ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


გადაღლილი მხედრები

    "იცი როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით..."
                                                                გიო საჯაია   
   
ვიცი, როგორც ვარ, სცილასა და ქარიბდას შორის,
წარსულს და აწმყოს სადღაც შუა გამოჩხერილი.
აღარც ქარებთან მორკინალი ქარიზმა მშველის,
დავარდნენ წლები ქაფმომდგარი ლეგა ცხენივით...
ვიცი, როგორც ვარ, სულში რომ მაქვს ცხრაბალიანი,
ფეხქვეშ კი მიწას აქილევსის ქუსლი ულპება.
ადამიანში მენატრება ადამიანი,
გულგრილობა კი საკუთარ თავს მაჩვევს ყლუპებით.
ვიცი, როგორც ვარ, ახლობლებში უცხო კაცივით,
უცხოები კი სულ ახლობლად მთვლიან რატომღაც.
ამ დაკარგული თაობის ხომ მეც ვარ ნაწილი,
თავის ხუშტურზე დრომ "ბორტს მიღმა" რომ მიატოვა.
ოცნებებს, ცამდე ვერმიღწეულ, გადაღლილ მხედრებს
ვერც უკან ვიხმობ და ვერც რამეს ვშველი აქედან.
ცაში შევარდენს ვამჯობინე მიმინო ხელზე,
ალბათ, ყოფასთან გარიგების შესათანხმებლად.
ვიცი, როგორც ვარ, დინოზავრის ნაკვალევივით,
რომ გაიგდებდა ფეხქვეშ ყველა ცნობისმოყვარეს.
ერთი რამე კი ჯერაც კარგად გასარკვევი მაქვს,
ქუჩის ხმაურში წლები თვალწინ როგორ მომპარეს...
ზოგჯერ ცხოვრება პალატა ხუთს რატომ მაგონებს,
სულ ვიღაც ცდილობს დაგინომროს აწმყოც, წარსულიც,
ბედის ბილეთი დამრჩა ხსოვნის ბოლო ვაგონში
და ეს მგზავრობაც ჩემს წიაღში აქ დავასრულე...

        09.04.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები