ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2011


ისე, ჩემთვის...

„რამ“.
მე ეს სახელი დაგარქვი შენ.
ეს მაშინ მომიფრინდა აზრში, როცა მოკლე ბარათს გწერდი, მხარი რომ დამიზიანდა, გახსოვს?
მეტი არ შემეძლო და მოკლედ მოგწერე: „რამ, მხარი მტეხს, მიშველე რამე."
“რამ-რამე”.
უცბად გამათბო ამ მიგნებამ.
დავიწყე ძებნა. ბევრი არც დამჭირვებია.
შენ იცი, მე როგორ მიყვარს ინდოეთი. 
შოთა რუსთაველსაც უყვარდა ინდოეთი. 
ჰოდა გავყევი შენს სახელს ვეფხისტყაოსანში. ის ხომ ჩემი, ნაღდი ქართული ბიბლიაა.
რამაზ, ხატაეთის ხანი და მეფე, ინდოეთის დაჩოქების მსურველი.
იმის დაჩოქების მსურველი რაც მე მიყვარს?!
რატომ დაარქვა მას რუსთველმა ეს სახელი მაინც? იქნებ იმიტომ რომ, ინდოეთის დაპყრობა მხოლოდ ღმერთს შეეძლო? და  რაკი უნდა წაეგო ომი ტარიელთან,  ვერც ინდოეთს უნდა მიწვდომოდა - ამიტომ ერთი ბგერა დაუმატა და უბრალო კაცად აქცია?
იქნებ იმიტომ რატომაც  მე დაგარქვი „რამა“...
რამა, - ინდური ღმერთკაცი და ღვთაება, უძველესი ინდური ეპოსის ,,რამაიანას” მთავარი გმირი, ქართულად - “სრულყოფილი  ადამიანი”.
გახსოვს ერთხელ გითხარი რომ შენ თავის + უფალი კაცი ხარ თქო.
„ხო,  სახელი დაარქვიო ჩემს ხასიათსო“, - მითხარი.
ჰოდა გავეთამაშე შენს სახელს, რომელიც სინამდვილში  მაბრუნებს. იმ სინამდვილეში, რომელიც არ მომწონს. 
მოვაშორე რუსთველის დამატებული ერთი ბგერა - შენს სახელს და თან  გავაყოლე ყველა ცუდი, - რაც უკავშირდება მძიმე მოგონებას, და ... მტრობას ჩემს ინდოეთთან....
და დარჩა  "რამა", - ,,სრულყოფილი ადამიანი”.
ახლა ვიგრძენი, მონაზვნად აღკვეცილებს სახელს რატომაც უცვლიან.
ძველი სახელიდან მხოლოდ პირველ ბგერას უტოვებენ, ანუ მთავარხაზი უცვლელია, ხოლო ყველა სხვა ყოფიერი წარირეცხება. ხრწნადი წარსული სცილდებათ ამით სულებს.
ჰოდა ზუსტად შეგეფერება  „რამ“.
თან ინდოეთსაც დაგაახლოვე, ჩემს სანუკვარ სამყაროსთან ახლოს მოგიყვანე. ინდოეთის მტრიდან,  მის ღმერთკაცად გაქციე.
მომეწონა ჩემი ნაფიქრი.
მაგრამ ხორციც ხომ უნდა შემესხა როგორმე...
და იცი რა ვქენი?
გავხსენი „სკაიპი“ და  შენი პირობითი სახელის ნაცვლად მივაწერე „რამ“.
გამეღიმა, ხორცშესხმული ფიქრიც მომეწონა. 
მე ხომ ადვილად შემიძლია მოვიგონო ახალი სიტყვები, ახალი სახელები.
„რამ“ -  შენი საუკეთესო ნაწილია, რომელიც არასოდეს გამიბრაზდება. 
ჩემს გარდა ყველასთვის  იქნები  „რამაზი,“  „ადმინი“ ან სხვა უამრავ-ნაირი „ნიკი“,… მაგრამ არავისთვის - „რამ“.
შენ არასოდეს არავინ დაგიძახებს ასე ჩემს გარდა - აქ.
...მაგრამ ინდოელები შეტყუპებული ხელებით  მოწიწებით დაიხრებიან და  ხელით შეეხებიან შენი ფეხის თითებს.
  რამეთუ - „რამ“  მათი ღმერთია.
ჩემიც!
დღეს პირველად გამწვანდა „სკაიპში“ .... „რამ“.
ჰოდა ძალიან გამეხარდა.…
ახლო იყავი და თან როგორი?! – ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული.
შენი ახალი სახელი - ჩემი სითბოთი გამთბარი... კარგა ხანს ენთო მწვანედ...
რვაასამდე კონტაქტში - სადღაც წაუშლელად ჩაგრჩი...
რაღაცაში  ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! 
ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა.
ნუ წამართმევ რა...
ამ ერთ მარცვალს...
რამ!.. 

________________________________________________________________________________
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები