ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეფო
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2011


აფერისტი ბავშვი

"მარშუტკაში" ვიჯექი. ქალი და პატარა ბიჭუნა ამოვიდნენ და ჩემს გვერდით სკამზე მოკალათდნენ. ქალი ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა, ბავშვი კი ხუთი-ექვსი წლის. მძღოლი მალიმალ აჩერებდა მანქანას. ბოლოს თითქმის დაცარიელდა ტრანსპორტი.  ვიღაც კოჭლი ქალი ამოვიდა და წინა სკამზე დაჯდა. ჩემი მეზობელი დედაკაციც მისკენ გადავიდა. ნაცნობები გამოდგნენ. ბიჭუნა ისევ თავის სკამზე იჯდა. გვერდით დედამისის ჩანთა ედო. დედამ გააფრთხილა, რომ ხელი არ ეხლო ,,სუმკისთვის", მაგრამ, როგორც კი დრო იხელთა, ბავშვმა იმწამსვე გახსნა ხელჩანთა და ერთიანად გადაქექა. არ ვიცი ისე გამწარებული რას დაეძებდა. მალე დედამისიც დაბრუნდა. როგორც კი გახსნილი ჩანთა დაინახა, იმწამსვე მწყრალად შემომხედა. სახე ავარიდე, მივხვდი, ჩემზე დაეჭვდა. ხომ გაგაფრთხილე ,,სუმკა" არ გაგეხსნა, უსაყვედურა ქალმა შვილს. ბიჭმა კი ჯიუტად უარყო ყველაფერი. ისე დამაჯერებლად ცრუობდა ეს თითის ტოლა ბავშვი, რომ ლამის მეც დავიჯერე. გაბრაზებულმა ქალმა მაშინვე მე გადმომხედა და თვალებით მანიშნა, რომ თუ რაიმე ისე არ იქნებოდა, კარგი დღე არ დამადგებოდა. ხელჩანთის შემოწმება დაიწყო, თან ცალი თვალი ჩემსკენ ეჭირა, ალბათ ეშინოდა "მარშუტკიდან" არ ჩავსულიყავი. ქურდი, დაიყვირა უეცრად ქალმა და ხელებით წამეპოტინა. ქალის ხმაზე მძღოლმაც მანქანა გააჩერა და ჩვენსკენ გამოიხედა. საშინელ დღეში ჩავვარდი. იმ ქალს ხელი ვკარი, "მარშუტკიდან" ჩავედი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. როგორც იტყვიან ფეხებს ერთ ადგილას ვირტყავდი. 
  ალბათ მეტყვით, რა მიგარბენიბებდა, გაჩერებულიყავი და აღმოჩნდებოდა, რომ იმ ქალს არაფერი დაჰკარგვია და თავს გაგანებებდნენ. შეიძლება იმ სამარშუტო ტაქსამდე სხვა ტრანსპორტით მგზავრობდა და მართლაც მოჰპარეს, ან ტელეფონი, ან საფულე. ხომ შეიძლება საფულე მოეპარათ, მძღოლისთვის კი ჯიბეში ჩაყრილი ხურდები მიეცა. თან ისეთი დრო იყო, რომ თუ ,,ძაღლებს"  ხელში ჩაუვარდებოდი ტყუილ-მართალი აღარ იყო იქ(თუ პატრონი არ გყავდა). უნდა გადაგეხადა. მანამდე კი , რა თქმა უნდა, კარგა გვარიანად დაგზელდნენ.
  ამბობენ, რომ ბავშვები ანგელოზები არიან. სიმართლე გითხრათ არ მჯერა ამ გამოთქმის. დედის მუცელში შეიძლება მართლაც წმინდა სულის და სატანისათვის მიუწვდომელი იყოს, მაგრამ რა წამს ამქვეყანას მოევლინება, რაღაც რაოდენობის ბოროტება მის სულშიც იბუდებს. რამდენი ბავშვია შურიანი, შარიანი, მაჩხუბარი, ეგოისტი, ბოღმიანი... თითქმის  ყველა ის თვისება აქვთ, რაც დიდებს, უბრალოდ  უარყოფითი თვისებების სრულფასოვან რეალიზაციას უფროსებივით ვერ ახერხებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები