ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 ივლისი, 2011


როგორ მოვიპაროთ ,, საბას’’ ფრთა ფულითურთ ,, თბს ბანკიდან’’

 
    არსებობის მანძილზე ლიტერატურულ პრემია ,,საბას’’ ასეთი სკანდალური წელი არ ჰქონია.  არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ  ,,თბს ბანკის’’ მესვეურთა  ეს კეთილშობილური წამოწყება, რატი ამაღლობელის წყალობით, იმთავითვე მისი  ვიწრო სამეგობროს აღებ-მიცემობის ასპარეზად იქცა.
    ამ კონკურსის ისტორიას თუ  გავიხსენებთ, არ იქნებოდა  გასაკვირი,  შორტლისტებიდან  ვინმე მხცოვან ავტორს საკუთარ კანდიდატურა მოეხსნა, მინდა ახალგაზრდებს დავუთმო სარბიელიო, მაგრამ ფინალში გასული  ახალგაზრდა კაცი  ხმამაღალი პროტესტით ტოვებდეს  კონკურსს – ეს, როგორც მახსოვს, წელს პირველად მოხდა. (ვგულისხმობ ირაკლი კაკაბაძეს, რომელმაც მიზეზად დაასახელა ელა გოჩიაშვილის ,,ვერმოხვედრა’’ შორტლისტებში).
    როდესაც ცივილურ საზოგადოებაში რაიმე კონკურსი ცხადდება, მონაწილეობის მსურველები თავიდანვე, საჯაროდ  უნდა იყვნენ ინფორმირებულნი წესების შესახებ.  კონკურსის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, საზოგადოებას  წინასწარვე აცნობონ იმ ცვლილებების თაობაზეც, რაც, წინა წლებისგან განსხვავებით,  წესებში შეიტანეს. თუმცა ,,საბას’’  ორგანიზატორები ამას როდი დაგიდევენ. მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, კონკურსის იმ ეტაპზე, იმ დროს  და ისე მოირგონ სუბიექტურ ინტერესებზე ახალ-ახალი წესები,  როგორც მოეგუნებებათ.  ,,საბას’’ ძირითად დებულებას კი ამაოდ დაუწყებთ ძებნას ინტერნეტში ან ბეჭდურ ორგანოებში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ასეთი რამ არც გააჩნიათ, ან გაჩნიათ კიდეც, (ისე რეგისტრაციაში ვინ გაატარებდა), მაგრამ  გულდაგულ ინახავენ, ალბათ  ეშინიათ,  საზოგადოების  ,,ავი თვალი  არ ეცეს’’.
  ახალგაზრდა კაცის - ირაკლი კაკაბაძის პროტესტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფართოდ გახმაურდა და  ,,საბას’’  მესვეურებს, კერძოდ ჟიურის წევრ  ბესო ხვედელიძეს მოუხდა,  ტელევიზიაში ოფლისწურვით  თავი ემართლებინა, ელა გოჩიაშვილის ახალ კრებულში წინა  გამოცემებიდან შეტანილი ნაწარმოებებიც აღმოჩნდა, მათი მოცულობა დასაშვებ პროცენტულ  ზღვარს ამეტებდა, ამიტომ ვერ მოხვდა შორტლისტშიო, მაგრამ  ვერა და ვერ ,,გაიხსენა’’, კონკრეტულად, მაინც რამდენია ეს პროცენტული ზღვარი.
    Mმის ,, გულმავიწყობას’’ სინამდვილეში სულ სხვა მიზეზი ჰქონდა.
      დრამატურგიის ნომინაციაში მისივე მეგობრის თამაზ ექვთიმიშვილის მინი-პიესა ,,პუანტები’’ იყო წარდგენილი. სხვათა შორის, ეს მინი-პიესა თავადვე გამოუქვეყნა 2010 წლის  ,,კვირის პალიტრაში’’, როგორც ჟურნალის მიწვეულმა რედაქტორმა და სხვაზე უკეთაც უწყოდა, რომ  ნაწარმოების ტექსტის  95 პროცენტი მაინც, ამავე სათაურით,  რახანია, წინა წლებში იყო გამოქვეყნებული გაზეთ ,,პარნასში’’ (2004, ნ. 4), რომელთანაც თავად აქტიურად თანამშრომლობდა.
    საქმეში ჩაუხედავი მკითხველი ზედმეტი დეტალიზაციით რომ არ გადავღალო,    ჩახედული კი  მეტნაკლებად გავარკვიო, მოკლედ აღვნიშნავ, რომ ,, პუანტები’’ - ეს ,,ნოველა ორ მოქმედებად, ანტრაქტებით’’ (ძველი, პროზაული ვერსიის ქვესათაურია) ავტორს ,,ტექნიკურად’’ მინი-პიესისათვის დაუმსგავსებია, ანუ პროფესიონალი დრამატურგებისათვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელი დილეტანტური რემარკებით ,,გაუმდიდრებია’’  და ალბათ  გაზეთ ,,24 საათის’’ მიბაძვით,  თუ ადრე  ,,პირველი მოქმედება’’, ,,მეორე მოქმედება’’ და ,,ანტრაქტი 1’’, ან ,,ანტრაქტი 2’’  ეწერა, ახლა [A-1], [B-2] დაA[ც-3] -ით  და ა.შ. შეუცვლია.
    რაკი აქ ყოველ მისხალს მნიშვნელობა აქვს, ისიც  არ უნდა დავუკარგოთ თამაზ ექვთიმიშვილს, რომ  ,,ახალი  ნაწარმოებისთვის’’ მოქმედ პირთა სია დაურთავს, ერთ ეპიზოდში გმირი ქალის სახელი კაცის სახელით ჩაუნაცვლებია და აქა-იქ მცირედ გავრცობილ დიალოგებში შორისდებულებიც ჩაურთავს.
    მთავარი სიახლე, რაც ამ მინი-პიესას  განასხვავებს  ,, ძველისგან’’ და მკვეთრად გამოარჩევს ნომინაციაში მოხვედრილი თუ ვერმოხვედრილი სხვა პროფესიონალური ტექსტებისაგან, მაინც სულ სხვაა!  -  მოთხრობაში თუ A მამის  ლანდი  წარმოსახული პერსონაჟი იყო, პიესაში უკვე მოქმედი პირიცაა. Aაბა,  ამისთანა დრამატურგიულ ,,სიახლეს’’, შექსპირსაც რომ არ მოლანდებია,  წინ რა დაუდგებოდა და ავტორმა, რომელიც, წესით, დებიუტანტ  ნომინანტთა შორისაც კი არ უნდა მოხვედრილიყო. ,,საბა’’  პირდაპირ  დრამატურგიის ნომინაციაში მოიპოვა!
      ***
      იურისტები ალბათ უფრო ზუსტ კვალიფიკაციას მოუძებნიდნენ მომხდარს, ჩემი რწმენით კი ეს არის  მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებით ჩადენილი ჯგუფური, ორგანიზებული ფინანსური დანაშაული - ,,თბს ბანკის’ მიერ საპრემიოდ გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, რომლის შედეგადაც არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალური ზარალი (პრესტიჟის შელახვა)  მიადგა  ბანკს, ასევე,  მორალური ზარალი მიადგა ,,საბას’’ კონკურსის დრამატურგიის ნომინაციაში წარდგენილი ნაწარმოებების ავტორებსა და მოტყუებულ ლიტერატურულ საზოგადოებას.
    მაგრამ მოდით, ნუ ვიქნებით ასე მკაცრი!
    დავუშვათ, ,,საბას’’ ჟიურის წევრებს, ორ მთარგმნელსა და ორ პოეტს  არაფერი გაეგებათ პროზისა და დრამატურგიისა და არც ის იცოდნენ,  ამ კერძო შემთხვევაში მათი უნებლიე მონაწილეობით ფინანსური აფერა რომ მზადდებოდა და  ბრმად ენდნენ პროზაიკოს ბესო ხვედელიძეს.
    ისიც დავუშვათ, რომ პირადად ,, საბას’’ ორგანიზატორმა და  მისი ერთ-ერთი  ახალი დამფუძნებლის ,, ქართული პენ კლუბის’’ პრეზიდენტმა რატი ამაღლობელმა  არ უწყოდა, რას უმზადებდა თავისი  მარჯვენა ხელი -  იმავე  ,,ქართული პენ კლუბის’’ სამეურვეო საბჭოსა და ,,საბას’’ ჟიურის  წევრი ბესო ხვედელიძე.
    როგორ უნდა მოიქცეს რატი ამაღლობელი ახლა,  როცა  დანაშაულის ფაქტი უკვე გამომჟღავნებულია? -
  - ან ბესო ხვედელიძესა და თამაზ ექვთიმიშვილთან  ერთად,  ,,რაინდულად’’ გაიზიაროს პასუხისმგებლობა,  ან დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და ,, საბასა’’  და ,,ქართული პენ კლუბის’’ შელახული სახელის აღსადგენად მაინც, ჯგუფის დანარჩენ  წევრებს  დააკისროს სრული პასუხისმგებლობა ამ ფინანსური აფერის გამო.
    ვიყოთ კიდევ უფრო ლმობიერნი, მივცეთ თავის მართლების საშუალება  ბესო ხვედელიძეს, თითქოს მანაც არაფერი იცოდა მეგობარი მწერლის უღირსი განზრახვის შესახებ  და ჩადენილი არა ჯგუფურ, არამედ  ინდივიდუალურ დანაშაულად წარმოვიდგინოთ.
    როგორ უნდა მოიქცეს ახლა თამაზ  ექვთიმიშვილი?
    წავიოცნებოთ, რომ  იგი მხილების შემდეგ მაინც გამოიჩენს კეთილსინდისიერებას, მოჰკიდებს ხელს მითვისებულ ,, ფრთასა’’ და ფულად ჯილდოს და დააბრუნებს იქ, სადაც ბესო ხვედელიძის ხელით საზეიმოდ ჩაიბარა, ანუ  ყველაფერი ისეთივე ,,ჰეფი ენდით’’ დამთავრდება, როგორც ცნობილ ფილმშია, რომლის პარაფრაზსაც წარმოადგენს ჩვენი წერილის სათაური...
    მაგრამ ვინ არის ამ დანაშაულზე პასუხის მომკითხველი?!
    მიჩუმათება ხომ ჩვენი მამაპაპური წესია!
     
- - -
    პ.ს. უთუოდ სიმბოლურია, რომ ,,საბას’’ დაჯილდოების  წლევანდელი ცერემონიალი  დასრულდა  მუსიკით კინოფილმიდან ,,ვერის უბნის მელოდიები’’.  მრეცხავი ვარდოს ეს არია, სიკეთის სახელით ჩადენილი ქურდობის თავისებური აპოლოგია, ასეთი სიტყვებით ბოლოვდება:  ,,და თუ ღმერთი ცოდვას მაინც მომკითხავს, არ დავეძებ ჩემს საკუთარ თავს’’.  ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე,  ცერემონიალის რეჟისურაში ან ვინმე საქმეში წინასწარ ჩახედულის ხელი ერია, ან თავად ,, საბას’’ ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა მოიწადინა, უკვე აღსრულებული საკუთარი  ,,კეთილშობილური განზრახვის’’  გამო,  მუსიკის ენაზე მოებოდიშებინა ჩვენი ყოვლისგამგები და  გულჩვილი საზოგადოების წინაშე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები