ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


*** (შეცნობა)

შენ გქვია ქმარი.
შენ უნდა შექმნა
ჭერქვეშ სიმშვიდის ურყევი რწმენა –
რომ მჭიდროდ არის დახშული კარი,
და გარეთ დარჩა სულყველა წყენა.
რომ ასწლოვანი მუხისგან გათლილ
სარეცელს, ფესვი მიწაში უდგას,
რომ წინაპრებმა (ჰოჲ, გაანათლოს!)
სახლი მადლიან ალაგს შემოდგეს.
რომ ქარი გარეთ, კი არ ღრიალებს,
ჭაბუკურ კუნთებს უსინჯავს ძალას,
და გაზაფხულზე, წერწეტა ალვებს
დალალს გაუშლის, როგორც პატარძლებს.
შენ უნდა შექმნა სიმშვიდის რწმენა
ლოგინში, სადაც თბილ გულზე გიწევს
ცოლი, რომელსაც ალერსის ენად
ჩაესმის შენი სუნთქვა და გიწვდის
აკვანს კი არა, ჯერ ისევ მუცლად,
გვარის კი არა, სისხლის მოწილეს,
რომელიც, ტანიც კი გიგრძნობს - იცდის,
განსხეულდეს და გაინაწილოს,
მშობლის კი არა – ადამ და ევას
და ა.შ., ა.შ  ცოდვების  ჯვარი...
პირმშოს ცხოვრების ბოლიკზე რყევა
მრავალჯერადად უნდა იჯავრო.
ოღონდ ეს მერე... ახლა კი გიწევს
გვერდით (და გულზეც) ორსული ცოლი...
კარგა ხანია მზე ცისკენ იწევს
და მოინამა ეზოში მოლიც.
და გქვია ქმარი.
ვინც უნდა შექმნას
ჭერქვეშ სიმშვიდის ურყევი რწმენა –
რომ მჭიდროდ არის დახშული კარი,
და გარეთ დარჩა სულყველა წყენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები