ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2011


ბედუინი (ნაწილი IV ჰამლეტური გათვლა)

                                                                             
                                          “სანამ დიუნებს მონაბერი ჰაერის მელოდია წამოსცდებათ
                                          დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა  ქარმა,…
                                      … სანამ შენ ფიქრობ...დაბეროს ნესტოები და დაჰბეროს სამუმმა         
                                          მტვრის მოხეტიალე ფიგურებში დაგანახოს
                                          ყოველი შემხვედრი ცდუნება, რომელზეც უარი ვერ თქვი!”
                                                                                                            ნათია პაპიძე


      გამეღვიძა.
      უცბად გავბრაზდი იმაზე,  საერთოდ რატომ გამეღვიძა. რაში მჭირდებოდა ეს გაღვიძება? ძილში დამავიწყდა რაც შემემთხვა და სადაც მოვხვდი. ახლა კი ისევ ყველაფერი თვალებში და გონებაში მომეჩხირა. თანაც ფიქრს მაიძულებდა, ფიქრს, რომლის არც თავი მქონდა და არც სურვილი. ქვეცნობიერი მეუბნებოდა რომ, რაც არ უნდა მეკეთებინა დღეის ამას იქით თავის გადასარჩენად, ყველაფერი  მაინც ჩემი იმ ქვეყანაში გადასახლებით დასრულდებოდა ძალიან სწრაფად. თვალიც არ გამიხელია. არ მინდოდა.
    „იქნებ მეყოფა საერთოდ ყველაფერი და, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში სრულიადაც საკმარისია... აქ გათავდა ჩემი ბედისწერა? ხომ  ვიფრინე უფრთოდ და ფრთებით, ეს ბედნიერი წუთები შემრჩა“. -  დაღლილად გავიფიქრე.
      ახლა რა უნდა მექნა ?!

      ჯერ უნდა მომეფიქრებინა მინდოდა თუ არა სიცოცხლე.
მერე,  უნდა მომეფიქრებინა, რისთვის მინდოდა ეს სიცოცხლე.  მარტო იმიტომ უნდა მეცოცხლა რაკი დავიბადე, თუ რამეში კიდევ იყო მისი აზრი? თუ არ მინდოდა ეს დაბადებით მონიჭებული სიცოცხლე, - მაშინ უნდა მომეფიქრებინა ვიყავი თუ არა მზად სიკვდილისათვის.  ან და საერთოდ როგორ უნდა მოვმკვდარიყავი.
      საამო სიკვდილს არც ტკივილებიანი მზის  დამწვრობა და არც ღამის სიცივით გაყინვა მომიტანდა. უეცარი სიკვდილი ასე, თუ - ისე, - არ მაშინებდა, მაგრამ ტანჯვით, სიცხით, გაყინვით, წყურვილით და შიმშილით სიკვდილი მეზარებოდა.  სხეულის კვდომის ხანგრძლივი და გამჭოლავი პროცესი, როცა სიცოცხლე ნელნელა დაიწყებდა თითო უჯრედის დათმობას - არც თუ ღირსეულ სიკვდილად მეჩვენებოდა. 
     
      ახლა კი ვხვდებოდი რომ, თურმე სიკვდილსაც შეფასება ჭირდებოდა, ეს კი სულაც არ გავდა სიცოცხლის შეფასებას. სიცოცხლე ხომ შეუფასებელი ღირებულებაა, ნამდვილი ბრწყინვალე და დიდებული საჩუქარი რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს,  მაგრამ ახლა ჩემთვის - სწორედ სიკვდილი ქცეულიყო შეუფასებელ ღირებულებად.  რომელი უფრო დიადია, სიცოცხლე თუ სიკვდილი?  როგორ მიხვდები რა არის ის, რასთან ურთიერთობაც არ გქონია და არ იცი - რა ფენომენია შენს წინაშე.  ნუთუ მარტო შეუცნობლის შიშია სიცოცხლის და სიკვდილის დიდებულების საზომი? მაშ რატომ შეიძინა ახლა სიკვდილმა ჩემთვის ასეთი საოცარი, განუზომელი დიდებულება? თანაც, ახლა და ამ წუთში?

        იმიტომ რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა მეზარებოდა, თავი არ მქონდა, ძნელი იყო, რთული, აღარ მინდოდა, აღარ მესურვილებოდა. ეს ბრძოლა კი არა, დაუსრულებლი ომი იქნებოდა, მოკლე და გრძელი ბრძოლებით.  უცებ გავიაზრე, რომ ცოცხალს სიკვდილზე ფიქრი შემეძლო, მკვდარი შევძლებდი ფიქრს? დარჩებოდა ჩემს შემდეგ რაიმე „გონიერი“, რომელსაც ფიქრი შეეძლო?  ფიქრი ხომ სიცოცხლის შემდეგ, მეორე ყველაზე დიდი ღირებულებაა... ფიქრი...

        თუ, როგორც მკვდარს მხოლოდ ერთი რამე დამჭირდებოდა,  - ხსოვნა?!
რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? ჩვენ ხომ სიკვდილი მხოლოდ „გარედან“ ვიცით?
იმითი,  რომ სხეული ცივია, აღარ მოძრაობს, თვალები ჩამქრალია, თვალის უპეები ჩაწეული, მკაცრად მოკუმული ტუჩები აღარ იღიმებიან, ერთდროს ძვირფასი სახეები ცივდებიან, ალერსით აღარ გიცქერენ, აღარ გეფერებიან.
მერე... ვიღაც,  ამბობს რომ, - აუცილებელია დამარხონ, იმიტომ რომ ეს წესია. არა და რა საშინელი წესია ეს მიწაში ღრმად ჩამარხვა, ზემოდან ვეებერთელა სიმძიმის მიწის დაყრა.
ოჰ, რა საშინელებაა საყვარელ ადამიანს მიწის ქვეშ რომ დებ. თან თავს იმშვიდებ იმით, - რომ ეს, - წესია! ...  დაუმარხავი მკვდარი არ შეიძლება, რომ ის აუცილებლად სამარეს უნდა მიებაროს. სხეული თვალს უნდა მოეფაროს  იმიტომ, რომ სულმა ვერ უნდა დაინახოს - მის ახლო რომ  არ დასახლდეს,  არ იხეტიალოს ცოცხალთა შორის მოუსვენებელმა და დაუსვენებელმა.  „განუსვენე სულთა“ .... ესე იგი სულს მოსვენება უნდა...

    ახლა სხვანაირად მესმოდა "სულთა თანას" არსი.  მამის პანაშვიდების და დაკრძალვის ყველა წვრილმანი გამახსენდა. ეს სიკვდილთან ჩემი  პირველი შეჯახება იყო. სრული თავზარი და გაოგნება. ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი სიკვდილი. დღემდე ვერ აღქმული, ვერ გააზრებული... გამახსენდა როგორ გავეყარე მაშინ წამით სხეულს, როგორ ვუცქერდი ჭერის  სიმაღლიდან ჩემებს, რომლებსაც წუთის წინ სახლში მოსვენებული მამა გადავიწყნოდათ, ჩემს სხეულზე დახრილიყვნენ და მანჯღევდნენ.    „მიშველეთ კვდება! “ - ხელახლა გაიხსენა ყურმა დეიდაჩემის შეკივლება  ...  ჩემს სხეულზე, გულში მოქნეულად ჩარჭობილი ნემსიც ისევ დავინახე, ფხრეწვის ხმაც კი მომესმა.
დედის ხმამ გადაფარა ყველა მაშინდელი შეცხადება. ჩუმად, მაგრამ განწირულად მეძახდა სახელით.
როგორ ვხედავდი მაშინ,  როგორ მესმოდა ის ძახილი? მე ხომ უგონოდ ვიყავი. აბა ჭერზე რომ ვეკიდე საიდან ვიცოდი ?  ზემოდან ხომ ვხედავდი ჩემს სხეულზე დახრილ ადამიანებს ? აბა ვინ  ხედავდა, ვინ აღიქვამდა...
სული?  სული... ესე იგი არსებობს. ესე იგი თუ მოვკვდი, ის  აქ, უდაბნოში იხეტიალებს ჩემს დაუმარხავ სხეულთან. აქ დამმარხველი ვინ გამომიჩნდება.  ვერ ვეღირსები მოსვენებას სიკვდილის შემდეგაც კი... ვერ წავალ იქ  "სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი."

        სამარე, საფლავი მჭირდება. იქნებ საკუთარი სამარის გათხრა დავიწყო? რამდენ ხანს მეყოფა ძალა, ხელები და ერთი დანა... წყლიან ბოთლს გავხედე... რამდენ ხანს ვიმყოფინებ მარტო ზედა ტუჩს თუ დავისველებ? ორი დღე ? სამაგიეროდ სამარხი მექნება.... ჩავწვები და დაველოდები როდის გადმოინაცვლებს სიკვდილი ქვიშის ბორცვიდან ჩემს სამარეზე... ჰო ვინ მომაყრის ქვიშას ? გადავთვალე გონებაში დღეები... ცოტა ხანში ჰამსინი დაიწყება, უდაბნოს ქვიშის ქარიშხალი, რომელიც 50 დღე იბობოქრებს. ჰოდა გადაფარავს ყველაფერს და ჩაიკარგება ჩემი სამარეც საჰარის უდაბნოში. სამაგიეროდ არავინ არასდროს არ შემაწუხებს. სახლში იტირებენ  და მალე ცოცხლებზე გადაერთვებიან. გამახსენდა, მამას მარტო მე რომ ველოდი ხუთი წლის შემდეგაც ყოველ საღამოს, სულ მეგონა რომ სახლში მოვიდოდა. სხვა აღარავინ ელოდა ჩემს მეტი. დედა მეუბნებოდა, - შენი წუხილი არანორმალურად დიდხანს გრძელდება და მაშინებო. ბოლოს დედასაც აღარ ვეუბნებოდი რომ ისევ ველოდი მამას. ყოველღამ, ღამის სამ საათამდე, საათს შევცქეროდი, ველოდი და ველოდი... ჩვევად დამრჩა. მას მერე აღარსდროს დამიძინია ღამის სამ საათამდე.

      „აბა რა მერჩივნა ახლა, სიკვდილი და ხსოვნა თუ, სიცოცხლე  და ბრძოლა? სამარეზე ზრუნვა თუ უდაბნოში წყლის საძებნელად უგზოუკვლოდ  ხეტიალი? ან რამდენ ხანს შევინარჩუნებდი სიცოცხლეს?  რა მჭირდებოდა იმისთვის, რომ სიცოცხლის სურვილი დამებრუნებინა? ... მაინც რა? მთავარია სურვილი მქონოდა, სიცოცხლის სურვილი, ბრძოლის სურვილი, მაგრამ ეს უდაბნო ისე მნუსხავდა, როგორც ნილოსის ნაპირებზე წყევლასავით გავრცელებული მამბა. ბოლო  ძალებს მართმევდა - გეყოფაო - მეუბნებოდა, - მოისვენეო, მომენდეო...
            თვალი გავახილე.
უდაბნოში საღამოვდებოდა. მზე ჩასვლისთვის ემზადებოდა...  პირველად ნაკოცნი ქალივით შეეპარა მორცხვი სიწითლე ბრწყინვალე ლოყებზე. ღაწვებდაბრაწული მორცხვად გადაიხარა დასავლეთისკენ. სულ რაღაც წამით,  ყველაფერი დამავიწყდა და მზეს გავუსწორე თვალი.  ფერნაცვალმა უდაბნომ მოწითალო ფერი დაიდო. კლდეებს მწიფე შინდისფრი მთლიანად გადაეფარა. ულამაზესი საღამო დგებოდა. უდაბნოს წითელი მზე ყველაფერს სისხლისფრად ღებავდა. ცაზე ცეცხლის ბურთი წითლად გიზგიზებდა. მის ზემოთ ცა გაწითლდა და ზედა ცისკენ მოცისფრო ბილიკი გაიხსნა. მოლოდინად ვიქეცი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა ამ ბილიკზე პრომეთე გამოჩნდებოდა, ფრთებით დაეშვებოდა,  ხელს ტაცებდა ამ წითელ ცეცხლოვან ბურთს და ისევ ზედა ცაში წაიღებდა და უმზეოდ დაგვტოვებდა. დაგვსჯიდა. იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები არ ვღირდით იმ სამარადჟამო ტანჯვად, ჩვენთვის ცეცხლის მოტაცებამ რომ მოუტანა.     
         
      ფეხს დავხედე. შეშუპებას იწყებდა. დაჟეჟილობისგან მთელი სხეული მტეხდა, მხარიც მტკიოდა.  გაჟღენთილი სახვევი მოვიხსენი, სისხლი გვარიანად მდიოდა, ბასრი დანით გასერილი ჭრილობა პირს არ იკრავდა. დაჩირქებას ასე კი გადავრჩებოდი, მაგრამ ბევრ სითხეს ვკარგავდი.  ეს ძალიან ცუდი იყო - თუ სიცოცხლე მომინდებოდა, ხოლო ძალიან კარგი - თუ სიკვდილის არჩევანზე შევჩერდებოდი. მოხრილი ფეხი გავშალე და ჭრილობას თავი მივანებე... ჯერ გადაწყვეტილება არ მქონდა.

        რაიმე მოგონება მჭირდებოდა იმისთვის რომ სულიერი ძალები მომეკრიბა და პანიკას არ ავყოლოდი.
ეს ორივე არჩევანის შემთხვევაში დამჭირდებოდა. როგორმე სიმშვიდე უნდა გამეზარდა იმ პაწაწინა ფესვიდან რაც ჩემს სულში ცაში ფრენის შემდეგ დარჩა. როგორმე თავს უნდა მოვრეოდი და მტირალა გოგოდან სერიოზულ პიროვნებად უნდა ვქცეულიყავი, ვისაც გასაჭირის გაძლება და დაძლევა შეეძლო.
        მაგრამ გასაჭირიც იყო და გასაჭირიც...
        ახლა მიზანი მჭირდებოდა. მიზანი - რომლისთვისაც სიცოცხლე ღირდა. მიზანი, რომლის მიღწევის სურვილი, - სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარს მომცემდა და ომს ასეთ უთანასწორო პირობებშიც კი  მომაგებინებდა.
        რაიმე მოგონება, რაიმე ისეთი... რაიმე... წარსულის ჩხრეკა დავიწყე.   
        ვისთვის ვიყავი ყველაზე მეტად ღირებული ამ ქვეყანაზე? ვის არ შეეძლო უჩემოდ ყოფნა? ვისთვის იქნებოდა გაუსაძლისი ჩემი გაქრობა მიწის ზედაპირიდან ?
მამა - აღარ იყო.
დედა ? - მას მეორე შვილიც ყავდა - ჩემი ძმა.
ჩემი ძმა ? - ვუყვარდი ძალიან, მაგრამ მას შვილი ყავდა...
რაღაცნაირად გავბრაზდი ჩემი ოჯახის წევრების სულიერ სიმტკიცეზე და ძლიერი რყევების ატანის უნარზე.  ისინი ძლიერები არიან, იჯავრებენ, ივალალებენ, მაგრამ მერე დრო გავა, ტკივილი კი დარჩებათ, - მაგრამ დამშვიდდებიან.
 
"მაგრამ, იქნებ ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს ვინმე, ან, რამე ისეთი, სიცოცხლედ რომ ღირდეს ? იქნებ იმიტომ არ მოვიტეხე კისერი დელტაპლანზე, იქნებ იმიტომ მომხვდა ტყვია მხოლოდ ფეხში, იქნებ ვინმეს მართლა დავჭირდე "ჰაერივით?" - ან იქნებ არც მიწერია  მისი გამოჩენა ? 
      „დიდი და უანგარო სიკეთე... თუ ერთხელ გაგიჟებით არ გყვარებია“... გამახსენდა ჩემი მკვლელის სიტყვები... " ჰო ესენი ვერ მოვასწარი... "
        მზეს თვალი გავაყოლე...
„მოდი ჩავიფიქრებ... სანამ მზე, აი იმ ქვიშაქვის ლოდზე დაჯდება იქ რომ ამოშვერილა... ვიფიქრებ ჰამლეტივით: ყოფნა - არყოფნა, ყოფნა - არ ყოფნა.... და რომელზეც გათვლა დასრულდება, მამის ხსოვნას ვფიცავ,- ისეც მოვიქცევი.“ - ვთქვი გულში და ლოდინი დავიწყე.
        ახლა მქონდა მზე... ყოფნა  ან  - არ ყოფნა... და საკითხავიც აღარაფერი იყო.

წითელი მზე ჰიპნოზივით მოქმედებდა. წყალს ხელი წავატანე, ნახევარი ყლუპი დასალევად  ისე გავიმეტე, რომ მზისთვის თვალი არ მომიცილებია. მე და მზე ერთმანეთს წამებს ვუთვლიდით. უფრო სწორად, ის ითვლიდა ჩემი სიცოცხლის წამებს. ნელა მოძრაობდა  არ ენაღვლებოდა, ჩემი არსებობის საზომად რომ ავარჩიე.
          იმედი ჩემი წყალივით დაცოტავდა და სადღაც გულის კუნჭულში ჩაიძირა.
          კარგად რომ დამენახა მზის დაშვება ჩემს მიერ შერჩეულ ტახტრევანზე, ქარაფიდან ჩამოვიწიე და ბრტყელ ქვაზე გავწექი, ნატკენი ფეხი ზუსტად ლოდის სიმაღლეზე აღმოჩნდა.
„ფეხზე დაკიდებული სიცოცხლე, - აი რა ქვია ახლა ამას“,  - გამიელვა გონებაში და ისევ მივაჩერდი მზეს.

ქვიშა გაწითლდა, შინდისფერი კლდეები ნატიფად ერწყმოდა ფერით წითელ მზეს და წითელ ქვიშას. რაღაც უცნაურად მოძრავი წითელი ზოლი დავინახე, რომელიც მზისკენ წვრილ ბილიკად მიწანწკარებდა. 
          -  რა არის? -  გავიფიქრე და დავაკვირდი. ჩემი სისხლი... ეს ჩემი სისხლი მიბილიკობდა წითელი მზისკენ.  ის იყო  მზე ტახრტევანზე დაბრძანდა, რომ ჩემი სისხლის ძაფიც მიწვდა.  მზეში სხივივით წითლად ჩაიღვარა და შეუერთდა. ახლა მე  მზის გაგრძელება ვიყავი მიწაზე, მზე - ცაში ჩემი გაგრძელება... ჩემი  სისხლის წითელი ძაფი გვაკავშირებდა.         
            - „ყოფნა!“ - დასრულდა ჩემი ჰამლეტური გათვლა. - "ეჰ, დანიის პრინცო, გამოგიძახებდი ახლა ... " 
            - „ესე იგი ვიბრძვი სიცოცხლისათვის, იმისთვის, რაც წარსულში ვერ მოვასწარი და მომავალში მელის. იმ, - „ერთხელ სიგიჟემდე  სიყვარულისთვის“ და  „იმ, დიდი და უანგარო სიკეთის გასაკეთებლად“... იმის სათქმელად რომ  - "სიცოცხლე ღირდა!"  ოღონდ,  ვიბრძვი ბოლომდე! არავითარი დაღლა, არავითარი „აღარ შემიძლია“ „მეზარება“, წუწუნი და ცხვირის ჩამოშვება... ჰო კიდევ ტკივილს არ უსმინო და გადაგივლის. მოემზადე ! იწყება დიდი და ხანგრძლივი ომი სიცოცხლისათვის - მოკლე და გრძელი ბრძოლებით!“  - ვუთხარი ჩემს თავს ხმამაღლა.
           
              რთული გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.
დავმშვიდდი. გული გამეხსნა. იმედმა იმძლავრა, გულის კუნჭულიდან გამოძვრა და ჩემს მარჯვენა მხარზე მოიკალათა.  გონება ჰიპნოზის ბურანიდან ნელა გამოდიოდა და სააქაოს უბრუნდებოდა.
            გარემო მოვათვალიერე. გადავწყვიტე ამ ადგილს გავცლოდი. ჩემი მცირე ქონება ერთ ჯიბეში ჩამეტია. ჩაფხუტი მოვიხელთე და ქამარზე დავიკიდე. როგორმე ქარაფისთვის უნდა შემომეარა და უფრო უსაფრთხო ადგილი მომეძებნა ღამის გასათევად ან სულაც იქნებ მევლო და არც დამეძინა. იქნებ რაიმე ნაკვალევიც მეპოვნა.  პირველ რიგში წყალი მჭირდებოდა, მერე სითბო, ან ცეცხლი. დარჩენილი აბრეშუმი კიდევ ორად გავანაწილე და ფეხი ძალიან მჭიდროდ შევიხვიე. ახლა, მთელი ჩემი ცოდნის და უნარების თავმოყრა მჭირდებოდა, რომ რაიმე გეგმის მსგავსი  შემექმნა და მერე მემოქმედა.
        - „ტკივილს არ უსმინო და გადაგივლის. ახლავე ფეხზე ადექი! “ -ხმამაღლა გავუმეორე ჩემს თავს.

იმედიანი მხარი მტეხდა. ამიტომ ქარაფს მარცხენა ხელით მოვეჭიდე, მარცხენა ფეხს ძალა დავატანე და ნელა ავდექი.

          ახლა, მე ისევ მქონდა წყალიც და იმედიც, ოღონდ იმედი - ცოტა უფრო მეტი.

                                                                  ( იხილე როგორ გაგრძელდა) 
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები