ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2011


ზიარჭურჭელი


კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება.
მე კი ორი ბებია მყავდა,
ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.

პირველი:
,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება,
ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს!
მუხლი დაფარე,
მხრებში გასწორდი,
ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად,
თუ გეცინება, გაიღიმე!
შუბლშეჭმუხნული
დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა,
ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა:
,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს,
თავისი დრო,
დაიმახსოვრეთ,
ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!

ხანდახან,
თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა,
რაღაც,
სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა.
,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“-
- იტყოდა ხოლმე
და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს,
ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა
,,მერმისამდროსი’’!

(გვიან გავიგე,
მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის,
დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).

გამართობელი, - დედის დედა,
ზაფხულის ბაბო,
პომადიანი,
,,დადუხული’’ ,
როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო.
სახლი რომ ძაან აერეოდა,
მეზობლის ქალებს მოიხმობდა,
თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა
კოტიტა თითებს
ან წიგნით ხელში
სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა.
გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა:
,,- გეყოფათ ახლა,
ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’
ტახტზე მიწოლილს
კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.

არკი იმჩნევდნენ,
მაგრამ ვგრძნობდით,
სინამდვილეში,
ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
როცა ტოლები გულს მატკენდნენ,
ის, მკაცრი ბაბო
ხმაში ტყვიას ჩაისხამდა:
,, - მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო,
ერთი ჩაგარტყა?!
ისეთი ხურდა დაუბრუნე,
აღარ მოუნდეს!’’

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
მეორე ბაბო:
,,- რა მოხდა, მერე,
თამაშია,
ხან შენ ატკენ,
ხან - შენ გატკენენ.
მოიწმინდე აწი ცრემლები,
გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.

ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის!
კარედებიან ამ სარკეში,
საუკუნეა, არ ჩამიხედავს:
ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი,
ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები,
ხასიათი - ზიარჭურჭელი.
(ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)

ჩვენ სიკვდილამდე
უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ:
მეც,
თქვენც,
ყველანი.

როცა არ ვიცი,
როგორ მოვიქცე,
გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:

,, რა მოხდა, მერე...
...მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო!“

სარკეში -
- ნინო მოქსუტუნე -
- ლოყებს იწმენდს და ეღიმება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები