ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2011


ბნელა, ცივა და სიჩუმეა, ანუ ერთი - ტრივიალური

გაჩენა?
- სადღაც დაგაგდებენ მაგრად დაჟეჟილს,
გჩქმეტენ,
გირტყამენ,
ვიდრე უცებ არ ატირდები.
ბნელა, ცივა და სიჩუმეა.

ბავშვობა?
- ირგვლივ ხმაურია,
მდინარის პირას
სიპ-ხავსებში,
ქვა-ტალახებში
ირევიან შენნაირები,
თვალში,
ფეხებში
ებლანდებით ყველა ერთმანეთს.
ზოგან - მოლია,
ზოგან - მაღალი ლელქაშები,
შიგ - გაჩხერილი
ძირგამძვრალი ნავებიც ჩანან,
წინ,
ადიდებულ მდინარეში
დაგლეჯილი მოჩანს აფრები
და აღმა-დაღმა მიქანაობენ
და ქრებიან  ადამიანთა შორი თავები.
ხოლო თავთხელში თეთრად ელავენ
უმოძრაო თევზთა მუცლები.
(არ დაგავიწყდეს, უფრო იქით,
ტყე რომ იწყება,
გადაჭრილ ხეზე
რაღაც მავთულით ჩამომხრჩვალი,
შენი წითური,
პირდაფჩენილი კატაც კიდია,
შენ დამნაშავე არ იყავი,
ეს ბიჭებმა ქნეს
და როცა ნახეს,
რომ  ტირილით ხმა ჩაგეხლიჩა,
ნაფოტებით მიწა მოთხარეს,
თეთრი კენჭებიც
და ლოკოკინის ნიჟარებიც მოგიგროვეს საფლავისათვის.
იმ ბიჭებში ,,ისიც'' ერია).

მოწიფულობა?
- ცურვა დამჯდარ მდინარეში აუჩქარებლად.
ცურვა კენტად,
წყვილად,
ჯგუფურად.
მორევებისგან გარიდება,
დინებისაგან გეზის დაკარგვა-დაბრუნება,
სუთქვის, მკლავის და ფონის იმედი.
,,ის'': - როცა ვინმე ფსკერისკენ მიდის,
აღარ დაეძებს,
შეიძლება, თან ჩაგიტანოს.
ჯერ გათიშე, მერე უშველე!
შენც მშველელს უხმობ, -
- ვითომ იხრჩობი...
არ ჩანს არავინ,
(არადა, მგონი, მართალა იხრჩობი!)

სიბერე?
-გდიხარ გარიყული გაღმა ნაპირზე
სველი,
დაღლილი,
და აღარ იცი,
სინამდვილეში,
განაღვლებს თუ აღარც განაღვლებს,
შენი თუ სხვისი
ვინ  - გადაარჩენს, ვინ - გადარჩება.

სიკვდილი?
- წამით ერთიანად
ხედავ შენს თავს
გაღმა-წყალში-გამოღმა-წყალში,
მერე მღვრიეში
უსწორმასწორო მდინარე რჩება,
მერე მდინარე -
- ერთი მოკლე,
წვრილი ხაზია.
ხაზიც გაქრება.
ბნელა, ცივა და სიჩუმეა.

მერე?
- თქვენ იცით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები