ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2011


სანდერ! (სკანდინავიური საგა)

სანდერ!-შენც გახსოვს? ყოველ დილით როგორ გვასმევდნენ
რძეს, გვაძალებდნენ დაძველებულ შავ პურს,- მუსმორით,
ჩემი ტუჩები ( მოხატული წითელ სანგინით),
ამ ყველა ლუკმას, სიტყვებივით ასამარებდა.

ვღეჭავდით უმად სიჩუმეს და,- გარეთ გავრბოდით
თან სიჩქარეში ვალეწავდით მუხლებს ფიორდებს
(თითქოს მოგვდევდა ჩრდილოეთის ქარით, ბორეა).
მზეც ხორბლისფერ კანს უფრო მეტად გვიფერადებდა.

ჯერ ვთამაშობდით, მერე ტალღებს მკერდზე ვიკრავდით,
ვყვებოდით ამბებს, აქ ვტოვებდით ბოლო არაქათს,
თუ მოგვისწრებდა ციდან ღრუბელთ დაკრიორეა,
ვკრეფდით ამბებს და, სახლისაკენ დავამთქნარებდით.

გახსოვს?- ერთხელაც ახალ თამაშს რომ მივაგენით,
სულითხორცამდე გავშიშვლდით და მერე ერთმანეთს
ტერფებს ვაბჯენდით საფეთქლებზე, და როგორც მაგმა
მიწის სიღრმიდან, ადუღებულ ცრემლებს ვითმენდით.

მერე გვტკიოდა, მერე შეგვრცხვა, მერე ვიდექით
დახრილ წამწამებს და მუხლამდე (ვიწრო) კაბას შო -
რის. და შეგრძნება გვქონდა მერე როგორც ქორეა.
ცრემლად გვდიოდა სიყმაწვილე, როგორც კობოშო -

ნი, და ეს გავდა ბავშვურ თამაშს, ძველს და  ნაივურს,
რომელსაც ხშირად ვთამაშობდით უკვე ფარდულში,
სულში ჩავჭიდეთ ხელები და გავანიავეთ,
ტკბილეულობით გათხუპნული ჭრელი ფარდები.

შენ მარციპანი გიყვარდა და მე,- ბრინჯის კრემი,
მერე ტუჩებით რომ ვუცვლიდით ერთმანეთს გემოს
და მთელი სიტკბო სახეზე რომ აგვეკრობოდა
ვაყრიდით სიცილს, და ვსკდებოდით როგორც მომოსი.

შენ ოცნებობდი მსგავსებოდი ვინმე მეზღვაურს,
ყოველღამე კი,- ჩემთან ერთად სვამდი „აკევიტს“,
მერე სხეულში ჩამიღვრიდი „შუაღამის მზეს“
და მერე თითქოს „გაორებაც“ ამეკვიატა.

მე ღმერთი მწამდა. შენ აქებდი თორსა და ოდინს
გჯეროდა, შენი ბედი გავდა თითქოს „დამოკლეს“.
აძლიერებდა ჩემში რწმენას, შენში - მოლოდინს
ყოველ შობა დღეს, ურნესის ხის შავი სამრეკლო.

ერთხელაც, როცა შენი სუნთქვა ვეღარ ვიგრძენი,
როცა მანამდე ჩამესმოდა ყურში საყვირად
რომ დამებურცა თვისებები შენი, ძარღვებად
მივხვდი, რომ შენმა ოცნებებმა ზღვისკენ გაგრიყა.

და ახლა უკვე, მდინარეში ვახრჩობ შენს სახელს.
ჩემს ჩითის კაბას, ცრემლებისგან ნესტის სუნი სდის.
და თუ ოდესმე, კიდევ რამემ გაგახალისა
სმენა დავიხშე, დავიმაგრე ტანზე სურდინა

რომ არ გავიგო შენი ხმა და, ბოლო სინდისიც
აკაპიწებულ კაბის ბოლოს გადავუმალე.
ხო ,- ბავშვი მე მგავს(დახატული ტუჩი სანგინით)
და მასაც ჩემი სახელი აქვს,- ჰქვია ლინეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები