ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 სექტემბერი, 2011


დილაუზმოს ჩანაწერები

    ახალგაზრდობისას უკრიტიკოდ მჯეროდა ყოველგვარი ბრძნული აზრისა და მჯეროდა მით უფრო, რაც უფრო ძველი, საუკუნეებგამოვლილი იყო იგი.
      საქმე მარტივად მქონდა დაყენებული: საჭიროა, მხოლოდ დაიმახსოვრო იგი  და შენი ცხოვრების შესაბამის მომენტს დროულად  მიუსადაგო.
      აი, მაგალითად ეს გამონათქვამი:
      "გუშინ ჭკვიანი ვიყავი, ამიტომ მინდოდა სამყაროს შეცვლა... დღეს ბრძენი ვარ და ამიტომ ვცვლი საკუთარ თავს..."
      ხომ შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ საკმარისია, რეალობაში მისდიო, ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ისე მარჯვედ  მოერგე ყველაფერს, ისეთ სრულ თანხმობაში ხარ იმასთან , რასაც არ უნდა ეგუებოდე.... ამ კონფორმიზმის გამო გრძნობ, როგორ გეკარგება პატივისცემა საკუთარი თავისადმი და რაღაცნაირად , გებრალება კიდეც ასე ცუდად ,,დაბრძენებული'', გენატრება ის საწყისი დრო, როცა მხოლოდ  ჭკვიანი იყავი, მაგრამ არც იმდენად, რომ გცოდნოდა:
      ის, ვინც  მუდმივად სხვათა  სიბრძნით ცხოვრობს, ენდობა მეხსიერებას და არა  - საკუთარ თავს, ანუ ბოლომდე უმწიფარ პიროვნებად რჩება.
      ალბათ  თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს,  რა სჯობია:
        1. მოერგო ყველაფერს,  ეს ყველაფერი სამყაროდ მიიჩნიო, თავი ბრძენი გეგონოს და სინამდვილეში კი  უმწიფარ პიროვნებად დარჩე და ასე,  შენს მსგავსებთან  ერთად  უდრტვინველად გალიო დღენი შენი.
        2. ჩამოყალიბდე და  გაძლო პიროვნებად და  იცოდე, რომ  ამისთვის მუდმივად მოგიწევს, გაიღო ძვირი და ძვირი საზღაური.
      ადამიანებს გვიჭირს ასეთი  ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება.
      და ჩვენი  ყოფითი  არსებობაც ალბათ  მიზიდულობის ამ ორ ცენტრს, ორ პოლუსს  შორის  უთავბოლო ბოდიალია.
      ამ ბოდიალში ერთმანეთს ვაწყდებით, ვშორდებით და ამას ეწოდება  სიყვარული, მეგობრობა, მტრობა .... ზოგადად ცხოვრება.
      რა იქნებოდა ეს ყოველივე  რწმენის გარეშე?
      და მე  აქ მისულმა  ,,აღმოვაჩინე'' ის, რაც ათასწლეულების წინ იყო ცნობილი:
      წინ  უპირველესად რწმენა უნდა მიგვიძღოდეს და  სიბრძნე კი მას უნდა მისდევდეს.

        რწმენა....

        ჩემი ფიქრთა მდინარება ამჯერად აქ იხერგება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები