ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2011


,,მაი სფეისი"

რაც მოხდა, მოხდა!
განა  მარტო ჩემი ბრალია,
ნურც გამამტყუნებ,
ნურც ინაღვლებ განალაღები.
მე დავასწარი,
განაჩენი გამოვუტანე
და
დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები,
რათა მრავალი მორეოდა
ტყვია,
იარა,
არეულიყო
დანაკოდი და დანასერი.
ცოდვას ვერ ვიტყვი,
უკან არვის დაუხევია
და
როგორც იქნა,

მოკვდა ნინო დარბაისელი.

არ დაინანო,
თვალი ცრემლით არ დაისველო!
განა რაც მჭირდა,
ყველაფერი მისგან არ იყო?!
რად აიჩემა სიყრმითგანვე,
პოეტი ვარო,
სათქმელი მაქვსო...
რა სათქმელი, რისი სათქმელი!
მთელ წელიწადში
ერთი ლექსი ეწერებოდა,
ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა
ხელისფათურით.
ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა,
იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.

სულმოუთქმელად
განსაცდელისკენ მიმაქანებდა.
ვერ მოვერიე,
არ იქნა და არ მოიშალა
სხვის შესაქცევად თავის გვემა,
ცრემლი მდუღარე.
ვერ შევასმინე,
რომ არავის არ სჭირდებოდა,
დევნა-მალვაში
დავბერდი და გადავიღალე.

დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ,
სხვებმა დააცხრონ
სიტყვა-თქმათა აურზაური,
ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი,
ხმაურში - ჟღერა,
უმბარ ამბარში
უებარი იცნონ სურნელი,
უსინჯონ სიტყვას
მიმოხვრა და სახეცვლილება
ზომონ და წონონ,
გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!

მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები.
მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები.
მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები,
დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები.
ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია!
ისე მშვიდია ჩემი სივრცე,
ისე დაცული,
ამოვისუნთქე.
რა მაქვს საშიშ-საკანკალები?!

ანტივირუსით დაცულია
ყველა კარიბჭე.
არაფერს უცხოს და საეჭვოს არ ვეკარები.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება


2005

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები