ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 აგვისტო, 2011


ძალიან რეალური ამბები გმირებზე (ვუძღვნი ზვარაკადშეწირულებს)

არ მინდა მათზე მხატვრულად ვწერო; მაღალფარდოვანი სიტყვებიც კი ფერმკრთალდებიან მათზე საუბრის დროს; ისინი ყოველგვარ პათეტიკაზე მაღლა დგანან. ისინი... სულაც რომ არ იცოდნენ, არც ფიქრობდნენ და გმირები გახდნენ - ზვარაკად შეწირულები.
სამ ახალგაზრდა კაცზე მინდა მოგითხროთ, შეულამაზებლად და დოკუმენტურად. ორ მათგანს პირადად ვიცნობდი, ერთის შესახებ გადმოცემით ვიცი. იმ ორიდან კი ერთი არცკი მინახავს. უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს ეგებ, მაგრამ ასეა.
მე ვიხსენებ მათ და მინდა მათ ბევრი იცნობდეს, რომ მერე შვილებს უყვებოდნენ ამ საოცარი ვაჟკაცების ამბავს.

კობა ბურჭულაძე:

ძალიან ახალგაზრდა იყო, აფხაზეთის ომში რომ გაეპარა მშობლებს. ბრძოლებში ისე შეაყვარა თავი ყველას, რომ უიმისოდ ვეღარ ძლებდნენ ბიჭები. ტყვიების ცეცხლიდან არაერთხელ გამოუყვანია დაჭრილი თანამებრძოლი. თვითონაც რამდენჯერმე დაიჭრა. ერთ-ერთი შეტაკებისას, უგონო მდგომარეობაში მყოფი გამოიყვანეს მეგობრებმა. ჰოსპიტალიდან დროზე ადრე გამოაწერინა ექიმს თავი, არადა, სხეულში ტყვია ჩარჩენილი ჰქონდა და მისი ფრონტზე დაბრუნება სარისკო იყო. არ დაიჯერა. სოხუმის დაცემამდე იქ იყო. იმედს არ კარგავდა და თანამებრძოლებს ამხნევებდა.
გატეხილი დაბრუნდა ომიდან. შეცვლილი, გულჩათხრობილი. დაოჯახებამაც ვერ შეცვალა. დარდიანი დადიოდა ჩვენი პატარა ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ვაჟკაცური ხასიათი არ დაუკარგავს. კარგად იცოდა გატანა, თანადგომა, ერთგულება, სიყვარული. არ ესწავლებოდა, სხვას ასწავლიდან...
სხეულში ჩარჩენილმა ტყვიამ თავისი გაიტანა, უკურნებელი სენით დაავადდა ახალგაზრდა კაცი... სამი წელი ებრძოდა მძიმე სენს. ვერავინ ვერასდროს ნახავდა ხელჩაქნეულს. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, კობა მეორე დღესვე სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა. გაოგნებული იდგნენ მის წინაშე თანამდებობის პირები, გამოცდილი მებრძოლები და ამ გაუტეხელი სულის ვაჟკაცს უსმენდნენ:
- მერე რა, რომ ავად ვარ. ახლა ჩვენი ქვეყანაა გასაჭირში. შველა უნდა. მე კი ვიცი რასაც ნიშნავს ომი, ტყვია-წამალი, დენთის სუნი. ამიტომ უნდა გამიწვიოთ.
ძლივს გადააფიქრებინეს. გულჯავრიანი დაბრუნდა სახლში: ავადმყოფობამ მომტეხაო...
ისე მიიცვალა, ერთი „ვაი“ არ დაუძახია. არავინ მოუხმია საშველად. ანდერძიც დაიბარა: საქართველოს დროშამ იფრიალოს ჩემს საფლავზეო...
ასე წავიდა... გმირი იყო... ზვარაკად შეწირული...

და გოგა...

არასოდეს მინახავს. ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. სრულიად შემთხვევით ელექტრონულ ფოსტაზე წერილი დამხვდა: ვიღაც ისრაელში მცხოვრები ქართველი მამაკაცი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებ.გვერდის მისამართს მთხოვდა. ბუნებრივია, თხოვნა შევუსრულე და სხვა ეპარქიების ვებ.გვერდების მისამართებიც გადავუგზავნე. ჩვენი ურთიერთობაც აქედან დაიწყო.
ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. ისარელში ცოდვათა გამოსასყიდან ჩამოვედიო, მითხრა. კაცი მოვკალი, მერე რა, რომ მტერი იყო, კაცისმკვლელი ვარ და უნდა გამოვისყიდო ეს ცოდვა როგორმეო.
ბევრს არ საუბრობდა ომზე. ხანდახან იხსენებდა ხოლმე და ტკივილისაგან იტანჯებოდა. ენატრებოდა საქართველოს ცა, მზე, მიწა... ენატრებოდა მეგობრები. ისიც მძიმე სენით დაავადდა. 2 თვეში ბოლო მოუღო სიმსივნემ. ნაცნობთაგან მხოლოდ მე მეხმიანებოდა...
უკანასკნელად მომწერა:
- ნი, ვკვდები და თან მიმაქვს ჩემი ცოდვები. ვკვდები ისე, რომ ჩემი ქვეყნის კიდევ ერთხელ ნახვას ვერ ვეღირსე, თუ შეგიძლია, მაპატიე, რომ ვკვდები... ეს იმ განცდილ-გადატანილის ბრალია, ვიცი. ასე ყოფილა. მიმძიმს ძალიან...  მტკივა, მაპატიეთ ყველამ და ჩემმა ქვეყანამ...
ისიც ზვარაკად შეწირული იყო...

მხოლოდ ორი გავიხსენე... გასახსენებელი და სანთლებასანთები ჩვენგან რამდენია კიდევ, ვინ მოთვლის. რვა აგვისტო ახლოვდება… ჩემი წილი მიწა მეწვის ფეხებქვეშ და ვერ დავდივარ, დავბობღავ და მტკივა... ჩემი გმირები მახსენდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები