ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2011


ბედუინი (ნაწილი V ყალბი რუკა)

                                                                                          "უდაბნოს მწველი მზე ბეჭზე აგეწება,
                                                                                          სული აგიყეფა რაიტამ ჰამადის,
                                                                                          სანამ შებინდდება მღვრიე სისხლისფერად,
                                                                                          ნილნა, ესროლე ჯადარს ქამანდი..."
                                                                                                                        “ვერმიცანა”


        ჩემი ქარაფი, არც თუ ძნელად შემოსავლელი იყო, მაგრამ დიდი დაქანების გამო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე მზის ჩასვლამდე დაბლა ჩამევაკებინა. მარჯვენა ფეხს გაუბედავად ვადგამდი უსწორმასწორო  კლდოვან ზედაპირზე და რაღაც ბილიკისმაგვარს ვეძებდი. მარჯვენა ფეხი სისხლიან კვალს ტოვებდა.  ნელი მოძრაობა დიდად არ მედარდებოდა - ნაკლებ ენერგიას ვკარგავდი.  მთავარი იყო როგორმე უსაფრთხოდ ჩამეღწია დაბლობამდე ისე, რომ დაღლილობისგან არ მომწყურებოდა.

          ქარაფს მეორე მხრიდან მოვექეცი თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ჩემს დროებით თავშესაფარს უკანა მხრიდან ვეებერთელა პირმოჭმული ქვიშა-ქვის ფლატე ესაზღვრებოდა. ის პატარა გამყოფი ზოლი რაც ქარაფს - ფლატეს ნაპირისგან აშორებდა, მკლავის სიგრძე თუ იქნებოდა.

          როგორც იქნა ფლატეს ნაპირს ცოცვით მივაღწიე, პირდაღმა გავწექი და ქვემოთ გადავიხედე.  ფლატეს ფსკერზე ჩაჭედილი, ვიწრო ღრმა და გრძელი ხეობა ორივე მხარეს ჩიხით თავდებოდა.  შიდა მხარე, ჩემი მხრიდან მაინც, არა მხოლოდ პირმოჭმული, არამედ გულგამოჭმულიც იყო და  წვეტიანი ქანებით მოფენილი. იქ ჩავარდნა უდავო სიკვდილს ნიშნავდა. ის საყრდენი ბილიკიც, სადაც მე ვიყავი გაწოლილი - სუსტი იყო და ნაპირზე  დაყრდნობილს, პირდაპირ ხელებქვეშ ჩამეშალა.     

          სიცოცხლეარჩეულის კვალობაზე, ძალიან გამიღიმა ბედმა რომ ჩემი დელტაპლანით ამ ხევში არ ამოვყავი თავი. აქედან გასასვლელი არ იყო.  ვერც იფიქრებდი თუ ასეთი ხაფანგი შეეძლო დაეგო ბუნებას. 
       
            მუხლებზე დაჩოქილმა, ძალიან ნელა დავიხიე უკან და ზურგით ისევ  ჩემს ქარაფს მივეყრდენი. უკან უნდა დავბრუნებულიყავი და მოპირისპირე მომცრო ქარაფისთვის უკანა მხრიდან შემომევლო. სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯის უკან გამოვლას - ნახევარი საათი მაინც დასჭირდა. ჩემი ყოფილი თავშესაფარი ისე მოვიტოვე უკან, რომ ქვიშის ბორცვისკენ არც გამიხედავს. 

            ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი, - სიკვდილზე აღარ უნდა მეფიქრა.
პატარა ქარაფის უკან ციცაბო ფერდობი დამიხვდა, ისიც ხშირი წვეტიანი შვერილებით, ქარისა და მზისგან გამოფიტული. თუ ფეხი არ დამიცურდებოდა,  დაღამებამდე ზედა ვაკობზე მოვხვედრა შეიძლებოდა. მთლად დაბლობამდე ორი ამგვარი ფერდობი კიდევ ჩანდა. საბოლოო მიზნამდე  საკმაო მანძილი იყო, მაგრამ ზემოდან არც ისე დაქანებული მეჩვენა დარჩენილი გზა. მზის ჩასვლამდე პირველ ფერდობს მაინც უნდა ჩავცილებოდი.

            ციცაბო არც ისე ადვილი დასაძლევი აღმოჩნდა.
ახალი ამოცანა გამიჩნდა, ტანსაცმელი არ უნდა დამხეოდა და  ტრავმა  აღარ უნდა მიმეღო. ხელისგულებს და მუხლებს განსაკუთრებით უნდა გავფრთხილებოდი. დანით შარვალის ტოტები მუხლის დაბლა შემოვჭერი, თითეული ნაწილი ორად  გავყავი, ორით ხელისგულები შევიხვიე, ორით - მუხლები. დანარჩენი დანისპირს დავახვიე და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩავიდე. წყლიანი ბოთლი და დანარჩენი ნივთებიც იმავე ჯიბეში მოვათავსე, დაბლობის ზურგი ვაქციე და ჩასვლა დავიწყე.

            როგორც კი ჩემი მასპინძელი ქვიშის ბორცვი თვალს მიეფარა, მაშინვე შვება ვიგრძენი.
ვცილობდი ირიბად ჩავსულიყავი და პირდაპირი დაღმართისათვის თავი ამერიდებინა. რომ არ დავღლილიყავი  მოძრაობის ნელი, მაგრამ სტაბილური ტემპი უნდა შემენარჩუნებინა. გზაში შემოღამება კარგს არაფერს მიქადდა. ორი რამ კი უდავოდ მიწყობდა ხელს: ჩემი მაღალყელიანი და სქელლანჩიანი საიმედო ფეხსაცმელი მტკიცე ზონრებით  და  ის, რომ მზის მიხედვით - ფერდობის ჩრდილოეთ კალთაზე ვიყავი და ქვები, რომლებსაც ხელით ვეჭიდებოდი, ხელისგულებს არ მწვავდა.  სახელდახელო ხელთათმანები ძალიან მშველოდნენ.   
        ნელა და ფრთხილად ვმოძრაობდი.  ტკივილზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი.

          მზის მდებარეობის მიხედვით, სამი საათი იქნებოდა გასული და მე, ჯერ კიდევ შუაწელზე ვიყავი. აშკარა იყო - მზე ჩასვლას დამასწრებდა.  პატარა შვერილს ორივე ფეხით დავეყრდენი, სხეულით ფერდობს მივენდე და ხელები შევასვენე. თუ მზე გამექცეოდა, მთვარის ამოსვლას უნდა დავლოდებოდი. ჩრდილოეთის კალთაზე გვარიან ციცაბოზე ვიყავი დაკიდებული, ტაფობიდან არანაკლებ ორმოცმეტრიან სიმაღლეზე. ისღა დამრჩენოდა დრო და მანძილი ერთმანეთისთვის ისე მომერგო, რომ საიმედო ადგილზე მაინც შევჩერებულიყავი.

            მოულოდნელად  ფეხი სიცარიელეში დამეკიდა და კინაღამ მოვწყდი ფერდობს. ძლივს შევიკავე თავი ხელებით. შეფრიალებული გული ოდნავ როგორც კი დამიმშვიდდა,  გვერდულად ჩავიხედე დაბლა. ფერდობზე რაღაც სიღრმე იყო.  ესე იგი ზემოთ უნდა ავსულიყავი და გვერდიდან შემომევლო ამ დაბრკოლებისთვის. 
          გვერდზე სამი ნაბიჯით გავიმანძილე და იქიდან მივუახლოვდი ამ  ჩაღრმავებას. 
          ცოტა ხანში ხახადაფჩენილ პატარა ქვაბულს პირში შევცქეროდი.
            - „აი გამართლებაც ამას ქვია...“ წამომცდა ხმამაღლა. 
        ქვიშიან ქვაბულში ზურგზე გავწექი.  ჩემი თავშესაფარი ღრმა არ იყო, მაგრამ კმაროდა იმისათვის -რომ კარგად დამესვენა  და მთვარის ამოსვლას დავლოდებოდი. სანამ მთლად დაბნელდებოდა, როგორმე სიცივის გასაძლებად რამე უნდა მომეფიქრებინა. ტანსაცმელი გავიხადე. ასე, სხეული გარემო ტემპერატურას უფრო ადვილად შეეგუებოდა, როცა ძალიან შემცივდებოდა - მაშინ ჩავიცვამდი. ეს სიცივისგან ცოტა ხნით მაინც დამიცავდა.  კედლისკენ მივიწიე, ნაპირს მოვცილდი და ტანსაცმელზე თავი მივდე.

              მთვარის შუქმა და სიცივემ გამომაღვიძა, ჩემი სუნთქვის ნაორთქლი თეთრად მფრინავ ფთილებს ძერწავდა და ისინიც, ჩემი გაწბილებული ოცნებებივით იკარგებოდნენ ჰამადის ღამეში. 
              სიცივისაგან მაძაგძაგებდა. თითები იმდენად გამყინვოდა, რომ ტანსაცმლის მორგებას ვეღარ ვახერხებდი. მაშინვე წყალი მოვსინჯე, ზედა ტუჩი დავისველე და ანაზდეულად ისეთი ნათელი აზრი მომივიდა რომ გავვოცდი. 
            - „ქვიშა... ქვიშის აბაზანა! ... ცოტათი გავმტვრიანდები, მაგრამ ეგ არაფერი!“

ხელისგულები ხელთათმანებისგან სასწრაფოდ გავითავისუფლე. პეშვით ქვიშა ავიღე და ხელების სრესვა დავიწყე. ხელებს ფეხები მიყვა, მერე მუხლები და მკლავები, მხრები, ცხვირის წვერი, ღაწვები, ნიკაპი, ყურები... ცოტა ხანში გვარიანად დამთბა.  ტანსაცმელი ჩავიცვი. ჯიბეში ჩემი ნივთები მოვსინჯე და სავსე მთვარეს გავხედე. საკმარისი  სინათლე იყო იმისთვის რომ დაბლასვლა გამეგრძელებინა. სისხლს სახვევი მთლიანად გაეჟღინთა ფეხზე, მაგრამ ნაკადულივით აღარ მდიოდა. დაღლილიც არ ვიყავი, ასატანად მწყუროდა. სახელდახელო ხელთათმანები და მუხლის სახვევები ისევ მოვირგე. ქვაბულიდან ჩამოვიწიე და ჩასვლა გავაგრძელე. თუ შედარებით სწრაფად ვიმოძრავებდი, ყინვა ისე აღარ შემაწუხებდა. სამ ნაბიჯიანი დისტანციის დანახვა წინასწარ შემეძლო, ყოველ მომდევნო ნაბიჯზე ახალი მესამე უნდა მეძებნა. ტაფობამდე ოცდაათი მეტრი მანძილიღა მრჩებოდა. ყინვა ისე მაშინებდა, რომ ჩამოსვლას ვჩქარობდი. ერთხელ ფეხქვეშ ჩამეშალა  საყრდენი,  ორჯერ კი მარჯვენა ხელქვეშ გამომეცალა.  სიმწრის ცრემლმა ჩემი ქვიშიანი სახე ორჯერ ჩაირბინა, მაგრამ ჩემი სიჯიუტე თავადვე მაკვირვებდა.

          ცოტაც და უკვე ტაფობზე ვიდექი.
          ეს პირველი გამარჯვება იყო და იმედი ოდნავ მოძლიერდა. 
ხელები  და ფეხის თითები ისევ ქვიშით გავიხეხე. სავსე მთვარის შუქით კარგად განათებულ ადგილას გადავინაცვლე, ჯიბიდან მარშრუტის რუკა ამოვიღე, საათი მოვიმარჯვე და კომპასს და ქაღალდს ერთდროულად დავაცქერდი. 
            მინდოდა გამეგო, ამ რუკის მიხედვით ახლა სად ვიყავი. 
            ბანაკის ადგილი რუკაზე მონიშნული იყო. იქედან  სამ კილომეტრზე, სამხრეთით, ის ქარაფი იდგა, საიდანაც დელტაპლანით გავფრინდი. რუკის მასშტაბის მიხედვით ერთი სანტიმეტრი ათ კილომეტრს ნიშავდა.
       
        ქარაფის ადგილი პატარა კენჭით მოვნიშნე და შევეცადე გამეხსენებინა, რამდენ ხანს ვიფრინე დასავლეთით. მზე ზენიტში იყო მაშინ, როცა დასავლეთისკენ მოვტრიალდი, ესე იგი დღის თორმეტი  საათი  იქნებოდა. დაცემის შემდეგ რომ გავიღვიძე, უკვე საღამოვდებოდა, საღამოს შვიდი ან რვა საათი მაინც იქნებოდა, ჩამოვარდნის შემდეგ ქარაფთან რომ მივხოხდი, ჩრდილი მხოლოდ სახეს მიფარავდა, ანუ სადღაც დღის ოთხი საათი მაინც იქნებოდა.  სამი საათი მძინებია და ორი ან სამი საათი მაინც მიფრენია. ქარაფიდან ბანაკამდე თხუთმეტი წუთი დამჭირდა დელტაპლანით, ესე იგი, სამი კილომეტრი თუ თხუთმეტ წუთში გავიფრინე, ასოთხმოც წუთში -  დაახლოებით ოცდათექვსმეტ  კილომეტრს გავიფრენდი - თუ უფრო მეტს?!

        გადავწყვიტე ცდომილებისათვის ორი კილომეტრი მაინც დამემატებინა. ესე იგი დასავლეთისკენ ოცდათვრამეტი კილომეტრით დავცილდი  ბანაკს. მაგრამ მე ხომ სწორხაზოვნად არ მიფრენია, ქარი თავის ნებაზე მატარებდა შეშინებულს. სად უნდა ვიყო ახლა, ჩრდილო-დასავლეთით თუ სამხრეთ დასავლეთით?

            ისევ რუკას დავხედე. კაიროდან მანქანებით გამოვედით. დაახლოებით ასი კილომეტრის შემდეგ სულ უდაბნოთი ვიარეთ, სამხრეთისკენ შევბრუნდით და ისევ იმდენივე მანძილი გავიარეთ. ვიცოდი რომ ლიბიის საჰარაში ვიყავი ეგვიპტის ტერიტორიაზე  და ელ-გიზას პირამიდები ჩრდილო - აღმოსავლეთით დამრჩა.

          უტყუარად მახსოვდა რომ ორიონის თანავარსკვლავედის სარტყელის სამი ვარსკვლავიდან პირველი, - ზუსტად ხეოპსის პირამიდის წვეტის თავზე იყო და ჩრდილოეთს უჩვენებდა. პატარა დათვის თანავარსკვლავედის სულ ბოლო ვარსკვლავი - უძრავი პოლარული ვარსკვლავი იყო და ისიც ჩრდილოეთს უჩვენებდა.  ცას ავხედე, ორიონის თანავარსკვლავედი მოვძებნე, კომპასს  დავაკვირდი და ისევ რუკას დავხედე.  თუ ორიენტირად ორიონის თანავარსკვლავედს ავირჩევდი, ჩემი ანგარიშით, ორასოცდათორმეტ კილომეტრიან ცვლილებას მიწაზე, ძალიან დიდი ცდომილება აზიმუტში არ უნდა გამოეწვია. მაგრამ ორიონი - არაბუნებრივად შორს მეჩვენა,  რამაც დამაეჭვა. გამახსენდა, გუშინ ღამ ცას რომ შევცქეროდი, მაშინაც ძლივს ვიპოვე ორიონის თანავარსკვლავედი. აზიმუტის კუთხე თითებით გავზომე, ერთი თითი - ერთი გრადუსი, კუთხე შემცირებული მეჩვენა, ახლა კომპასით გავზომე აზიმუტი, დავრწმუნდი, კუთხე მართლაც შემცირებული იყო...

            ისეთმა ეჭვმა გამკრა, - ძალიან შემეშინდა. 
            ვიცოდი, რომ ღამის პირველ საათზე,  სავსე მთვარე - სამხრეთს ზუსტად უჩვენებდა, ხოლო დილის შვიდ საათზე კი დასავლეთს. ჩემი საათის მიხედვით, ღამის პირველი საათი ხდებოდა. სამხრეთი ქვიშაზე თითით მოვნიშნე და ჰორიზონტის დანარჩენი მხარეებიც მოვხაზე. ორიონის თანავარსკვლავედს კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ჩრდილოეთი ზუსტად დაემთხვა, პოლარული ვარსკვლავის მიხედვითაც შევამოწმე ჩემი ნახაზი. ყველაფერი სწორი იყო. 
        ისევ რუკას მივუბრუნდი. უახლოესი ოაზისი „ბაჰარია“ რუკის მიხედვით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა, არა და ყველა წესის მიხედვით ჩრდილო-დასავლეთით უნდა ყოფილიყო.  „ბაჰარიას“ ოაზისს, სამხრეთით - შავი უდაბნო ესაზღვრებოდა. უფრო სამხრეთით, ორასიოდე კილომეტრში „ფარაფირაჰის“, ანუ „ფარაფრას“ ოაზისი მდებარეობდა და დამაბრმავებელი სიკაშკაშის თეთრი უდაბნოთი თავდებოდა.
          თუ მარშრუტის რუკას დავუჯერებდი, მაშინ სამოცდაათ კილომეტრში „ბაჰარიას“ ოაზისში უნდა მივეყვანეთ გამყოლს. 

          გადავწყვიტე დამეთვალა რამდენ კილომეტრზე შემეძლო დამენახა ჰორიზონტი ციდან.  დელტაპლანით  მიწიდან არანაკლებ ათასი მეტრის სიმაღლეზე მაინც რომ ვიყავი - ეს ცხადი იყო.  მიწაზე მდგომ, ჩემი სიმაღლის ადამიანს ჰორიზონტი დაახლოებით ოთხ კილომეტრზე და რვაას მეტრზე უნდა დაენახა. მაგრამ დელტაპლანის სიმაღლიდან ეს თითქმის უკვე ოთხმოც კილომეტრს უდრიდა. ცა მოსარკული იყო, დასავლეთისკენაც ბევრჯერ შევბრუნდი.

          არა  აშკარად რაღაც... "ისე" არ იყო...
        თუ „ბაჰარია“ სამოცდაათ კილომეტრში მდებარეობდა, მაშინ დელტაპლანიდან აუცილებლად უნდა დამენახა. რა თქმა უნდა, ისეთი სიშავე, როგორც შავ უდაბნოს აქვს, - თვალიდან ბრმასაც კი არ გაექცეოდა.  ესე იგი არანაირი ოაზისი არ იყო იმ სამოცდაათ კილომეტრში და ჩვენ, სადღაც სხვა ადგილას მოგვიყვანეს, მაგრამ რატომ, რისთვის ?  ერთიც მენიშნა, რომ გზა ან რაიმე მსგავსი, რომელიც ტურისტულ მარშრუტს და მანქანებით გატკეპნილ ნიადაგს ემგვანებოდა,  ციდან თვალში არ მომხვედრია. 

          ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ მე, ახლა გაცილებით შორს ვიყავი კაიროდან ვიდრე ამ რუკის მიხედვით მეგონა.  ამას ორიონის თანავარსკვლავედიც მიჩვენებდა და პოლარული ვარსკვლავიც.  მივხვდი რომ მანძილი რომელიც ბანაკამდე გამოვიარეთ, არა ნაკლებ სამჯერ მეტი მაინც იყო, ვიდრე გვითხრეს.  უდაბნოს ერთფეროვანი პეიზაჟის ფონზე  ამას უბრალოდ ვერ მივხვდი. თან აქეთობისას ვხუმრობით, ვერთობოდით  და  გზას არ ვაკვირდებოდით... 

          ყალბი  რუკა? ! - აღმომხდა გაოგნებულს.
თავზარი დამეცა. ელდამ თავიდან ფეხის წვერებამდე გამიარა. სერიოზული ორიენტირი - რუკა, - აღარ მქონდა.  ეს დიდი მარცხი იყო. მუხლებზე ჩაჩოქილმა ცას შევხედე და ჩემს სიცოცხლეში პირველად, ვარსკვლავებით გადაჭედილი ზეცის ნაცვლად, სრული სიცარიელე დავინახე. სასოწარკვეთილებამ უცბად მომიცვა. ცრემლი შეუჩერებლად მდიოდა.  უდაბნოდან  ცოცხლად გასვლის შანსი თითქმის აღარ მქონდა. ახლა მხოლოდ ღმერთის სასწაული თუ მიხსნიდა. ამ ახალი უბედურების მოსახარში ნერვები ცრემლებს მიჰქონდა და ქვიშაში ჩემს თვალწინ სათითაოდ მარხავდა. 

          სტრესების სრული კრებული ერთიანად დამატყდა თავს: ტკივილი, შიში,  წყურვილი, სიცივე, სიცხე, გადაღლა, შიმშილი და მარტოობა. ახლა ამას ყალბი რუკაც დაემატა....
        ტურსტულ ჯგუფს მხოლოდ მეოთხე დღეს დაუწყებდნენ ძებნას, ჯერ კი მხოლოდ მეორე ღამე იდგა.  ან და საერთოდაც სად დაუწყებდნენ ძებნას? ბანაკის ნამდვილი მარშრუტით გათვლილ ადგილას და არა იქ, სადაც ჩვენ რეალურად ვიდექით.
          ვინ მიპოვიდა ცხრა მილიონ კვადრატულ კილომეტრიან ფართობზე გადაჭიმულ საჰარას უდაბნოში.
          ან ვინ შეიწუხებდა თავს თვეობით ძებნისთვის?  რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემი უშედეგო ძებნა შეწყდებოდა...
          წყლის წვეთებით ზედა ტუჩი დავისველე და ფიქრს მიმართულება ვუცვალე. 

          „ჰო, არაბები... ისინი დაახლოებით ორ კილომეტრში მაინც იყვნენ იმ ქარაფიდან... იმ ადგილს რომ დავუბრუნდე, მაშინ ნაფრენი მანძილი ფეხით უნდა ვიარო, თანაც კლდე-ღრეში. ორიენტირი რომ ამერიოს? პირდაპირი გზა ხომ არაა. გასავლელი მანძილი სამ-ოთხჯერ მეტი მაინც იქნება. ხან კლდეებს უნდა შემოვუარო, ხან ღრანტეებს, ვარდნილები, სიმაღლეებზე ასვლა, დაშვება....  ძალიან გამიჭირდება, დავიღლები, ენერგიას დავკარგავ, წყალიც არ მეყოფა. დასავლეთით რომ წავიდე? ჯერ არაუშავს დასავლეთისკენ სავალს. მაგრამ მე ხომ სულ ოთხ კილომეტრზე ვხედავ, ჯერ კიდევ მაღლობზე ვარ და ეგ მშველის... ავდექი და დასავლეთს დავაკვირდი. ეს მიმართულება უფრო მეიოლა. თანაც  ჩემი მოკვლის მსურველი დასავლეთით არ მომძებნიდა.

        გადავწყვიტე დასავლეთით მევლო.
        მთვარის მიხედვით საათის დრო შევამოწმე. ჩემი საათი  ჩამოვარდნისას ქარაფს კი მიეხალა, მაგრამ სწორად მუშაობდა, კომპასიც კარგად ასრულებდა თავის საქმეს.  რუკა ახლა უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯიღა იყო, მაგრამ მაინც შევინახე. 
        ისღა დამრჩენოდა გზა გამეგრძელებინა. ადგილზე უძრავად დარჩენილს ან სიცივე მომკლავდა ან სასოწარკვეთა.
        თავდაღმართს ისევ შევუდექი, ახლა დახრილობა აღარ იყო ციცაბო,  ჩქარა და ადვილად ჩავდიოდი.  სიცივეს მოძრაობით ვუმკლავდებოდი.  რიჟრაჟზე უკვე მთის კალთა მთლიანად ჩამოვლილი მქონდა და დაბლობზე ვიდექი. 

        საჰარა მზის მოსაბრძანებლად ემზადებოდა. მზეს უფრო მომზადებულად უნდა შევხვედროდი. ზედა ქურთუკი გავიხადე,  ჩემი საყვარელი ზედასაცმელი, ბამბის ქსოვილის მწვანე ფერის ზედატანი გავიძრე. თავსახვევი უნდა მომემზადებინა. თავი მხრები, კისერი და სახე მზის სხივებისაგან უნდა დამეცვა.  ბურნუსი უნდა შემეკრა თავზე ისე, რომ მხოლოდ თვალები გამომჩენოდა.
        დასავლეთით რაკი უნდა მეარა, მზე ზურგზე დამადგებოდა, ბეჭებს ამიწვავდა, მაგრამ დილის თერთმეტ საათამდე როგორმე უნდა მევლო. მერე კი შუადღის სიცხისაგან საფარი უნდა მომეძებნა. ფეხზე სახვევი შევიხსენი, ჭრილობის პირი შეთეთრებული მეჩვენა და არ მეამა. ზედატანის სახელო გავხიე და სუფთად შევახვიე. ჭრილობის მოსაბანად - წყალი აღარ მემეტებოდა.

        მოძრაობის რიტმი შევარჩიე, ყოველ მეასე ნაბიჯზე ვისვენებდი, ახალ ორიენტირს ვეძებდი დასავლეთისკენ, აზიმუტს ვასწორებდი და ისევ მივდიოდი, მივდიოდი...მივდიოდი...

        მზე ამოვიდა თუ არა მაშინვე ბეჭზე დამეკრა. მხურვალებამ სუნთქვა შემიკრა. უდაბნოს კლდეებს ალმური ასდიოდა. ოფლი ღვარად მდიოდა. ნამტირალევ თვალებს მიწვავდა და  ცხვირზე შემოხვეულ ქსოვილში იკარგებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მზის სხივი ზურგზე  უსასრულო პეიზაჟს მისვირინგებდა. ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა. წყალს წვეთებად ვიზოგავდი. პირი ისე გამომიშრა, მეგონა ქვიშის ენა მქონდა და ყოველი ამოსუნთქვისას  მარცვლებად იშლებოდა.  თვალი ამიჭრელდა. მირაჟი წარა მარა იცვლებოდა. ხან ვეებერთელა ქალაქს ვუცქერდი თავისი შადრევნებით, ქუჩებით, მოძრავი მანქანებით, გასაშრობად დაფენილ სარეცხსაც კი ვხედავდი. ხელებს ვიშვერდი მისკენ თუ არა ლიცლიცით დნებოდა ჰაერში.  ხან ზღვას ვხედავდი მოლივლივე გრილი ტალღებით, არკლილი სინათლე ჩემს ხელებზეც სარკესავით ირეკლებოდა, თითქოს ზღვაში ვცურავდი. ყველა ხილვა წყალს მაგონებდა და უფრო და უფრო მწყუროდა.

მირაჟი, აქაურად "სრაბი",  რომლითაც გუშინ ვერთობოდი,  დღეს ულმობლად დამცინოდა...

უკვე ოთხი  საათი იყო რაც მოვდიოდი და სამოდე კილომეტრი თუ მექნებოდა გავლილი, მეოთხე კილომეტრის ორიენტირი რაც ფერდობიდან მოვნიშნე, ჯერ კიდევ შორს იყო. როგორმე იქამდე უნდა მიმეღწია. ფეხი მტკიოდა. ქვიშის მტვრით დაფარული სხეულზე ოფლი ღვარად ჩამომდიოდა, მწიწკნიდა და ნერვებს მიკაწრავდა. 
          ნაბიჯებს ვითვლიდი. მცირე ბორცვი უკვე ახლოს იყო.
          შუადღის თავშესაფარი მჭირდებოდა.
          ... უცბად თვალში რაღაც სიმწვანე მომედო... ისევ სრაბი, - ვიფიქრე, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი შორს არ იწევდა. არა, ეს მირაჟი არ იყო. .. ცოტა მივუახლოვდი თუ არა...
            „დელტაპლანი“ ! -  წამომცდა ხმამაღლა. უფრო სწორად  დელტაპლანის  ცალი ფრთის ნატეხი დავინახე. მწვანე ნაჭერიც ზედ შერჩენოდა.   
          ღმერთი ნამდვილად მეხმარებოდა. აბა მის მეტს ვის შეეძლო ამ  უშველებელ უდაბნოში ჩემი შველა...

          დელტაპლანის ნარჩენი უახლოეს კლდესთან ჩრდილოეთის მხრიდან დიდი წვალებით მივათრიე, ბოლო ძალებით საჩრდილობელი მოვამზადე და წუხანდელი გაყინული, ახლა კი თაკარა სიცხით გასავათებული - მიწაზე გავწექი და მის სიმწვანეს შევეფარე. რამოდენიმე წვეთი წყალი ზედა ტუჩის დასასველებლად გავიმეტე.

          ზმანება ღია თვალებით დამეწყო. ვხედავდი, რომ თბილისში, ბებოს სახლის ეზოში, გრილ მიწაზე ვიწექი და ვეებერთელა თუთა მზისგან მწვანედ და გრილად მიჩრდილავდა. გამშრალი და დახეთქილი ტუჩებით - ჩემს მოგონებას გავუღიმე. თავბრუ მესხმოდა, გონებას ვკარგავდი.  ვიღაცამ ხელი ჩამკიდა და მხარი მომაშველა... თვალი გავახილე.  მზე იყო, ჩემი სისხლით ნათესავი მზე. მან ნელა ამწია და უსხეულოდ წამიყვანა. მეც მივყევი - დიდი, ყვითელი და უსამანო უსასრულობისკენ... 
        გონს რომ მოვედი, უკვე საღამოვდებოდა. მზე კარგი მასპინძელივით მიღიმოდა,ხომ დაგასვენეო, მეუბნებოდა...
დიდი წვალებით მუხლებზე დავდექი, წყლის ცხელი წვეთებით გამშრალი და დახეთქილი ტუჩები დავისველე. 

დიდი და მღვრიე სისხლისფერი მზე ცის კიდეზე ეკიდა.

ქვას ზურგით მივეყრდენი. ისევ უდაბნოს ჰიპნოზი მეწყებოდა. ბედუინები ამ მოვლენას  „ალ საჰრა - სახარას“  ანუ „უდაბნოს ხიბლს“ ეძახდნენ. 

წითელ მზეზე შავი ფერის წერტილოვანი ლაქა შევამჩნიე.
მზის ლაქა, -  „მზესაც აქვს ლაქები“ - გამახსენდა მფრინავი ფრაზა, მაგრამ მზის ლაქა უფრო გადიდდა. 

        „რა ხდება? მზის დაბნელება თუ იწყება?“ - გამიელვა მისავათებულს... ამდენ სიარულს მიუჩვევევლს, მთელი სხეული მტეხდა. მეგონა ნაწილ-ნაწილ ვიშლებოდი. ფეხსაცმელების გახდის თავი არ მქონდა. არც ჭრილობის მოვლა შემეძლო. მხოლოდ ძილი მინდოდა, მაგრამ ეს მზის ლაქა ძალიან მაწუხებდა. ისევ დავაკვირდი. ლაქა იზრდებოდა შავდებოდა და  დიდი სისწრაფით მოძრაობდა. 
        -  „ცუდადაა ჩემი საქმე, ნამდვილად მზის დარტყმა მივიღე, თავბრუც მესხმის, -  თუ ისევ  დამცინის სრაბი."- გავიფიქრე და კიდევ სამი წვეთი წყალი გავიმეტე...
 
      უდაბნოს მდორე სიჩუმე მჭახე ხმამ  შუაზე გადახსნა.
ექო ჰამადის კლდეებში მეხივით გაიგრაგნა და უდაბნოს გრგვინვით გადაუარა.
ერთდროულად ახმიანებულ მილიარდ ხმაში სრულიად დაყრუებულიც კი გავარჩევდი ამ ხმას.
        ეს ცხენის ჭიხვინი იყო. 
      "ხმას ხომ მირაჟი არ აქვს"!  - გამიელვა გონებაში, ამ ფიქრზე უცბად გამოვერკვიე და წამოვჯექი.
ეს უფლის ნამდვილი სასწაული იყო თუ, მისი გამოგზავნილი ანგელოზი, უკვე სულერთი იყო... მღვრიე სისხლისფერი მზის ფონზე უფრთებოდ მოფრინავდა  შავი არაბული ბედაური.
     
      წყლით სასწრაფოდ დავისველე ტუჩები. სტვენა არ ვიცოდი, მაგრამ როგორმე უნდა გამომსვლოდა. მთელი გულით გავიხსენე ჩემი ძმის უშედეგო გაკვეთილები. გამახსენდა მოამადიც როგორ უსტვენდა ცხენს. საჩვენებელი და არათითი პირთან მივიტანე და სული ჩავბერე. ცუდად გამომივიდა, მაგრამ კლდეებმა ექო დაიხმარეს. ორმა მოკლე და ერთმა გრძელმა სტვენამ უდაბნოს ისარივით გადაუარა.
      ცხენი მოწყვეტით შეჩერდა. ყალზე შედგა, წინა ფეხებით გამეტებით დატორა სისხლისფერი მზე, ჰაერშივე მოტრიალდა და პირდაპირ ჩემსკენ გამოფრინდა.
      იმედმა სახელი დაირქვა.
      „ჯადარი!“

      ცოტა ხანში ცხენს პატარა ბავშვივით ვეკიდე ულამაზეს კისერზე. დაღლილობა სრულიად გადამავიწყდა. ახლა აღარაფრის მეშინოდა, თეთრვარსკვლავიან შუბლზე ვეფერებოდი, კისერზე გადაწოლილ არტერიას ლოყით ვეხუტებოდი, ულამაზეს ფაფარზე ხელს ვუსვამდი. ასე არასდროს, არასდროს არავის არ მოვფერებივარ.
        ფაფარზე რაღაც მიმხმარ-მიწებებული მომყვა ხელში. ცხენს კისრისქვეშ გავუძვერი და დავაკვირდი, შეწებებული ადგილები გავშალე და ხელით მოვფშვნიტე, თითები გამიწითლდა.
        ეს სისხლი იყო. ცხენი დავათვალიერე. ნაკაწრიც არ ქონდა.

            "მუჰამედი ?!" - წამომცდა ხმამაღლა და ვიგრძენი გული როგორ ჩამწყდა.
        - „ნადა ჰადათ ჰე ჯადარ, თაიან ჰუ ათდამ“,  ესე იგი მუჰამედს რაღაც დაემართა არა ჯადარ...  რა მოხდა,  საიდან სისხლი? " - უნებლიედ გავაგრძელე ქართულად.

            ცხენი ნერვიულობდა. ფრუტუნებდა და თვალს არ მაცილებდა. თითქოს რაღაცას მთხოვდა. შევცქეროდი, კიდევ არ მჯეროდა რომ ჩემს წინ იდგა. სახეზე ხელი ჩამოვისვი,  ნაჭრისგან გავითავისუფლე და გულთან მივიტანე.  ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიმუხლა. ჩემი მოძრაობა ნიშნად მიიღო.  ზურგზე მოვექეცი, ფაფარში ხელი ჩავჭიდე და ჩუმად ვუთხარი - „დინ ტოჰო ოლია ჯადარ...“

            ცხენი დაიძრა, ჯერ ნაბიჯით იარა, თითქოს მაჩვევდა თავის მოძრაობას, მერე იორღაზე გადავიდა. როგორც კი მიხვდა რომ მყარად ვიჯექი და არ მეშინოდა, გამაფრთხილებლად დაიჭიხვინა, ადგილიდან მოწყდა და ჩრდილოეთისკენ თავგამეტებით გაქანდა. ისე მშვიდად ვიჯექი, თითქოს მთელი ცხოვრება ბედუინივით ცხენზე მქონდა გატარებული.  არაბული ბედაური ტყვიასავით მიფრინავდა, არც კი ირწეოდა, თითქოს ფეხს არ აკარებდა მიწას. არანაირ რყევას არ ვგრძნობდი, მხოლოდ ცხელი ქარი მიბერავდა სახეში. მისი გაშლილი ფაფარი თავზე საბურველივით მეხვია და მზეს მიჩრდილავდა. მის კისერს მინდობილად მივეხუტე და თვალები დავხუჭე. 
          ახლა სულ ერთი იყო ჩემთვის ჰორიზონტის ყველა მხარე.
          მე მარტო აღარ ვიყავი.
       
          ცხენი ჭენებით მიქროდა თავის სტიქიაში. დაღლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა...კარგა ხნის შემდეგ  შემდეგ ჭენება შეანელა, ჯერ იორღაზე და მერე ნაბიჯზე გადავიდა. თვალი გავახილე...

          ხუთიოდე ნაბიჯის მანძილზე  ქვიშისფერ გალაბაში ჩაცმული, იმავე ფერის ბურნუსით თავდახურული ადამიანი მიწაზე პირდაღმა გაწოლილიყო.

          -"მუჰამედი?!.. ღმერთო, ნუთუ მაინც მომიწევს ამ უდაბნოში სამარის გათხრა“. -ჩავიჩურჩულე ჩუმად.

ცხენი გაჩერდა. ჩამოვხტი და  ჩავიმუხლე.  მიწაზე მწოლარეს ისე ქონდა ბურნუსი მოხვეული თავზე და კისერზე, რომ არტერიას ვერ მივწვდი და მხოლოდ მაჯა მოვსინჯე. ხშირად მაგრამ ძალიან სუსტად უცემდა. მარცხენა ბეჭზე ნატყვიარი ქონდა. გალაბია სისხლით იყო მოსვრილი. ჩემს მუხლს დავეყრდენი და პირაღმა გადმოვაბრუნე.
            ...  მუჰამედი  არ იყო... 

ჩემს წინ უცნობი მამაკაცი იწვა. ბურნუსიდან მხოლოდ დახუჭული თვალები და გრძელი სწორი წამწამები მოუჩანდა.  ჩემზე გაცილებით მაღალი იყო, მძლავრი მხარ-ბეჭით და გრძელი დაკუნთული მკლავებით. გრძელი და წვრილი წელი ჰქონდა, რომელიც ვიწრო თეძოთი სწორ, ლამაზ და გრძელ ფეხებზე ჰარმონიულად გადადიოდა, მუხლამდე სიგრძის აბრეშუმის გალაბა და შარვალიც კი ვერ უმალავდა უნაკლოდ აწყობილი სხეულის სილამაზეს, აქლემის ტყავის ამოწნული ფეხსაცმელები, ნახევარ წვივამდე სწვდებოდა, რაც მის მშვენიერ ფეხებს  ძალიან უხდებოდა. გვერდზე გადავაბრუნე და ნატყვიარი მხარი ჩემსკენ მოვაქციე. 
            ჩემი დანა მოვიმარჯვე, გალაბა ამოვჭერი და ბეჭი გავუშიშვლე. დაკუნთულ ბეჭში ტყვია ღრმად იჯდა, გულის პერანგიდან ორიოდე თითის დადება თუ აშორებდა... საშიში იყო ტყვიის გულაზე ხელის ხლება, მაგრამ გადავწყვიტე როგორმე ამომეღო. დანა ისევ სანთებელას ცეცხლზე გადავატარე, პირჯვარი გადავიწერე, „ღმერთო მიშველე“,  ჩავიჩურჩულე და ჭრილობაზე დანა დავუსვი.
            ჩუმმა კვნესამ ყური მომჭრა.

          -„ყველა ერთნაირად კვნესის“, -გამიელვა სადღაც, გონების მიღმა... 
დანის წვერმა ტყვია ადვილად წამოიღო, როგორც კი კუნთის ზემოთ გამოჩნდა თითები მივაშველე და წვალებით ამოვიღე. ბურნუსი თავიდან  მოვხსენი, ნაჭერი ჩამოვახიე და ბინდივით დავახვიე.  წყალი  გავყავი, სველი ნაჭრით  ჭრილობა სისხლისგან გავწმინდე, ძნელი შესახვევი გამოდგა. დიდი წვალებით შევუხვიე მხარი.  დაჭრილს თითებით თავი მოვუსინჯე, მაგრამ სხვა ჭრილობას ვერ მივაგენი. მაღალი სიცხე ქონდა, როგორც ჩანს მზეზე დიდხანს იწვა, სახეზე ალმური ასდიოდა.  ხელის მტევნებზე  მზის დამწვრობა ქონდა. სხვა თითქოს არაფერი უჭირდა. 
აქაური ტანსაცმელი იდეალურად იცავდა სხეულს უდაბნოს მზისგან.
          დაჭრილი იქვე მწოლარე ლოდთან ახლოს მივწიე. ზურგით მეც იმავე ლოდს მივეყრდენი და მისი თავი მუხლზე ისე დავიდე, რომ შეხვეული მხარი მიწას არ შეხებოდა.  დარჩენილი წყლით ტუჩები დავუსველე და მის სახეს დავაკვირდი.
         
          ოცდაათ წლამდე  იქნებოდა. უცნაური სახე ქონდა, უფრო  ოდნავ ხორბლისფერი, ვიდრე მუქი.  არაბს და ბედუინს არაფერი მიუგავდა. ოდნავ ხშირი, საფეთქლებამდე ლამაზად გაწოლილი სწორი წარბები და თვალები იდეალურ სიმეტრიას ქმნიდნენ ერთმანეთთან. მარჯვენა წარბზე ცხვირთან ოდნავ შესამჩნევი პატარა ნაიარევი ჰქონდა. ნუშის ფორმის, თვალის ძალიან ლამაზ და გრძელ ჭრილს, - გარშემო  სწორი, ხშირი,  გრძელი წამწამები ერტყმოდა. მარჯვენა ღაწვზე, ცხვირსა და თვალს შორის, ციცქნა ხალი აჯდა, რაც ბავშვურ, ონავრულ იერს აძლევდა. მაღალი და გაშლილი შუბლი სახეს უნათებდა. სწორი და ოდნავ ხორციანი ცხვირი, ლამაზი ნესტოებით თავდებოდა.  პატარა პირი და თხელი ვარდისფერი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. სახე, ყურიდან  ნიკაპამდე თანაბრად უვიწროვდებოდა, რაც ძალიან განსხვავებულ, ეგზოტიკურ გამომეტყველებას აძლევდა.  მაღალი ყელი ჰქონდა, ყველა ქალი რომ ინატრებდა ისეთი.  არტერია გრძლად და ლამაზად გადაწოლილიყო ყელის მთელ სიგრძეზე.რამოდენიმე  დღის წვერი ძალიან უხდებოდა, თმა  მუქი ჰქონდა, სწორი და ოდნავ გრძელი, შუბლის ზემოთ,  ბუჩქად შერეოდა მცირე ჭაღარა. მასაც ჰქონდა  მშვენიერ თავზე თეთრი ვარსკვლავი  - სწორედ  ისეთივე, როგორც ჯადარს. 

        ჩემს კალთაზე ულამაზეს მამაკაცს ედო თავი. 
უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ეს მართლაც მშვენიერი ვაჟკაცი, რომელიც კავკასიელს უფრო ჩამოგავდა თავისი იერით, ვიდრე არაბს ან ბედუინს,  ნამდვილად ალ-კაბირი იყო, უბადლო შავი არაბული ბედაურის პატრონი.
        საოცრად გავდნენ ერთმანეთს ცხენი და კაცი თავისი გამორჩეულობით,  ჯიშიანობით, განუმეორებელი ერთადერთობით და ველური სილამაზით. ეს ორი შესანიშნავი არსება  ნამდვილად ერთმანეთისთვის იყო ამ ქვეყნად დაბადებული.
       
        თავსაბურავიდან დარჩენილი ნაჭერი დაჭრილს ყელზე და თავზე მოვაფარე.  დაღლილობამ და ნერვიულობამ მიწია. შემამცივნა და ამაძაგძაგა. ფეხი მიჩირქდებოდა, ვგრძნობდი რომ სიცხე მაღლა მიწევდა.  თავი ლოდს მივადე და თვალები დავხუჭე თუ არა ხილვა თუ სიზმარი დამეწყო:

        თითქოს სახლში ვიყავი. დედა საუზმეს მიმზადებდა და ცხელ ჩაის მთავაზობდა, მე კი ჯიუტაც ვიცინოდი და ვეუბნებოდი, რომ ჩაის არ დავლევდი, თუ ჯერ  ცივ წყალს არ დამალევინებდა. დედა იღიმებოდა და ცივ წყალს ოქროს აფრებიანი ლურჯი მინის სარწყულიდან რაკრაკით მისხამდა, მე ჭიქა მეჭირა და წყალს ვუშვერდი, მაგრამ ჭიქა არ ივსებოდა, ცარიელი რჩებოდა და პირთან მიტანისას, მხოლოდ წვეთებიღა მისველებდა ტუჩებს. ამას მეორე სიზმარი გადაეხლართა. სოფელში ვიყავი და თიხის კოკით წყაროზე გავრბოდი.  ქვაწყაროვანის ამოუწურავი სოფლის წყარო უხსოვარი დროიდან მაჯის სიმსხოდ ჩქეფდა და ნაკადულად მიირწეოდა ქვებში. ჭიქას მაშინვე ცივად ორთქლავდა, ხოლო წყლიანი თიხის კოკა ისე ცივდებოდა - ხელს ვერ დააკარებდი...

              - „უცბად არ დალიო ბებია“- მომესმა ჩემი ტკბილი ბებოს ხმა, - „გულს გაგიციებს  და კბილებს გატკენს, ე გოგო, შეისმინე რომ გეუბნები!“ - ტკბილად მიჯავრდებოდა ბებო, მე კი გულიანად ვიცინოდი და კოკას პირდაპირ სახეზე ვიმხობდი...
            წყალი, წყალი.... მწყურია, ვთქვი ხმადაბლა. ძილმა ღრმა და უსიზმრო უფსკრულში წამიღო.
              ...   
            კვნესამ გამომაფხიზლა, მაგრამ  ბურანიდან ვერ გამოვდიოდი. როგორც იქნა თვალი გავახილე. წყურვილისაგან პირგამშრალს ნანახი  სამოთხის სიგრილედ გამომყვა. გამახსენდა სადაც ვიყავი. მზეს გავხედე.  ჩემსავით პირგამშრალი უდაბნოც  წყალს ნატრობდა.

            ჯადარი ქანდაკებასავით იდგა. ადგილიდან არ იძვროდა.
            ძირს  დავიხედე და გაოგნებამ გამაშეშა.
            ჯერ მეგონა სიზმარი ამიხდა.
            ნუშის ფორმის ნაპირებიდან, რომელსაც  პალმის წვრილი, ჩრდილიანი და გრილი ფოთლები მცველად შემოჯარვოდნენ, ორი ულამაზესი ზურმუხტისფერი ოაზისი პირდაპირ თვალებში შემომცქეროდა.
          „ისევ მირაჟია თუ, მართლა მზის დარტყმა მივიღე.“- გავიფიქრე  და თვალი დავხუჭე.
მაგრამ კვნესა გამეორდა და თვალი ისევ გავახილე. დაჭრილი გონზე მოსულიყო და დიდი, უზადო ფორმის, მწვანე და წყლიანი თვალებით - განცვიფრებული შემომცქეროდა.
          „ესე იგი მირაჟი არაა, თვალებია !... მაგრამ როგორ გავს ოაზისებს ეს თვალები“- გავიფიქრე უნებურად და ოდნავ გავიღიმე.
          მან შუბლი შეკრა. პალმის ფოთლებივით სწორმა  წამწამებმა  თვალებს მოუჩრდილეს და ზურმუხტის ოაზისები ჩრდილში მოაქციეს...
          უცბად დაბალი და ძალიან თბილი ხმა მომესმა.
          -„ალ საჰრა სახარა?..“
          უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
          - „ლეკ ათ შაითან?“
          ეშმაკი ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომ  ისევ უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი. 
          -"კენ ათ მალ აკენ?"
          რადგან არც ანგელოზი ვიყავი, ისევ თავის გაქნევით ვუპასუხე. 
          - „მინ აინათ?..“
          - ისმი ნი'ლნა“- ვუპასუხე.
          - „ნი'ლნა... ჟამილლ...  ნი'ლნა, უ ანთა მალ აკიი... შუკრან, ალფ შუკრ. ისმი ალ კაბირ“- მიპასუხა ჩურჩულით. ამ სიტყვებს თითქოს გულიც ამოაყოლა და თვალები დახუჭა.
სახე გრილი ოფლით დანამვოდა. შუბლზე ხელი დავადე. სიცხეს დაეწია... უკეთ იყო.

          „ნილნა... ლამაზია... ნილნა, შენ ჩემი ანგელოზი ხარ... მადლობა, ათასი მადლობა. მე ალ კაბირი ვარ.“ - ყურში ისევ და ისევ მესმოდა დაბალი, ხავერდოვანი და ძალიან თბილი ხმა. მანამდე ჩემთვის არავის უთქვამს ამგვარი სიტყვები - ასე უბრალოდ, ასე გულწრფელად, ასე სავსედ, ასე მშვიდად, ასე ლამაზად და... და ... ასე დროულად. 
წყლის ბოლო წვეთებით ტუჩი დავუსველე.

          წყალი აღარ მქონდა. სამაგიეროდ იმედი ისე გაზრდილიყო....
          ახლა ჩვენ სამნი ვიყავით.

დაბუჟებული ფეხი ოდნავ შევარხიე, დაჭრილს არაფერი უგრძვნია. მის მკერდამდე დახრილ ცხენს ფაფარზე ხელი ჩამოვუსვი. ჯადარმა კმაყოფილად ჩაიფრუტუნა. ერთგული და უტყუარი მეგობარი  უდაბნოს ცხელ მზეს მიჩრდილავდა და მადლობას მიხდიდა პატრონის გადარჩენისთვის.

          თავი ლოდს მივადე და თვალები დავხუჭე.
          ხელზე შეხება ვიგრძენი. ბედუინმა ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაგრად ჩამკიდა.
მის დიდ და ძლიერ ხელში ჩემი სუსტი ხელი მთლიანად ჩაიკარგა.
დაჭრილი ოდნავ შესწორდა, შუბლი გაეხსნა და ტუჩის კუთხეში ბავშვივით ჩაიხატა ღიმილი.
მარჯვენა ღაწვზე ციცქნა ხალმა მცირედ იცვალა ადგილი.
        თანაბარი სუნთქვა მომესმა.
        ავადმყოფს მშვიდად ეძინა.
        თავი ავწიე და ცაში ავიხედე...
        საჰარაში, ძალიან ლამაზად ჩადიოდა მღვრიე სისხლისფერი მზე.
                                           

                                                                        ( იხილე როგორ გაგრძელდა)   
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები