ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2011


რაფაელის „სიქსტინის მადონა“

რა დაეხატა, არ იცოდა თუ რა ეღონა
თემა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოც მოეღო ლოდინს,
თუკი მანამდე ვერაფერი ვერ მოეგონა
შემდეგ უეცრად ძილში რაღაც ჩვენება მოდის.
გამოეღვიძა, თავის მოლბერტს მან მიაშურა
და შექმნა მაშინ მან "სიქსტინის მადონა" ასე,
ამგვარად ქვია რაფაელის ფერწერულ სურათს,
ამ ნამუშევარს, სილამაზით, ღრმა აზრით სავსეს.
ახლადშობილი ხელთ ღვთისმშობელს უპყრია ქრისტე
მხსნელი სამყაროს, მაცხოვარი, რომელიც დასჯის
მხსნელის არმიმღებს, უარმყოფელს, სურათზე იქვე:
მარცხნივ სჩანს ბერი პიაჩენცის, ბარბარე --- მარჯვნივ.
და ორი ბავშვი, ლამაზები რომ იყვნენ მეტად
სახელოსნოში გაჩნდნენ მაშინ, როს დადგა ჯერი
ანგელოზების გამოხატვის და აღიბეჭდა
ნახატზე ორივ, საოცარი და მშვენიერი.
და დაასრულა მუშაობა ამით ოსტატმა
დრო-ჟამისაგან მას დაჩრდილვა რომ არ მოელის,
წარმავალობას მეუფება მან გამოსტაცა,
უკვდავებაში გადასულა ურბინოელი.
კათოლიკური ეკლესია სახსარს ეძებდა
და გერმანიის იმპერატორს ნახატს მიჰყიდის,
ფრიდრიხი მეტად განაცვიფრა ნამდვილ შედევრმა,
იმპერატორმა ტილოს შემქმნელს უწოდა დიდი.
რა სურდა ამით ამ ფერწერას ჩვენთვის რომ ეთქვა?
შობა --- საწყისი მარადნათელ მერმისის დღისა,
აქ ქმნის ავტორი წარსულსა და მომავალს ერთად,
მოდის იმედი თავის დროის და მომავლისა.
ქრისტეს სახეზე აღბეჭდვია ტკივილი  მძაფრი
ელის რა იგი უსაშინლეს ტანჯვა-წამებას,
ძახილი ერთხმად: ჯვარს აცვიო, რა შებრალება,
მაგრამ ეს ჯვარცმა სხვაგვარია, უფრო სხვა არის.
მისთვის მთავარი არის უფრო სიცოცხლე მეტის
ერთის სიკვდილი აბა რაა, თუ იხსნის მრავალს,
მინდობილი აქვს უმეტესის მას ახლა ბედი
და ამისათვის ის უთუოდ ჯვარზედაც ავა.
მტკიცეა იგი ამიტომაც, საფრთხე სულ თან სდევს
არ ასცილდება განკუთვნილი მას ეს სასჯელი,
მოწაფე მისი მას იუდა ამბორით გასცემს,
გეთსემანიის ბაღში მოვა რისხვა დამსჯელი.
და დაასრულა მუშაობა ამით ოსტატმა
დრო-ჟამისაგან მას დაჩრდილვა რომ არ მოელის,
წარმავალობას მეუფება მან გამოსტაცა,
უკვდავებაში გადასულა ურბინოელი.

2 ივლისი
2011 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები