ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 ივნისი, 2011


თუ მართალს ვიტყვით, მტრებს მოვიმრავლებთ?

ვესაუბრებით პოეტსა და ლიტერატურათმცოდნეს ნინო დარბაისელს

ნინო დარბაისელი დღევანდელ ქართულ პოეზიაში აზროვნების სიახლითა და ფორმის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არის ფილოლოგიის დოქტორი (1992), 1995 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. იგი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია და ტრადიციული ლექსის გვერდით თავისებურებებით აღბეჭდილ ვერლიბრსაც ამკვიდრებს. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე. ინტენსიურად მუშაობს პოეტიკის რთულ დარგშიც. თვალსაჩინო წვლილი შეაქვს გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის მეცნიერულად შესწავლაში.
პოეტის ლექსების ბოლო წიგნმა "ვიტა ბრევის" ("ცხოვრება ხანმოკლეა") მკითხველი საზოგადოების ცხოველი გულისყური გამოიწვია. იგი შეყვანილია ცნობარში "Who is Who among World Business and Art Women" (2002).

* რას ფიქრობთ პოეტი და ლექსმცოდნე- მეცნიერი თანამედროვე ქართულ პოეზიაზე? რამდენად მართებულია მავანთაგან პოეტების ასეთი `დახარისხება~_თანამედროვეა და არათანამედროვეა... არათანამედროვედ მიიჩნევიან ტრადიციული რითმიანი ლექსების ავტორები.
- ამ პრობლემაზე, განსაკუთრებით ბოლო დროს, ხშირად მიხდება მეტნაკლებად ვრცელი საუბარი. ამჯერად შევეცდები, მოკლედ ვთქვა, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში გარდამავალი ფაზისათვის დამახასიათებელი კრიზისი მეფობს, რაც ჩვენს მენტალობასა და შესაბამისად ენაში მიმდინარე ცვლილებებით, ძირითად ტრადიციულ პარადიგმათა მოძველებით, სიახლეთა გაუაზრებელი, სწრაფი შემოდინებით და სხვა მოვლენებითაა განპირობებული.
ვგრძნობ, ცოტა არ იყოს, უტრირებულია, მაგრამ ბერნარდ შოუს პარაფრაზირებას მივმართავ: ბეჭდური და ინტერნეტ სივრცის ზოგადი პანორამა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დღეს ჩვენს პოეზიაში ბევრი რამ არის ახალი და კარგი, მაგრამ რაც ახალია, ჯერჯერობით კარგი ვერ არის, ხოლო რაც კარგია, ახალი არაა. ცალკეული, მეტისმეტად მოწადინებული ავტორები კი საკუთარ არცთუ ღირებულ ეპიგონურ შემოქმედებას ნაირნაირი პიარ-ხერხების გამოყენებით, სიახლედ ასაღებენ, სარგებლობენ რა იმით, რომ გამოუცდელი მკითხველები ნაკლებად იცნობენ ქართული ტრადიციული პოეზიის ერთიან კონტექსტს და არც გლობალურ, ფართო კონტექსტამდე გაუწვდებათ მზერა. არადა, დღესდღეობით თანამედროვე ქართული პოეზიის არაერთი წარმომადგენლის ნამდვილად ღირებული შემოქმედება, ამის გამო, ჩრდილშია მოქცეული, მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ამ ავტორებს პიროვნულად, სოციალური აქტივობა ნაკლებად ახასიათებთ, ზოგ მათგანს არც შესაძლებლობა აქვს ახალი წიგნის გამოცემისა, ვერც ინტერნეტით სარგებლობს, სხვაც ვერავინ ეხმარება.
საბედნიეროდ, არსებობს გამონაკლისებიც. ამ საერთო ვითარებაში ბინარულობა -,,თანამედროვე/არათანამედროვე’’ არასერიოზული მგონია და ეს უფრო დამწყებთა და პოეზიის მოყვარულთა დილეტანტური კამათის ექოა.
ბუნებრივია, დაგებადებათ კითხვა, მე თავად თუ მიცდია ამ ვითარების გამოსწორება. გიპასუხებდით, რომ არაერთი ჩრდილში მოქცეული პოეტის საავტორო თემა მაქვს გახსნილი ლიტერატურულ თუ არალიტერატურულ საიტებზე, ხელთარსებული უამრავი მათი ლექსიც ჩემივე ხელით ამიკრეფია თემაში მოსათავსებლად, მაგრამ მარტო ყველას ვერ გაწვდები.
,,ტრადიციულ რითმიან ლექსში’’ ალბათ იმას გულისხმობთ, რასაც კონვენციურ ლექსს უწოდებენ. ამას იმ მიზნით ვაზუსტებ, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა. ჩვენთვის ვერლიბრიც, რახანია, ტრადიციული ლექსია და მას, ავტორის სურვილისამებრ, რითმაც შეიძლება ჰქონდეს.
მაგალითად, დავით წერედიანის ახალი კრებული მარწმუნებს, რომ კონვენციურ ლექსს თავისი თავი ნამდვილად არ ამოუწურავს, ბესიკ ხარანაულის კრებული მიქმნის აზრს, რომ თავისუფალი ლექსი, რომელსაც ერთსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს ჩვენში, ასევე განვითარებას საჭიროებს. ეს - რაც სალექსო ფორმას შეეხება. უფრო ზოგადად, ჩვენ კიდევ ამოსავსები გვაქვს ის უფსკრული, მოდერნისტული ტენდენციებისა და მიმართულებების ლამის სამოცდაათწლოვან იძულებით კონსერვაციას რომ მოჰყვა შედეგად, ამასობაში კი კარს უცხოური, იქ უკვე ყავლგასული პოსტმოდერნი სიახლედ მოგვადგა. ჩვენ თვალწინ, უმოკლეს დროში მარგინალური ლიტერატურა გალეგიტიმურდა, მეტიც, მაგისტრალი ოფიციალურად დაიკავა და ამით არსობრივი ნიშანი დაკარგა - შემოქმედებითი ნონ-კონფორმიზმი - კონფორმიზმად იქცა. პარადოქსია, მაგრამ ამ დიფუზიურ ფონზე ალბათ უკვე ნონ-კონფორმიზმად ტრადიციისადმი არა ეპიგონური, არამედ განმავითარებლური( რა მძიმე სიტყვა გამომივიდა, მაგრამ არ მინდა გამოვიყენი მოდური ,,დეველოპერული’’ ) ერთგულება უფრო იკითხება.

მოკლედ, დიფუზიური სურათი სახეზეა.
როგორც ლიტერატურულ პროცესთა განვითარების ტიპოლოგია გვარწმუნებს, გარდამავალი, კრიზისული ფაზები თავად ვერ წარმოშობს ახალ მკაფიო ავტორებს, მაგრამ დიდ მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებს მომავალში მათ გამოსაჩენად. პროგნოზირება ყოველთვის სათუო საქმეა, მაინც ვიტყვი, ჩემი წინათგრძნობით, კრიზისი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და თუ სხვა ყველაფერი კარგად იქნა, ათწლეულის შუისათვის სიახლეებს უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, როგორც პოეტს ამაზე ოცნების უფლება მაქვს.

- - - - - - -
* გვაქვს თუ არა დღეს კრიტიკა? და თუ გვაქვს, რამდენად ახდენს ზეგავლენას ლიტერატურულ პროცესებზე?
- კრიტიკა, ცხადია, გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად გაისმის საყვედური მისი არარსებობის თაობაზე. მიზეზი სხვადასხვაგვარია: ვიღაცა მას ვერ ხედავს, ვიღაცას ხელს არ აძლევს, ვიღაცას ეცოტავება და ა.შ .
პროფესიული კრიტიკის წაკითხვა და გაგება ნებისმიერი ეპოქაში ადამიანისაგან აუცილებლად მოითხოვს გარკვეულ წინასწარ მომზადებას. განა რომელიმე პროფესიონალური სფერო ამასვე არ საჭიროებს ?
ჩვენში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესზე გავლენას რაც შეეხება, უნდა დავაზუსტოთ, რომ თავისუფალ საზოგადოებაში კრიტიკას არ ევალება, მართოს ეს პროცესი, თუმცა მონაწილეობს მასში, გამოკვეთს კერძო თუ ზოგად ტენდენციებსა და კანონზომიერებებს, საუკეთესო შემთხვევაში აჯამებს ყოველივე ამას და გონიერ თანამედროვეთათვის კარგი ორიენტირიცაა, საზოგადოებრივ აზრზე საღი ზემოქმედების ბერკეტებიც მოეპოვება. მაგრამ ამით უფრო სამომავლო საქმეს ასრულებს.
ცნობილ აზრს გავიმეორებ, რომ ლიტერატურა, რომელიც ვერ წარმოშობს საკუთარ კრიტიკას, ლიტერატურის ისტორიისთვის არ არსებობს. ვიდრე პროფესიული კრიტიკა არ დაინტერესდება კონკრეტული ავტორით, რამდენიც უნდა წერონ მოყვარულებმა პანეგირიკული გამოხმაურებანი თავის ახლობლებზე, ეს მაინც მეგობრისათვის საჯაროდ მირთმეული ,,თაიგულია’’, ორიოდ დღეში თავისი ადგილი რომ ელის. უნდა ითქვას,რომ ჩვენში ზოგი ლიტერატორიც სცოდავს პანეგირიკულობის მხრივ - ჩვეულებრივ, პირადი ანგაჟირებულობის გამო, თუმცა ამას შედარებით არა უჭირს იმ თვალსაზრისით, რომ მის პოზიციასთან შედავება პროფესიულ ენაზე მაინც არის შესაძლებელი და ეს საბოლოოდ ისევ კრიტიკას და ზოგადად ლიტერატურას განავითარებს.
საერთოდ კი, პროფესიონალი კრიტიკოსის ჩამოყალიბებას წლები, თავაუღებელი მუშაობა და კიდევ სხვა მრავალი რამ სჭირდება. ამიტომაცაა, რომ კრიტიკოსთა რიცხვი არათუ ახლა, ნებისმიერ დროში ერთიათჯერ ნაკლებია მნიშვნელოვან მწერალთა რაოდენობაზე. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენში ეს შრომა მატერიალურად არასაინტერესოა და გასაგები შეიქნება, რატომ არ ეტანება მას დიდი ხალისით ჩვენი პრაგმატული ახალთაობა.
იმედით უნდა მოველოდეთ ამ სფეროში ყოველი ახალი სახელის გამოჩენას, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს : ჩვენს რთულ დროში, როცა ღირებულებათა იერარქია ასეთი მორღვეულია, რამდენად გაუძლებს იგი პასუხისმგებლობას საკუთარი ლიტერატურის წინაშე, ობიექტურად მოსაწონი რომ მოიწონოს და დასაწუნი - დაიწუნოს.
თუ მართალს იტყვის, მტრებს მოიმრავლებს.
თუ ნაუცბათევად დაუფლებულ პროფესიულ რიტორიკას ამოეფარება და კომპრომისზე წავა, - არსაკმევს კმევას დაუწყებს, არგასაკილს - კილვას, იქნებ პირადი დოვლათის მოპოვებაში სხვებსაც კი გადაასწროს, მაგრამ ჩვენს ლიტერატურას ზიანის მეტს ვერაფერს მოუტანს.
- - - - - - - - -
* თქვენ სოციალურ ქსელ `ფეისბუქზე` აღნიშნეთ: `ჭანტურია-ალხაზიშვილი-კეკელიძე - ეს ,სინამდვილეში ქართული ღირებული პოეზიის კისერზე ჩამოკიდებული, გარედან ოქროსფრად დაფერილი და მობრჭყვიალე, ყალბი მეტალის მძიმე ჯაჭვია, თავისი ჭრელა-ჭრულა ჟინჟილებით. ამ ჯაჭვის ჯერჯერობით მტკიცე შესაკრავი კი გივი ალხაზიშვილია.~ რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რაც განვაცხადე. ამ კორუფციული ჯაჭვის ქვედა რგოლის - ტარიელ ჭანტურიას შესახებ უკვე არსებობს თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული მონოგრაფია ,,ანდერძი ტარიელისა’’(2006), რომელსაც კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. მკითხველი აგრეთვე იცნობს ამავე ავტორის ახალი კრიტიკული მონოგრაფიის ,,ჰერმეტული პოეტის პორტრეტი ინტერიერში’’ ცალკეულ ნაწილებს, რომელშიც განხილულია ,,ამ ჯაჭვის ჯერჯერობით მტკიცე შესაკრავის’’ გივი ალხაზიშვილის შემოქმედება. მალე წიგნად გამოცემული სრული მონოგრაფიაც გვექნება ხელთ.... მოდით, მოვლენებს ნუღარ გავუსწრებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ მე სავსებით ვიზიარებ ორივე მონოგრაფიაში გამოხატულ ავტორისეულ პოზიციას, ,,ჭრელა-ჭრულა ჟინჟილების’’ გამოაშკარავებაზე კი, რომელსაც მაინცა და მაინც თეიმურაზ დოიაშვილის ერუდიცია, გამოცდილება და კვალიფიკაცია არ სჭირდება, იქნებ თავადაც ვიმუშაო.
- - - - - - - -
* თქვენ ერთ დროს როგორც პოეტი, მოგწონდათ გიორგი კეკლიძე, მაგრამ ახლა მის მიმართ აზრი შეგეცვალათ. რატომ?
- ერთია, როცა ახლადგამოჩენილ დებიუტანტში რაღაც პოზიტიურ მარცვალს ხედავ და ამხნევებ, ხოლო მეორეა, როდესაც სულ ცოტა ხანში მისივე, აწ დიდად განთქმული პოეტის სახელით სოციალურად თვითდამკვიდრებული ავტორის ახალ, მაგრამ კვლავინდებურად დებიუტანტურ ლექსებს ეცნობი; თან თვალნათლივ ხედავ, შენთვის მიუღებელი რა გზებით მკვიდრდება გარემოში ეს მზარდი პოეტი-ობივატელი.
ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ გიორგი კეკელიძის წიგნში ,,ოდები’’ გამოქვეყნებული საქები წერილების ავტორებმა ყური მოჰკრეს რა, ქართული პოეზიის კაბადონზე საცაა ახალი ვარკვლავი ამოკიაფდებაო, იფიქრეს, ვინმემ შეგებება არ დაგვასწროსო, მოიპოვეს ჯერგამოუცემელი წიგნის დედანი და წაკითხვისთანავე აღფრთოვანება ფურცელზე გადაიტანეს, დაე, სჯეროდეს! მე კი მწამს, რომ რვიდან ორი მაინც ნამდვილად თავაზიან უარს ეტყოდა, რომ სცოდნოდა, დედნით ხელში კარს მიმდგარი უცნობი ახლგაზრდა, პირველსიტყვად ინტერნეტ-ბიბლიოთეკა ,,ლიბ.გეში’’ განსათავსებლად მასპინძლის ტექსტების მოპოვების სურვილს რომ იმიზეზებდა, მხოლოდ მას კი არ სთხოვდა წიგნის წინასიტყვაობის დაწერას, თავიდანვე საქმის კურსში ჩაუყენებლად, ფართო თვითპიარკამპანიის პროექტში ამაბდა და საბოლოოდ, ფაქტის წინაშე დააყენა.
მადლობა ღმერთს, რომ პირადად მე მის ამ თხოვნაზე თავი შევიკავე!
აქ სწორედ იმ წიგნზე მაქვს საუბარი, გიორგი კეკელიძემ 2009 წელს ,,საბას’’ პრემია რომ მიიღო საუკეთესო დებიუტისათვის, თუმცა რეალურად ეს მისი რიგით მეორე კრებული იყო.
დანარჩენის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, სხვა დროსაც მოესწრება.
- - - - -
* დღევანდელი მწერლები ჯგუფებად არიან დანაწევრებული. და ყველა თავის ჯგუფში, ასე ვთქვათ, `გენიოსია,~ `ცოცხალი კლასიკოსია...~ რას ფიქრობთ ასეთ კასტურობაზე, რამდენად შეუწყობს ხელს ნორმალური ლიტერატურული პროცესების ჩამოყალიბებას?
-გენიოსების დრო პოეზიაში - რახანია დამთავრდა. დღეს ამ სიტყვას სლენგის მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება ჯგუფურობასა თუ კასტურობას, პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ.
ცნობილია, რომ ტოტალიტარულ რეჟიმებს, პოტენციურად საშიშ საზოგადოებრივ ფენათა გასაუვნებელყოფად, მათი ,,ზემოდან’’ სისტემური ორგანიზება და იდეოლოგიური, ცენტრიდანული მართვა ახასიათებს. დღეს ეს სისტემა მოშლილია და სუსტი რუდიმენტის სახით არსებობს. ( ვგულისხმობ მწერალთა კავშირს).
მწერალთა და ზოგადად ხელოვანთა დღევანდელ, შედარებით თავისუფალ ჯგუფებად დანაწილებაში კი , თავისთავად, ცუდს ვერაფერს ვხედავ, ეს ბუნების კანონია, სიმრავლე, თუ ის დინამიკაშია, საერთო სივრციდან მუდამ რაღაც ნიშნით გამოცალკევებულ, ერთმანეთის მსგავს ერთეულთა თავმოყრას იწვევს.
საკითხავი ის არის, რის საფუძველზე ფორმირდება ეს დაჯგუფებანი - საერთო ესთეტიკური, ეთიკური ან სხვა პოზიტიური პრინციპისა თუ მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ჯგუფის წევრებმა სოციალური თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის დასაწყისში ერთად მოიპოვონ რაიმე გამარჯვება.
მახსოვს, ერთხელ, გასულ საუკუნეში ერთ ცნობილ მწერალს აღფრთოვანებით ვუამბობდი, ახალგაზრდა მწერალთა რა კარგი ჯგუფი გავიცანი, როგორ ერთსულოვნად ცდილობდნენ რაღაც კარგი და ახალი შეემატებინათ ჩვენი ლიტერატურისათვის, ეძებდნენ წიგნებს, თარგმნიდნენ, ზრუნავენ ერთმანეთის შემოქმედების პოპულარიზაციაზე, წვრილმან სოციალურ პრობლემებზეც კი.... სამუდამოდ დამახსომდა მისი პასუხი, რომელიც, სამწუხაროდ, დრომაც დაადასტურა:- ჩემო კარგო, ცოტა დაიცადე, ჯერჯერობით გასაყოფი არაფერი აქვთო. უფროსის ამ ირონიულ სიტყვებში მაშინ ახალთაობისადმი ცინიზმი და ქვეცნობიერი შურიც კი მომეჩვენა. გავიდა წლები. ახლა იმ ჯგუფის, მგონი, არცერთი წევრი აღარ ესალმება მეორეს. ასე ყოფილა: ბიფურკაციის (მარტივად - გაყოფის) კანონი უმალ ამოქმედდება ხოლმე, როცა ადამიანთა გაერთიანებაში მოსანაგრებელი უცებ ერთი რამ გაჩნდება, მისი მოპოვების მოწადინე კი - არაერთია.
საბოლოო ჯამში ეს ლიტერატურას არაფერს მატებს, ზიანი კი ის მოაქვს, რომ ღირებულებათა აღრევას იწვევს და ამ მღვრიეში ნიჭიერება იხრჩობა. მე მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვიზიარებ აზრს, რომ დრო - ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ზოგისთვის იქნებ ეს სიტყვები შემოქმედებითი ამბიციის მალამოდაც გამოდგეს, მაგრამ დროჟამს მცოდნე და თავისი კულტურისათვის კარგის მოწადინე ადამიანთა გარჯის გარეშე, დამოუკიდებლად, ბევრი არაფერი შეუძლია.

- - - - -
* ერთ სოლიდურ გამოცემაში შეაქეს ახალგაზრდა პოეტები მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სტრიქონებში ბილწსიტყვაობა მძლავრობდა. არის თუ არა მავანთაგან სიახლედ მიჩნეული ბილწსიტყვაობა ჭეშმარიტი მწერლობის განმსაზღვრელი?
ბილწსიტყვაობაზე საუბრისას ყოფა და ხელოვნება ამთავითვე უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რა დასაძრახია, თუ ჩვენს რეალობაში საზოგადოებრივ არეს გარიდებული ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანისათვისაც კი რაღაც მომენტებში, ბილწსიტყვაობა მისაღები და სასიამოვნოც არის. ეს მისი პირადი საქმეა. საზოგადოებრივი თანაცხოვრების ნორმები და კულტურა ხომ ადამიანში ისედაც ბევრ ადამიანურს ზღუდავს.
რაც შეეხება ლიტერატურას, ბილწსიტყვაობის, ისევე როგორც სხვადასხვა ადამიანური პათოლოგიების, საზოგადოებრივად ტაბუირებული მომენტების გამოსახვა ანტიკურობიდან დღემდე, არაერთ დიდ მწერალს დასჭირვებია საკუთარი ღირებული სათქმელის უკეთ გადმოსაცემად.
სრულიად სხვა რიგის მოვლენასთან გვიხდება შეხება, როდესაც ,,მწერალს’’ რაიმე სათქმელი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ დემოკრატიის მონაპოვრით, სიტყვის თავისუფლების წყალობით უხვად, შეუზღუდავად სარგებლობს . უნდა და გასდის ეპატაჟურობით საკუთარი კომპლექსების მკითხველთა ხარჯზე დაკმაყოფილება. თან ჩვენში იოლი პოპულარობაც გარანტირებული აქვს. მითხარით, ყოველივე ამას ხელოვნებასთან რა ხელი აქვს!

  - - - - -
* უკვე დაასახელეს `საბას~ ფინალისტები, სადაც სხვა გამორჩეულ ავტორებთან ერთად ვერც თქვენი წიგნი ვერ მოხვდა. ზოგადად, საქართველოში ხომ არ გადაიქცა ლიტერატურული კონკურსები სარფიან საქმედ რომელიმე ერთი ჯგუფისთვის, როცა პრემიას რამდენჯერმე ერთი და იგივე მწერალი იღებს. თუმცა ყველამ იცის, რომ ამ პრემიას ფულის შოვნის გამო აძლევენ და არა _ ნიჭიერებისთვის...არ მეთანხმებით?
ძნელია, არ დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში, მით უმეტეს, რომ სუბიექტური ფაქტორიც ასე განმაწყობს.
პრემია ,,საბას’’ დაარსება ნამდვილად კარგი საქმე იყო, ცხრა წლის მანძილზე ეს პრემია არაერთ ღირსეულ მწერალსაც მიენიჭა და ამისათვის თბს ბანკის მესვეურების მიმართ მადლობის მეტი ვის რა შეიძლება ეთქმოდეს.
ამ პრემიამ ნამდვილად შეუწყო ხელი საგამომცემლო საქმის გააქტიურებას, საგამომცემლო საქმე კი ჩვენს პირობებში თავისი კომერციული თუ სხვა მიზნების მიზნების გამო მარტო ხარისხიან ლიტერატურას როდი ემსახურება, საეჭვო ღირებულების ნაწარმოებთა გამოქვეყნებაც უხდება. მერე ეს უხარისხო ნაწარმოები ,,საბას’’ ან რომელიმე სხვა პრემიაზეა წარდგენილი და გზასაც იოლად იკვალავს, ეს ლიტერატურის განვითარებას როგორ დაეხმარება?
დღეს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც კი გამჭვირვალეა, ამ პრემიის ორგანიზატორებისა და ჟიურის საქმიანობა კვლავ საეჭვო ბურუსით არის მოცული.
სხვათა შორის, შარშან ინტერნეტით, საიტთა იმ თემებში, ,,საბას ‘’ რომ ეძღვნებოდა, გავავრცელე ე.წ. ,,დრაფტი’’ პროექტისა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ კონკურსის მუშაობის იმგვარად წარმართვა, რომ მაყურებელს მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალის ტელევიზიით ცქერისას კი არ გამოევლინა ცნობისმოყვარეობა, არამედ მკითხველი საზოგადოება მთელი წელი ყოფილიყო ჩაბმული ცოცხალ ლიტერატურულ პროცესში.
ეს ,, დრაფტი’’ ,, საბას’’ ოფიციალურ იმეილ მისამართზეც გადავაგზავნე. ჩანს, ორგანიზატორები არც იმ თემებში იხედებიან და არც კერძო ენთუზიასტთა მიერ იმეილით გაგზავნილ წინადადებებს ეცნობიან, რომ, როგორც ცივილური მიმოწერითი ურთიერთობის ეთიკა მოითხოვს, ორი კლიშე-სიტყვით მაინც ეპასუხათ. ეს მეტყველებს გულგრილობაზე ყოველივე იმისადმი, რაც ამ კონკურსთან დაკავშირებული მათი სუბიექტური ინტერესების მიღმაა.
მე შორს გახლავართ აზრისაგან, რომ ჩემზე უკეთესი იდეები ,, საბას’’ მუშაობის გაუმჯობესებისათვის არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რეალურად ახალი რომ არაფერი ჩანს?
არ დამავიწყდეს, რომ მნიშვნელოვან სიახლედ მიმაჩნია წელს კრიტიკის ნომინაციის ცალკე გამოყოფა. ავტორ-კრიტიკოსთა აღიარება, მატერიალური დაინტერესება-წახალისება თავისთავად ურიგო საქმე როდია. უკეთესი იქნებოდა, ,,საბას’’ ორგანიზატორებსა და ჟიურის ამასთან ერთად გაეთვალისწინებინათ პროფესიული კრიტიკის აზრი საკონკურსოდ წარდგენილი წიგნების შესახებ. ამის შემდგომ კეთილსინდისიერ არჩევანს ვინ გონიერი დაუწუნებდა.
დასასრულ, აქ არ ჩამოვთვლი იმ ღირსეულ კოლეგათა სახელებს, რომელნიც წელს სხვადასხვა ნომინაციის ფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა მათ: როდესაც, საბას’’ ფინალში გადის ქეთი ნიჟარაძეც კი - ავტორი უმწიფარი ტექსტებისა, რომლის დაბეჭდვას მოერიდებოდა თავისი ჟურნალისა თუ გაზეთის დონეზე მზრუნველი ნებისმიერი რედაქტორი, ეს თვალნათლივ ადასტურებს, რომ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალზე შორსაა იმისგან, რასაც ობიექტურობა ეწოდება, ამიტომ გული დიდად ნუ დასწყდებათ. მათი ამჟამინდელი წარუმატებლობა უფრო იმის ბრალია, რომ პირადი მეგობრობა და ანგარიშიანი ურთიერთობა არ აკავშირებთ ,, საბას’’ ,,პატრონსა’’ და ჟიურისთან, ეს კი ჩემი რწმენით, მათივე ღირსებების გაგრძელებაა!

ქალბატონ ნინო დარბაისელს ეკითხებოდა გურამ წიკლაური

გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა'' 2011. 30.06.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები