ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2011


სფინქსი გამიტყდა

ალბათ მიწისძვრის ბიძგი იყო
და ვერ ვიგრძენი,
ანდა თავისით გადმოვარდა თაროდან
და დაიმსხვრა სფინქსი
და პირისფერი მარმარილოს იატაკზე
ამ ფაიფურის ნამსხვრევების
თეთრი ანბანით დაწერილი
რაღაც ამბავი
იკითხება და არც იკითხება,
მესმის,
არც მესმის:

რა წყვილი იყო!
ან რად დაშორდნენ,
ან ერთად მაინც რამ შეჰყარა,
რა აჩერებდათ!

ერთი ნამდვილი მხეცი იყო,
ხოლო მეორე - ანგელოზი,
ანდა პირიქით.
უჭირდათ, მაგრამ
მაინც სძლებდნენ ადამიანად.
რაც აერთებდათ,
პასუხი იყო
და თუ იცოდნენ ეს პასუხი -
- ერთად იცოდნენ,
ხოლო ცალ-ცალკე -
- აზრი კი არა,
სიტყვების ნაცვლად
ბგერები-ღა გამოსდიოდათ.

შხუილ-შხუილით ეყრებოდათ
ყოველი მხრიდან
კითხვა,
კითხვა,
კითხვა-ძახილი!
მათი სათქმელი კი არაფერს არ ერგებოდა.
ის ერთადერთი შემკითხავიც - აღარ გამოჩნდა,
ანდა გამოჩნდა...

კითხვა!
კითხვა!
კითხვა-ძახილი!

ზესკნელ-ქვესკნელი,
შუასკნელი გადაკვანძული
და ნაბიჯი წინ -
- პირველი და უკანასკნელი.

ხმიანობს ქორო:

-თუ ბედისწერამ გირჩია და აგიყოლია,
ვერას გაიგებ,
გინდ აღმართს და დაღმართს ხედავდე;
გამარჯვებებით,
დიდი და მცირე გამარჯვებებით
მივა გზა შენი
საბოლოო დამარცხებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები