთქე თავი უნივერსიტეტში, აქ საკუთარი საპროცესო კოდექსი აქვთ. - გამეცინა მე.
            - ისე „ასობს“ კი მაგრად გაუჭირდება შენი დაკითხვა, არაა გამომძიებლის დაკითხვა ადვილი საქმე, გონება კი გაქვს ცინცხალი, არც მშიშარა ხარ... ალბათ ვინმე გამოცდილ გამომძიებელს დაგისვამენ,  ორნი, ან სამნი იქნებიან ერთად, რომ ერთი სიტყვაც არ გაეპაროთ, დაგღალონ, დაგაბნიონ და ის გათქმევინონ რაც სურთ. თან ლამაზიც ხარ. არ ვისურვებდი მაგათ ადგილზე ყოფნას - გაიღრიჭა „მასწავლებელი“, - სამინისტრო კი არა და,  მთელი  სისტემა გაიგებს ამ ამბავს.

            - სერიოზული „პარნოი“ მელოდება ესე იგი... არა მაინც არ მესმის რაღაც . . . ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევით დაიწყო ეს საქმე  სამხედრო პროკურატურამ. სამხედრო პირის  ორსული ცოლია  დაზარალებული, მეორე ოფიცერი დაჭრილია. საქმე უკვე იყო შეკერილი ჩვენ რომ გადმოგვცეს, რატომ მომცეს ეს საქმე მაინც და მაინც მე? -  წამომეპარა მთავარი კითხვა. 

            - თავიდან ალბათ „უპერსპექტივობის“ გამო,  ფიქრობდნენ რომ არაფერი გამოდნებოდა მაქედან და "თავისი ბიჭები" არ გააწვალა შეფმა. მაგრამ  მერე შენ მოახდინე რაც მოახდინე... ყველა ძაფს გაყევი და ყაჩაღობამდე მიხვედი, ავტომატები, გაურკვეველი მანქანა, ტყვია-წამალი და რავი, რაც მოუხდება  ყაჩაღობის მუხლს, - ყველაფერი „გაჩითე“ მაგ საქმეში.  შენს ზურგს უკან თითო შენი ნაბიჯი ირჩეოდა უფროსის კაბინეტში. მეგონა რაკი გართულდა სხვას გადააწერდნენ, ან საგამოძიებო ჯგუფს მაინც შეგიქმნიდნენ.  მაგრამ, იმას მაინც ვინ იფიქრებდა იმ დაჭრილ „მხედრიონელს“ სახლში თუ დაადგებოდი დასაკითხად?  ამან სულ გააგიჟა მაშინ  შეფი, - მე რატომ არ მკითხაო.

            - რა უნდა მეკითხა, პროცედურა უნდა შემეთანხმებინა თუ დასაკითხი პერსონა? - ავიმრიზე მე.
            - ახლა როგორც ვხვდები „დასაკითხი პერსონა“- მომიჭრა „მასწავლებელმა“ - არ იცი ვინაა ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე  „მხედრიონელი“ და  ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ?  - თვალი მოჭუტა „მასწავლებელმა“.
            - ის გამხდარი და შავი ბიჭი სულ ავტომატით რომ დარბის და თეთრ ბოტასები აცვია?  მერე მე მასთან რა საქმე მაქვს, ეგ ხო ოპერატიულ სამსახურს კურირებს, რაკი ამ შენობაში ზის ვალდებული ვარ ვიცნობდე? - გავღიზიანდი მე.
            - არა, არ ხარ ოღონდ შენს დონეზე, -მიპასუხა "მასწავლებელმა", - მაგრამ სხვა, - სხვა დონეზე ვალდებულია ალბათ.
            - მაგასთან უნდოდა შეეთანხმებინა? - ვიკითხე გულუბრყვილოდ.
            - ახლა საქმის კურსში მაინც ხო უნდა ჩაეყენებინა.  - ივარაუდა „მასწავლებელმა“.
            - რატომ ვითომ, სისხლის სამართლის საქმე საიდუმლო აღარაა და ყველას ყველაფერი უნდა გაუმხილონ? - არ ვიშლიდი ჩემსას.
            -ის უმართავი ტიპია, ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს, შეიძლება ქალაქის პოლიციის შეფმაც ვერ დაასწროს, მიკვირს მაგისთანა ხასიათის კაცი როგორ ითმენს მოადგილედ  მაგ „მხედრიონელს“. 
            -ახლა კი ვხვდები რატომაც იყო მაშინ ეგეთ გუნებაზე, რაც აქ ფეხი შემოვდგი, მას მერე მაგაზე  უფრო ცუდ ხასიათზე  მე ვარ.  -გამახსენდა პირველი შეხვედრა მთლად შეფთან.

            დაძაბული ვფიქრობდი. გონება უზუსტესი საათივით მუშაობდა. სამტომიანი საქმე სამთავიან ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულად იქცა. რომელიმე თავი აუცილებლად მომწვდებოდა. ექვსი გავლენიანი პატიმარი ნებისმიერისთვის საფრთხე იქნებოდა, მაგრამ ეს როდი იყო მთავარი. ეს ხალხი საპატიმროში გამოკეტილიც კი  მებრძოდა და მარტო გარეთ გამოსვლისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ იქით ცდილობდნენ ჩემს  დაჭერას ...  გონი გამოსდიოდათ კიდეც... გამახსენდა კრიმინალური პოლიციის უფროსის ნათქვამი "სერიოზულად შეტრიალდა ეს ყველაფერი, ძალიან საშიშ სახეს იღებს,  ვერ ხედავ გარეთ რა ხდება... პროკურატურა  ამაღამვე საქმის კურსში ჩააყენეო"...   

      გამომძიებლები კაბინეტებს უბრუნდებოდნენ. კარების გაღება-დაკეტვის ხმები ერთი-მეორის მიყოლებით მესმოდა.

            - კი მაგრამ განყოფილების პროკურორს ხომ ვუთხარი "მხედრიონელის" დაკავებას რომ ვაპირებდი, აკი დასტურიც მომცა, თავად უღიარებია და სხვა რა გზააო, დანაშაულს ხომ არ დაფარავო, - ასე მითხრა გუშინ დილას, - გამახსენდა წინა დღის საუბარი ზედამხედველ პროკურორთან. 
            - ხოდა ახლა მაგათ ორივეს უმადლოდე „ასობის“ მოსაწვევს. არა ისე რამ მიგიყვანა მაინც სახლში მასთან, ხომ შეიძლებოდა ესროლა შენთვის? სულაც ეგენი არ „გრემიტობენ“ ახლა ყველგან? ისე გაგაქრობდა,  კაცი ვერ გაიგებდა შენს ამბავს, გიჟი ხარ ნამდვილი... პროკურორი მაინც წაგეყვანა! - გაბრაზდა „მასწავლებელი“.

            - რა, პროკურორს არ ესროდა? ეგ რომ არ დამეკითხა, დანარჩენი სამის დაკავების საფუძველი საეჭვო ხდებოდა, დაგავიწყდა, ყველა ეჭვი რომ ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება?! სამ დღე-ღამეში ამდენი კაცის დაკითხვა, ჩვენებების ანალიზი, დანაშაულების კვალიფიკაცია, მტკიცებულებების მოძიება და ბრალის წარდგენა, აი ახლაც არ ვიცი როგორ მოვასწარი...  ჩვენების მოცემაზე  უარს არ ამბობდა ის კაცი... პირიქით, ძალიანაც თავაზიანად მპასუხობდა... ხუმრობდა კიდეც, ეტყობა დარწმუნებული იყო რომ  ვერაფერს ვუზამდი და ამიტომ დამთანხმდა ჩვენებაზე... ამ დილასაც შემხვდა პროკურორი, - გამახსენდა ლიფტის სცენა -  ესე იგი უკვე იცოდა რა კოშმარიც მელოდა  გენერალურ ინსპექციაში და „ფორა“ მომცა რომ მასთან საშველად ავსულიყავი?.. უხ მაგისი ...  -  გამოვცერი კბილებში. 

            - ერთი მითხარი - მივუტრიალდი „მასწავლებელს“, -  მაშინ რატომ არ ჩამომართვეს საქმე და სხვა ჯგუფს არ გადასცეს?
            - მგონია რომ შენს „გასაფუჭებლად“ დაგიტოვეს ეს საქმე.  სხვა შემთხვევაში ასე არ ხდება. მანდ  რაღაცის „გაიმასქნება“  შეიძლებოდა ალბათ.  ის „მხედრიონელი“ უკან არც დაიხევდა არაფერზე. შენ კი დაბლოკე, თან ვინ? ახალგაზრდამ, გამოუცდელმა და ქალმა. თანაც  მერამდენედ... როდის იყო უფროსი უმცროსს თხოვნით მიმართავდა...  ბრძანებით კი რას გიბრძანებენ,  ფორმალურად გამომძიებელი დამოუკიდებელია, საქმეზეც მარტო შენ აწერს ხელს. ასე იქნებოდა თუ ისე, ოდესმე მაინც ცუდად იქნებოდა შენი საქმე.  არ გიკვირს, რატომ გამოგიცხადეს სამსახურებრივი მოკვლევა  ოცდაათი "ვაჟნიაკის" წინაშე ? ასეთ რამეს ყველას ერთი-ერთზე ეუბნებიან. ასე თუ ისე, ყველა ვართ იქ ერთხელ მაინც ნამყოფები. შენი  დაბლოკვებისთვის ჭკუა გასწავლეს, სხვებსაც დაანახეს რომ დაუსჯელი არ დარჩი. ფეხებზე დაიკიდეს  ახალგაზრდა რომ ხარ და თან ქალი. შენ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ხარ, მაგრამ  ურჩი გამომძიებელი ხარ, თავნება, რომელიც სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს და არც შესრულება უჭირს... და აი ამიტომაც უნდა „გაფუჭდეს.“

            -ანუ, რა გამოდის ? მე თუ თავიდან მომიცილებენ, „მხედრიონელი“  კარგად გადაიხდის, გასუფთავდება და გარეთ გავა, ამას ის სამიც მიყვება, ცოტას ისინიც გადაიხდიან ალბათ. საქმეში დარჩება მარტო ავარიის ეპიზოდი და ორი პატიმარი, ჯგუფური ყაჩაღობა  გაქრება.  მე  „უფლებამოსილების გადამეტებას“  ამკიდებენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცემენ...  უკეთეს შემთხვევაში, პირობითს მომისჯიან და მოგჭამა იურისტის კარიერამ ჭირი? - როგორც იქნა დავილაგე აზრები.

            - კი, თუ ეგ გაკმარეს და უკანონო პატიმრობის ათწლიანი მუხლი არ აგკიდეს! - ჩაილაპარაკა  „მასწავლებელმა“. 
            - მოიცა, მოიცა... ვითომ რატომ არ მეტყვიან მშვიდად, რომ განცხადება დავწერო და სამსახურიდან წავიდე? 

            - საქმეც მაგაშია ლამაზო, რომ  შენ „გასვრილი“ უნდა წახვიდე.  რომ გაასაჩივრო მერე რამე?  დაკითხვის ოქმები, ბრალები, მოწმეები, ჩხრეკები, ამოღებები... ყველა მტკიცებულება შენს ხელშია, ან იქნებ ასლები გაქვს "სადმე" შენახული?  მთავარი ისაა რომ შენი მონაყოლი არავინ არ დაიჯეროს ! ამიტომაც "დაგანახეს" ახლა ახლოდან ციხის კარი და თუ დაგაპატიმრებენ ეს უფრო არ აწყობთ? - ეს  კი  უკვე მართლა მასწავლებლის პასუხი იყო. 
           
შევხედე. ზურგშექცევით იდგა, ფანჯრიდან ცას უყურებდა. მივხვდი ნანობდა ნათქვამს, მაგრამ არ იმჩნევდა. 
         
          -  თუ დღის ბოლომდე არ გამოვჩნდი... ესე იგი... 
მასწავლებელი სწრაფად  შემოტრიალდა. უცბად დავინახე უღრუბლო ცასავით სუფთა თვალები და ის, რაც აქამდე არ დამინახავს,  თუ არც მაჩვენებდა... აშკარა საფრთხემ  დიდაქტიკოსის ნიღაბი გააქრო. აღარაფერი ქონდა დასამალი. თვალები თავისთავად ლაპარაკობდნენ სათქმელს. ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე, თავი შევიკავე რომ არაფერი მეთქვა. ჰმ, რამ დამაბრმავა მაინც...   
          სამტომიან საქმეს ხელი დავტაცე  და  როგორც იქნა ჩანთაში  ჩავჩურთე.  ჩემი კეპიანი „გავროში“ ქუდი პირდაპირ თვალებზე ჩამოვიფხატე.
            - „პირველივე ტაქსში არ ჩაჯდე“ -  დამეწია ორი სიტყვა.  ნერვები წკიპზე მქონდა, მაგრამ მაინც დავიჭირე ყურით  ხრინწი... 
       

                                                                                  IV

ცარიელი ფოიე სწრაფად მოვათვალიერე. ლიფტს გვერდი ვუქციე. 
უკანა კიბის ბაქანზე სიბნელეს შევერიე  და  სულ მოუთქმელად,  ელვის სისწრაფით,  ფეხით ავირბინე ზედა რვა სართული... 
ქალაქის პროკურორის  კაბინეტში ისე შევვარდი, რომ  მისი მდივნის ხელების სავსავი არც შემიმჩნევია.
        - რა ხდება?  - სკამიდან წამოდგა პროკურორი.
        - სამინისტროში მიბარებენ, „ასობში“  ბატონო ვალერი, - ძლივს მოვითქვი სული. 
        - რა დააშავე ასეთი?
        - არც არაფერი, მაგრამ  იმ სამი  გახსნილი ეპიზოდის გამო ხდება ეს ამბავი, როგორც ვიცი. 
პროკურორს ერთი წამით თვალები დაუმრგვალდა - დაკვირვებით და გამომცდელად მიმზერდა. 
        - რამდენი წლის ხარ?
        - ოცდახუთის. 
        - ვინ იცის  აქ რომ ხარ? 
        - არავინ.
        -არც იმან? - დააზუსტა პროკურორმა.  მივხვდი „მასწავლებელზე“ მეკითხებოდა. ყველას ცოდნია ჩემს გარდა...რამ გამომაშტერა ასე...
        - არა, არც იმან... - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი....
        - მაშ გიჭერენ ესე იგი, ჰა ?! ...- მომესმა ცივად...
ჩემი დუმილი აშკარა დასტურს ნიშნავდა...
      პროკურორიც დუმდა. .. 
        - რამდენი პატიმარი გყავს ახლა მაგ საქმეზე? - თითქოს რაღაც გაახსენდა პროკურორს
        - უკვე ექვსი.
        - საგამოძიებო ჯგუფი გეკუთვნის.
        - არ მომცეს.
        - მარტომ იმუშავე და სამ დღე-ღამეში  ბრალდებების წაყენებაც მოასწარი ხომ?
        - კი.
        -  ვინმე დაგეხმარა?
        - არა.
        - გამოდის მარტო შენ იცი დეტალურად, რაც ხდება მაგ საქმეში.... იცი რა  ახლავე წადი...  და თითო კითხვაზე რამდენი დროც გჭირდება იმდენი იფიქრე...თუ გინდა მთელი დღე და ღამე. უცბად პასუხი არაფერზე გასცე. არც შეგეშინდეს.  ყველა ისეთი არაა  აქ,  შენ რომ გგონია!  საქმე მხოლოდ ხელწერილით გადააბარე, ისე,- საერთოდ არ აჩვენო, შენ ჯერ თავისუფალი ხარ და გამომძიებლის ყველა უფლებით სარგებლობ, ასე რომ თუ საჭიროდ ჩათვლი - შეგიძლია არც არაფერი თქვა!  იბრძოლე და არაფერი დათმო.-  უკვე ზურგშექცევით მითხრა პროკურორმა და მაგიდისკენ  წავიდა. 

      - ხო, მართლა საქმე ხელზე მიგაქვს, თუ კურიერს ატან? - მოუბრუნებლად მკითხა.. 
      - ხელზე მიმაქვს, მითხრეს სასწრაფოაო.
      - პირველივე ტაქსში არ ჩაჯდე ...
      - ბატონო ვალერი, თუ საღამომდე არ დავბრუნდი... - მინდა მხოლოდ თქვენ იცოდეთ... ჯერ...

პროკურორი არც შემობრუნებულა.  მარცხენა ხელი მომუშტა და მაგიდას დაეყრდნო. მივხვდი პასუხის გაცემას არ აპირებდა, აღარც დავლოდებივარ.  ვიცოდი  ქალაქის პოლიციის სამორიგეო უკვე მეძებდა და თავქუდმოგლეჯილი ისევ ფეხით დავეშვი უკანა კიბით მეთორმეტე სართულიდან... 

                                                                                V
სამინისტროს  მისაღებში  სამსახურებრივი მოწმობა გამომართვეს და ლიფტისკენ მიმითითეს.
        - მესამე სართულზე ახვალთ, სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მოპირდაპირე მხარესაა გენერალური ინსპექცია - მშრალად მითხრა მორიგემ.
          ჰმ, ისევ მესამე და მესამე... დღეს სამჯერ „მესამე“ ...
ის იყო „ასობში“ უნდა შემეხვია, რომ ვიღაც  ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა მკლავში წამავლო ხელი.
        - ბოდიში, გოგონა, თქვენ  ქალაქის საგამოძიებოდან ხართ? 
        - დიახ. 
        - მობრძანდით, გენერალი გელოდებათ.
        - ვინ  მელოდება? - ენა ამება.
        - მინისტრის მოადგილე გელოდებათ, გენერალი. 
        - მე მელოდება? - გამიკვირდა... 
        - დიახ თქვენ.
        - მე სამსახურებრივ მოკვლევაზე ვარ დაბარებული. - თვალი გენერალური ინსპექციის ფლიგელისკენ გავაპარე, არც თუ ტყუილად... ორი მაღალი და ძალიან სიმპათიური „ასობისტი“, ნელი, მაგრამ მტკიცე და მოზომილი ნაბიჯით ზუსტად ჩემსკენ მოდიოდა.
      - ჯერ მინისტრის მოადგილესთან ქალიშვ... ლეიტენატო. - ელვის სისწრაფით მომატრიალა ახალგაზრდამ და პასუხსაც არ დალოდებია ისე ხელგაუშვებლად, ნახევრად სირბილით გამატარა  „ასობისტების“ მოპირდაპირე დერეფანი.  თანაშემწემ მისაღების კარი შეაღო და მინაზე წამით თვალი მოვკარი  ანარეკლს -"ასობისტები" დერეფნის ბოლოს იდგნენ და თვალს არ მაცილებდნენ. 
        მისაღები  გადავჭერით და პირდაპირ მინისტრის მოადგილის კაბინეტში აღმოვჩნდი.

საშუალო სიმაღლის, სპორტული აღნაგობის კაცმა  ჩემამდე დარჩენილი მანძილი შუამდე  გამოიარა და  გაჩერდა.
      - გამარჯობათ. - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ვთქვი:
      - აქეთ მობრძანდით ლეიტენატო - მიმიპატიჟა გენერალმა,
      - საქმე თუ გაქვთ თან?
      - დიახ.
      - რითი მოხვედით?
      - ტაქსით.
      - პირველივეთი? 
      - არა. 
      - სწორია. დაბრძანდით. იცოდით  აქ  რომ უნდა მოსულიყავით?
      - ორმოცი წუთის წინ, მოულოდნელად მითხრეს  სამსახურებრივ მოკვლევაზე  გენერალურ ინსპექციაში გიბარებენ და საქმეც წაიღეო. თქვენთან გამოძახებას არ ველოდი. სამოსის გამოცვლაც ვერ მოვასწარი. ბოდიშს ვიხდი.
      - ქუდი მოიხადეთ ლეიტენატო. -  "გავროში" მოვიხადე და სკამზე სწრაფად დავდე. გენერალი სულ რაღაც წამის მეასედით აშკარა და მოულოდნელმა განცვიფრებამ მოიცვა, მაგრამ არ შეიმჩნია და მოკლედ მითხრა:
      - საქმე!
უჩუმრად მივაწოდე.
      სრული დუმილი გამეფდა. 

      ყურები მიშხუოდა თუ სიჩუმე ხმაურობდა - ვეღარ ვარკვევდი.
მინისტრის მოადგილეს სამივე ტომი წინ ედო.  ხელში ჯერ პირველი ტომი ეჭირა. ჩუმად კითხულობდა.
      მთლიანად დაჭიმულმა დაღლა ვიგრძენი.  ვცდილობდი არ გავნძრეულიყავი.
მისი სამუშაო მაგიდის მისადგმელთან ვიჯექი. ხელი ნიკაპქვეშ ამოვიდე.
      ფანჯრიდან ორთაჭალის სანახები ჩანდა. ზამთრის ამინდს დაემჩნია თავისი ფერი ქალაქისთვის,  თუ ეს შეგრძნება დილიდან იყო გამოყოლილი ...- მთლად ნაცრისფერს მივშტერებოდი, ოღონდ ბზარ-საზღვარ გამოღმა ნაცრისფერს... საზღვარგაღმა დარჩენილი ოცნებები ნაცრისფერ აწმყოს მთლიანად გადაეფარა... 

    გენერლის უკან პატარა მაგიდაზე ერთადერთი ფოტო იდგა. ახალგაზრდა ბიჭი ღიმილით მიცქერდა. 
  ...თავი მოიკლაო... - გამახსენდა სამინისტროს კულუარებში ყურმოკრული ამბავი.
    ჩუმად გავაპარე თვალი.
ბრალდებას კითხულობდა. დაკვირვებით და გამოწვლილვით სწავლობდა თითო სიტყვას.... ყურადღებას არ მაქცევდა.  სულაც ვერ ამჩნევდა მის გარდა ვინმე იყო იქ, თუ არა.
სუნთქვა ჩამიცხრა. უძილოს, დაძაბულს და განერვიულებულს რული მერეოდა.
ვგრძნობდი დიდი დრო გავიდა მაგრამ კედლის საათისკენ არც გამიხედავს, მეშინოდა ყურადღება არ გამეფანტა მისთვის.
    მაგიდაზე  ხელი ფრთხილად, შეუჩნევლად ჩამოვაცურე  და ზედ თავი დავადე. ჩემი მოძრაობა არც კი შეუმჩნევია... 
        .......
... მხარზე შეხება ვიგრძენი. თავი ავწიე და ფანჯარას შევხედე. უკვე ბნელოდა, კარგად შეღამებულიყო. 
    - ბრალი წუხელ წაგიყენებიათ იმ "მხედრიონელისთვის" ბოლო ეპიზოდზე, უძილო ხართ? - მკითხა გენერალმა.
    - ცოტათი,  სამ დღე-ღამეში ჩატევა ძნელია. - ჩუმად ვუპასუხე.
    - ეს დალიეთ, მოგიხდებათ, - პატარა ჭიქაში სითხე ჩამოასხა გენერალმა.
ბლანტმა სითხემ  ნელა ჩაიარა ყელი, შიგნიდან და გარედან ჰიპნოზივით იმოქმედა და ვიგრძენი დაღლილობამ ტვინიდან გულისკენ როგორ დაიწია.... ცარიელი ჭიქა მეორედ ანგარიშმიუცემლად გავიშვირე წინ, გენერალმა  შეფარვით გაიღიმა და კიდევ შემივსო.
    - რა არის ეს? - ვიკითხე გაკვირვებულმა,  ჩემმა გულუბრყვილობამ  უკვე აშკარად და გულიანად გააღიმა...
    - ლუდია  - გავიგონე მშვიდი ხმა. იმ დღეს ლუდი პირველად გავსინჯე...
 

გენერალი ფანჯარასთან მივიდა და ჩემგან  ზურგით გაჩერდა. ორთაჭალის ციხის მხარეს იყურებოდა.
მივხვდი, რაღაც უნდა ეთქვა. დღეს რატომღაც ყველა ზურგშექცევით მეუბნებოდა "მთავარს".

      - გავეცანი  საქმეს. აქ ისეთს ვერაფერს ვხედავ რომ თქვენზე სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდეს. ვერც უკანონო პატიმრობის ელემენტს ვხედავ. ყველაფერი კანონიერია და ზუსტი, ... მეტიც, სამი ეპიზოდი გამოძიებით გაგიხსნიათ და ბოლომდეც მიგიყვანიათ, საბრალდებო დასკვნის მეტი თითქმის აღარფერი აკლია. მე სანთლით ვეძებ ასეთ შემთხვევებს, გამოძიებით გახსნილი საქმეები იშვიათია... რატომ არ მაცნობეს ? - იკითხა.
      - არ ვიცი.
      - ამოღებული ავტომანქანა სად არის ლეიტენატო?
      -  პატრონი არ გამოუჩნდა, ძიებითაც ვერავის მივაკვლიე, ამიტომ როგორც უპატრონო ქონება, საკომისიო მაღაზიაში გავყიდე. ფული ბიუჯეტმა მიიღო.
      -  ამოღებულ იარაღს და ტყვია-წამალს რა ბედი ეწია?
      -  თქვენთან ინახება სამინისტროში დროებით, ბალისტიკური ექსპერტიზა დასრულდა და აქ ჩავაბარე საწყობს.
      -  რას ფიქრობთ  ლეიტენატო ამ ყველაფერზე?
      -  მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მეგონა კარგად ვაკეთებდი.  დამოუკიდებელი და  შეუთანხმებელი  გადაწყვეტილება  ვიღაცას არ მოეწონა ალბათ...   
      - ვითომ ეგრე იოლადაა საქმე? - ფანჯრის მიღმა უსასრულობას გაუგზავნა კითხვა გენერალმა.
კითხვა მე არ მეკუთვნოდა. ისევ დუმილი ჩამოვარდა. თვალი საათისკენ გავაპარე, ისრები საღამოს ცხრაზე გაწოლილიყვნენ.
      -  მოხარული ვარ რომ შეგხვდით, თქვენზე რაც მსმენია - სიმართლე ყოფილა... თავისუფალი ხართ  ლეიტენატო. თანაშემწე  ჩემს მანქანამდე მიგაცილებთ და პირდაპირ სახლში წახვალთ, საქმე აქ დარჩება და სამინისტროს საგამოძიებო სამმართველო მიხედავს.  ძალიან გართულებულა ეს საქმე  და როგორც ჩანს,- თქვენი ცხოვრებაც. წადით და გამოიძინეთ. - გენერალი ისევ ზურგშექცევით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა.   
          კართან მისულმა მოულოდნელად გავიგონე:
      -  ქუდი დაგრჩათ  „გავროშ“!  - გენერალი თვალებით მიღიმოდა. 
          ქუდს ხელი ვტაცე და ისევ კარისკენ შევბრუნდი.
გენერალი ძალიან, ძალიან ხმადაბლა საუბრობდა ტელეფონით. ყურადღებას აღარ მაქცევდა. ფეხაკრეფით გამოვიძურწე მისაღებში. თანაშემწემ ხელწერილი მომცა - „საქმის გადაბარებაა" - მითხრა  და ჩემი შემსუბუქებული  ჩანთა მომაწოდა. 

          ქუდი ჩამოვიფხატე, საქმის ტომები აღარ მამძიმებდა, "ასობისტების" დერეფანი ცარიელი იყო...
კედლის ნათურები ოდნავ ანათებდა კიბის საფეხურებს მოყვითალო მოთეთრო ნათებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მორგის დერეფანში მივდიოდი საკუთარი გვამის ამოსაცნობად. თანაშემწე უხმაუროდ და მსუბუქი ნაბიჯით ოდნავ წინ მიდიოდა, ზუსტად ასე მიაცილებენ მიცვალებულის პატრონს მორგში...

ღამის მორიგე ფეხზე წამოხტა და ჩაკეტილი კარი უხმაუროდ გააღო. სამინისტროს კარიდან  ჩრდილივით გავსრიალდი.
გენერლის მანქანის უკანა კარი თანაშემწემ გამიღო:
        - ახლა ვეღარ დაგჩაგრავენ  და სახლშიც უსაფრთხოდ მიხვალ, - ჩაილაპარაკა და კარი მოხურა. 
მანქანას ღამის სიჩუმე არც კი დაურღვევია ისე გასრიალდა მტკვრის სანაპიროზე. მუსიკა ხმადაბლა მაგრამ მკაფიოდ უკრავდა. შოპენის ვალსი, დაჭიმულ ნერვებს ნელ-ნელა ადუნებდა. 
დილიდან თვალებში გაჭედილი წყვილი  ცრემლი როგორც იქნა ნიკაპთან გამენასკვა...
ძალიან ნელა, მაგრამ უკვე ვმშვიდდებოდი. 
                                                                                 
                                                                                      VI.

დილით ადრე გამეღვიძა. დედა  აღელვებული  და  შეშფოთებული მიცქერდა. 
            - შენი  თანამშრომელი  ორჯერ მოვიდა  გუშინ საღამოს, რა ხდება აღარ იტყვი? 
            - როდის?
            - მეორედ რომ მოვიდა, უკვე გეძინა. ვეპატიჟე მაგრამ არ შემოვიდა, თქვა,  ესე იგი მოგვარდაო... რა მეფიქრა აღარ ვიცოდი ... 
            - არაფერი, ისეთი, მინისტრის მოადგილემ ლუდზე დამპატიჟა თავის კაბინეტში, - ვუთხარი ღიმილით.
            - ეგღა გვაკლდა - შეიცხადა დედაჩემმა.  - რა უნდოდა?
            - იმ დიდ საქმეს გაეცნო. კარგი ადამიანია, იცი, შვილი ყოლია მკვდარი.  - მოკლედ მოვუყევი დედას მომხდარი.
            - ესე იგი, კარგი მუშაობისთვის, ამ საახალწლოდ  შენს დაჭერას აპირებდნენ შვილო ?!...
            -  ჰო ეგრე გამოდის...
            - ეგენი ახლა უფრო აღარ მოგცემენ  მოსვენებას შვილო, ბრძოლა მოუგე... თან როგორი ბრძოლა, უსისხლო... "ცივი ომი"... თან რა დროს, "მხედრიონი" რომ მართავს ყველაფერს...   
            - აღარც კი ვიცი ვინ არ მომცემს მოსვენებას, ჩემი შეფები თუ ჩემი ბრალდებულები... ამაღამ ახალი წელია... 
            - ბრალდებულების შენ არასოდეს გეშინოდა შვილო, ყველაზე საშიშები გვერდით გიზიან, სამსახურში...

დედის  მზერა თვალში ჩამრჩა და სამსახურამდე მიმყვა.
კიბეზე ასვლისთანავე მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. უყოყმანოდ გადავუხვიე მარცხენა ფლიგელისაგენ და „ოსკარას“ კაბინეტის კარი შევაღე. 
            - ვაჰ, მობრძანდი,  - ფეხზე წამოდგა მასპინძელი. 
            - შეპირებული პისტოლეტი ვაზნებიანად, გადაიბარეთ ბატონო თემურ და შორს შეინახეთ - გავიღიმე.
            - რა მოხდა?  ორგანოდან მიდიხარ ? - მიხვდა  „ოსკარა“.
            - რა ვქნა ვერ გამოვიცვალე სისხლი, არ გამომივიდა, ჯიში არ მიწყობს ხელს - გავიცინე...
            - მოულოდნელი არაა ეგ ჩემთვის ... სანამ საბუთებს მოვამზადებ ნახევარი საათი მჭირდება.
            - ზუსტად ეგ ნახევარი საათი მჭირდება მეც, - ვუპასუხე და კადრების განყოფილების კარი შევაღე.
განცხადება და სამსახურებრივი მოწმობა ერთად მივაწოდე ინსპექტორს. შრომის წიგნაკში  სულ დღეებით და საათებით ჩამიწერეს რამდენი ხანი მქონდა ნამუშევარი პოლიციაში... 
            - საუნივერსიტეტო განაწილების სავალდებულო ვადა გუშინ გაგითავდათ, - მაცნობა კადრების ინსპექტორმა. 
            -ზუსტად მაგას ველოდი, - ხალისიანად ვუპასუხე გაკვირვებულ ინსპექტორს. 
            - ჰო მაგრამ თქვენ, როგორც სამხედრო პირს  რეზერვში გადაგიყვანენ, სრულიად თავისუფალი სამოქალაქო პირი მხოლოდ ორი თვის შემდეგ იქნებით - შემახსენა ინსპექტორმა. 
            -დავისვენებ მაგ ორ თვეს, რაღაცეების დავიწყებაში დამეხმარება. - გავუღიმე და კარი მოვიხურე.
კაბინეტში ნივთები ავალაგე. ტელეფონი აწკრიალდა. ჩემი  "ნაუფროსალი" მეძებდა. სეიფის გასაღები ავიღე და კარი  გამოვიკეტე. ტელეფონი გაბმულად, განუწყვეტლივ რეკავდა... 

ჩაბარგებული პირდაპირ ქალაქის პროკურორს  ვეახელი.
          - ბატონო  ვალერი,  დიდი მადლობა, თქვენ რომ არა, ახლა ალბათ „ქეთო“ ახლა ჩემზე იქნებოდა გამოწერილი. 
          - მოესწრო ესე იგი ხომ? - გაეხარდა.
          - სულზე, - შვებით გამეცინა, -  პირდაპირ ცხვირწინ ააცალეს ჩემი თავი საქმის ტომებიანად "ასობისტებს"!   
          - ვიცი ყველაფერი..., - თვალები მოჭუტა პროკურორმა.
          - ახლა რას აპირებ? - მკითხა.
          - აწი სამოქალაქო სამართალში ვიმუშავებ, დაბადების და ქოწინების მოწმობებს გამოვწერ და სულ ბედნიერ სახეებს უნდა ვუყურო, არავითარი სისხლის სამართალი და პატიმარი -  პირველად ვიხუმრე გულიანად.   
          - არ მიხარია ეგ მე, სიმართლე რომ ვთქვა. ისე, აქ ახალს ვეღარაფერს ისწავლი.  ყველა მუხლი გაქვს გამოძიებული ქვემდებარეობით.  ის საქმე შეიძლება ისევ აქ დაბრუნდეს.  მინისტრის მოადგილეს უკვე  შესწავლილი ქონდა და... აღარ ჩაითვალა საჭიროდ „ასობის“ ჩარევა. კარგადაა გამოძიებულიო, ერთი დეტალიც არაა გაპარულიო, აფერუმ მაგ გოგოსო... აბა...  ისე შენ თუ მიდიხარ, საინტერესოა ვინ დაწერს მაგ საქმეზე საბრალდებო დასკვნას?!
          -  ხო ყავთ „მოსე მწერლები“ და „სანდო“ გამომძიებლები,  - გამეღიმა მე.
          -  ჰმ - გაეცინა პროკურორს, -  მე კი მითხრეს თუ  საბრალდებოს თითონ არ დაწერს, უნივერსიტეტში ვუჩივლებთო... მაგრამ ეგ ახლა უკბილო ძაღლის კბენაა ... ჰოდა ახლა ჩადი მესამეზე და ისე გაიარე იმ ფოიეში, თითქოს პოდიუმზე დადიხარ... ჰო, თვალისმომჭრელი ღიმილი და შენი ცნობილი „შორეული სალამი“ არ დაგავიწყდეს.  მაგ საქმე რაც შეეხება,
სასამართლოში მე თავად ვიქნები ბრალმდებელი და გპირდები რომ განაჩენი ყველა ბრალდებაზე დადგება. - მხარზე ხელი მომხვია პროკურორმა, კარებამდე გამომაცილა და ხელი ჩამომართვა.
თვალებში შევხედე.
მეგობრულად და თბილად მიყურებდა.
არავითარ ირიბი აზრი და ხიწვი არ იყო მის მზერაში.
ის კოლეგას შესცქროდა, გამარჯვებულ კოლეგას.

კადრებში დოკუმენტებს ხელი მოვაწერე. ინგას სეიფის და კაბინეტის გასაღები სამინისტროს  ხელწერილთან ერთად გადავაბარე და  ჩემი ლავანდისფერი პიჯაკი მოვახურე. 

- ეს ჩემგან სახსოვრად გქონდეს ინგა...-  ინგა გაშრა, სახტად დარჩა და დაჭყეტილი შემომაცქერდა. 

პირველად ვბრუნდებოდი შინ მსუბუქი გულით. 
აივანზე გადმომდგარ „ოსკარას“  შორეული სალამი გავუგზავნე,  "გავროში" დავიხურე და კიბეზე დავეშვი. 
ოცდაათი წყვილი თვალი ადევნებდა მზერას ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოძრაობას...   

ისეთი დღე იყო, ახალს და განსაკუთრებულს რომ გპირდება.

ახალი წელი დგებოდა, 1995 წელი ...

_______________________________________________________________________________
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები