ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2011


ვასოს ბებო აღარა ჰყავს (გაგრძელება )


2.
წავიდა მატარებელი, წავედით ჩვენც... მეოთხე მგზავრიც შემოგვემატა,  დაახლოებით ჩვენი ხნის კაცი იყო. ეტყობა იმას სთხოვეს ფარულმა მეკამერეებმა  ბილეთი დროებით... კუპეში რო შემოვიდა, გამარჯობის ნიშნად თავი დაგვიქნია,  ხმა არ ამოუღია მერე... ზის თავისთვის შეიძლება მუნჯია, თუმცა  თუ მუნჯია, თავს ხო არ დაგვიქნევდა, ალბათ ხელებით გვეტყოდა რამეს. 
მერე პრავადნიკი მოვიდა – ზანგი. ბილეთებს რომ ამოწმებდა, თან წინწყაროს ღიღინებდა. წინწყაროო, ჩამოვიარე – აბა ბილეთები, ტაკ, ტაკს…… ოცდაცამეტი, ოცდათოთხმეტი... წინ შემხვდა, ქალი ლამაზი...  ფხიზელი ვიყავი, თორემ ვიტყოდი, მეჩვენება-მეთქი.  ასე წინწყაროს ღიღინით შეგვიმოწმა ბილეთები ოთხივეს და წავიდა – ვითომც და არაფერი. ჩვენს მუნჯ თანამგზავრს თვალები ეხუჭებოდა. ეტყობა დაღლილი იყო. ცოტა ხანში აძვრა მეორე კოიკაზე, კიდე ცოტა ხანში ფშვინვა ამოუშვა, ფშვინვას არა უშავს მთავარია არ ხვრინავს. 
სოსოსია მეკითხება, ის შავი კაცი ვინ იყოო. მე რავიცი-მეთქი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ცოლი მირეკავს, სად ხარო? მატარებელში-მეთქი, კაიო. …ხმაში ატყვია დიდად არ მოვნატრებივარ, აბა ცუდიო ხო უნდა ეთქვა. რას შვება ბავშვები-მეთქი. სძინავთო. ზრდილობის გულისთვის სიდედრიც უნდა მომეკითხა წესით, მაგრამ არ ვარ ზრდილობიანი. სოსო სახლში რეკავს, შვილთან:  ბიჭო, ნოდარა,  ყანის მორწყვა არ დაგავიწყდეს, ძროხები დროზე მოდენე, მოწველე, წყალი დაალევინე...… სპილოს ბალახი აჭამე,  თუ მეზობლის ნაკვეთში გადავიდა დროზე მოაბრუნე უკანო...
ვფიქრობ, რა ფერმა, რის ფერმა, ან რაის სპილო - სოფელში საყანე ფართობები ჰქონდა,  სულ დაყიდა, მერე სახლი მიაყოლა: სულ სართულ-სართულ, აგურ-აგურ... ფიცარ-ფიცარ... და ნასახლარი და პატარა ეზო დარჩა მხოლოდ, ერთი ხურმის ხით, რომელსაც იაპონურს ეძახის და დიდი ამბით ეპატიჟება ყველას, ქართველებსაც და იაპონელებსაც, იაპონურ ხურმას გაჭმევთო...
ხო, კიდე ჭიშკარი აქვს დარჩენილი, რომლის ერთი ნაწილი მყარად დგას, მეორე კი მორყეულია, ვიღაცის მანქანა დაეჯახა და შუაში გაღუნულია,  წელში ორად მოკეცილი კაცივით: `ანტრე ბატონოო~, რომ ამბობს, მაგრამ რაზე  პატიჟებს ხალხს, თვითონაც არ იცის...
სახლი რო არ აქვს, მე მეუბნება, ვითომ შენი სახლი ჩემი სახლიაო, ხოდა ერთად მივდივართ სტუმრები თუ მოყავს. დედას ვაფრთხილებ, აი შენი მეორე ბიჭია იცოდე მეთქი... მაინც სოფელში თუა სულ ჩემთან ათევს ღამეს...
მორჩაAსოსო ინსტრუქტაჟს ბიჭთან და მაშინ ვკითხე, რა ფერმაზე საუბრობ-მეთქი. ფერმა მაქვს  ფეის ბუკზე, მეთხუთმეტე ლეველზე ვარ, სპილოც მყავსო. სპილო რად გინდა-მეთქი, რავი იყოს, ძალიან ბევრს არ ჭამს, ცოტა ბალახი ყოფნის, თან მეზობლის საძოვრებზე ვაპარებ, ხორთუმით ბალახს ვაპარინებ ბალახსო. თუ გამიგეს, მაშინ ნახე შენო... – იცინის... 
-  მაგ ფერმას არ სჯობდა შენი სახლიზა მიგეხედა?! - ვეკითხები.
- მაცალე ერთი რა იცი შენ, იდეა მაქვს, ჩავიგდებ ფულს ხელში და რომ მქონდა სახლი სამი იმხელა მინდა გამოვჭიმო!
- ვიცი, ამის იდეა, - ალიკა ერთვება საუბარში, - ამას წინათ მოდის ჩემთან და ერთი აზრი  მაქვსო - მეუბნება, უბრალოდ დაფინანსება მინდა,  სულ რაღაც მილიონი დოლარი და ერთ თვეში მილიონი მრჩება და  ვალსაც ვისტუმრებო...
-  ა, გაუხსენი ახლა კაცს გული, გამყიდე ხო!?
-  გაგყიდდი, ვინ არის რამეს მომცემი?!.
-  მაინც რა ბიზნეს იდეა გაქვს ასეთი?! - ვეკითხები მე სოსოს.
-  გაქვს მილიონი?  თუ გაქვს, გეტყვი!
-  ვთქვათ და მაქვს!
-  ვთქვათ და ასე სად არის! დამანახე მილიონი  და გეტყვი იდეას!
-  ბიჭო ის პირველი მილიონია ძნელი, თორემ მერე იდეის მეტი რა მოვა! – იცინის ალიკა.
-  არც შენ გაგანდო!?
-  არა...
-  მე მაქვს იდეა,  ამაღამ შეიძლება მოგვშივდეს! – ამბობს ალიკა, - აბა ამოყარეთ რაც გაქვთ.
თვითონ ჩანთიდან კონიაკს იღებს, რომელსაც ოქროსფრად აწერია - `ენისელი~, ჯერ ერთს, მერე მეორე ბოთლს.  ვითომ სულ კონიაკით გაიზარდა. მერე ოთხი ერთჯერადი ჭიქაც ამოაყოლა და დაშაქრული თხილი. ვეკითხები, მეოთხე ჭიქა რად გინდოდა-მეთქი, ხო იქნებოდა ვიღაც მეოთხე კუპეშიო. პლაცკარტი რომ ამეღო მაშინ რას იზამდა ერთი მაცოდინა. მე ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული პური და კატლეტები ამოვალაგე, სოსომ კიტრს და პამიდორს ჯერ დოქტორსკი ძეხვი, მერე კი დასაკეცი დანაც ამოაყოლა და დაჭრა დაიწყო. 
-    წიწაკა გვაქვს? – კითხულობს ალიკა.
-    რათ უნდა წიწაკა, სიდედრის ჩალაგებულია ჩანთაში! – ვცდილობ გავიცინო.
-    კარგად ნახე, ბომბი ხომ არ არის შით! - …ალიკა, აცინე მეტი რა უნდა.
-    კი აბა, ბომბის დასამზადებელ ფულს გაიმეტებდა ზუსტად ამიზა! – აყვა სოსო, - იცი რა ძვირია?
-    თამადა მე ვარ, არჩევნები საჭირო არ არის! – მისცა თავის თავს თანამდებოდა ალიკამ და კონიაკს ასხამს.
უცებ რადიო ჩაირთოა და ნიაზ დიასამიძემ,  `აბა რა ხდება~-ო, ასე რომ იწყება სიმღერა, ის დაიწყო. მერე კუპეში ორმა პოლიციელმა შემოყო თავი, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ,  გაშლილი პურმარილი და კონიაკი ბოთლები არ ესიამოვნათ და იმათაც იკითხეს `აბა, რა ხდებაო~. ამ ცხოვრების ანი და ბანი ეს არის რა, ყველას უნდა უხსნა რა ხდება, თორემ კონიაკს ვერ დალევ.  რადიო ისე უცებ გაჩერდა, როგორც ამუშავდა. 
- პროფესორი ალექსანდრე გოგუაძე, - წამოდგომა დააპირა ალიკამ, მაგრამ თავი იმ კოიკას აარტყა, მეოთხე  მგზავრი რომ იყო წამოწოლილი და ისევ დაჯდა, -  ბიჭებო, ჩვენს ძმაკაცს ბებია გარდაეცვალა,  ხოდა თითო გვინდა წავუქციოთ, თქვენც თუ შემოგვიერთდებით...
Yვერ არის რა, კონიაკი არ ენანება!?  კარგი და დათანმხდნენ. იმათმა არა, სამსახურში ვართ, დალევა არ შეიძლება, არ იხმაუროთ და წესრიგი არ დაარღვიოთო, ჭკუა დაგვარიგეს და წავიდნენ... ამათი დარიგებული რა ვთქვი, ანდა რომ არიგებ, ცოტა შენთვისაც ხომ უნდა დაიტოვო
ჩვენმა კუპის თანამგზავრმა გამოგვხედა ზემოდან... ალიკამ კინაღამ რომ აანგრია თავით კოიკა, ეტყობა მაშინ გაეღვიძა. გადაგვათვალიერა და სანამ გვერდის შეცვლას გადაწყვეტდა, სოსიკომ მოიპატიჟა, ჩამოი ძამა, დაგვეწვიეო. თუ ხმა ამოიღო, ე. ი. მუნჯი არ არის... ეს ტიპი უთქმელად ჩამოძვრა და მომპატიჟებელს მიუჯდა გვერდითა, თან ხელი ხელს გადაუსვა, თითქოს იბანდა - უწყლოდ...
ალიკამ კონიაკის ჩამოსხმა გააგრძელა...
-    შენი სახელი, ძმა! – სოსო კონიაკიან ჭიქას აწვდის მუნჯს...
-    ვალოდია! – კიდევ კარგი ლუკმა არ მქონდა პირში, აუცილებლად გადამცდებოდა, მით უმეტეს კი დოქტორსკი ძეხვი. 
-    ეუჰ, ეს არ გეთქვა და გესროლა რამე? – ამოიოხრა ალიკამ.
-    გვარი გექნება კარგი... – სოსოს გააჩერებ აწი! ახლა ლენინიც რომ თქვას ამ ტიპმა, არ გამიკვირდება.
-    ტუტინი...
-    პუტინი?
-    არა, ტუტინი…
-    გვაშაყირებს ეს კაცი... - შემოგვხედა  ალიკამ.
-    არა, დას ვფიცავარ, როგორ გეკადრებათ, გაჩვენოთ პირადობის მოწმობა... - უხერხულად იშმუშნება ვალოდია. რაღა მაინც და მაინც დას, ჯერ არის დედა, მერე მამა... რას გაუგებ. მინდა ვკითხო, არადა უხერხულია.
-    არც პასპორტი გვინდა არც მოწმობა, კაი გვჯერა, შე კაცო... – სოსომ მხარზე ხელი დაადო. 
-    ხოდა, ჩემო ვალოდია, - კონიაკის ჩამოსხმას მორჩა ალიკა და ერთჯერადი ჭიქა ისე შემართა თითქოს ყანწი ჭეროდეს.  ალიკა თუ თამადაა მისია ყველა უკვე, აგრძელებს - ახლა ჩვენც გაგეცნობით. ხო სად მიდიხარ შენ?
-    სამტრედიაში!
-    ხოდა სამტრედიაშიც მივდივართ ჩვენც, უფრო  სწორად კი ჯერ სამტრედიაში, მერე ჩოხატაურში.  ხო იცი ჩოხატაური?
-    რავა არ ვიცი!
-    ხოდა გვიჭუკჭუკია აბა სამტრედიამდე! ხო, პროფესორი ალექსანდრე გოგუაძე... – თქვა და ჩამოართვა ხელი. მერე ჩვენც გადმოგვხედა.
-    სოსო ძამა, - სოსოიამაც ჩამოართვა ხელი... ეჰ, ამან უნდა სვას ჩვენი კონიაკი.
-    დევიდ! – რატომღაც ინგლისურად ვთქვი მე. არ მოეწონა ჩემი სახელი მგონი, რაღაც ეჭვით მომაცქერდა.
-    დევიდ კი არა, ტოლმა, დათოიეა ბიჭო აი, - გაუიასნა ვითომ ალიკამ, - ხოდა ხო გვიყურებ აგერ, ძმები ვართ ჩვენ, რა გაგიკვირდა,  მკვიდრი ძმები კი არა,  ისე ძმები, ხო ხვდები,  ხოდა კლასელებიც ვართ და ჩვენს  კიდე ერთ ძმას და კლასელს ბებია მოუკვდა, ხო ხვდები?! მიხდი?!
ოურია თამადამ, საიდან უნდა მიხვდეს თუ არ ეტყვი.
-    აი ნასვამა, - მიჩურჩულა სოსომ. ხო-მეთქი, - დავუქნიე თავი.  რო გადამეხვია, კი მეცა კონიაკის სუნი, მაგრამ იმდენია სუნია ქალაქში, ვიფიქრე მეჩვენება, კაცს ხან ის ეჩვენება რაც უნდა.
-    ხოდა თინა ბებია აცხონოს უფალმა, - თქვა ალიკამ და დალია...
-    ამას თუ ამბობდი, ფეხზე უნდა გეთქვა, - თქვა სოსოიამ და წამოდგა. მე და ტუტინიც ფეხზე ავდექით.
-    თინა ბებია მაინც ვერ დამინახვს და ვასოიას მე ვეტყვი ბოდიშს, - თქვა ალიკამ. ეტყობა წამოდგმის ეშინია უკვე.
-    მაცალე ახლა მე, აცხონოს უფალმა, კაი ქალი იყო საწყალი, არ უნდა მოკვდარიყო წეისთ ჯერ, - თავი გადააქნია სოსოიამ, ნწუ, ნწუო თქვა  და დალია.
-    ხსოვნა იყოს, - შეთანხმებულივით ერთად ვთქვით მე და ვალოდიამ. 
-    საწყენად კი არ მიიღო, მარა, კაცო მართლა  ვალოდია გქვია და მართლა ტუტინი ხარ  გვარად! – ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს სოსოს.
-    კი, დას გეფიცები!
-    რაღა მაინც და მაინც და, სხვა არ გყავთ ოჯახში!? -  ძალიან უზრდელურად ეკითხება ალიკა. დიდი ზრდილობიანი არასდროს ვყოფილვარ, დიდად არ მეხატება გულზე ეს ვალოდია, თუ ვინ ჩემი ფეხებია, მარა არაა ლამაზი კაცს იმაზე დაუწყო ჩხუბი, დას რაზე იფიცებო,  თან  ჩვენ სამნი ვართ და თან სტუმარივით გამოდის ეს კაცი. ალიკა ძმა არ იყოს, გადავახევდი თავზე პროფესორის დიპლომს თუ აქვს თან წამოღებული.
-    არ მყავს სხვა, უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდეთ მე და ჩემი და! – თქვა ვალოდიამ.
რამდენიმე წამი უხერხულად ვიჯექით. ისევ ალიკა წამოდგა და ისევ გლიჯა თავი საწოლს, მერე მიხვდით რომ შეგვეძლო აგვეწია ეს მეორე კოიკა, მაგრამ ალბათ გაბზარული იყო უკვე. ან თავი ან კოიკა, თუმცა მაინც ავწიეთ.
-    ხოდა ჩემო ვალოდია, შენს დას გაუმარჯოს შენი საფიცარი რომაა, ალბათ უფროსია და გზრდიდა ხო?
-    არა, ხუთი წლით უმცროსია ჩემზე.
-    არაა აქვს მაგას მნიშვნელი და მრიცხველი, შენს დას გაუმარჯოს!    – თქვა და დალია.
ჩვენც დავლიეთ. კაია კონიაკი. გრძნობ როგორ დაივლის ძარღვებს. ალბათ რაღაცის შემადგენლობას ცვლის სისხლში, იმიტომ რომ კონიაკს რომ დალევ, ლამაზი გეჩვენება ცხოვრება, ხოდა ვალოდია ტუტინი კი არა და ვალოდია პუტინიც კაი კაცად მოგეჩვენოს შეიძლება.
ჩემი ტელეფონი რეკავს ამ დროს, ალბათ ისევ ცოლი. მოვენატრე. იქ არ ვიყავი, - წადი, დამასვენეო რომ მეძახდა.  რა ცოლი. ვასო იყო, ხმამაღლა მოლაპარაკეს ვრთავ, ვიცი დაიწყებ ლაი-ლაის, ამაი ის უთხარი და იმას ის უთხარიო, ხოდა აჰა ყველას ესმის, ვალოდია ტუტინსაც. წამოით უკვეო. კი, მატარებელში  ვართ და თინა ბებიას ხსოვნის და ვალოდიას დის სადღეგრძელო  უკვე ვთქვით-მეთქი. ვალოდია ვინააო, - ჩვენი კიდე ერთი კლასელის, ვეფხვიეს  ხმა მესმის. ეტყობა იქაც ხმამაღლა მოლაპარაკით გვესაუბრებიან. ვალოდია ვინ არის და ტუტინიო, - ალიკამ. აგენი უკვე კაი მთვრალები არიენ, რას გააგებიებ, პუტინი ელანდებათ უკვეო, - ვეფხვია ეუბნება ვასოს. იმან რა ლოთები ხართ, ჩამოსულიყავით და აქ დაგველია, ერთადო. არ ვართ კაცო მთვრალები, ორ-ორი ჭიქა კონიაკი  ვლეწეთ ჯერ-მეთქი. მეტი რა გინდათ თქვე ორიც გეყოფოდათო.  ბიჭო თევზი ვერ ვიშოვნეთ ჩოხატაურში და ვერ მოვასწარი  დარეკვაო. ალიკამ,  შენ მაგაზე არ იდარდო, მატარებელს გავაჩერებთ და მტკვარზე დავიჭერთ, ოღონდ გვითხარი, რამდენი კილო გინდაო. ოციო, იმან. მტკვარზე დაჭერას და მაიმუნობას თავი დაანებეთ, სამტრედიაში რომ გამეივლით ხვალი დილით, თან წამეიღეთო - ყვირის იქედან ვეფხვია.
- ბიჭებოო, თევზი ჩემზე იყოსო, - ამბობს ამ დროს ვალოდია. მეგონა მომეყურა. გაკვირვებული ვუყურებ. აგრძელებს, - ლოქო ხო წავაო. წავა კი არა და გაცურავსო, - იქედან ყვირის ვეფხვია. იმასაც ესმის. მე თევზის ბიზნესში ვარ, მოკლედ თევზის ამბავს მე ვკისრულობო, - ვალოდიამ. ვასომ, - ვინაა მაი კაციო. ხო გითხარით, ეს ვალოდიაა, ტუტინი-მეთქი. იმან, სად ვთქვა სოფელში, თევზი პუტინმა გამომიგზავნა-თქო, ხო მომეჭრა თავიო. კაცო პუტინი კი არა, ტუტინი-მეთქი, ვუსწორებ მე. ვეფხვიამ, ხო იცი ახლა მაგენი კაიფში იქნებიან, გამორიცხულია პუტინი იყოს მაგათთან ვაგონში, მთავარია თევზი ვიშოვნეთო. მერე ჩვენ გვეუბნება, ფული ხო გაქვთ გადაუხადეთ მაგ კას კაცს და აქ მოგცემთო, რეის მომცემია, ისე ამბობს. რაის ფულიო, გაიგიჟაA თავი ვალოდიამ. რას შობა მაინც კონიაკი. ერთი ნაჭერი დოქტორსკი კალბასი არ უჭამია ამ კაცს და ოცი კილო ლოქო აკისრებია. აუ კაცო, რა კაი სახელს აფუჭებდნენ ადრე ლენინი და ახლა პუტინიო, ჩაილაპარაკა ალიკამ.
ამასობაში ტელეფონიც გაითიშა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები