ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2011


ბედუინი (ნაწილი II ფრენა უფრთოდ)

                                                                            "ფლოქვებით გადათქერავს უდაბნოს  უსამანოს
                                                                            და მერე... ზეცაში უფრთებოდ აგაფრენს!.."
                                                                                                                                              "ვერმიცანა"


        მუჰამადი ოსტატურად ჩასრიალდა დიუნას კალთაზე, ცხენს ქოჩორზე  მოეფერა, კისერზე ხელი შემოხვია და ზურგზე მოექცა.
ჯადარი  ქვიშის მთებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ბილიკზე თავგამეტებით გაჭენდა... რამოდენიმე წამში  დიუნას  დაქანებულ ზედაპირზე, მთვარის ვეებერთელა  მოტირალ ლოყაზე, უფრთოდ მიფრინავდა სწორუპოვარი შავი არაბული ბედაური. კუდი მაღლა აეწია,  გაშლილი ძუა - ფაფარი  მთლიანად ფარავდა მის  ზურგზე გაწოლილ კაცს.  ჯადარმა მთვარე გაიფრინა და ღამეს შეერია. 

        უკვე ვიცოდი, რომ ჩემი თვალები ვეღარასოდეს იხილავდა მსგავს საოცრებას.
მივხდი ლეგენდის მთავარ სათქმელს, მფრინავ არაბულ რაშზე მხედრის შემჩნევა და  ტყვიის მისაწვდენზე მიზანში მისი ამოღება მომხვდურისთვის თითქმის შეუძლებელი იყო.   
        უდაბნოში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.  ქვიშა საგრძნობლად გაცივდა.  ბანაკისკენ ავიჩქარე. ორჯერ  მომეჩვენა, რომ რაღაც ჩრდილებმა გაისრიალეს  შორეული დუინების კალთებზე, მაგრამ ნანახით გაოგნებულს  ყურადღება აღარ მიმიქცევია. 

        ლურჯთვალა და ოდნავ უხეში მილოში, რუსულად მოლაპარაკე პოლონელი ბაიკერი და ჩვენი ინსტრუქტორი, ელ-გიზაში ქირურგად მუშაობდა. დასვენების დღეებში  უდაბნოს ტურებში  ინსტრუქტორობდა, თავის გატაცებასაც არწყულებდა და ფულსაც შოულობდა.
გასაღვიძებლად ხელი შევახე თუ არა, ისე სწრაფად  წამოჯდა, თითქოს ძილიდან კი არა ფიქრისგან გამოერკვა: 

      - რატომ არ გძინავს ნილნა? 
      - ამ სილამაზეში რა დროს ძილია ?
      - რაღაც მოხდა ხომ ? - ჩამეკითხა მილოში. მოკლედ  ვუამბე ცხენის და მუჰამადის ამბავი.  ალ კაბირიც ვახსენე. ბედუინის ხსენებაზე მილოშს შუბლი შეეკრა, ხელით ღაწვები მოისრისა, შევატყე არ ეამა. ჰორიზონტები მთელ წრეზე  მოათვალიერა, უდაბნოს დააყურადა და თქვა:

      - სიმშვიდეა!  ცოტა ხანში ინათებს,  მაგრამ დღის თორმეტ საათზე ოაზისში უნდა ვიყოთ. მუჰამადს  არ დაველოდებით. გრაფიკიც იცის და მარშრუტიც.  ეს ხალხი უდაბნოს პირველად ხედავს და დროში ჩამორჩენა არ შეიძლება. მეორე გამყოლი არ გვყავს. ამიტომ ჯგუფს მე ვატარებ. მარშრუტის რუკის შენი პირი მანქანაშია, აიღე და თან გქონდეს. ახლა ჩემი ამოცანაა უახლოს ხუთ საათში კისერი არავინ მოიტეხოთ ბაიკებზე და დელტაპლანზე. - ღიად გაიღიმა ექიმმა. ცერა თითი ჯერ გულზე მივიდე და მერე დაბლა დავხარე. მილოშმა უხმოდ გაიცინა და საძილე ტომარაზე მიწვა. 

            ჩვენს ჯიპში,  რომელიც ბანაკის  უკან იდგა, ორ ჩინელ ბაიკერ გოგოს ეძინა.  კაცები ცეცხლის პირას საძილე ტომრებზე მოწყობილიყვნენ. ციოდა.  ჩადრი სითბოსთვის ჩამოვიმხე და თავფეხიანად გავეხვიე. ცეცხლისკენ ზურგშექცეული აღმოსავლეთისკენ ფეხმორთხმით ვიჯექი, უდაბნოს ვაკვირდებოდი. უცნაურად ვფორიაქობდი,  რაღაც არ მასვენებდა. ინსტიქტი ჩემთვის გაუგებარს მკარნახობდა. სიგარეტის  წითელ წერტილს  ჩემს წინ დაკიდულ ვარსკვლავს ზომაში ვადრიდი... უცბად საშიშად მეჩვენა ქვიშის უკიდეგანო ოკეანე. ისე აღარ ვენდობოდი როგორც ცოტა ხნის უკან.  ჩემს გვერდით ქვიშაზე ობობამ როგორ გაირბინა, მისი ხმაც კი გარკვევით გავიგონე.  ვარსკვლავები ფერმკრთალდებოდნენ. მთვარე ყოველწამს კარგავდა ნათებას. დილის ოთხი საათი ხდებოდა.  რიჟრაჟი იწყებოდა.  მუჰამადის დაბრუნების მოლოდინიც გამიცრუვდა. შეციებულმა ჯიპში მოვიკალათე, მარშრუტის რუკა ჯიბეში ჩავიდე და მივწექი.

... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... 
                                                   
                                                                  ( იხილე როგორ გაგრძელდა)     

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
____________________________________________________________________________________________
http://www.youtube.com/watch?v=Jok-Ub_NQ1w

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები