ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2011


მათე-პამპულა


- ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?!  ბარგს ვინ ჩაზიდავს?!
დალაგებაში ვინ გვიშველის?!  ვინ და, პამპულა!
- პამპულ, სადა ხარ?  აჰა - ფული, აფთიაქიდან
მომირბენინე ანალგინის  ორი ამპულა!
- სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო!
- პამპულ, გვიმღერე  “ოროველა” ანდა  “ჩაკრულო”!
- გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები?
ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები...
- პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე!
ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?

- თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე.
მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!

ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა,
წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა.
დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული,
ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ,  თურმე,  პამპულა.
უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე,  ვერცერთი,
კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა.
როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს,
მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა.
მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა,
ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა.
ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა,
და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა,
შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”-
- თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა.
გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი,
მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.

ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი.
ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა.
სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი,
მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა  “პამპულა”.
ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს,
თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა.
სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა,
ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა,
სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში,
ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა,
- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი,
და ანგელოზებს
                          არ დაზარდება
                                                    ჩვენი პამპულა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები