ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2011


*** (ისევ აგიზგიზდა ცეცხლი)

ისევ აგიზგიზდა ცეცხლი,
გული -  დაეკლილი მტკივა,
ცოდვის ოცდაათი ვერცხლი,
მერე გახეთქილი ტვინი.
გული მოვიგესლე შხამით,
ტანზე თეთრი კვართი მმოსავს,
მერე მუხლმოყრა და ამინ!
ცოდვა მომიტევე ოსან!
აღარც წინაპართა სისხლი,
აღარც ტაძარი და ჯვარი,
ახლა ცოდვა ვენებს მიხსნის,
სხეულს შემახორცდა ჯავრი.
მოდი, სულმფენო და მნათო,
მოდი, მუხლის ძვლები მტკივა,
სულში ცივი თოვლი მათოვს,
ხორხი გახლეჩვამდე კივის.
ღმერთო, მომხედე და მოდი...
ცისკენ აწვდენილი ხელით,
ღმერთო, დავეჩვიე ლოდინს,
კერია გამითბე ოდის...
ღმერთო, შემიწყალე!
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები