ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2008


ერთი ღამის აბრეჟე და დუბლინი

ერთი ღამის აბრეჟე


როცა ერთადერთი შენღა შემოგყურებ,
დაცლილი ოთახი სავსეა ბოთლებით,
-ფრთხილად ადექი და კარი შემოხურე,
ქარმა შემოყარა ფოთლები.

ფრთხილად ადექი და როგორც ამას წინათ
-ჩაი კონიაკით და ორი პორცია,
თმები- ჩემოშლილი, მკერდზე დამაწვინე,
მერე სიგარეტი მოვწიოთ

მოვყვეთ ინტრიგებზე ბნელი ქალაქისა,
გინდა საკუთარი თავი განვიკითხოთ...
ცოტა შეგვრცხვება და მერე ალბათ ისევ
მეტყვი რომ "ძეწნა" წაგიკითხო.

მერე დაღლილი და ღამენათენები,
უდაოდ ისურვებ ყავას და შოკოლადს,
მერე წახვალ, ალბათ სადმეც მახსენებ და
მერე, ალბათ არც ღირს მოყოლა.




დუბლინი


ეთერშია: დუბლინი

როდესაც არ წვიმს,
უეჭველად აპირებს წვიმას,
დადიან ქოლგები...
უქოლგოებს,
იშვიათად სადმე წააწყდეთ,
მხოლოდ ქოლგებით...

ეთერშია: დუბლინი

ქალაქი სადაც ადვილია
უვარსკვლავებოდ
ქალაქი სადაც ადვილია
შეხვდე მრავალჯერ,
ყველა ენაზე მოსაუბრე
გადასარევად
ილუსტრირებულ ბურუსებში
მცხოვრებ დარაჯებს,
რომ დაუჯერო

ეთერშია: დუბლინი

- წვიმა,
რომელიც არასოდეს გასველებს ისე,
რომ ჩამოიღო ყავარჯენზე შემდგარ უფლიდან,
ქოლგა,
რომელიც დაგავიწყდა მეგობარს მისცე.

ეთერშია: დუბლინი

როდესაც არ წვიმს,
უეჭველად აპირებს
წვიმას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები